ღვთისმოყვარეთა ამბები
ღვთისმოყვარეთა ამბები
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
უფალი ყველას ყოველდღიურად ესაუბრება თავის ქმნილებათა მიერ, ესაუბრება საღვთო წერილის მიერ, შთააგონებს საჭიროს, უჩვენებს უკეთესს

III მარკიანე. 6. საკვირველმა ევსევიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქრისტეს ცხოვართა კრებულს, მოძღვარზე ზრუნვაც იკისრა. მხოლოდ მან მიიღო უფლება, ზოგჯერ მოენახულებინა მარკიანე და ეკითხა, ხომ არაფერი სურდა. ერთ ღამეს უნდოდა ენახა, რას აკეთებდა მარკიანე. გაბედა და სარკმელთან მივიდა, რომელიც ძალზე პატარა იყო, დაიხარა, შეიხედა და იხილა ნათელი - არა ჩირაღდნის, არა რაიმე ხელთქმნილი, არამედ ღვთით ბოძებული, ზეციური მადლისა, რომელიც ბრწყინავდა მოძღვრის თავზე და საშუალებას აძლევდა მას განერჩია საღვთო სიტყვების ასოები - მარკიანეს ხელთ ბიბლია ეპყრა და მასში ეძიებდა ღვთაებრივი ნების უხრწნელ საგანძურს. საკვირველი ევსევი შიშმა აიტანა და კრძალვით აღივსო, მიხვდა ღვთის კეთილმოწყალებას თავის ერთგულ მონებზე.

7. ერთხელ, როცა დიდებული მარკიანე თავისი ბინის წინკარში ლოცულობდა, აღმოსავლეთის კედელზე დრაკონი ზეაღიმართა, გააღო ხახა და მარკიანეს საშინელი უბედურებით ემუქრებოდა. მოშორებით მდგარი ევსევი შეაძრწუნა ამ საშინელმა სანახაობამ, ფიქრობდა, რომ მოძღვარი მას ვერ ხედავდა, ამიტომაც ანიშნებდა, უყვიროდა და ევედრებოდა, გაქცეულიყო. მარკიანემ უკმაყოფილოდ უბრძანა თავის მოწაფეს, გამხნევებულიყო (რამეთუ შიში დამღუპველი ვნებაა), თითით ჯვარი გამოსახა (გველს), შეუბერა და ამით უძველესი მტრობა აჩვენა. გველიც, ბაგეთა სულით, როგორც ერთგვარი ცეცხლით მოცული და დამწვარი, ნამცეცებად დაიშალა, როგორც დამწვარი ჯოხი.

8. ხედავ, მარკიანე როგორ ბაძავს უფალს, ვითარცა მისი კეთილგონიერი მსახური! რამეთუ უფალმაც ოდესღაც, როცა ზღვის მძვინვარება დააცხრო, მას მერე, რაც საყვედურით ამხილა მოწაფის ურწმუნოება (მარკ. 4,35-41; ლუკა 8,22-25), ამგვარად მიბაძვით ამ საკვირველმა კაცმა ჯერ მოწაფის შიში გაფანტა, მერე კი მხეციც მოკლა.

