სულიწმინდა უხილავია, მაგრამ მის მადლს შეიგრძნობ
სულიწმინდა უხილავია, მაგრამ მის მადლს შეიგრძნობ
მამა ეფრემ კატუნაკელი
მორჩილება. მამა ეფრემი მთელი გულით და სიყვარულით დაემორჩილა მამა იოსებს. ლიტურგიის ჩასატარებლად და მოძღვრის საზიარებლად ღამღამობით წმინდა ბასილის სკიტისკენ მართლაც მოფრინავდა ხოლმე. როცა მამა იოსებმა წმინდა ბასილის სკიტი დატოვა და წმინდა ანას მცირე სკიტში ჩამოვიდა, ერთი კლდის ნაპრალში პატარა, საყდრიანი კალივის შენება დაიწყო ძელებითა და წითელი თიხის აგურით. მამა ეფრემს კარულიიდან ყოველ მეორე დღეს აჰქონდა ეს თიხა წმინდა ანას სკიტში, სადაც მამა არსენი აგურს ამზადებდა. მამა ეფრემი სამორჩილო საქმესაც აკეთებდა. მისი ატანილი მორებისგან მამა პროკოფი სეფისკვერების ბეჭდებს კვეთდა. სიყვარული და მორჩილება აძლევდა ორმაგი სამუშაოს შესრულების ძალას.

მამა ეფრემი ლოცვისას ხშირად მოუწოდებდა მამა იოსებს და ყველას ასწავლიდა, შეწევნისთვის თავიანთი მოძღვრების ლოცვები მიეხმოთ. ერთმა ძმამ მისწერა მოგვიანებით: "ეს რამხელა გამოუთქმელი საიდუმლოა, ჩემო საყვარელო მამაო! რამხელა წმინდა კავშირი აერთებს მორჩილს თავის მოძღვართან! "ჩემი მამის, იოსების ღმერთოო", - ასე გვეუბნებოდა და ვგრძნობდი, რომ ამა სოფლის მთელი სიტკბოება ამ ფრაზაში იყო ჩამალული".

მათი სულიერი კავშირი იმდენად გულწრფელი და ღრმა იყო, ხოლო მამა იოსების სულიერი მდგომარეობა - ამაღლებული, რომ თვითონ ღმერთი მოწმობდა მისი სიტყვების ჭეშმარიტებას. ხშირად, კატუნაკში წასვლის წინ, მამა ეფრემი ხელზე ეამბორებოდა მამა იოსებს და მისგან ლოცვას გამოითხოვდა. "წადი, - ეტყოდა მოძღვარი, მთელი გულით და მრავალმნიშვნელოვნად, - წადი და ნახავ". "მაშინ მე სიხარულით და ლოცვით ვივსებოდი", - იგონებდა მამა ეფრემი. "აბა, წადი", - მოძღვარი მკვეთრად ეტყოდა, როცა მორჩილი გაანაწყენებდა. მაშინ თავს მარტოდ და ღვთისგან მიტოვებულად გრძნობდა მამა ეფრემი.

ერთხელ უნებურად გაანაწყენა მოძღვარი და შენდობა სთხოვა, მაგრამ მოძღვარი ვერ მოალბო. არ მოხვიდე, ვიდრე ვინმეს არ გამოგიგზავნიო, - უბრძანა მამა იოსებმა. სულიერად უნაყოფოდ გადიოდა დღეები. ბოლოს მამა ათანასე მივიდა... ზეითგან მოწეულმა მადლმა გაამხიარულა მამა ეფრემი. მოძღვარმა მამობრივად, ალერსიანად უთხრა, - განა ვერ მიხვდი, რომ მოგეხვიე და სულიერად გეამბორეო?

ერთხელ კი, წირვისას, როცა კურთხევის ნიშნად ასამაღლებელი წარმოთქვა: "მშვიდობა ყოველთა", მამა ეფრემმა გაოცებულმა საკუთარ თავს ჰკითხა: "მე ხომ მოძღვრისგან ვიღებ მადლს, როგორ შემიძლია მისი კურთხევა?!" "ეს მე ვაკურთხებ", - მოესმა ხმა ოლარიდან და მიხვდა, სულიწმინდა ეზრახებოდა და იგი აკურთხებდა მღვდლისა მიერ.

