ძე ერთარსია მამისა, თანასწორი მისი
ძე ერთარსია მამისა, თანასწორი მისი
* წმინდა მელეტი სებასტიელი ეპისკოპოსი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსად მართლმადიდებელთა და არიოზელთა შეთანხმების შემდეგ აიყვანეს. მაგრამ რადგანაც არიოზელებს იმედი გაუცრუა, 30 დღის მერე კათედრიდან ჩამოაგდეს და სომხეთში გადაასახლეს. ეს ასე მოხდა: არიოზელებს აინტერესებდათ მღვდელმთავრის აზრი მრწამსზე. ათასნაირი მზაკვრული შეკითხვით ისე შეაწუხეს, რომ წმინდა მელეტიმ გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა და ერთ-ერთ დიდ დღესასწაულზე უამრავი ხალხის თვალწინ გამოვიდა და ქადაგება წარმოთქვა. უეცრად ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მამათა განდიდება დაიწყო. სახალხოდ აღიარა, რომ ძე ერთარსია მამისა, თანასწორი მისი, შეუქმნელი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა, ხილულთა და უხილავთა! მართლმადიდებლებმა უზომოდ განიხარეს, არიოზელები გაცოფდნენ. ამ ერესით მოწამლული ერთი მთავარდიაკონი მასთან მივიდა და სცადა მისთვის ბაგე დაეხშო. წმინდანმა ხელი აღმართა, მან აჩვენა ერთად შეკრული სამი თითი და ამით ყოვლადწმინდა სამების სამი ღვთაებრივი პირი გამოსახა, ორი თითი კი მოკეცა. ამ დროს ელვის სახით ცეცხლნი განვიდნენ მისგან. თავხედი დიაკონი ახლა ხელზე ეცა. მაშინ მელენტიმ ენით განადიდა ერთარსება სამება. მასა და დიაკონს შორის ამგვარი ბრძოლა რამდენიმე ხანს გაგრძელდა, მერე არიოზელები "გონს მოვიდნენ" და ღვთის კაცი ლანძღვა-გინებით ტაძრიდან გააძევეს.

"ღმერთს ვიცნობთ არა არსებით, არამედ მისი დიდებული ქმნილებებით და მათზე გამოჩენილი უფლისმიერი განგებულებით. მათში, როგორც სარკეში, ვჭვრეტთ ღვთის უსაზღვრო სახიერებას, სიბრძნესა და ძალას", - ბრძანებს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.

* ერთ ფილოსოფოსს, რომელიც ვერ ხვდებოდა მაცხოვრის ამ სიტყვების მნიშვნელობას: "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", - წმინდა ნიკოლოზ სერბმა მისწერა: "ქრისტიანული გზა შემეცნებისა - სიყვარულია; თუ გსურს ზეციური საიდუმლონი შეიტყო, შეიყვარე უფალი მთელი გულით და სულით, გულისთქმებით და უფალი ჩასახლდება შენში, შენ იქნები ღმერთში და ღმერთი კიდევ - შენში და შეიგრძნობ რეალობას მრავალი საგნისას, რომლებიც ადამიანების ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან. დაე, განგაბრძნოს ზეციურმა სიყვარულმა".
ბეჭდვა
1კ1