ყურადღებით შეხედე საკუთარ თავს და დაინახავ, რა არის შენი ტკივილის მიზეზი
ყურადღებით შეხედე საკუთარ თავს და დაინახავ, რა არის შენი ტკივილის მიზეზი
მამა ხარლამპე დიონისიატელი
გონებისმიერი ლოცვა. წერილი სულიერ შვილს (გაგრძელება). რაიმე განსაცდელისა და ჩვენი დაუფიქრებლობის შედეგად გული სხვანაირად გვტკივა. ამ დროს უნდა ვიფრთხილოთ. თუ ეშმაკის წაქეზებით, ანდა დაუფიქრებლობით ძმას აწყენინებ და ის შენ გამო დაღონდება, გულში იგრძნობ შფოთიან ტკივილს. თუ დამნაშავე ხარ, მიდი მასთან, მუხლი მოუდრიკე და შენდობა სთხოვე. დაამშვიდე მოყვასის გული, რათა ღმერთმა შენც დაგამშვიდოს.

ხანდახან, თუმცა მართალნი ვართ, ძმა დამნაშავედ გვთვლის. ამ შემთხვევაში მისი სატანური შფოთი ჩვენ გადმოგვედება. მაშინ კვლავ მას უნდა ვთხოვოთ შენდობა. თუ გვინდა, რომ სული დაგვიმშვიდდეს, დანაშაული საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. უარესია, როცა ძმას ეშმაკი შეიპყრობს. ამ დროს უჩვეულო მხნეობაა საჭირო განსაცდელის დასაძლევად.

როცა ახალბედა ვიყავი, ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თუმცა მართალი ვიყავი, ძმას მუხლი მოვუდრიკე. არაერთხელ ვთხოვე შენდობა, მაგრამ ამაოდ, ის უფრო მეტად მლანძღავდა. შინაგანად ერთიანად ვდუღდი. გავიქეცი მოძღვართან აღსარებაზე, ის კი მეუბნება: "ფრთხილად იყავი, საცდურს არ დაჰყვე, ნუ შეეწინააღმდეგები მას, პირს ნუ გააღებ, თორემ ყველაფერი დაიკარგება. მასში მჯდარი სატანა ცდილობს ერთი სიტყვა მაინც გათქმევინოს. ის მხოლოდ იმას ელის, პირი რომ გააღო და შენში შემოვიდეს. მაშინ რამხელა განსაცდელის გადატანა მოგიწევს! მაგრამ ნუ გეშინია, ვილოცებ შენთვის, და მალევე სიმშვიდე დაგიბრუნდება". მართლაც, იმავე წუთს დავმშვიდდი. თუმცა ამას მთლიანად ჩემს მოძღვარს ვუმადლი, რადგან უკვე ახლოს ვიყავი სასოწარკვეთილებასთან.

შენ თვითონაც ყურადღებით შეხედე საკუთარ თავს და დაინახავ, თუ რა არის შენი ტკივილის მიზეზი. თუმცა ფრთხილად იყავი. ეცადე, არავინ შეაწუხო.

მეკითხები, რატომ მირჩევ ფეხზე მდგარმა ვილოცო მაშინ, როცა "სათნოებათმოყვარებაში" წერია, გონების მოკრებას უფრო მეტად უწყობს ხელს დაბალ სკამზე ჩამოჯდომაო.

კარგია, დამჯდარმა ილოცო, მაგრამ ეს შენ არ გამოგადგება. ეს არც საჩემოა, სიბერის ასაკს მიღწეულისთვის. შევნიშნე, როცა ფეხზე მდგარი ვლოცულობ, ლოცვა სწრაფი და წმინდაა. მას მოაქვს გონების შემუსვრილება, ცრემლები, ჭვრეტა და სხვა მრავალი, რისი გაგებაც ჯერ არ შეგიძლია. ზოგჯერ გულიდან ერთგვარი კეთილსურნელება ამოდის ისე, რომ კელიაც კი იწყებს კეთილსურნელებას. ამგვარი რამ ხდება მამა არსენთანაც. შენ თუ იცი, როგორი მადლი მოიპოვა მან? საკმაოდ ხშირად, ლოცვისას, ის ისეთ უდიდეს სიტკბოებას გრძნობს, ისეთ კეთილსურნელებას, რომ ყველაფერს ივიწყებს და მრავალი საათის მანძილზე ფეხზე დგას. მამა პროდრომოსთან კი ყველაფერი პირიქითაა. თუმცა ის ახალგაზრდაა, მაგრამ ფეხზე დგომისგან გათანგულს, თავბრუ ეხვევა. სკამზე ჩამომჯდარი კი ისე ჩაიძირება ლოცვაში, რომ ჭვრეტის მდგომარეობამდე მიდის.

