ვისაც სურს, რომ ღამისთევის ლოცვაში წარემატოს, უნდა მოერიდოს უქმმეტყველებას
ვისაც სურს, რომ ღამისთევის ლოცვაში წარემატოს, უნდა მოერიდოს უქმმეტყველებას
მამა ხარლამპე დიონისიატელი
- ყველაფერი, რასაც ახლა გეუბნები, გახლავთ ფუძემდებელი ფუნდამენტი იმისა, რომ დავიწყოთ ღამისთევისა და გონებისმიერი ლოცვა კინოვიურ მონასტერში.

თუ შენ შენი უყურადღებობით დააღონებ საკუთარ მოძღვარს ანდა ძმათაგან ვინმეს და არ იზრუნებ, რომ ღამისთევის ლოცვის დაწყებამდე მას შენდობა სთხოვო, მაშინ ეს საქციელი ლოცვისას შენ წინ კედელივით აღიმართება.

ეს უმთავრესად მაშინ ხდება, როცა ვინმეს წყენა გახსოვს. ჩემო შვილო, ღმერთი - სიყვარულია. თუ გაბოროტებული ხარ, მასთან საერთო არაფერი გაქვს. ბოროტებით ავსებული ადამიანი დემონს ემსგავსება. შიგნით ბოროტების დამმალველ ადამიანს განა შეიძლება ქრისტესთან ჰქონდეს ურთიერთობა? განა არ ვთქვით, რომ ღამისთევის ლოცვა, მღვიძარება - ღმერთთან ურთიერთობაა?

- მამაო, გმადლობთ რჩევა-დარიგებისთვის. მე ადრე ლოცვისას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი იმას, რაც ახლა მითხარით. თუმცა უძლური ვარ, ვცდილობ, რომ ჩემი ყოველდღიური ბრძოლისას სინდისი ყველას წინაშე სუფთა მქონდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ღამისთევის ლოცვაზე მოწყინების დემონი თავს მესხმის. რა ვქნა?

- მოიცადე. ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია. კიდევ ბევრი გვაქვს ამ ბრძოლაზე სათქმელი. მაშ, მისმინე.

ვისაც სურს, ყოველ ღამე ღამისთევით ილოცოს, თავი უნდა შეიკავოს საკვების მიღებისგან. ლოცვამდე რამდენიმე საათით ადრე ჭამე, რათა ღამისთევისთვის კუჭმა შეძლოს საჭმლის ათვისება. კუჭის დამძიმების კვალდაკვალ, კაცს ძალები მოაკლდება და თვლემა შეიპყრობს. ამიტომაც ტრაპეზზე იმდენი ჭამე, რამდენიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. თუ ჭამა გაგიტაცებს, ღმერთმა გაპატიოს. წმინდა მამებმა ყოველივე დიდი სიბრძნით აღაშენეს. ტრაპეზიდან ლოცვის დაწყებამდე იმდენი დრო გადის, რამდენიც საჭიროა საკვების შეთვისებისთვის. თუ სადილობა გიყვარს, ფარულადაც ჭამ და საღამოს კვლავ მიუჯდები სავსე სუფრას, მაშინ ლოცვას ნუ ელი.

ღამისთევისთვის მზადებისას, კარგი იქნება, თუ ლოცვის წინ ცოტას დაისვენებ. საერთოდაც ამ ხრწნად სხეულს 5-7 საათი ძილი სჭირდება. ჩვეულებისაებრ მონაზონი ძილს იტეხს: ნახევარს ღამისთევამდე იძინებს, ნახევარს - მერე. ვისაც ასე არ გამოსდის, ერთხელ უნდა დაიძინოს, მაგრამ, ბუნებრივია, დიდი ხნით.

როცა ერთსა და იმავე დროს დასვენებას მიეჩვევი, მაშინ ღამისთევის ლოცვა ნელ-ნელა შენი განრიგის განუყოფელი ნაწილი გახდება. კიდევ, აი, რას მიაქციე ყურადღება: გამოუძინებლობა უმალ შეგეტყობა: ძალა მოგაკლდება, თვლემა მოგერევა, მოვა მოწყინებაც. თუ ბევრი იძინე - იგრძნობ სიმძიმეს, შფოთს, მოწყინებას. კარგად უთქვამთ: "ყველაფერს ზომიერება სჯობია".

