შეხედეთ მზეს, ღვთის მიერ ყოვლადწმინდა სამების ხატად ცაზე დადგენილს
შეხედეთ მზეს, ღვთის მიერ ყოვლადწმინდა სამების ხატად ცაზე დადგენილს
ერთხელ სარკინოზთა ბრძენმა კაცებმა ჰკითხეს წმინდა კონსტანტინეს: "თქვენ, ქრისტიანები, ღმერთს სამ ნაწილად რატომ გაყოფთ? თქვენ გყავთ მამა, ძე და სულიწმინდა..."

- ნუ მკრეხელობთ წმინდა სამებაზე, - უთხრა მათ ღვთივგანბრძნობილმა მოწამემ, - მამა და ძე და სულიწმინდა სამი ჰიპოსტასია, არსება კი ერთია. შეხედეთ მზეს, ღვთის მიერ ყოვლადწმინდა სამების ხატად ცაზე დადგენილს. მასში სამი საგანია: წრე, სხივები და სითბო... მზის წრე მსგავსია მამა ღმერთისა, ისევე როგორც წრეს არ აქვს დასაწყისი და დასასრული, ასევე ღმერთიც დაუსაბამოა და დაუსრულებელი, ისევე როგორც მზის წრისგან წარმოიშობა ბრწყინვალება და სითბო, ამგვარადვე მამა ღმერთისგან იშვება ძე და გამოდის სულიწმინდა. მზის სხივნი, მზის ქვეშეთის განმანათლებელნი, მსგავსნი არიან ღვთის ძისა, რომელმაც მთელი სამყარო განანათლა წმინდა სახეებით. მზის სითბო, რომელიც სხივებთან ერთად წრისგან მოედინება, მსგავსია სულიწმინდისა, რომელიც მამისგან საუკუნოდ გამოდის. ამგვარად, მზის მაგალითზე ვხვდებით, რომ იგი სამ მზედ არ გაიყოფა, მიუხედავად იმისა, რომ მის თითოეულ შემადგენელ ნაწილს სხვადასხვა თვისება აქვს. ერთია წრე, მეორე - სხივნი, მესამე კი სითბო. იტყვით მასზე, სამი მზეაო? ასევე წმინდა სამება, თუმცა სამპიროვანია, მაგრამ არ იყოფა სამ ღმერთად, ერთი ღმერთია.

სარკინოზმა მოგვებმა არ იცოდნენ, რა ეპასუხათ და საუბარი სხვა საგანზე გააგრძელეს.


მამაო, რა სახით შეიქმენით წმინდა სამების ხილვის ღირსი?
სიკვდილის წინ რამდენიმე თვე ლოგინად იყო ჩავარდნილი წმინდა იოსები, ბოლოს ბოროტმა საშინელი ბრძოლა გაუმართა. წმინდა იობ მრავალვნებულის ხსენების დღეს მასთან მისულ სერგი ნილუსს არამიწიერი სიხარულით გაბრწყინებული დახვდა.

- ღმერთო ჩემო, რამხელა სიხარულის ღირსი შევიქენი! პირისპირ ვჭვრეტდი ყოვლადწმინდა სამებას. მან რაღაცნაირი გამოუთქმელი მოქმედებით განმაბრწყინა და სასოწარკვეთის სულმა უკან დაიხია. ჩემი მრავალვნებული ცხოვრების მანძილზე ამგვარი არაფერი განმიცდია. ხედავ, სულიერი აღფრთოვანებისგან ვტირიო. ბერს სახე მართლაც გაბრწყინებოდა და ცრემლნი ღვარად ჩამოსდიოდა.

- მამაო, რა სახით შეიქმენით წმინდა სამების ხილვის ღირსი? - ჰკითხა სერგიმ.

- ამის გამოთქმა ადამიანურ ენას არ შეუძლია: ყოვლადწმინდა სამებამ ერთგვარი მოქმედებით სხივნი მომფინა და მომესმა მისგან გამომავალი ხმა, რომელმაც მაუწყა ცოტა ხნის მერე მოსალოდნელი უდიდესი სიხარული!

ეს სიხარული მართლაც იგემა - კვირის თავზე წარსდგა ღვთის წინაშე და ახლა უკვე საუკუნოდ ჭვრეტს პირისპირ წმინდა სამებას.

როგორ ჩავწვდეთ ყოვლადწმინდა სამებას, - წმინდა კოზმა აითოლელი გვასწავლის: "არის კიდევ სხვა ხერხი ყოვლადწმინდა სამების წვდომისა (მზის მაგალითის გარდა, - კ.კ.). გულწრფელად უნდა თქვათ აღსარება, შიშით და კრძალვით ეზიაროთ ცხოველისყოფელ საიდუმლოს და მაშინ განგანათებს მადლი სულიწმინდისა უფრო ღრმა შემეცნებით.

ყოვლადწმინდა სამებას თაყვანისვცემთ და განვადიდებთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, რამდენადაც იგია ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა ეგრეთ წოდებული ღმერთი, გარეშე წმინდა სამებისა, არსებით დემონები არიან. არა მხოლოდ ჩვენ გვწამს, განვადიდებთ და თაყვანისვცემთ წმინდა სამებას, არამედ უდიდესი სიმრავლე - როგორც ზეციური ვარსკვლავნი და ქვიშა ზღვისა - წინასწარმეტყველნი, მოწამეები და ღირსი მამები მათ სისხლი დათხიეს წმინდა სამების სიყვარულისთვის და მოიპოვეს ზეცა, სადაც საუკუნოდ იხარებენ.
ბეჭდვა
1კ1