ამიტომ კიდევ ერთხელ მსურს გითხრა, რომ გონებისმიერი ლოცვის შესრულებისას აუცილებელია გამოცდილი დამრიგებლის ყოლა. გონების მოსაკრებად, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხება, აუცილებელია პირველ რიგში დავამდაბლოთ იგი შრომით, მუხლთა დრეკით, ძალისმიერი მარხვით და რამდენსაც შევძლებთ, ლოცვაზე დგომით. თუ გინდა გამოსცადე ერთიც და მეორეც და განსხვავებას თვითონვე ნახავ. ხოლო რაც შეეხება პირქვე დამხობას, მუხლებზე დგომას, ასეც იქცევიან, ოღონდ დიდი გულშემუსვრილებით. როცა მოსაგრე თავის წინ, სულიერი თვალებით ხედავს უფალს, მაშინ პირქვე დამხობის მოთხოვნილებას გრძნობს. მუხლები თავად მოეხრება, დაემხობა მაცხოვრის ფერხთით. მაგრამ ფხიზლად იყავი, ვინაიდან მტერი ხშირად მოაუძლურებს მუხლებს, რათა მერე კაცს უყურადღებობა და ძილი მოჰგვაროს.

როცა ფეხზე დგომით დაიღლები, ჯობია, სკამზე მოხერხებულად ჩამოჯდომის ნაცვლად რიგრიგობით ილოცო, ხან ფეხზე მდგარმა, ხან მუხლმოდრეკილმა, ხანაც დამჯდარმა. როცა ძალა გამოგვეცლება, ღმერთი მოხედავს ჩვენს უძლურებას, დაჩოქილი ვლოცულობთ თუ ჩამომჯდარი; შეგვიძლია ლოგინში ჩაწოლილმაც ვილოცოთ. თუმცა თუ გვაქვს ხორციელი ძალები, მაშინ მტერს არ სძინავს და მაშინვე მოგვგვრის უყურადღებობას, გონების დაბნელებასა და ძილს. ზოგი მოსაგრე ძილის დასაძლევად კელიაში ბოლთის ცემით ლოცულობს.

შენ მწერ, რომ რაღაც ხანი ხმამაღლა ლოცულობ. მერე სურვილი გიჩნდება, ბაგე მოკუმო და შინაგანი ლოცვა აღავლინო გონებით.

ეს ერთგვარი წარმატების ნიშანია. მას მერე, რაც მრავალი საათის მანძილზე ლოცვის სიტყვებს ვღაღადებთ ბაგით და საკუთარ თავს ვაიძულებთ, ყური უგდოს იმას, რასაც ამბობს, ნელ-ნელა ლოცვა გულში შედის. მოდის საკუთარ თავში ჩაღრმავება, შეკრავს სუნთქვას და უკვე აღარ შეგიძლია ლოცვის ხმამაღლა წარმოთქმა. მაშინ მოვიკრებთ გონებას, რამდენადაც ძალგვიძს, ვაჩერებთ სუნთქვას და ვიმეორებთ ლოცვას რაც შეიძლება წმინდად. ეჰ, შენ რომ შეძლო სწვდე წმინდა ლოცვას და ღირსი შეიქნე იმ უტკბესი ცრემლისა, რომელიც მერე თავისით მოედინება თვალთაგან, მაშინ მოგიყვებოდი იმას, რაც შემდგომში ხდება.

ოღონდ გაფრთხილდი. საკუთარი თავის ჩაღრმავება (მოჩვენებითი, ყალბი) სატანასაც შეუძლია შემოგთავაზოს. აი, მაგალითად, ვიწყებთ ბაგეებით ლოცვას. მოდის ეშმაკი და თითქოს ქვით გვიხშობს პირს. ცდილობ, შინაგანად ილოცო, მაგრამ არაფერი გამოგდის. გონება გეფანტება, რაც ნიშნავს, რომ ეს მახეა და შენ სატანამ ალიკაპი ამოგდო. თუ შეძლებ, განბნეული გონება მოიკრიბე და მთელი ძალისხმევით ეცადე, ალიკაპი მოიშორო.

