მოწამის სხეულთან ანგელოზების გალობა გაიგონეს
მოწამის სხეულთან ანგელოზების გალობა გაიგონეს
ერმინინგელდი, უფროსი ძე გუთთა მეფის ლეოვიგილდისა, რომელიც VI საუკუნის II ნახევარში მეფობდა, არიოზელთა ერესიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრომ. ლეოვიგილდი დიდად განრისხდა და შვილს აიძულებდა, არიოზელობას დაბრუნებოდა. ვერც დაყვავებით და ვერც მუქარით უფლისწული ვერ დაიმორჩილა. განრისხებულმა მეფემ შვილს ჩამოართვა მემკვიდრეობა, ქონება, სამეფო ტახტზე ასვლის უფლება. როცა შვილს სინანული ვერ შეამჩნია, საპყრობილეში ჩააგდებინა, თავზე და ხელებზე ბორკილი დაადო. წმინდანი უდრეკი იყო და ღმერთს გაძლიერებას შესთხოვდა. აღდგომის წმინდა დღესასწაულის დადგომისას მეფემ არიოზელი ეპისკოპოსი გაგზავნა შვილის "საზიარებლად". წმინდანმა ის ახლოსაც არ გაიკარა, ეპისკოპოს ლეანდროს გამოგზავნილ დეკანოზების ხელთაგან კი ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს. ეპისკოპოსმა მეფეს შეატყობინა, როგორ მოექცა მისი ვაჟი. განრისხებულმა მეფემ დიდებულებს საკუთარი ვაჟისთვის თავის მოკვეთა უბრძანა. როცა წმინდა ერმინინგელდს თავი მოჰკვეთეს, იქ მყოფთა მოწამის სხეულთან ანგელოზების გალობა გაიგონეს და ანთებული სანთლები იხილეს. ღვთისაგან ამგვარად განდიდებული რომ ნახეს, ბოროტმოქმედებს შერცხვათ და შეშინდნენ. შვილის მკვლელი მამაც მიხვდა თავის დანაშაულს. არიანელობაზე უარის თქმა სურდა, მაგრამ ამის ხმამაღლა განცხადება ვერ გაბედა. მეუფემ სიკვდილის წინ მოითხოვა ეპისკოპოს ლეანდროს ნახვა. მეფემ მღვდელმთავარს სთხოვა ქრისტიანულად გაეზარდა მისი ძე რეჰარდი, რომელიც თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ლეოვიგილდი მიიცვალა. მისმა ვაჟმა რეჰარდმა მართლმადიდებელი რწმენა მიიღო და გუთების მიწა არიოზელთა ერესისგან განწმინდა.

* უღრმესი პატივისცემით მიმართა წმინდა პავლე მოციქულმა მეფე აღრიპას, როცა მის წინაშე თავის მოციქულებრივ საქმიანობას იცავდა. თუმცა მეფეს მასზე განსაკუთრებული ხელმწიფება არ ჰქონია, მან უთხრა: "მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენს წინაშე მეგულების დღეს სიტყვისგებად უფროისღა".

* ნაბუქოდონოსორმა დააცარიელა ისრაელის მიწები და დააქცია მათი უპირველესი სიწმინდე - ტაძარი. მან თავისი სიზმრის ახსნა უბრძანა წმინდა დანიელ წინასწარმეტყველს. წმინდა დანიელი შეძრწუნდა იმ ხვედრის გამო, რაც მიეგება მეფეს ღვთისგან სასჯელად და უთხრა: "ჰოი, მეფევ! დაე, ეს უბედურება მოსწეოდა შენს მოძულეებს და არა შენ".
ბეჭდვა
1კ1