გუნება-განწყობილებაზე ამინდიც მოქმედებს. დიდ სიცხე-საცივესაც სიმძიმის შეგრძნება მოაქვს და ძილისკენ გიბიძგებს. როგორც ჩვენი მოძღვარი გვეუბნებოდა, ღამისთევისთვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. მაშინ თავს მაქსიმალურად უნდა აიძულო ლოცვა.

ვისაც სურს, რომ ღამისთევის ლოცვაში წარემატოს, უნდა მოერიდოს უქმმეტყველებას. დამთავრდება მწუხრი, ტრაპეზი. თუ სამორჩილო საქმე არაფერი გაქვს, კელიაში წადი.

მამები ამბობენ: "იჯექი შენს კელიაში, ის ყველაფერს გასწავლის". დაისვენებ თუ არა, მაშინვე ღამისთევით ლოცვას შეუდექი. თუ დაიღალე, ხარკი გადაუხადე სხეულს, მერე კი მთელი ღამე შენს ხელში იქნება.

მაგრამ თუ მიეჩვევი და მწუხრის მერე მონასტრის ეზოში მომლოცველებთან სასაუბროდ გამოხვალ, ლოცვას ტყუილად ელი. თუნდაც მხოლოდ სულიერ თემებზე ესაუბრო, ეს მხოლოდ ზიანს მოგიტანს. რაღა უნდა ვთქვათ უქმმეტყველებასა და განკითხვაზე... იმის გარდა, რომ უძვირფასეს დროს კარგავ, ლოცვისკენ სწრაფვაც გიქრება. გამოძინება მოგინდება, და თუ ლოცვაზე დადგები, მაშინ დამძიმებული თავით ყოველგვარი სურვილის გარეშე აღასრულებ საკელიო კანონს. მერე კი დრტვინვას იწყებ: - ჰოი, რა ძნელია მონაზვნობა. ხედავ, შვილო, უცოდინარობით ხშირად როგორ ვვნებთ საკუთარ თავს, მერე კი ვამბობთ, სხვები არიან დამნაშავენიო...

- დიახ, მამაო, ამ შემთვევაში პირადად მე გამომიჭირეთ. მართალია, მწუხრის მერე სეირნობას მივეჩვიე, გზაზე მუდამ ვიღაც მხვდება და საუბარს ვუწყებ... ახლა უკვე მესმის, რატომ ვერ მოვაწესრიგე დასვენების და ლოცვის განრიგი. ამიერიდან ამას უფრო მეტი ყურადღებით მივუდგები.

- ეს ნიშნავს, რომ გაკვეთილი კარგად აითვისე?

- დიახ, მამაო, კარგად.

- თუ ასეა, ჩემო შვილო, საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ბევრი თავგანწირვით მოიკვეთს საკუთარ ნებას და დაკისრებულ მოვალეობას აღასრულებს. თუმცა საღამოს უქმმეტყველებაში ყველაფერს გაფანტავს და კვლავ ხელცარიელი რჩება. ისინი შეიძლება მხოლოდ შეგებრალოს.

ახლა კი გადავიდეთ "უმაღლეს მათემატიკაზე". აშკარაა, რომ კაცთა მოდგმის მტერი ხშირად მოგვახვევს ხოლმე სასოწარკვეთას. ერისკაცობისას და მონაზვნობის პირველ წლებში არაერთხელ გამოვცადე ეს ვნება.

როგორც ახალდამწყები მონაზონი, ჩემი მოძღვრის კანონს მივდევდი და ღამისთევის მერე ორი-სამი საათი მეძინა. თუმცა ზოგჯერ ძილისთვის განკუთვნილ დროს მტერი უძილობას და გარდამეტებულ ღელვას მომგვრიდა, ასე რომ, წამოდგომის დროსაც კი თვალი არ მქონდა მოხუჭული. მაგრამ როცა მაღვიძარა დარეკავდა, მაშინვე წამოვხტებოდი ხოლმე საწოლიდან, მივრბოდი მოძღვართან, კურთხევას ვიღებდი და მერე ღამისთევის ლოცვას ვაგრძელებდი.

