ხანდახან ისე ჩაუღრმავდებოდა ლოცვას, რომ ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. მხოლოდ თვალთაგან მომდინარე ცრემლი გამოხატავდა მის სულიერ მდგომარეობას
ხანდახან ისე ჩაუღრმავდებოდა ლოცვას, რომ ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. მხოლოდ თვალთაგან მომდინარე ცრემლი გამოხატავდა მის სულიერ მდგომარეობას
წმინდა მოსე დასჯის მკაცრ მეთოდებს არ იყენებდა და ამბობდა ხოლმე, უნდა დავიცადოთ, ვიდრე ღმერთი არ შეეხება ადამიანის გულსო. იგი თითოეულს ხასიათისა და სულიერი სიმაღლის მიხედვით ექცეოდა.

ღირსი მოსე ყველგან სულიერ სიკეთეს ეძებდა: ჩვენი საქმეა ვთესოთ, ინებებს ღმერთი და ოდესმე მოგვცემს ნაყოფსო.

შესაწირის მოსაგროვებლად გაგზავნის წინ მონაზვნებს არიგებდა, - ნებისმიერ სახლში შესვლისას "მამაო ჩვენო" წაიკითხეთ კაცთა გულების მოსალბობადო. მდინარის გადაცურვისას კი ურჩევდა, შეწევნისთვის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედისთვის მიემართათ.

მან სიყვარულით მიიღო მონასტერში ლეონიდე და მაკარი, მუხლი მოუდრიკა, მათ დაუკითხავად არავის აღკვეცდა, მათი აზრის გაუთვალისწინებლად არაფერს აკეთებდა. როგორც დიდად განმსჯელმა მამამ, იცოდა, რომ მონასტრის სულიერ ცხოვრებას ერთი ხელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა, ამიტომაც მხოლოდ მონასტრის გარეგნულ ცხოვრებას წარმართავდა და არაფრით აჩენდა თავის მადლმოსილებას.

გაუხდელად, ძალზე ცოტა ხანს ეძინა და შუაღამისას წამოდგებოდა ხოლმე. ცისკრის ლოცვას არ გააცდენდა, ამბობდა, ლიტურგიაზე ჩვენთვის უსისხლო მსხვერპლი შეიწირება, ხოლო ცისკარზე ჩვენ თვითონვე შევწირავთ მსხვერპლად საკუთარ მოსვენებასო. ღვთისმსახურებისას გაუნძრევლად იდგა და ხანდახან ისე ჩაუღრმავდებოდა ლოცვას, რომ ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევდა. მხოლოდ თვალთაგან მომდინარე ცრემლი გამოხატავდა მის სულიერ მდგომარეობას.

საოცრად მშვიდი იყო განსაცდელებისას. ამ დროს შინაგან ლოცვას ჩაუღრმავდებოდა ხოლმე. მუდამ მდუმარე, უფრო დაიდუმებდა, როცა ვინმე ცხოვრებასა და შინაგან მუშაკობაზე ეკითხებოდა. თუ ვინმე მის დამსახურებებზე საუბრობდა, უნდობლად უღიმოდა. ერთხელ ოპტა ერთმა მღვდელმთავარმა მოინახულა. სკიტის დათვალიერების მერე ღირს მოსეს ჰკითხა, ვინ ააშენაო. ღირსი მოსე პასუხს თავს არიდებდა, - თანდათანობით აშენდაო.

- მეც ვხედავ, რომ აშენებულია, მაგრამ ვინ ააშენა?

- წინამძღვარმა, ძმებთან ერთად.

- ამბობენ, რომ ეს სკიტი თქვენ ააშენეთ.

- მეც მათ შორის ვიყავი...

ამგვარი პასუხების მერე სტუმარი აღარ ჩასძიებია.

მამა მოსე საოცრად რბილი იყო. ერთხელ მას მეშჩოვის მონასტრის იღუმენმა ნიკოდიმოსმა უთხრა, - მშენებლები თქვენთან ბევრ ფულს იღებენ, მუშაობა კი ეზარებათო. წმინდა მამამ უპასუხა: - ბევრ ფულს გვწირავენ იმისთვის, რომ მათთვის ვილოცოთ. აბა, როგორ ვლოცულობთ, ნუთუ გულმოდგინედ? მაშ, სხვებს, ერისკაცებს, რატომ უნდა მოვკითხოთ მკაცრად?

