თუ შეუნდობ წყენას, ამის გამო არა მარტო ცოდვები გეპატიება, არამედ ზეციური მამის შვილი შეიქნები
თუ შეუნდობ წყენას, ამის გამო არა მარტო ცოდვები გეპატიება, არამედ ზეციური მამის შვილი შეიქნები
უხრწნელება. სამი წლის მერე სიკვდილის გემო იხმია მისმა დიდებულმა ძმამ, იღუმენმა ანტონმა, მაშინ ეპარქიის ხელმძღვანელობამ მათი ერთად დაკრძალვა ბრძანა. ამოტეხეს იატაკი, გათხარეს საფლავი. მამა მოსეს კუბო ახალივით გამოიყურებოდა, მიუხედავად ნესტიანი ნიადაგისა. ასწიეს კუბოს სახურავი. მამა მოსეს სხეული უხრწნელი იხილეს. როცა მუშები წავიდნენ დასასვენებლად, იღუმენმა, მამა მარკოზმა, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა ღირსი მამა, გადაწყვიტა მის უხრწნელობაში დარწმუნებულიყო. თანაც სურდა, მისი სამოსის ნაწილი მოეჭრა სამახსოვროდ. კუბოს სახურავი გადასწია და გარდაცვლილის სხეულს შეეხო, წმინდანის სხეული სრულიად უხრწნელი, რბილიც კი იყო. როგორც კი დანით მანტიის მოჭრა დაიწყო, კუბოს სახურავი გადმოვარდა და მარკოზს ხელზე დაეცა. "მაპატიე, წმინდაო მამაო, კადნიერება სიყვარულისაგან ჩემისა, ხელი გამითავისუფლე", - შესთხოვა იღუმენმა. დიდი ხნის ვედრების მერე კუბოს თავსახური თავისით აიწია და ხელი გაუთავისუფლა. გულისხმაყო მამა მარკოზმა, რომ ეკლესიის კურთხევის გარეშე არ შეიძლება შეეხო წმინდანის სხეულს.

მამა მოსეს წერილი ბიძაშვილს, მოსკოვის ამაღლების მონასტრის მონაზონს მაქსიმილას: "უპატიოსნესო მონაზონთა შორის, საყვარელო დაო მაქსიმილა ივანეს ასულო. განძლიერდი უფლისა მიერ.

კმაყოფილებით მივიღე ჩემთვის ფრიად სასიამოვნო თქვენი წერილი. ნუ დაიზარებთ და შემდგომშიც მომწერეთ უბრალოდ, ისე, როგორც გრძნობთ და როგორც საუბრობთ ხოლმე. არ არის საჭირო ამიხსნათ თქვენი ჩემდამი კეთილგანწყობა და სიყვარული: მე ხომ ეს ისედაც დიდი ხანია ვიცი. უფრო მომწერეთ თქვენს თავზე, რა სულიერი უძლურებანი და განსაცდელები გაქვთ, რათა შევძლო დახმარება. არა ფუჭი მოფერებისთვის, არამედ თქვენი სულის სიკეთისათვის.

მე და თქვენ, უძლურებს, დიდ ღვაწლსა და სათნოებათა ქმნაზე არაფერი გვაქვს სათქმელი, მხოლოდ ჩვენს უძლურებებსა და ცხოვრებისეულ განსაცდელებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. თქვენი წერილით კმაყოფილი დავრჩი. ის იმგვარია, როგორიც უნდა იყოს. თქვენ სრული გულწრფელობით და პირდაპირობით მწერთ საკუთარ უძლურებაზე. თქვენი აღიარება სასიამოვნოა ჩემთვის იმითაც, რომ პავლე მოციქულმა მთელი ქვეყნის წინაშე გამოაჩინა საკუთარი თავი და ბრძანა, რომ იგი უძლურია და მხოლოდ ქრისტეს მადლით განძლიერდება.