თუმცა უმალ დამეძგერდებოდა ხოლმე ბოროტი მეზვერე, რომელიც ლოცვის ჟამს თავის ბაჟს - ძილს მოითხოვდა. დღისით, მორჩილების საქმით დაღლილი და უძილობით გაწამებული, დაჯდომას ვერ ვბედავდი, რადგან კედელს მივეყრდნობოდი თუ არა, მიმეძინებოდა. იძულებული ვხდებოდი, ისე ვმდგარიყავი, არაფერს დავყრდნობოდი, მაგრამ მალევე მაინც გონებას ვკარგავდი. მაშინ მოვიფიქრე - ხელები ზევით აღვმართე და ვთქვი: "ხელებს მანამდე არ ჩამოვუშვებ, ვიდრე არ განვდევნი ჩემგან სასოწარკვეთის ეშმაკს". ერთხელ ხელები ისე დამიბუჟდა, რომ ძლივძლივობით ჩამოვწიე. მაგრამ ეს ვერ დამეხმარა. ნელ-ნელა სასოწარკვეთა გადიოდა და ისეთი ლოცვა მოდიოდა, ისეთი გულისშემუსვრილება, რომ შეუძლებელია ენით მისი გადმოცემა.

ერთხელ მამა იოსებმა ჯოხი მომცა - აი, ეს არის საუკეთესო წამალი ყველა ვნებისთვისო. უძილობა მაშინ ისევ მაწუხებდა. სასოწარკვეთის დემონმაც არ დააყოვნა და თავისი ფრთებით გამომეცხადა: - შენ ჩემი მოვალე ხარო. ვპასუხობდი: დამაცადე და ვალს გაგისტუმრებ-მეთქი. მერე ვიღებდი მოძღვრის მიერ ნაჩუქარ კეტს და რისხვით ვეუბნებოდი საკუთარ თავს: "ჰოი, შე მძორო სხეულო, მითხარი: ხომ გქონდა გამოძინების საშუალება? მე შენ დაძინებისთვის დრო მოგეცი, ვინ გიბრძანა, თვალი არ მოგეხუჭა? აჰა შენ სამაგიერო და ვნახოთ, სხვა დროს თუ დაუჯერებ მტერს"... თეძოზე ჯოხს გადავიჭერდი. ჯოხის დარტყმა სახუმარო არ არის. ტკივილისგან იატაკზე ეცემი, წამოდგები და ისევ ირტყამ ჯოხს. ჩემო შვილო, გინახავს, როგორ ქრება ელვასავით, წამისყოფაში სასოწარკვეთის დემონი?

დამიჯერე, რომ იმ დღეებში როცა ჯოხს ვიყენებდი, ისეთი ღამისთევის ლოცვები მქონდა, ძნელია მისი აღწერა. ცრემლთა ფრქვევით თვალები მიწითლდებოდა... ისეთი წმინდა ლოცვა მქონდა, ისეთი მხურვალე, რომ ჭვრეტამდე ადიოდა.

ერთხელაც ვძლიე მოწყინებას და ვითარცა სანთელი ზევით ვისწრაფე, ხუთი-ექვსი საათი მუხლჩაუხრელად ვიდექი ღამისთევის ლოცვაზე. როგორც მომეჩვენა, ამან საშინლად გააბოროტა ეშმაკი. უცებ ქვითინი მომესმა, თითქოს დედაკაცი დასტირის მკვდარ შვილსო. მივიხედე სარკმლისკენ - საშინელი შავი გოლიათი დგას ჩემი კელიის სიახლოვეს. შევძრწუნდი, მაგრამ ღმერთმა მხნეობა მომცა და ვკითხე:

- ვინა ხარ და ამ დროს აქ რას აკეთებ?

მან უკმაყოფილოდ და რისხვით მიპასუხა:

- მივდივარ, ბერო, მივდივარ. შენ მე მომწვი. მეტად აღარ შემიძლია შენს გვერდით ყოფნა. მე სასოწარკვეთის დემონი ვარ. თქვა ეს და გაქრა.

- აი, ასე, ჩემო შვილო. რადგან ამაზე დავიწყეთ საუბარი, მინდა მიხვდე, ვისთან გვაქვს საქმე მონაზვნებს. ფხიზლად და ყურადღებით იყავი.

- მამაო, მართლაც გამაოცა თქვენმა ნათქვამმა, მაგრამ მე სად შემიძლია ამგვარი ღვაწლი, ხუთი-ექვსი საათი სანთელივით ვიდგე ლოცვაზე...

- დამიჯერე, როცა მადლი მოდის, მაშინ ვივიწყებ, რომ ფეხზე ვდგავარ. ღმერთი გულუხვია, ის მადლს აძლევს ყველას, ვინც მისკენ მიისწრაფვის. მშურს შენი! მონასტრის საქმეები საუკეთესო დროს მართმევს. ნეტავ საშუალება მქონდეს, რამდენიმე საათით სადმე განვმარტოვდე, რათა სული ლოცვით განმეძღო!