იგივე იღუმენი ჰყვებოდა, რომ ერთხელ მამა მოსეს კელიის სიახლოვეს, პატარა ბაღში შევიდა. გზის პირას ჩამომჯდარ გლეხის ბიჭს ჰკითხა, - აქ რას აკეთებო. თხუნელებს ვიჭერო. ამაში ჯამაგირს ხომ არ იღებო? დიახო. გაიარა ცოტა და ვაშლის წინ ჩამომჯდარი ბიჭი დაინახა. შენ რაღას აკეთებო, - ჰკითხა. ყვავებს ვაფრთხობ, ვაშლები რომ არ გააფუჭონო. ხელფასს გიხდიანო? რა თქმა უნდაო, - მიუგო ბიჭმა. "რაში ხარჯავს არქიმანდრიტი ფულს..." - გაიფიქრა მან. მივიდა მამა მოსესთან - "მამაო, ბაღში რამდენი ბიჭიც ვნახე, ყველა ხელფასს იღებს. ერთი თხუნელებს იჭერს..." "დიახ, - შეაწყვეტინა მოძღვარმა, - რომელიღაც მავნე მხეცი ნარგავებს გვიფუჭებს, ფესვებს უშიშვლებს და ახმობს. ამიტომაც მათ დასაჭერად ბიჭი დავიქირავეო". "მეორე ბიჭი კი ყვავებს აფრთხობდა..." "დიახ, ეს მავნე ფრინველი საუკეთესო ვაშლებს აფუჭებდა, ამიტომაც მათ დასაფრთხობად ბიჭის დაქირავება მომიხდა. თანაც ბავშვები ღარიბები არიან, ობლებიო". იღუმენი დადუმდა, მიხვდა, რომ თხუნელები და ყვავები არაფერ შუაში იყო - წინამძღვარი ამ საცოდავ ბავშვებზე ზრუნავდა.

ღირსი მოსე დინჯად საუბრობდა, თითოეულ სიტყვას ზომავდა და სხვათა მოსმენისას სკვნილს იესოს ლოცვით მარცვლავდა. იცვამდა უბრალო, მაგრამ სუფთა სამოსს. მარხვისა და ქველმოქმედების ღვაწლს ზოგჯერ სახუმარო სიტყვებით მალავდა. ერთხელ ვაჭარმა შესთავაზა, - იყიდეთ ჩემი ქაშაყი. ადრე კარგი, გემრიელი იყო, ახლა კი, სიცხის გამო, სუნი აუვიდაო. მესენაკემ ნახა, რომ ქაშაყი საჭმელად არ ვარგოდა. მამა მოსემ უთხრა, - აბა, დაფიქრდი, იმ საწყალს რა უნდა ექნა? ჩვენთან კი ყველაფერი გასაღდებაო და ბრძანა, ყოველდღე თითო ქაშაყი მისთვის სადილად პირშუშხასთან ერთად მიეტანათ. ამგვარად სულ გაათავა.

გასაოცარი უპოვარება მან სიყმაწვილეშივე შეიძინა. ერთხელ წამოსცდა: - საროვში ვაკვირდებოდი, ვინ როგორ ცხოვრობდა და რა ჰქონდა. მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, - მოვკვდები და სიცოცხლეში არაფერი მექნება-მეთქი. და აი, მთელი ცხოვრება გუდით დავდივარო. როგორც მისი მესენაკე ამბობდა, იგი დიდად მტრობდა ფულს და თავისი სიღარიბით იყო მდიდარი.

როცა მამა მოსე გარდაიცვალა და მისი სკივრი გახსნეს, მხოლოდ ერთი გრივენიკი იპოვეს, ისიც ფსკერსა და კედელს შორის გაჭედილი.

- ეტყობა, მამა მოსემ ვერ შეამჩნია, თორემ აუცილებლად დახარჯავდაო, - თქვა მისმა ძმამ, მამა ანტონმა.

გადიოდა წლები, ნელ-ნელა იმქვეყნად გაიკრიფნენ მისი თანატოლები. 1860 წელს გარდაიცვალა მამა მაკარი. ღირს მოსეს ბეჭებზე ძირმაგარა გამოუვიდა. ამას წყალმანკი დაერთო. მაგრამ ლოგინად ჩავარდნილიც კი უარს ამბობდა, ვინმე მომსახურებოდა. 14 ივნისს ავადმყოფმა ბორგვა დაიწყო, თითქოს სადღაც წასასვლელად ემზადებოდა. ამბობდა, აქ აღარაფერი დამრჩენია და ერთ დღეში წავალო. ბრძანა, კელიიდან ყველა ნივთი გაეტანათ და წინ, კედელზე წმინდა ტიხონ ზადონელის ხატი ჩამოაკიდებინა. სიკვდილის შიში არ ჰქონია, თავის მემკვიდრეს, მღვდელსქემმონაზონ ისააკს, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე ესაუბრებოდა, წინასწარ ჭვრეტდა მასში მომავალ წინამძღვარს და სურდა, მას დიდსულოვნად მიეღო მოყვასის სიყვარულისთვის ხელმძღვანელობის ჯვარი. მამა მოსე 1862 წლის 16 ივნისს, სახარების კითხვის დროს გარდაიცვალა. შემდეგ მუხლს კითხულობდნენ: "რამეთუ მოსლვად არს ძეი კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. ამენ, გეტყვი თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკუდილისაი, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაი, მომავალი სუფევითა თვისითა" (მათე 16,27-28).

