იგი ყოველთვის ღვთის წინაშე იდგა და ღვთის სიახლოვეს გრძნობდა
იგი ყოველთვის ღვთის წინაშე იდგა და ღვთის სიახლოვეს გრძნობდა
ოპტელი მამები
წმინდა ამბროსი ოპტელი
წმინდა ამბროსი ოპტელი 1812 წლის 12 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს, დაიბადა მიხეილ და მართა გრენკოვების ოჯახში და ამიტომაც მას ალექსანდრე უწოდეს. სწორედ ამ დროს ნაპოლეონის არმია რუსეთიდან უკან იხევდა და ნაომარი ხალხი განსაკუთრებით ზეიმობდა წმინდა მეფის ხსენებას. მღვდელ თეოდორეს, მიხეილის მამას, უამრავი სტუმარი ეწვია. შემდგომში წმინდა ამბროსი ხუმრობდა ხოლმე: - ხალხში დავიბადე და სულ ხალხის გარემოცვაში ვცხოვრობო.

მნათე მიხეილს რვა შვილი ჰყავდა: ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. ალექსანდრე ძალზე ცოცხალი ბავშვი იყო, თამაში უყვარდა, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ხანდახან დედა რომელიმე უმცროსი შვილის აკვნის დარწევას ავალებდა, რაც ბიჭისთვის ძალზე მოსაწყენი იყო. როგორც კი დროს იხელთებდა, მიდიოდა ფანჯარასთან, ჩუმად აღებდა და ჰერი, ბიჭებისკენ!

იმ დროის ტრადიციისამებრ, ალექსანდრესაც ასწავლეს სლავური ანბანი, ჟამნი და ფსალმუნნი. იგი დიდ დღესასწაულებზე მამასთან ერთად კითხულობდა და გალობდა კლიროსზე. ახლობელთაგან მას ცუდი არაფერი სმენია და უნახავს, მკაცრ საეკლესიო და რელიგიურ გარემოში იზრდებოდა. დაწყებითი სკოლა და სემინარია წარმატებით დაამთავრა. ჯერ ოჯახის მასწავლებლად მოეწყო, მერე კი ლიპეცკის სასულიერო სასწავლებლის დამრიგებლად. ერთხელ მძიმედ გახდა ავად, მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ და აღთქმა დადო, განკურნების შემთხვევაში მონასტერში წავიდოდა.

თუმცა გამოჯანმრთელდა, მაგრამ შინაგანი ბრძოლა დიდხანს გაუგრძელდა. ალექსანდრე ბუნებით მხიარული, საზოგადოების სული და გული იყო. აი, რას ჰყვებოდა იმ პერიოდზე წმინდა ამბროსი: - გამოჯანმრთელების მერე მთელი ოთხი წელი ვწვალობდი. ძველებურად დავდიოდი ნაცნობებთან და ვმხიარულობდი... სულში შფოთი მქონდა. ვიფიქრებდი, მორჩა, ყბედობას ვანებებ თავს-მეთქი და კვლავ ვიღაც დამიძახებდა სტუმრად...

სულიერი შვებისთვის ღამღამობით განმარტოება და ლოცვა დაიწყო. 1839 წლის ზაფხულში ალექსანდრემ მეგობართან ერთად წმინდა სამების ლავრა მოილოცა. მერე კი ცნობილ დაყუდებულ მამას, ღირს ილარიონს ეწვია. წმინდა მოსაგრემ ალექსანდრე გრენკოვს პირდაპირ უთხრა: - ოპტაში წადი, იქ საჭირო ხარო.

ლიპეცკში დაბრუნებული ალექსანდრე განაგრძობდა "ჭირვეულობას", ვერ გადაეწყვიტა სოფელთან განშორება. ერთხელ საღამოს სტუმრად გვიანობამდე შემორჩა, ბევრი იხუმრა, აცინა იქ მყოფნი. ყველანი კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ, ალექსანდრე კი... გაახსენდა აღთქმა, წმინდა სერგის ლავრაში განცდილი სულის მხურვალება, ხანგრძლივი ლოცვები, ოხვრა და ცრემლი, წმინდა ილარიონის მიერ მიცემული ღვთის განწესება. დილით უკვე გადაწყვიტა, გაპარულიყო ოპტაში. ეპარქიის მმართველისგანაც კი არ აიღო კურთხევა. ეშინოდა, ახლობლებს შეგონებებით არ დაებრკოლებინათ.