იოანიკე. ხარობდა მამა იოსები მამა ეფრემის მადლმოსილებით, მუდმივად შეახსენებდა და მოსაგრეობისთვის აღძრავდა, - იოანიკე გელოდებაო...

მონაზონი იოანიკე წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა და მამა ეფრემის თანატოლი იყო, მორჩილების ნამდვილი შვილი. ის მამა იოსებს დაემოწაფა და იმდენად მიენდო, რომ ეუბნებოდა: - მამაო, ღმერთი არ მინახავს, მაგრამ შენ გნახეო.

გავიდა ხანი და მამა იოსებს ესიზმრა, ვითომ რომელიღაც ქალაქის გზას მიუყვებოდა. შესასვლელთან მშვენიერი სახლი დაინახა და იკითხა, ვისიაო. "შენი იყო და იოანიკეს აჩუქესო", - ჩაესმა. მამა იოსებმა დაასკვნა: ან მამა იოანიკე მადლს მოიპოვებს, ან მოკვდებაო.

მართლაც, ეს ფიზიკურად ძლიერი ადამიანი სწრაფი ჭლექით დაავადდა და მალე მოკვდა. მამა იოსები ანუგეშებდა ამ საშინელი ტანჯვისას. მოთმინებას მოუწოდებდა, რათა ქრისტეს მიერ მისთვის გამზადებული გვირგვინი უფრო ბრწყინვალე ყოფილიყო. იოანიკე პასუხობდა: - მამაო, ნეტავ მალე მოვკვდებოდე, ძალიან მტკივა. დაე, ასეთი კაშკაშა ნუ იქნება გვირგვინიო.

სიკვდილის წინა დღეს მამა იოსები მასთან შევიდა და უთხრა: - იოანიკე, როცა ანგელოზთან ერთად ჩვენგან წახვალ, დასამშვიდობებლად შემოიარეო. "კარგი, მამაო, მაკურთხე", - დაყაბულდა იოანიკე. სულთმობრძავმა მომვლელს სთხოვა, კელიიდან ეს ქალი გააგდეო. მალევე დამშვიდდა: - თავი დაანებეთ, ის ღვთისმშობელიაო. როცა ჰკითხეს, როგორ მიხვდი, რომ ყოვლადწმინდა იყოო, მიუგო, - მას წითელი სამოსი აცვია, "გიხაროდენის" წაკითხვა ვთხოვე და მთლიანად წაიკითხაო. ვკითხე: როდის წამიყვანს უფალი-მეთქი და, - როცა მას უნდაო. ეს თქვა და იოანიკე წარვიდა უფლისა მიმართ.

იმ დღეს მამა იოსები და მამა არსენი კალივის ეზოში საქმიანობდნენ. უეცრად ბერმა ცას შეხედა და მამა არსენს უთხრა, - იოანიკე მოკვდა და ჩვენთან დასამშვიდობებლად მოვიდა. გზა მშვიდობისა, შვილო! მოგვიხსენიეო.

სწორედ ამ იოანიკეს უსახავდა მაგალითად მამა ეფრემს მოძღვარი: - იშრომე, მამა ეფრემ, იოანიკე გელოდებაო. მართლაც, მამა ეფრემი იოანიკეზე აღტაცებით და თითქოს შურითაც კი საუბრობდა.

მადლმოსილი მდგომარეობა.
მამა იოსები მამა ეფრემში სწრაფვას აღძრავდა, გააძლიერებდა მას რჩევებით, სიტყვით და საქმით, ამშვიდებდა თავის სიახლოვით, მაგრამ არასოდეს კარნახობდა სულიერ გზას. "წადი წინ, გამოგყვები და ყურადღებით დაგაკვირდები. შენ ცრემლით მოიპოვე მადლი, ცრემლითვე განაგრძე". თვითონ, გონებისმიერი ლოცვის გამოცდილი მუშაკი, ამას თავის მოწაფეს არ აიძულებდა. ამიტომაც, როგორც მამა ეფრემი ამტკიცებდა, თავიდან ის გონებისმიერ ლოცვას არ მუშაკობდა, თუმცა გამოცდილება ჰქონდა.

