ეს ზღვა მინდა ამოვხაპო და ორმოში ჩავტიო
ეს ზღვა მინდა ამოვხაპო და ორმოში ჩავტიო
აფრიკულ სანაპიროზე, ქალაქ იპონში, ნეტარი ავგუსტინე თავის ღრმააზროვან წიგნს წერდა წმინდა სამებაზე. ცდილობდა ამ უდიდესი საიდუმლოს გონებით წვდომას, ძალზე დაიღალა და სანაპიროზე გამოვიდა სასეირნოდ. სუფთა ჰაერს ხარბად ისუნთქავდა, ხან ზეცას მიაპყრობდა მზერას, ხანაც ზღვას, თუმცა თავის კვლევის საგანს წამითაც არ შორდებოდა. უეცრად უჩვეულოდ ლამაზი ყრმა დაინახა (ის ანგელოზი იყო), რომელიც მომცრო ვერცხლის კოვზით ზღვიდან წყალს იღებდა და პატარა ორმოში ასხამდა. თავიდან მისი ეს საქციელი ნეტარმა ავგუსტინემ ბავშვურ თამაშად ჩათვალა, მაგრამ იდუმალმა გრძნობამ აიძულა, ყრმას მიახლოებოდა. ჰკითხა: - რას აკეთებო. ეს ზღვა მინდა ამოვხაპო და ორმოში ჩავტიოო. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელიაო, - თქვა ავგუსტინემ. "რა თქმა უნდა, - მიუგო ყრმამ, - მაგრამ მე უფრო ადვილად ამოვხაპავ კოვზით ზღვას და ორმოში ჩავასხამ, ვიდრე შენ შენი გონებით მისწვდები წმინდა სამების მიუწვდომელ საიდუმლოს და ჩატევ მას შენს წიგნში".

* პირველ მსოფლიო კრებაზე დავა ატყდა მართლმადიდებლებსა და არიოზელებს შორის, რომლებიც ყოვლადწმინდა სამების ერთარსობას უარყოფდნენ. უფალმა მისცა ძალა სპირიდონ ტრიმიფუნტელს, რათა სასწაულით დაეცვა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება. მან აიღო აგური, ხელი მოუჭირა. აგურიდან ცეცხლი ავარდა, დაბლა წყალი დაიღვარა და წმინდა სპირიდონს ხელთ ქვიშა დარჩა. "აი, აქ სამი სტიქიაა, აგური კი ერთია! ასევე სამებაში სამი პირია, ღმერთი კი ერთია", - ბრძანა წმინდა სპირიდონმა.

* თეოფილე ანტიოქიელი ბრძანებს: "თუ კაცს არ შეუძლია უცქიროს მზეს მისი უზომო სიცხისა და ძლიერების გამო, მით უმეტეს, მოკვდავს არ ძალუძს ღვთის გამოუთქმელი დიდების ხილვა. როგორც ბროწეულის თესლს არ შეუძლია ხილვა იმისა, რაც კანს გარეთაა, ასევე არ შეუძლია ღვთის ხილვა ადამიანსაც, რომელიც სხვა ქმნილებებთან ერთად ღმერთს ხელთ უპყრია".
ბეჭდვა
1კ1