მისმინე, დაიკო. ნუ შეშფოთდები იმით, რომ უძლური ხარ და ვერ სწორდები. მართალია, დიდად გამოსწორებული არა ხარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფლობ იმ მცირე სიკეთეებს, რომელთაც ვერ ხედავ, მაგრამ შეიძლება ბევრი მოგიგროვდეს. ისინი შესახედად თითქოს მცირეა, უმნიშვნელოა და არაფერს ნიშნავს, მაგრამ ცხონებისთვის შეიძლება საკმარისი იყოს კიდეც. მოდი, ჩამოგითვლი მაინც იმ სათნოებებს, რომლებიც უცხო არ არის შენთვის და უეჭველად შეგმთხვევია კიდეც.

თუ ვინმეს შეიწყალებ - შეწყალებული იქნები.

თუ გატანჯულთან ერთად გაიტანჯები (ანუ ანუგეშებ), ცოტა რამე ხომ არ გგონია ეს - მოწამეთა შორის შეირაცხები.

თუ შეუნდობ წყენას, ამისთვის არა მარტო ცოდვები გეპატიება, არამედ ზეციური მამის შვილი შეიქნები.

თუ გულით შესთხოვ ცხონებას, თუნდაც ცოტა იყოს ეს ლოცვა - ცხონდები.

თუ დატუქსავ და განიკითხავ შენს თავს უფლის წინაშე ცოდვათა გამო, რომელიც სინდისით გიგრძნია, განმართლებული იქნები.

თუ ღვთის წინაშე აღიარებ შენს ცოდვებს, მიტევებას და საზღაურს მიიღებ.

თუ შეგაწუხებს შენი ცოდვები, გულს შეიმუსრავ, ანდა იტირებ, ანდა ამოიოხრებ, ამოოხვრა შენი არ იქნება დაფარული მისგან: "არ დაიმალება მისგან მცირე ცრემლიც კი", - ამბობდა წმინდა სიმეონი. ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა: "თუ იჯავრებ შენს ცოდვებზე, მაშინ უფალი შენი ცხონების მიზეზად გამოიყენებს".

ხედავთ, რამდენ რამეში გამოსწორებულხართ, რაც თქვენ არ იცით. თანაც თქვენთვისვე ჯობია, რომ საკუთარი უძლურებით იკვეხნიდეთ, და თქვენი გამოსწორებით თავს არ იწონებდეთ: დაე, იგი სამართლიანმა მსაჯულმა შეაფასოს, ჩვენ კი მთელი ცხოვრება საკუთარ ცოდვებს ვუცქერდეთ და მათი მიტევებისთვის ვზრუნავდეთ".

ღირსი ანტონი (პუტილოვი). ჩვენ უკვე მოგითხრეთ ღირს მამა მოსე ოპტელზე, ახლა კი მის ხორციელ ძმაზე მამა ანტონზე ვისაუბროთ. ისიც სიყრმიდანვე ესწრაფოდა მონაზვნობას და მრავალი განსაცდელის მერე შეუერთდა თავის ძმას როსლავის ტყეში. აქ ისწავლა ჭეშმარიტი მოსაგრეობა, სიმდაბლე, მორჩილება. მერე კი ძმასთან ერთადვე ააშენა ოპტის სკიტი და მისი ხელმძღვანელიც გახდა, მას მერე, რაც ღირსი მოსე ოპტის სავანის იღუმენად დანიშნეს. ოპტის უდაბნოსა და სკიტში არ იყო მამა ანტონივით თავმდაბალი მორჩილი, არაფერს აკეთებდა ძმისა და იღუმენის კურთხევის გარეშე. ამას მისი მოსახსენებელიც ადასტურებს: "მოიხსენე, უფალო, უფალი ჩემი, სულიერი მამა და კეთილისმყოფელი, ყოვლადპატიოსანი იღუმენი მოსე". სკიტში მცირერიცხოვანი და ხანდაზმული ძმობა იყო და ახალგაზრდა ხელმძღვანელი ხშირად მათ ძმურ მორჩილებას უწევდა. ხშირად მესენაკეც არ ჰყავდა და თვითონ გახლდათ მზარეულიც, მებაღეც და ხაბაზიც, თავის ძმასავით ძმობის გარეგნულ ცხოვრებაზე იღვწოდა, ხოლო მათი სულიერი ცხოვრება მამა მაკარისთვის ჰქონდა მინდობილი.