ერთხელ წმინდა ანას სკიტში მამა იოსების კალივაში იყო. მამა იოსების კურთხევით, ღამისთევის ლოცვების ჩამოლოცვას სკვნილზე აქ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე იწყებდნენ. იმ დროს, როცა მამა ეფრემი თავის კანონს ასრულებდა, გონებას ხმაური უფანტავდა, რომელიც წმინდა ანას სკიტიდან მოდიოდა, სადაც მონაზვნები მუშაობდნენ. მამა ეფრემმა გონების მოკრება სცადა. უეცრად იგრძნო, რომ გონება გულში შევიდა და განუფანტველად განაგრძო კანონის შესრულება. როცა კანონი დაასრულა და გონს მოეგო, ხმაური კვლავ გრძელდებოდა. აი, ასე, პრაქტიკით მიხვდა, თუ რა არის გონებისმიერი ლოცვა.

მაღალი სულიერი მდგომარეობა მამა ეფრემმა ძალზე ადრე განიცადა. მამა იოსები ხშირად ეუბნებოდა: "შვილო ჩემო, წინ წარმატებით მიდიხარ სულიერ გზაზე, შენც შეგეძლო მადლის მოპოვება, მაგრამ დაუხმარებლად ვერ შეინარჩუნებდიო". ხანდახან ეტყოდა: "ძალიან ჩქარობ, შენ გამო მეშინია, ზოგი მთელ ცხოვრებას ასკეზაში ატარებს და ამგვარ მდგომარეობას ვერ იგემებსო". მოწაფე კი თავისი უბრალოებით პასუხობდა: "მამაო, თუ უფალი ხორცს მაძლევს, განა ხმელი ბარდის მარცვლები უნდა მოვთხოვო?"

"სულიწმინდა უხილავია, მაგრამ მის მადლს შეიგრძნობო", - ასწავლიდა მამა ეფრემი. მადლი ავსებდა კელიას და მთელ ეკლესიას. ცრემლები ნაკადულად მოსდიოდა. მადლი იღვრებოდა გულშიც და საყდარშიც. მრავალგზის უნახავს წმინდა ფეშხუმზე ღვთაებრივი ყრმა. ერთხელ, პატიოსანი ძღვნის კურთხევისას, ზეითგან ეუწყა, რომ უფლის წინაშე განსაკუთრებული წყალობა მოიპოვა. სულიერმა აღტაცებამ შეიპყრო. ოდნავ შეწუხებულმა მოძღვარმა დაამდაბლა: "ძალზე ჩქარობ, ეფრემ". მაგრამ მამა იოსებს უხაროდა, - არ მჯერა, რომ მთაწმინდაზე სადმე უკეთესი ღვთაებრივი ლიტურგია იყოსო.

ღამით, კატუნაკის მისტიკური მყუდროებისას, ლოცვასა და ჭვრეტაში ჩაფლულმა მამა ეფრემმა იგრძნო, რომ გული მისი ხშირად იტყოდა ესაიას სიტყვებს: "ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა და ზღუდეთა შენთა ზედა" (ესაია 62,5). მაშინ მან დაუტევა იესოს ლოცვა, რათა ამოეთქვა: "იესუ, სასიძოო ჩემო, შემიწყალე მე". სიკვდილამდე ცოტა ადრე აღიარა: "მე მაშინ ანგელოზი ვიყავი. ბოროტი გულისთქმა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, როგორ მომიახლოვდებოდა? თუნდაც მოენდომებინა, მადლი განაგდებდა. შიგნით მხოლოდ ნათელი მქონდა. რამდენჯერმე ვუთხარი მამა იოსებს, - რაღად მინდა მსახურებაზე წასვლა, როცა ის უკვე ძილში შევასრულე-მეთქი". ლოცვას კი ძილშიც არ წყვეტდა.