9. ასეთი იყო სიბრძნე, სასწაულმოქმედება და ღვთის წინაშე კადნიერება დიდებული მარკიანესი! მაგრამ იგი ცდილობდა, დაემალა ეს ძალა, სათნოებათა ქურდის (ეშმაკის) მზაკვრობისა ეშინოდა, რომელიც ტრაბახის ვნებას ჩააგონებდა, ცდილობდა, შრომით დაუნჯებულისგან განეძარცვა. ამიტომაც მალავდა მიცემულ მადლს და უხალისოდ ახდენდა სასწაულებს, რამეთუ მაშინ მისი სანთოებათა ნათელი გამომჟღავნდებოდა და გამოაჩენდა მასში დამალულ ძალას. ერთ დიდებულ სარდალს, ასურეთის ვერიიდან, ჰყავდა გონმიღებული, ეშმაკეული ქალიშვილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ბოროტი სულისგან იტანჯებოდა. დიდებული ადრე იცნობდა დიდებულ მარკიანეს, მოვიდა უდაბნოში, იმედოვნებდა, რომ მოსაგრე ძველი მეგობრების ხათრით თანაუგრძნობდა და ილოცებდა ღვთის წინაშე მისი განსაცდელისთვის. იმედი გაუცრუვდა - ღვთისმსახურთან შეხვედრა ვერ შეძლო. მან სთხოვა ერთ მამას, რომელიც იმ დროს ემსახურებოდა ღვთის კაცს, აეღო ზეთით ავსებული ჭურჭელი, დაედგა მარკიანეს სახლის კართან. ბერი დიდხანს უარობდა, მაგრამ მრავალგზის თხოვნის მერე დაყაბულდა. დიდებულ მარკიანეს ფაჩუნი მოესმა. იკითხა: ვინ ხარ და რატომ მოხვედიო. მსახურმა ჭეშმარიტი მიზეზი დამალა და უთხრა, - მინდოდა გამეგო, რაიმეს ხომ არ მიბრძანებთო. მარკიანემ ის კელიიდან გაუშვა. გამთენიისას ქალწულის მამამ მსახურს ჭურჭლის დაბრუნება სთხოვა. ბერს შეეშინდა, თუმცა მაინც წავიდა და რაც შეეძლო, ფრთხილად გასწია ხელი, აიღო ჭურჭელი და სცადა, შეუმჩნევლად წამოსულიყო. მარკიანემ კვლავ იკითხა, რითვის მოხვედიო. მსახურმა იგივე მიზეზი დაასახელა. ღვთის კაცი განრისხდა და უბრძანა, სიმართლე ეთქვა. ბერს შეეშინდა, დაიბნა და ვეღარ შეძლო ღვთაებრივი მადლით ავსებულისთვის რაიმე დაემალა. მარკიანემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს განრისხდა, ჩვეულებისამებრ არ სურდა თავისი სათნოებების ჩვენება და მსახურს დაემუქრა, თუ მსგავს საქციელს კიდევ ჩაიდენ, დაგითხოვო (ეს დიდი უბედურება იყო სულიერი სიკეთის მაძიებლისთვის) და უბრძანა, ჭურჭელი პატრონისთვის მიეტანა. ამის თქმა იყო და მისგან ოთხი დღის სავალზე მყოფმა ეშმაკმა იყვირა და განიდევნა ქალწულისგან, დაამოწმა ძალა წმინდა კაცისა. ამგვარად, მარკიანემ, ვითარცა მსაჯულმა, გამოუტანა განაჩენი ვერიაში მყოფ ეშმაკს და დასაჯა. ეს სულისდამღუპველი გააძევა, ქალწული კი განწმინდა და გაათავისუფლა მისი ხელმწიფებისაგან. ქალწულის მამა შინ დაბრუნდა. თავისი ქალაქის კართან მას დახვდა მეუღლის გამოგზავნილი მონა, რომელმაც ახარა ოთხი დღის წინ მომხდარი სასწაული. დიდებული მიხვდა, რომ ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როცა ბერმა მისი ჭურჭელი გამოიტანა.

10. ვფიქრობ, რომ ამ დიდებულ კაცს სურვილისამებრ შეეძლო სასწაულის მოხდება, მაგრამ მადლის დაფარვას ცდილობდა... მარკიანე ასევე არ უჩვენებდა ყველას თავის სულიერ სიბრძნეს მაშინაც კი, როცა უფლის მაცხოვნებელი ვნებისა და აღდგომის დღესასწაულის შემდეგ თავისთან შესვლის ნებას აძლევდა ყველა მსურველს.

11. იმ დროს კი მართლაც ყველა ცდილობდა მის ნახვას. ერთხელ შეიკრიბნენ და მასთან მივიდნენ იმ დროისთვის სათნოებებით ცნობილი მღვდელმთავრები: ფლავიანე, დიდებული მწყემსი ანტიოქიის ეკლესიისა, ღვთისმოსავი აკაკი, ევსევი, ეპისკოპოსი ქალკედონისა და ისიდორე, კვიპროსის ეკლესიის მმართველი. მასთან ერთად მოვიდა იეროპოლისის წინამძღოლი თეოდორე, რომელიც ბრწყინავდა თავისი ასკეტიზმითა და სიმდაბლით. მოვიდნენ ასევე სარწმუნოებაში მოშურნე კაცნი. ისხდნენ მდუმარედ და ელოდნენ მარკიანეს წმინდა ხმის გაგონებას. თვით მარკიანეც დიდხანს იჯდა მდუმარედ, არ განახვნიდა ბაგეებს, მაგრამ სმენად იყო ქცეული. ბოლოს, ერთმა მათგანმა მიმართა: "მამაო, ყველა ამ ნეტარ მამას შენი დამოძღვრა სწყურია და ელიან შენს უტკბეს სიტყვებს: ყველა აქ მყოფს სიკეთე მიანიჭე და ნუ დახშავ კეთილმოქმედების წყაროს". მარკიანემ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: "უფალი ყველას ყოველდღიურად ესაუბრება თავის ქმნილებათა მიერ, ესაუბრება საღვთო წერილის მიერ, შთააგონებს საჭიროს, უჩვენებს უკეთესს, აშინებს მუქარით, ამხნევებს დაპირებით - ჩვენ კი ვერაფერ სიკეთეს ვერ ვიღებთ. როგორ მოგიტანთ სიკეთეს თავისი სიტყვებით მარკიანე, რომელიც სხვებთან ერთად არად აგდებს ამგვარ კეთილმოწყალებას და არ სურს მათგან რაიმე ნაყოფი მოისთვლას?" მარკიანეს სიტყვებმა აიძულა მამები, მრავალი ამაღლებული მსჯელობა გამოეთქვათ. წამოდგნენ, ილოცეს და გადაწყვიტეს მისთვის ხელი დაესხათ. ამას ყველა ერთმანეთს სთავაზობდა, მაგრამ ამასთან თითოეული მათგანი უარობდა. მერე ისინი განეშორნენ მარკიანეს.