მამა ანტონმა სკიტის წინამძღვრად 14 წელი დაჰყო, მერე კი კალუგის ეპისკოპოსად ისეთი ადამიანი დაინიშნა, რომელმაც ბევრი ტკივილი მიაყენა წმინდა მოსეს. მან ღირსი ანტონი მცირე იაროსლავის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა.

ძნელი იყო მამა ანტონისთვის თავისი ხელით აშენებული სკიტის მიტოვება. ამ დროს ფეხები დაუწყლულდა და იარებიც გაეხსნა. ერთხელ სასოწარკვეთილს მიეძინა და ძილ-ღვიძილში ნახა წმინდა მამათა დასი. ერთმა მათგანმა, მღვდელმთავარმა, აკურთხა და უთხრა: - შენ ხომ სამოთხეში იყავი, უკვე იცი, როგორია, ახლა კი იშრომე, ილოცე და არ იზარმაცოო! გამოღვიძებულს ნუგეში მოეფინა სულში.

ავადმყოფი იღუმენი ხშირად საწოლიდან იძლეოდა ბრძანებას და თვალს ვერ ადევნებდა, რამდენად სწორად ასრულებდნენ მას. ბევრჯერ სთხოვა ეპისკოპოსს, პენსიაში გაეშვა, მაგრამ ის უარობდა. მხოლოდ 14 წლის მერე წმინდა ფილარეტ მოსკოვის მიტროპოლიტის ჩარევითღა დაუბრუნდა საყვარელ ოპტას.

იგი შეესწრო თავისი ძმის, მოსეს გარდაცვალებას. მძიმე იყო მისთვის ამის დათმენა. ორი თვე დაეყუდა და მოუკლებლად ლოცულობდა. ძმაზე ცრემლების გარეშე საუბარი არ შეეძლო და უარობდა ყოველთვის, როცა სთხოვდნენ მამა მოსეს დაფარულ, შინაგან ცხოვრებაზე რამე მოეთხრო.

მამა ანტონი 1865 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა და ძმის გვერდით დაკრძალეს.

მოწაფის ხილვა. მამა პ-ე ჰყვებოდა: "ერთხელ, მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს, ცისკრის ლოცვის წინ ჩაძინებულს ძილში ჩამესმა: "შენი მოძღვარი მამა ანტონი წმინდად მცხოვრები კაცია და ღვთისმიერი დიდებული მამაა". უეცრად მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა და დაფიქრებული წავედი ცისკრის ლოცვაზე. მივუახლოვდი მამა ანტონის სახლს. მისი სალოცავი ოთახის თავზე თეთრი ნათელი, ცეცხლოვანი ღრუბელი დავინახე, საკმაოდ მოზრდილი, რომელიც ნელ-ნელა აიწია და გაუჩინარდა". ამ სიზმარმა მორჩილი დიდად ანუგეშა.

დაფარულმცოდნეობის მადლი. მამა ანტონი აღმსარებლებს ხშირად დაფარულ ცოდვებს ახსენებდა. ერთმა ქალბატონმა ვეღარ გაუძლო მის გამჭოლ მზერას და უთხრა: - მეშინია, როცა მიცქერით, რადგან ჩემს ცოდვებს ხედავთო. მოძღვარმა უპასუხა: - ტყუილად ფიქრობთ ასე. რაზეც ვლოცულობ და რასაც ღმერთი განმიმხელს, ის ვიცი და თუ არ მეტყვის უფალი, მაშინ რა მეცოდინებაო.