ერთხელ მე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მორჩილს, განსაცდელის გადატანა მომიხდა. მორჩილებისას, როცა მოუკლებლად ვლოცულობდი: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", მტერმა პირი დამიკეტა. ვცდილობდი, გონება არ გამფანტვოდა, მაგრამ იმ დღეს რადგან ბევრი სამუშაო იყო, ლოცვა ხანდახან მიწყდებოდა. მოძღვარს მოვუყევი ყოველივე. მითხრა: - აიძულე თავი, რომ მოუკლებლად, ხმამაღლა, ბაგეებით წარმოთქვა ლოცვაო. თავიდან, მცირე ძალისხმევის მერე, ჩემმა ბაგეებმა შეუჩერებლად იწყო ლოცვის წართქმა. პირი გამოუთქმელი სიტკბოებით ამევსო, თითქოს მთელი დღე შოკოლადი მეჭამოს. მთელი დღე ვმუშაობდი და არც შიმშილი მიგრძნია და არც წყურვილი. დღისით, მორჩილების ჟამს, რაც უფრო ხშირად ისმენენ შენი ყურები ლოცვას, მით ადვილად ილოცებ ღამით და ამ მცირე ძალისხმევით შეძლებ ლოცვის სიტყვების მნიშვნელობაზე გონების მოკრებას.

ჩვენი ეკლესიის დადგენილ წმინდა ლოცვებს არც ერთ შემთხვევაში არ უარყოფენ და არც იმათ გაჰკიცხავენ, ვინც ამ ლოცვებს გონებისმიერი ლოცვით შეცვლის.

საღვთისმსახურო ლოცვები სულიწმინდის მადლის მოქმედებით არის დაწერილი. შენ მათში პოვებ სიბრძნეს, ჩვენი რწმენის დოგმატებს, ლოცვით ურთიერთობას, დიდებისმეტყველებას. ეს კეთილსურნელოვანი ძალაა. მაგრამ ის, სამწუხაროდ, ბევრისთვის დახურულია.

კარგია, თუ შეგიყვარდება ღვთისმსახურება, მაგრამ არა ისე, რომ შენთვის ეს სიყვარული უბრალოდ კარგ ჩვევად იქცეს, უბრალოდ მოგწონდეს კითხვა და გალობა და სიამოვნებით ატარებდე ამაში დროს. კითხვა-გალობას მაშინ აქვს ფასი, როცა ჩავწვდებით წარმოთქმულის აზრს და დავტკბებით ღვთაებრივი აზრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკითხვა: "თუ გესმის, რასაც კითხულობ" (მოციქულთა საქმე 8,30), ჩვენც გვეხება.

ღმერთმა ეთიოპთან ფილიპე გაგზავნა, რათა წაკითხულის აზრი აეხსნა. ჩვენ კი, როცა გონება განგვეწმინდება მოუკლებელი ლოცვით, ღმერთი მოგვივლენს თავის უწმინდეს სულს.

ერთხელ ბურეზარში ჩემთან სასაუბროდ ერთი ღვთისმოშიში მონაზონი მოვიდა. მითხრა: - მამაო, მე წინააღმდეგი არ ვარ იესოს ლოცვისა, მაგრამ ვერ გეთანხმები იმაში, რომ მთელი ძალები იესოს ლოცვისკენ უნდა მივმართოთ და უმეტესი ნაწილი ლოცვისა გამოვტოვოთო.

ვინ გითხრა, რომ ჩვენ თავი ვანებეთ საღვთისმსახურო ლოცვებს-მეთქი, ვკითხე.

- ისინი თქვენ ძალზე შემცირებული გაქვთ. ჩვენს მონასტერში საზოგადო ღვთისმსახურება ექვს-რვა საათს გრძელდება, აღარაფერს ვამბობ კვირა დღეებზე, საზეიმო, ღამისთევის ლოცვებზე და ა.შ.