ოპტის მონასტერში იმ დროს მართლაც ყვაოდა ბერმონაზვნობა: იღუმენი მოსე, სულიერი მამები ლევი და მაკარი. სკიტს ხელმძღვანელობდა ღირსი ანტონი, დიდად მოსაგრე და დაფარულმცოდნელი. ძმობაში ბევრი სახელგანთქმული მამაც იყო, მათ შორის არქიმანდრიტი მელქისედეკი, ბერდიაკვანი მეთოდე, დაფარულმცოდნელი მამა, რომელიც ოცი წელი, სნეულების გამო, ლოგინს იყო მიჯაჭვული. ბალაამის მონასტრის ყოფილი იღუმენი ვარლაამი, უაღრესად უპოვარი. თურმე სკიტში ქურდები შეიპარნენ. მერე უკითხავთ მამა ვარლაამისთვის, ხომ არაფერი მოგპარესო. ღიმილით უპასუხია: რა უნდა მოეპარათ, ნაფოტი ხომ არაო. აქვე ცხოვრობდნენ რასკოლნიკობიდან მოქცეული მღვდელმონაზონი იოანე, უბოროტო, ბავშვივით უბრალო მღვდელმონაზონი ინოკენტი, მამა მაკარის მოძღვარი და სხვანი. ყველას კი ერთად სულიერი სათნოებები: სიმშვიდე, სიმდაბლე და უბრალოება განამშვენებდა. უმცროსი ძმა ყველანაირად ცდილობდა თავის დამდაბლებას, არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ თანატოლებთანაც. ეშინოდათ, თვალის შევლებითაც კი არ ეტკინათ მოყვასისთვის გული, უმცირესი მიზეზისთვისაც კი ერთმანეთისგან იღებდნენ შენდობას. ამგვარ სულიერ გარემოში აღმოჩნდა ახალგაზრდა ალექსანდრე გრენკოვი.

თავიდან ის სასტუმროში ცხოვრობდა. კურთხევა ჰქონდა, მამა ლევისთვის გადაეწერა წიგნი "ცოდვილთა ცხონება". 1840 წლის აპრილში მონაზვნური სამოსით შემოსეს. ცოტა ხნით მამა ლევის მესენაკე და წიგნის მკითხველი იყო. იმავე წლის ნოემბერში სკიტში გადაიყვანეს. ერთხანს მზარეულის თანაშემწე იყო. სამსახურის გამო ხშირად უხდებოდა მამა მაკართან მისვლა, რომელიც სულიერ საკითხებზეც აძლევდა რჩევას. არც მამა ლევთან სიარული შეუწყვეტია. მამა ლევს ძალზე უყვარდა ახალგაზრდა მორჩილი, მაგრამ სხვებთან მას ამდაბლებდა, მრისხანებდა, "ქიმერას" ეძახდა. მაგრამ როგორც კი მორჩილი გაშორდებოდა, ამბობდა: - დიდი ადამიანი იქნებაო. სიკვდილის წინ წმინდა ლევმა იხმო მამა მაკარი და უთხრა ალექსანდრეზე: - აი კაცი, რომელიც ჩვენკენ, მოძღვრებისკენ, ავადმყოფურად მოიწევს. ძალზე დავსუსტდი. ამიტომაც ხელიდან ხელში გადმოგცემ, უპატრონე, როგორც გინდაო.

მამა ლევის სიკვდილის მერე ალექსანდრე მამა მაკარის მესენაკე გახდა. 1842 წელს ბერად აღკვეცეს და ამბროსი დაარქვეს. სამ წელში უკვე მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი. მღვდლად კურთხევისთვის კალუგაში გაემგზავრა. ძლიერ გაცივდა და გამოკეთება ვეღარ შეძლო.

ერთხელ, როცა მამა ამბროსი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, მონასტერში კალუგის მღვდელმთავარი ნიკოლოზი მოვიდა და მამა ამბროსის უთხრა: - მაკარს მოძღვრობაში დაეხმარე, უკვე მობერდა. ესეც ხომ მეცნიერებაა, ოღონდ სემინარიისა კი არა, მონაზვნურიო. ამბროსი მაშინ 34 წლის იყო, მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მომსვლელებთან, მოძღვარს მათ შეკითხვებს გადასცემდა და პასუხებს მთხოვნელს უბრუნებდა. მამა ამბროსის სნეულება ისე გაურთულდა, რომ იძულებული გახდა, პენსიაში გასულიყო, როგორც ინვალიდი, ისე ჩარიცხულიყო. ლიტურგიის ჩატარება აღარ შეეძლო, ძლივს მოძრაობდა. ოფლიანობით იტანჯებოდა და დღეში რამდენჯერმე უხდებოდა ტანსაცმლისა და წინდების გამოცვლა. სიცივესა და ორპირ ქარს ვერ იტანდა. ცოტას ჭამდა, ისიც - წვნიანს. მიუხედავად სნეულებისა, მოძღვრის მორჩილებაში დარჩა და უმცირეს საკითხზეც კი მას აბარებდა ანგარიშს.

