როცა სასოწარკვეთა მოგეძალება, უფალ იესო ქრისტეს უტკბესი სახელი გონების მიერ გულში ჩაიყვანე
როცა სასოწარკვეთა მოგეძალება, უფალ იესო ქრისტეს უტკბესი სახელი გონების მიერ გულში ჩაიყვანე
მამა ონუფრე კვიპრელი. 1821 წლის რევოლუციის მერე უფლის ფერისცვალების კალივაში მოსაგრეობდა ბერძენი ერის განმანათლებელი, წარმოშობით კვიპრელი მამა ონუფრე. მისი მოძღვარი იყო მამა დანიელი. ის თავს თავისი ნახელსაქმარის კარიესში გაყიდვით ირჩენდა.

ერთხელ, პარასკევს, მამა დანიელმა უთხრა მამა ონუფრეს, კარიესში წადი ხელნაკეთების გასაყიდად, მაგრამ აუცილებლად შაბათს დაბრუნდი, ვინაიდან ღამისთევის ლოცვაზე უნდა დადგეო. მამა ონუფრე გაემგზავრა. შაბათ დილით, უკან წამოსვლას რომ ეპირებოდა, დაინახა, მთელი მთაწმინდა თოვლით იყო დაფარული. მამებმა ურჩიეს, დაიცადე ამინდის გამოკეთებამდეო, მაგრამ ონუფრეს მოძღვრის მორჩილების უარყოფა არ შეეძლო, დაემშვიდობა მამებს და ქსიროპოტამის წმინდა მონასტრის ნავსადგურისკენ გაემართა.

ნაპირზე ლოცვისას ბერმა დაინახა დაფნიდან მომავალი ნავი. პატრონს ჰკითხა, - საით აპირებთ გაცურვასო. პინასკენო (ეს ძალზე ახლოსაა წმინდა ანას სკიტის ნაპირთან).

მამა ონუფრემ წაყვანა სთხოვა. რა თქმა უნდა, წაგიყვანთ, მამაოო. მამა ონუფრე ნავში მოკალათდა, თვალებზე კუნკული ჩამოიწია, რათა გონებისმიერი ლოცვა არ დაეკარგა. მალე ღირსი გრიგოლის მონასტერს მიადგნენ. მამა ონუფრემ კუნკული მოიხსნა. მზე უკვე ჩასვლას აპირებდა. დარჩენილი გზა სკიტამდე მდუმარედ გაცურეს. მამა ონუფრემ ჩანთა აიღო და შეუდგა ზემოთ მიმავალ ბილიკს. მან ჩანთა წმინდა ელეფთერის ეკვდერში დახლზე დადო. წუხდა, რომ მენავეებს ვერც გასამრჯელო გადაუხადა და ვერც მადლობა. სასწრაფოდ დაეშვა ნაპირზე, მიმოიხედა და ნავი ვერსად დაინახა. ღვთაებრივი სიყვარული, ასე რომ ათბობდა, ნებას არ აძლევდა, ამაოება მორეოდა. ჩანთა აიღო და კალივაში დაბრუნდა.

მოძღვარი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინ აკათისტოს კითხულობდა და შესთხოვდა, მისი მორჩილი დაეცვა და უვნებელი მოეყვანა. მამა ონუფრემ ჩვეულებისამებრ მოძღვრის წინაშე მუხლნი მოიდრიკა. მამა დანიელმა შეშინებულმა შეხედა მორჩილს: ის ბრწყინავდა მადლით და მისგან კეთილსურნელება იფრქვეოდა. მამა დანიელმა გამოჰკითხა, რა მოხდაო და უთხრა:

- ახლა ყველამ იცის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგიყვანა აქ. იმისთვის, რომ მორჩილება დაგემარხა, ღვთისმშობელმა წმინდა ანგელოზები გამოგიგზავნა, რათა დროულად მოსულიყავი.