ერთხელ ერთმა გოგონამ დამშვიდობებისას ხუმრობით ლოცვა სთხოვა, - იქნებ ღმერთი გათხოვებაში დამეხმაროსო. "თქვენ ხომ გათხოვება არ გინდათ", - უთხრა მოძღვარმა. "მინდა", - დაიჟინა გოგონამ. გამოხდა ხანი. ეს ქალიშვილი კიდევ ეწვია მამა ანტონს. მან შეხვედრისთანავე უთხრა: - რატომ მომატყუეთ? მინდოდა, ამაზე მომეწერა კიდეცო. გოგონას აღარც ახსოვდა თავისი ხუმრობა. მოძღვარმა შეახსენა თხოვნა, დამშვიდობებისას რომ უთხრა: "თქვენი სიტყვისაებრ სამჯერ შევუდექი ლოცვას, მაგრამ სამჯერვე მომესმა ხმად - "მას ეს არ უნდა!" რატომ მომატყუეთ?"

როგორც წმინდა იუსტინა. ერთ ღვთისმოშიშ გოგონას იმნაირივე განსაცდელი შეემთხვა, როგორიც წმინდა იუსტინას. ერთი კაცი გადაეკიდა და როცა მან არ თანაუგრძნო, კაცმა დახმარებისთვის ჯადოქარს მიმართა. ქალიშვილმა ამის შესახებ ერთგული მსახურისგან შეიტყო, მერე თვითონაც იგრძნო ამ სატანური ძალის მოძალება. ღვთის გარდა მისი შემწე არავინ იყო, ვინაიდან სულიერად მცხოვრებ ადამიანებს არავის იცნობდა. ერთხელ მსახურმა სიზმარი ნახა, თითქოს მაღალი ბერი შევიდა ქალბატონის ოთახში და ის იქიდან მონაზვნის სამოსში ჩაცმული გამოიყვანა. მალევე ამ გოგონას ახლობლებმა, აქამდე რომ არ უმასპინძლიათ მონაზონთათვის, უეცრად მოისურვეს მამა ანტონის მიპატიჟება. იმავე საღამოს, ღვთის განგებულებით, მამა ანტონი მიუპატიჟებლად ეწვია მათ, მანამდე უცნობ ოჯახს. ზღურბლთან მამა ანტონს ეშმაკთა დასი წინ გადაუდგა და შესვლა აუკრძალა. მაგრამ ღვთის სახელის მოწოდებით, მან მიმოფანტა ისინი. როცა სახლში შევიდა, ყველამ დაინახა, რომ მკვდრისფერი დასდებოდა ბერს სახეზე. მსახურმა მასში სიზმრად ნანახი ბერი შეიცნო. გოგონა მთლიანად მიენდო მოძღვარს და წერილობით გაუმხილა თავისი განსაცდელის შესახებ. მამა ანტონი მიხვდა, რომ ამ ქალიშვილისთვის ხსნა მხოლოდ მონაზვნობაში იყო, თუმცა მის ახლობლებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ. ერთხლაც, როცა ერთ-ერთ დედათა მონასტერში მამა ანტონი მონაზვნად აღკვეცის წესს ასრულებდა, მასზე დასასწრებად ქალიშვილის ოჯახის წევრები მიიპატიჟა. ნანახმა ისე იმოქმედა მათზე, რომ ქალიშვილს მონასტერში წასვლის ნება მისცეს. თუმცა ჯადოქარი იმუქრებოდა, იქიდანაც გამოვათრევო. ახალგაზრდა მორჩილმა კვლავ იგრძნო ვნებების მოძალება. საბოლოოდ, მას მამა ანტონის ლოცვამ და იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალმა მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა უშველეს. წმინდა ფილარეტი მას ძილში გამოეცხადა, მესამოცე ფსალმუნი წაუკითხა და უბრძანა, მასთან ერთად გაემეორებინა ფსალმუნის მუხლები, მერე კი აკურთხა, ყოველდღიურად წაეკითხა ეს ფსალმუნი. გამოიღვიძა ქალიშვილმა და იგრძნო, რომ ვნება, რომელიც უკვე მრავალი წელი აწუხებდა, განშორებოდა.
ბეჭდვა
1კ1