მისი დაფარულთმცოდნეობა. მღვდელმონაზონი ბასიანე, რომელიც ოპტაში მოსკოვის დანილოვის მონასტრიდან გადმოვიდა, ჰყვებოდა, რომ მამა მოსეზე ბევრი უსამართლოდ ნათქვამი მსჯელობა მოისმინა. ამიტომაც გადაწყვიტა, წინამძღვრისთვის მოეყოლა ეს და მისი განმარტება მოესმინა. როცა ამ მიზნით მიდიოდა მასთან, მამა მოსე მას გულთბილად და ალერსიანად ხვდებოდა და ბასიანეც, თითქოს განაიარაღესო, მისვლის მიზანს აღარ ახსენებდა. თუმცა მამა მოსე თვითონ იწყებდა ამავე საკითხზე საუბარს, - აი, ამას და ამას ამბობენ ჩემზეო. თავისი განმარტებით გაფანტავდა გაუგებრობას და სულიერ შვილს დამშვიდებულს გაუშვებდა.

მისი ლოცვით. იღუმენი ანტონი ჰყვებოდა, რომ ერთხელ მასთან მუშები მივიდნენ და ანგარიშის გასწორება სთხოვეს. "არქიმანდრიტს ვუთხარი: - მუშები ანგარიშის გასწორებას ითხოვენ-მეთქი. უნდა გავუსწოროთო. ფული არა გვაქვს, მამაო-მეთქი. ისესხე ვისგანმე და მუშები გაისტუმრეო. წამოვედი. ვფიქრობ, ვისგან ვისესხო. მისი კელიის ფრთას გამოვცდი თუ არა, ნაცნობ ქალბატონს შევხვდი, რომელიც მამა მოსეს ჯანმრთელობაზე შემეკითხა. ნელ-ნელა უძლურდება... მაკურთხა, მუშები გავისტუმრო, მაგრამ ფული არ მაქვს და იძულებული ვარ, ვისესხო-მეთქი. ქალბატონმა მაშინვე საფულე ამოიღო, ორმოცდაათი მანეთი ამოიღო, მომცა და მითხრა: - მამა იღუმენო, ნება მომეცით, გემსახუროთ. აიღეთ ჩემგან ვალადო. მამა მოსეს ლოცვით, უფალმა ამგვარად გამოგზავნა ფული".

მამა ანტონის მოგონება. დიდი სულიერი მწუხარებით მსურს მოგითხროთ იმ განსაცდელზე, რომელიც ჩვენს ფარეხში მოხდა. მსგავსიც კი ნუ მანახოს ღმერთმა. 1 მარტს ქალწულმა ნადეჟდამ, როცა ადუღებულ წყალს იღებდა ქვაბიდან, წაიფორხილა, ქვაბში ჩავარდა და დაიფუფქა. მადლობა ღმერთს, რომ ორი დღე ცოცხალი იყო, გონებასაც არ უღალატია და სიკვდილის წინ აღსარების თქმა და ზიარება შეძლო, ხოლო კვირას, 3 მარტს გარდაიცვალა. როცა ეს საშინელი ამბავი შევიტყვე, მწარედ ვიტირე, ახლაც გულგრილად არ შემიძლია ამის გახსება. 23 წელია ფეხები მტკივა, მაგრამ ეს არაფერია იმ ტკივილთან შედარებით, რასაც ნადეჟდა განიცდიდა სიკვდილის წინ. ნადეჟდა, დიდადმოწამე, ყვირილისა და მოთქმის გარეშე დაითმენდა საშინელ ტანჯვას. ამასთან დაკავშირებით გასაოცარი ამბავი უნდა მოგითხროთ. სწორედ იმ დღეს, როცა ეს მოხდა, მამა მ-ი ცისკრის ლოცვის მერე თავის კელიაში დაბრუნდა, მიწვა და ჩათვლიმა. ძილ-ღვიძილში ხედავს მამა მოსეს, რომელმაც უბრძანა, - სასწრაფოდ წადი ფარეხში, საჭირო ხარო. მამა მ-ს მაშინვე გამოეღვიძა და გაოცებული ფარეხში გაიქცა. იქ კი ამგვარი სამწუხარო ამბავი შეიტყო. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არქიმანდრიტი მოსე გარდაცვალების მერეც ზრუნავს ყველაზე, რისთვისაც დიდება უფალს.

მამა მოსეზე კიდევ გეტყვით, რომ ნადეჟდას დაკრძალვის წინ ერთმა მეფარეხემ ძილ-ღვიძილში იხილა მამა მოსე, სკვნილით ხელში ტაძარში მიდიოდა, სადაც ნადეჟდა უნდა შეესვენებინათ. მეფარეხემ მისგან კურთხევა აიღო და ჰკითხა: - მამაო, ასე სად გეჩქარებათო. ნადეჟდას გასაცილებლად მივდივარო. აი, ხედავთ, რა სასიხარულო სიზმრები უნახავთ ჩემს საყვარელ მამაზე.
ბეჭდვა
1კ1