12. მოგითხრობ მარკიანეს ღვთაებრივ გონიერებაზე. აბიტმა უდანოში პირველმა ააგო სამოღვაწეო ბინა იმ ადგილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც მარკიანე ბინადრობდა და საიდანაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი ქროდა. აბიტი, კაცი კეთილგონიერი და მკაცრი ცხოვრებით აღზრდილი, ასაკით და ღვაწლით უფროსი იყო მარკიანეზე, მაგრამ როცა ყოველი მხრიდან მის სათნოებათა დიდება მოესმა, მისი გაცნობა განგრძნობილ მყუდროებაზე უფრო სასარგებლოდ ჩათვალა. დიდებულმა მარკიანემ წინასწარ შეიტყო მისი მოსვლა, კარი გააღო და საკვირველ ევსევის ცერცვისა და თალგამის მოხარშვა უბრძანა. როცა ისინი ერთმანეთთან საუბრით დატკბნენ და ერთმანეთის სათნოებები შეიტყვეს, მეცხრე ჟამს ერთად აღავლინეს ლოცვა, რის მერეც ევსევიმ მათ საჭმელი და პური შეუტანა. დიდებულმა მარკიანემ უთხრა ღვთისმოშიშ აბიტს: "აქ მოდი, ჩემო საყვარელო, და ერთად ვიტრაპეზოთ". მან ასევე უპასუხა: "არ მახსოვს, რომ საღამომდე პური გამეტეხოს; ზოგჯერ ზედიზედ ორი-სამი დღე ულუპმაპუროდ ვყოფილვარ". ამ სიტყვებზე დიდებულმა მარკიანემ უპასუხა: "ახლა ჩემ გამო შეცვალე შენი ჩვეულება, რადგან ავადმყოფი სხეული მაქვს და არ შემიძლია საღამოს დავუცადო". ამანაც რომ არ დაარწმუნა საკვირველი, ამოიოხრა და თქვა: "ვწუხვარ და ვიტანჯები იმის გამო, რომ ამგვარი ძალისხმევა გამოიჩინე, რათა გენახა შრომის და სიბრძნისმოყვარე კაცი, მაგრამ იმედი გაგიცრუვდა და იხილე ღორმუცელა და თავშეუკავებელი ადამიანი". საკვირველი აბიტი დაამწუხრა ნათქვამმა და თქვა, მიჯობდა, ხორცი მეჭამა, ვიდრე ეს მომესმინაო. დიდებულმა მარკიანემ მიუგო: "ჩვენც, საყვარელო, შენს მსგავსადვე ვცხოვრობთ, მოსაგრეობის იგივე ტიპიკონი გვიპყრია, დასვენებას შრომას ვამჯობინებთ, მარხვას საჭმელზე მეტად ვაფასებთ და საკვებს ჩვეულებისამებრ დაღამებისას ვიღებთ, მაგრამ ვიცით, რომ სიყვარულის საქმე მარხვაზე ძვირფასია. პირველი - ღვთაებრივი სჯულისდების საქმეა, უკანასკნელი კი ჩვენი ნებელობაა. მაგრამ ღვთაებრივი კანონები უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, ვიდრე შრომა, ჩვენი საკუთარი ნებით გაწეული". ამგვარი საუბრის მერე წაიხემსეს და ღმერთი ადიდეს, ერთად სამი დღე იცხოვრეს და განშორდნენ. მას შემდეგ ერთმანეთს მხოლოდ სულით ჭვრეტენ.
ბეჭდვა
1კ1