მამა ამბროსის წმინდა მამათა ნაწერების თარგმნა დაავალეს, რომელთაც გამოსაცემად ამზადებდნენ. ამ პერიოდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი სულიერი ცხოვრებისთვის. მამა მაკარის ერთი სულიერი შვილი წერდა: - უხვად დავჯილდოვდით ჩვენი მცირე შრომისთვის! საკუთარ სულზე მზრუნველი, ვინ არ გაიღებდა თავის სიცოცხლის რამდენიმე წელს, რათა მოესმინა ის, რასაც ისმენდნენ ყურნი ჩვენნი: მამა მაკარისეულ ახსნას წმინდა მამათა ნაწერებიდან ისეთი ადგილებისა, რომელთაც, ამ საქმით დაკავებულნი რომ არ ვყოფილიყავით, კითხვას ვერ გავუბედავდით და თუ მაინც გავკადნიერდებოდით, მდაბალ პასუხს მოვისმენდით მისგან: "მე არ ვიცი, ეს ჩემი საზომი არ არის. შესაძლოა შენ მიაღწიე ასეთ სიმაღლეს. მე მხოლოდ ეს ვიცი: უფალო, მომეცი მე განცდაი თვისთა ცოდვათა! განიწმინდე გული და მაშინ მიხვდები".

წმინდა ამბროსიმ უკვე თავისი მოძღვრის სიცოცხლის ბოლოს მიაღწია სრულყოფილებას სულიერ ცხოვრებაში. თუ თავის დროზე წმინდა ლევი მაკარზე იტყოდა, წმინდანიაო, იმავეს ახლა მაკარი ამბობდა ამბროსიზე. ერთხელ ვიღაცამ მამა მაკართან ამბროსი დაიცვა: მამაო, ის ხომ ავადმყოფიაო. მამა მაკარმა უპასუხა: - განა ეს შენზე ნაკლებად ვიცი! მაგრამ მონაზვნისთვის საყვედურები და შენიშვნები სულისთვის ცოდვის მტვრის ჩამოსაბერტყი ჯაგრისებია. მის გარეშე მონაზონი ჟანგდებაო.

მამა მაკარის სიცოცხლეშივე, მისივე კურთხევით, რამდენიმე ბერი მამა ამბროსისთან მიდიოდა გულისთქმების აღსარებისთვის. იღუმენი მარკოზი ჰყვებოდა: - რამდენადაც ვამჩნევდი, მამა ამბროსი მაშინ სრულ მყუდროებაში ცხოვრობდა. მასთან ყოველდღიურად მივდიოდი გულისთქმების აღსარებისთვის. ყოველთვის წიგნი ჰქონდა გადაშლილი და მამათა ნაწერებს კითხულობდა. კელიაში თუ არ დამხვდებოდა, ესე იგი მამა მაკართან იყო და სულიერი შვილებისადმი წერილების დაწერაში ეხმარებოდა, ანდა წმინდა მამათა ნაწერებს თარგმნიდა. მეჩვენებოდა, რომ იგი ყოველთვის ღვთის წინაშე იდგა და ღვთის სიახლოვეს გრძნობდა. იგი რასაც აკეთებდა, ცდილობდა ყველაფერი უფლის მიერ და ღვთივსათნოდ აღესრულებინა. ამის გამო ყოველთვის ჭმუნვარე იყო, ეშინოდა, რაიმეთი არ გაენაწყენებინა ღმერთი, ეს კი სახეზეც აესახებოდა. ვუცქერდი ჩემი მოძღვრის ჩაღრმავებას და მის წინაშე ყოველთვის კეთილმოკრძალებული ვიყავი. სხვანაირად ვერ მოიქცეოდი. ჩვეულებისაებრ მოვიდრეკდი მის წინაშე მუხლს, მაკურთხებდა და ჩუმად მკითხავდა: - რას მეტყვი, ძმაო, კარგს? მისი გულშემუსვრილებისა და ჩაღრმავებით შეფიქრიანებული ვეტყოდი ხოლმე: - შემინდეთ, მამაო, შესაფერის დროს ვერ მოვედი-მეთქი. არა,- მეტყოდა მოძღვარი, - მოკლედ მითხარი, მნიშვნელოვანი რაცაა. ყურადღებით მომისმენდა, დამარიგებდა, მაკურთხებდა და სიყვარულით გამომიშვებდა...