მამა ონუფრე მდაბლად დუმდა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა: მას ხომ თავისი მოძღვრის სიტყვისა სჯეროდა და მორჩილების გარდა სხვა არაფერზე ფიქრობდა. თავისი მოწაფის წმინდა მოქმედებით გახარებულმა მამა დანიელმა სამადლობელი ლოცვა მიუძღვნა მეუფე ქრისტეს და მის ყოვლადწმინდა დედას, უდიდესი მადლით რომ ღირსყოფდნენ მორჩილებს.

მამა დანიელი საუკუნო სავანეში გადასახლდა და ყველას მორჩილების მაგალითად დაუტოვა თავისი მორჩილი ონუფრე. ნეტარმა ონუფრემ უვნებლობის სიმაღლეს მიაღწია, მთელი თავისი ცხოვრება წიგნების გადაწერას და წმინდა მამათა უმაღლესი აზრების განმარტებას მიუძღვნა. სამწუხაროდ, მისი ნაწერები დაიკარგა და ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ მის მიერ დაწერილი წმინდა პანტელეიმონის კანონი და წმინდა სამების აკათისტო.

მამა მინა ჩერნოგორიელი (ბერის წერილებიდან). მეუდაბნოე მამები ამბობდნენ: "მორჩილებით აღსრულებულ მყუდროებას უდიდესი ნაყოფი გამოაქვსო".

მისი პირველი ნაყოფი საკუთარი თავის განქიქებაა. როცა კაცი თავს განაქიქებს, ამით ის ყოველი სათნოებისთვის გზას იხსნის. მორჩილებასთან შერწყმული მყუდროება ნებისმიერ მორჩილს სიხარულს ანიჭებს. როცა ის იხსენებს თავის ადრინდელ ურთიერთობებს, თუნდაც მონაზვნებთან, ხვდება, რომ თვით უბრალო საუბარსაც კი, დაუფიქრებლად წარმოთქმულ სიტყვებს მისთვის დიდი ზიანი მოაქვს და თავის კელიაში სინდისისგან მხილებული შედის.

ნეტარხსენებული მამა ონუფრე მეუბნებოდა: რამდენ სიკეთეს გაძლევს სკიტის კედლებს გარეთ მდებარე ჩვენი პატარა კალივა წმინდა სამებისა. გაქცევაც არსაც გინდა, გაამზადე ხელსაქმე, რამდენსაც მოისურვებ. ოღონდ უპირველესად განაქიქე საკუთარი თავი და მაშინ პოვებ მყუდროებას.

ნებისმიერ თავისუფალ დროს წიგნი იკითხე და, რაც მთავარია, - როცა სასოწარკვეთა მოგეძალება, უფალ იესო ქრისტეს უტკბესი სახელი გონების მიერ გულში ჩაიყვანე. მაშინ პოვებ მყუდროებას.

ნეტარსახსენებელი მოძღვარი მამა მინა ლიტურგიას ყოველდღე მსახურებდა - და წმინდა ტრაპეზის წინაშე ყოველთვის ნაკადულად მოსდიოდა თვალთაგან ცრემლნი.

ის მხოლოდ ტრაპეზობისას საუბრობდა, როცა ამას სთხოვდნენ, დანარჩენ დროს თვით მაცხოვნებელი სწავლებისთვისაც კი არ გახსნიდა ბაგეებს.

მამა მინას ორი მოწაფე ჰყავდა: ჩემი მოძღვარი, მამა ონუფრე, და წარმოშობით კრიტელი მამა ბიკენტი.

ერთი ლამბაქი ჰქონდა, მასზე საჭმელს დებდა და სამივე ამ ლამბაქიდან ჭამდა.

ჩვენი მოძღვარი ხშირად მეუბნებოდა, რომ ის და მისი ბიძაშვილი ახალგაზრდობაში ისე შიმშილობდნენ, რომ ნებისმიერ ჭამადზე თანახმა იყვნენ. როგორც ხედავთ ჩვენთან ისეთი კლიმატია, ყოველდღე ხორციც რომ ჭამო, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მხოლოდ წყალი დაგელიოს.
ბეჭდვა
1კ1