ჩემს მონაზვნებს ვურჩევ ხოლმე, რომ ღამისთევის ლოცვაზე, რამდენადაც ძალა ეყოფათ, ფეხზე იდგნენ. ზოგი თავის საკელიო ლოცვას ფეხზე მდგარი ატარებს. სხვები კი, როცა დაიღლებიან, იმის მაგივრად, რომ ჩამოსხდნენ, მცირე ხნით მუხლებზე დაემხობიან და კვლავ წამოდგებიან.

ერთმა ძმამ მკითხა: - მამაო, ფეხზე დგომით ვიღლები, მჯდომარეს მეძინება. მუხლებზე დავემხობი ხოლმე, მაგრამ კვლავ თვლემა მომერევა და რა ვქნაო. ვუთხარი: - იარე, ვიდრე არ გამოფხიზლდები და განუწყვეტლივ იმეორე ლოცვის სიტყვები. ჯოხიც გამოიყენე. ეშმაკი ახლო მეგობარია ხორცისა. მას არ შეუძლია მშვიდად უცქიროს, რასაც მის მეგობარს უშვრები და გარბის-მეთქი. ყველა ეს საშუალება გამოიყენე და ღმერთი არ მიგატოვებს. ახლა კი წადი უფლის მიერ და ოდესმე კვლავ შემოგვიარე, რათა შენი წარმატებები ვიხილოთ.


წერილი ნათესავს
უფლის მიერ შვილო ჩემო ლ.

მივიღე შენი წერილი. ჯარში გაუწვევიხართ. ვევედრები ყოვლადსახიერ ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას, დაგიფარონ ეშმაკისა და ბოროტ კაცთა საფრთხისაგან. ვისაც სურს, კარგი ქრისტიანი იყოს, ჯარში სამსახური გაუჭირდება. ამიტომ ამ ამბავს სერიოზულად და ყურადღებით უნდა მიუდგე. ყველა გიყვარდეს, მაგრამ იოლად ნურავის დაუმეგობრდები, მხოლოდ იმას დაუახლოვდი, ვინც ნამდვილად ღვთისმოშიშია, ოღონდ - განსჯის შემდეგ.

ჰოი, როგორი გახდა სოფელი! შიში და შეძრწუნება გიპყრობს. მხოლოდ ღვთის იმედი გქონდეს და მას სთხოვე მფარველობა.

შეძლებისდაგვარად აიძულე გონება, წარმოთქვას ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". არაა რთული. განუწყვეტლივ აღვლენილი ეს მცირე ლოცვა ყველაფერში დაგვეხმარება - უფალი მოგვხედავს და ყველა განსაცდელს შეგვიმსუბუქებს. როცა ლოცვას წარმოთქვამ, მტკიცედ გწამდეს, რომ ღმერთი შენს გვერდითაა.

ნუთუ არ შეგიძლია კარგი ქრისტიანი გახდე - სისტემატურად თქვა აღსარება, ღვთისმსახურებაზე იარო, დღესასწაულებზე წმინდა ზიარება მიიღო... უკიდურეს შემთხვევაში, ორ კვირაში ერთხელ მაინც ეზიარო?

მარხვის შენახვის საშუალება თუ გაქვს? ოთხშაბათ-პარასკევს უზეთო საჭმელი მიიღე, გაექეცი აზარტულ თამაშს, ცეკვას, ტელევიზორს... მე მთელი გულით ვილოცებ შენთვის.

მწუხარებს ჩემი სული და ტირის თქვენი ბილწი ცხოვრების გამო, თქვენი დაუდევრობის გამო! მიჰყვებით მოდას, ცდილობთ სათნოეყოთ სოფელს, მაგრამ მცირედითაც არ ზრუნავთ, სასურველნი იყოთ ღვთის თვალთა წინაშე.

იმ მცირეოდენითაც კი, რაც მოგწერე, ბევრის გაკეთება შეგიძლია. შეეცადე, სათნოეყო ღმერთს და არა ადამიანებს.

გამიხარდება, თუ შევიტყობ, რომ უკეთესისკენ ისწრაფვი.

მამობრივად, საუკეთესო სურვილებით გეამბორები.
მღვდელმონაზონი ხარლამპე
კარიესი, 3/16.10.1978

ამით ვასრულებთ მამა ხარლამპეს ცხოვრებაზე საუბარს. შემდგომში გვსურს შემოგთავაზოთ მამა იოსებ ათონელის კიდევ ერთი მოწაფის, ღირსი მამის, ეფრემ კატუნაკელის ცხოვრება.

ბეჭდვა
1კ1