გარკვეული დროის მერე, ლოცვისას, შეამჩნია წინათგრძნობა, რომელიც კარგს აუწყებდა. ეს თითქმის ექვსი თვე გაგრძელდა, ბოლოს კი სიხარულით ავსებული მიხვდა, - მის სულს გამოსვლა და მაღლა აფრენა მოუნდა. გვერდით მდებარე ნივთს ჩაეჭიდა და გონს მოვიდა. მეორე დღეს იგივე განმეორდა, უფრო ძლიერად. თავის შეკავება სცადა. ვერ შეძლო. "ახლა უკვე მთლად ხიბლში ჩავვარდი, - გაიფიქრა საგონებელში ჩავარდნილმა მამა ეფრემმა, - წადი ახლა, სადაც გინდა!" "სული ჩემი ძნელად გასარჩევ სიმაღლეზე აფრინდა და ღვთის დიდება დაიწყო! ძნელია იმის გამოთქმა, რასაც ვგრძნობდი", - ჰყვებოდა აღფრთოვანებული მთრთოლვარე ხმით და თითქოს ხელახლა განიცდიდა იმ გამოუთქმელ გრძნობას.

განსაცდელი.
მამა ეფრემს განსაცდელიც მრავლად ჰქონდა. მამა იოსები ასწავლიდა: "მადლმოსილი მდგომარეობა მოგეცა? მალე მოელოდე განსაცდელს. განსაცდელი და მწუხარება შეგემთხვა? ახლოა ღვთისგან ნუგეშინისცემა". მამა ეფრემი ამბობდა: "ღმერთი ყოველ ხუთ წელიწადში დაუშვებს ხოლმე მწუხარებათა მორევს. ამ დროს განსაკუთრებული მოთმინება გჭირდება, ვიდრე ღელვა არ გადაივლის. ვერავინ უნდა შეამჩნიოს, რაც შენს თავს ხდება. მწუხარებისას და სიხარულის ჟამს შინაგანად მობილიზებული უნდა იყო და გარეგნულადაც ღირსეულად და მშვიდად გამოიყურებოდე. განძეხი სამოთხის უტკბესი წყაროს წყლით? ეცადე, ეს საკუთარ დამსახურებად არ მიითვალო. იგემე ჯოჯოხეთის მწარე წყალი? ეცადე, სასო არ წარიკვეთო".

დიდია მორჩილების საიდუმლო, რომელიც სათავეს ყოვლადწმინდა სამების სიბრძნიდან იღებს. ძე დაემორჩილა მამას, ვიდრე ჯვრამდე და სიკვდილამდე (ფილიპ. 2,8). "მორჩილება - სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი. საშუალო გზა არ არის, - ამბობდა მამა ეფრემი, - თავის მოძღვართან მორჩილებით, რომელიც "ხილული ღმერთია", მონაზონი სამოთხისკენ მიმავალ გზას იმზადებს. ეშმაკს ჩვენი არ ეშინია, რადგან არაფრად გვთვლის, მას მორჩილების ეშინია".

მამა ეფრემმა იგემა ურჩობის მწარე ნაყოფი, ეშმაკმა დარტყმა სწორედ იმ ადგილას მიაყენა, სადაც არ ელოდა. ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც იმ წლებში განიცადა, გახლდათ მამა იოსებისადი ერთგვარი ურჩობა. მამა იოსებმა, ცხადია, შეუნდო, მაგრამ უფალმა მძიმე ეპიტიმია მოუვლინა. რა იყო ეს ურჩობა? ეს გახლდათ ერთადერთი საიდუმლო, რომელსაც მამა ეფრემი არ ამხელდა. "ღმერთი როცა მომიხსნის ამ ეპიტიმიას, მაშინ ვიტყვიო". ეს ეპიტიმია კი 49 წელი გაგრძელდა. თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს, ამბობდა იმას, რომ ამის გამო ბევრი გადაიხადა. იმეორებდა: "ყოველთვის, როცა ვფიქრობ ურჩობაზე, რომელიც მამა იოსებისადმი გამოვიჩინე, ვტირი... მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარმა მაპატია, მე ხომ ვიცი, რაც დავკარგე ამით... 50 წლის მანძილზე გონებით მივდივარ იმ ადგილას და მიწამდე თაყვანს ვცემ მამა იოსებს, სადაც პირველად გამოვითხოვე შენდობა ურჩობის გამო: იქ, წმინდა ანას მცირე სკიტში, ავზსა და სამ საფეხურს შორის, კელიაში რომ მივყავართ".
ბეჭდვა
1კ1