მეფობისკენ ღმერთი მოუწოდებდა
მეფობისკენ ღმერთი მოუწოდებდა
იმ დროს, როცა რომის სახელმწიფოსა და წმინდა ეკლესიაში შფოთი იყო ატეხილი, გამეფდა თეოდოსი დიდი, რომელიც თითქოს იმისთვის დაიბადა, რომ ყველაფერი მოეწესრიგებინა და აღედგინა. იგი ვალენტინიანეს სარდლის, თეოდორეს ვაჟი გახლდათ და მამის მხრიდან ენათესავებოდა იმპერატორ ტრაიანეს. თეოდოსი წინამძღვრობდა გრაციანეს ჯარებს და დიდი სამსახური გაუწია ხელმწიფეს.

ერთხელ თეოდოსის სიზმარში გამოეცხადა ვინმე ეპისკოპოსი, რომელმაც თავზე დიადემა დაადგა და პორფირით შემოსა. სიზმარი მეგობარს უამბო. მან დაარწმუნა, რომ ეს მაუწყებელი იყო მისი მომავალი მეფობისა, რომლისკენაც ღმერთი მოუწოდებდა, ხოლო გამოცხადებული ეპისკოპოსი, მისი აზრით, წმინდა მელეტის ჰგავდა. ღვთის განგებულება, რომლის მთავარი იარაღიც, თავისდა შეუცნობლად, წმინდა მთავარეპისკოპოსი იყო, მალევე ასრულდა. იმპერატორმა გრაციანემ, როცა თავისი სახელმწიფო უამრავი მტრით გარშემორტყმული იხილა, თანამოსაყდრედ თეოდოსი დაისვა. გრაციანესა და მისი ძმის სიკვდილის მერე თეოდოსი იმპერიაში გამეფდა და ეკლესიაში მშვიდობა ჩამოაგდო. თეოდოსის ისე უყვარდა და პატივს სცემდა წმინდა მელეტის, თითქოს სახელმწიფო მისგან მიეღოს. წმინდა მელეტი კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაზე ჩამოვიდა და მისი დაწყებისას გარდაიცვალა. დიდად განიცადა ეს თეოდოსიმ. ცხედარი მოციქულთა ტაძარში დაასვენეს და უამრავი ადამიანი გამოემშვიდობა. მერე კი, თეოდოსის ბრძანებით, წმინდა მელეტი ანტიოქიაში წაასვენეს, საიდანაც ადრე არიოზელებმა გააძევეს. უამრავი ანტიოქიელი გამოემშვიდობა წმინდანს. წმინდა მელეტი ანტიოქიის დიდი მღვდელმთავრის, წმინდა მოწამის, ბაბილას ახლოს დაკრძალეს.
ბეჭდვა
1კ1