- კარგია, რომ ტაძარში ღვთისმსახურება ახსენე. მაგრამ გულწრფელად მიპასუხე: სტასიდიიდან ყველაფერი გესმის, რასაც კითხულობენ და გალობენ, თუ შენი გონება აქეთ-იქით დახეტიალობს?

- სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი გონება მართლაც ხშირად აქა-იქ დაქრის.

- ასე რომ, საყვარელო, - ვუთხარი მას, - შენზე აცხადდა წინასწარმეტყველის სიტყვები: "ეს ხალხი ბაგეებით და ენით პატივს მომაგებს, მათი გულები კი შორს არიან ჩემგან" (მათე 15,8). გინდა მოგიყვე, როგორ ვკითხულობთ საღვთისმსახურო წიგნებს? პირველ რიგში ღამისთევით ვლოცულობთ, რათა განგვინათლდეს გონება. მერე გადავშლით ტიპიკონს, თთვენს... ისეთი სიტკბოება მოდის, ისეთი შემუსვრილება, ისე აღფრთოვანდები, რომ ნამეტნავისაგან გრძნობისა დაუტევებ წიგნს, პირქვე დაემხობი, გული გეწვება ღვთაებრივი სიყვარულით და თვალთაგან დაუწყვეტელი ცრემლი მოგედინება. ახლა, როცა გამიჩნდა საძმო, გამიჩნდა საზრუნავიც, ამგვარი რამ ადრინდელზე იშვიათად მემართება. მაგრამ როცა მარტო ვიყავი, ყოველივე ამას ყოველდღიურად განვიცდიდი.

მე მხოლოდ დაწყებითი სკოლა დავამთავრე, მაგრამ როცა განგეხსნება გონება, მაშინ ძველბერძნულ ენას, რომელზეც წიგნებია დაწერილი, ნებისმიერ პროფესორზე უკეთესად გაიგებ. სცადე, თავიდან გული იესოს ლოცვით გაითბო, მაშინ იგრძნობ განსხვავებას, მოუსმენ, რასაც ღვთისმსახურებაზე ამბობენ. ბევრმა ბერმა და მონაზონმა, რომელთაც აღსარებაზე ვიღებ, საკუთარი გამოცდილებით დამარწმუნა ამაში. წმინდა წერილს თუ კითხულობ?

- რა თქმა უნდა, ვკითხულობ, მამაო.

- კი კითხულობ, მაგრამ თუ გესმის რაიმე წაკითხულიდან?

- რაღაც მესმის, მართლაც ცოტაოდენი ვიცი ძველბერძნული.

- მაშინ მითხარი, რაიმე ცვლილებას თუ ხედავ შენში?

- რაღაც ცვლილებას, ერთგვარ შემუსვრილებას, ზოგჯერ განვიცდი.

- თუ გინდა, მოგიყვები, ჩვენ, ეს უსწავლელი ხალხი, როგორ ვკითხულობთ წმინდა წერილს. ხუთ-ექვსსაათიანი იესოს ლოცვის მერე გადავშლი სახარებას. ძმურად გარწმუნებ, რომ განმეხსნება ხოლმე გონება და ყველაფერი ისე ცხადად მესმის, რომ მოჭარბებული გრძნობების გამო წიგნს გადავდებ, თავს ვერ ვიკავებ და დიდად შემუსვრილი დიდხანს ვტირი. ამას აღსარებასავით გეუბნები, ვინაიდან გსურდა გაგეგო, ვკითხულობთ თუ არა საღვთო წიგნებს. რა არის წყარო ამგვარი გაბრწყინებისა, ამგვარი გრძნობათა სიჭარბისა? განა იესოს ლოცვა არ არის?

- ასეა, მამაო, ანუ მუხლს ვიყრი თქვენ წინაშე. ჩვენ მონასტერში, ტაძარში მრავალ საათს ვლოცულობთ, კელიაში კი ძალზე ცოტას - ერთ საათს.

- იმავეს მეუბნებიან მონასტრის მონაზვნები, რომელთა აღსარებასაც ვიღებ. მაგრამ ღმერთი სამართლიანია. ილოცე შენს კელიაში, რამდენიც შეგიძლია. შენი მონაზვნური კანონის დასრულების მერე ღვთისმსახურებაზე განაგრძე იესოს ლოცვის მოუკლებლად წართქმა.
ბეჭდვა
1კ1