საფეხური VIII-IX - VIII. ურისხველობისთვის; IX. მოშურნეობისთვის
საფეხური VIII-IX - VIII. ურისხველობისთვის; IX. მოშურნეობისთვის
პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს
ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს - ეშმაკს და ისიც ამიტომ უტევს მას. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.

* სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით იღებს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს - სულისათვის, საზრდელს კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად.

* სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევით იღებს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, ხოლო სიხარული, რომელსაც ადამიანი გაცემისას გრძნობს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემენ.

მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწიონ სხვა ადამიანებს.

თუ ადამიანი სიკეთეს სჩადის, მაგრამ სხვებს უცხადებს ამას და ამაყობს, ის უკვე იღებს ამისთვის საზღაურს, ამაოდ შრომობს და ცოდვაში ვარდება.

* ეგოისტურად ნუ აიძულებთ თავს, თქვენს შესაძლებლობაზე მეტად იღვაწოთ და დაიმძიმოთ სული. ქრისტე მოყვარული მამაა და არა ტირანი. ქრისტეს ახარებს ჩვენი მოშურნეობა ღვაწლისათვის.

* კარგია, იკითხო სულიერი წიგნები, მაგრამ კიდევ უკეთესია, წაკითხული პრაქტიკულად გამოიყენო - იცხოვრო სულიერად.

* ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად - სახარების მიხედვით.

* არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აკლიათ, მაგრამ ამასთან ერთად არ აკლიათ სევდაც, რადგან მათ აკლიათ ქრისტე.
წმინდა პაისი ათონელი

ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაც ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.

* ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს - ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში ან მიწაში დავმალოთ, იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან აგრე გულმართალნი ეს სიტყვები: "რასაცა გასცემ - შენია, რასც არა - დაკარგულია". ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

* იქნება გეგონოს, ვინც კარგ საქმეს აკეთებს, სახელისათვის აკეთებს? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმან მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებარი იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
წმინდა ილია მართალი

ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი, რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს, მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის: არამედ იყავი წინამძღოლი, რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის.
წმინდა ტიხონ ზადონელი

არათუ შეუძლებელია, რომ კაცს გულისწყრომა არასოდეს ჰქონდეს, არამედ ცუდი ნიშანიც კი იქნებოდა, ყველაფრისადმი გულგრილი ყოფილიყო. როდესაც შენი მოყვრის საქციელში რამე ცუდსა და საძაგელს ხედავ, როცა კაცი მძლავრი და უსინდისო საწყალსა და უბედურს ახრჩობს, როცა მზაკვარი და ცბიერი კაცი მარადის ქვეყანას ატყუებს და ფარისევლობს, გარშემო სიცრუე, უსამართლობა და გარყვნილებაა, შენ კი ამას ხედავ და გული მაინც გრილი გაქვს, არ გიწყრება და არაფერზე ზრუნავ, მეშინის - ვაითუ შენში ყოველი კეთილი გრძნობა და სათნოების სიყვარული მკვდარი იყოს. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს გულისწყრომა კანონიერი და კეთილია, მაგრამ იგი სიყვარულით, სიბრალულით და იმ სურვილით უნდა იყოს შეზავებული, რომ, რაც შენი მხრივ შეიძლება, ქვეყნად ყოველი ბოროტება და სიცრუე შეავიწროვო, ხოლო სიმართლე და პატიოსნება განაძლიერო. მაგრამ როცა გულისწყრომა ამპარტავნებისაგან, ანგარებისაგან ან სხვა მსგავს გრძნობათაგან მომდინარეობს, მაშინ მას კაცის ცოდვაში ჩაგდება ადვილად შეუძლია; ასეთი გულისწყრომა მალე უნდა დააცხრო. ამისთვის იტყვის მოციქული: მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

თუ გრძნობ, რომ მრისხანება მოგეძალა, დადუმდი და ნურაფერს იტყვი მანამ, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და საკუთარი თავის ყვედრებით არ დაწყნარდება შენი გული.
ღირსი ილარიონ ოპტელი

საკუთარი ნების გატარებას ნუ დაიჩემებ, რადგან ეს მრისხანებას შობს.
წმინდა ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
ბეჭდვა
1კ1