თუ მარკოზი რომელიმე ძმაზე დაიწყებდა ჩივილს, მაწყენინაო, წმინდა ამბროსი ხმაცრემლიანი ეტყოდა: - ძმაო, ძმაო! მე მომაკვდავი კაცი ვარ, ანდა მე დღეს არა, ხვალ მოვკვდები, რა უნდა ვუყო ამ ძმას? მე ხომ წინამძღვარი არ ვარ. უნდა განიკითხო საკუთარი თავი, დაიმდაბლო ღვთის წინაშე და დამშვიდდებიო. მარკოზს ეს სიტყვები ამშვიდებდა და თავის კელიაში უკვე მიფრინავდა.

მონაზვნების გარდა ღირსმა მაკარმა თავისი ერისკაცი სულიერი შვილებიც დაუახლოვა მამა ამბროსის. როცა მათ ამბროსისთან მოსაუბრეს ხედავდა, ხუმრობით იტყოდა: - შეხედეთ, შეხედეთ! ამბროსი პირიდან ლუკმას მართმევსო. ამგვარად, წმინდა მაკარი თანდათან ამზადებდა თავის ღირსეულ შემცვლელს. ღირსი მაკარი 1860 წელს გარდაიცვალა და მის ნაცვლად ღირსი ისააკი დანიშნეს, რომელიც წმინდა ამბროსის თავის მოძღვრად თვლიდა. მამა მოსეს გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი ოპტის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მამა ამბროსი საცხოვრებლად სხვა კორპუსში გადავიდა. შენობას დასავლეთით პატარა ქოხი მიაშენეს, სადაც წმინდა ამროსი აღსარებაზე მისულ დედაკაცებს იღებდა. ჰყავდა ორი მესენაკე: მამა მიხეილი და მამა იოსები (მომავალი მოძღვარი სავანისა), მისი მთავარი ფოსტალიონი გახლდათ მამა კლიმენტი (ზედერგოლმი), პროტესტანტი პასტორის შვილი, რომელიც მართლმადიდებლად მოიქცა, იგი გახლდათ ბერძნული სიტყვიერების მაგისტრი.

ღირსი ამბროსის ყოველი დღე ღვთისა და მოყვასის მსახურებაში გადიოდა დილის ოთხი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე. ტრაპეზობისასაც კი, რომლის დროს წმინდა მამა სამი წლის ბავშვის სამყოფ საჭმელს მიირთმევდა, იგი სტუმრების თხოვნით შეკითხვებზე პასუხობდა მესენაკეებს. ზოგჯერ განტვირთვისთვის მესენაკეს უბრძანებდა, კრილოვის ერთი-ორი იგავი წაეკითხა. დღის ბოლოს მესენაკეები დაღლილობისგან ძლივს იდგნენ ფეხზე, თვითონ კი უგრძნობლად იწვა. საღამოს ლოცვის მერე შენდობას გამოითხოვდა ახლობელთაგან და მცირე ხნით მიიძინებდა.

ორი წლის მერე მამა ამბროსის ახალი სნეულება დაატყდა თავს. უფრო დასუსტდა. ტაძარში ვეღარ დადიოდა და კელიაში ეზიარებოდა. ბოლოს იმდენად ცუდად გახდა, რომ მისი გამოკეთების იმედი სრულიად დაკარგეს. მოასვენეს მასთან კალუგის ღვთისმშობლის ხატი. პარაკლისის, ღამისთევის ლოცვისა და ზეთისცხების მერე წმინდა ამბროსი განიკურნა, თუმცა სისუსტე მთელი ცხოვრება თან სდევდა. ხანდახან კი ისე უუარესდებოდა ჯანმრთელობა, რომ ფიქრობდა, აღსასრული მომიახლოვდაო. წარმოსადგენადაც კი ძნელია, იგი, ამსიმძიმე სნეულების ჯვრის მტვირთველი, როგორ იღებდა უამრავ ადამიანს, არიგებდა, აღსარებებს იბარებდა, თანაც ყოველდღიურად ათეულობით წერილს პასუხობდა. მასზე აცხადდა წმინდა წერილის სიტყვები: ღვთის ძალი უძლურებზე აღესრულება. თუ რაოდენ სულიერ სიმაღლეს მიაღწია მან, რაოდენ დიდი მადლის მატარებელი იყო იგი, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.
ბეჭდვა
1კ1