ღვთისმოყვარეთა ამბები
ღვთისმოყვარეთა ამბები
ნეტარი თეოდორიტე კვირელი
მთელი სიყვარული ღმერთზე გადაიტანა
22. ამგვარი რამ შეემთხვა ბალაამს, რომელიც წინ აღუდგა ღვთის ხალხს. ბალაამმა ერთგვარი უწმინდურობის ქმნა მოიფიქრა ამ ხალხის წინააღმდეგ, რისთვისაც დაისაჯა და განიგმირა ისრაელიანთაგან (რიცხვ. 318,16). იულიანეს ლოცვის წყალობით ასე გადარჩა ქალაქი კირი!

მე კი ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, გადმომცა ვერიის ეკლესიის ღვთაებრივმა წარმომადგენელმა დიდებულმა აკაკიმ, რომელმაც ყველაფერი იცოდა იულიანეზე. ამგვარად, დაუტევა მან კირი, შეუერთდა თავის თანამოძმეებს. საკმაო ხნის შემდეგ სიხარულით გადავიდა უბერებელ და უზრუნველ ცხოვრებაში, შეიძინა უვნებელობა მოკვდავი (ხრწნადი) სხეულისა, მოიპოვა სასოება სხეულის უხრწნელობისა. ვასრულებ თხრობას მასზე და შევუდგები სხვაზე მოყოლას. ვევედრები წმინდანებს, ჩემგან მოხმობილთ, რათა მათი შუამდგომლობით გარდამოევლინოს ჩემზე უმაღლესი კეთილმოწყალება.

III. მარკიანე. 1. როგორ შევასხა ხოტბა სახელგანთქმულ მარკიანეს? შევადაროთ ის ილიასა და იოანეს, რომლებიც "იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირ ხილულნი, რომელთა ღირსი არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცდომილნი, მთათა და ქვაბთა შინა და ხურელთა ქვეყანისათა" (ებრ. 11,37-38)? მისი სამშობლო ჯერ კირი იყო, მერე - უდაბნო, ახლა კი ზეცა გაიხადა სამკვიდრებლად. პირველმა იგი შობა, მეორემ - აღზარდა, მესამემ კი მიიღო თავის წიაღში გვირგვინდარქმული.

2. უგულებელყო რა დიდებული წარმოშობა (მისი წინაპრები სენატორები იყვნენ), სასახლის ბრწყინვალება, ბუნების შემოქმედისგან მიიღო რა დიდებული და მშვენიერი სხეული და ჰქონდა სული, ნათელი გონებით განმშვენებული, მთელი სიყვარული ღმერთზე გადაიტანა და მხოლოდ ღვთაებრივი მოისურვა. დაემშვიდობა წარსულს, უდაბნოს შუაგულში ააშენა თავისი სხეულისთვის მცირე ბინა, გალავნით შემოღობა, დაეყუდა იქ სამუდამოდ, შეწყვიტა ურთიერთობა ადამიანებთან, ესაუბრებოდა ყოველთა მეუფეს და ისმენდა მის უტკბეს ხმას. რამეთუ კითხულობდა ღვთაებრივ სიტყვებს, ფიქრობდა, რომ თვით ღვთაებრივი ხმა ესმოდა, ლოცულობდა და შენდობას შესთხოვდა მეუფეს, თვლიდა, რომ მას ესაუბრებოდა. მუდამ ამ სულიერი საკვებით დატკბებოდა და არ იცოდა განძღომა: ყურს უგდებდა ღვთის სულს, რომელიც დიდებული ღვთის მიერ გალობდა: "შჯულსა უფლისასა არს ნებაი მისი და შჯულსა უფლისასა ზრახავნ იგი დღე და ღამე. და იყოს იგი ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ" (ფს. 1,23). რახან სურდა ამ ნაყოფთა ხმევა, სიყვარულით შეუდგა შრომას და ლოცვას ფსალმუნთგალობით ცვლიდა, ფსალმუნებს - ლოცვით, ხან ერთსაც და მეორესაც - ღვთის სიტყვათა კითხვით.

3. საკვებად ჰქონდა მხოლოდ პური და იმასაც განსაზღვრული რაოდენობით ჭამდა. პურის საწყაო კი იმხელა იყო, რომ არ დააკმაყოფილებდა სულ ახლახან დედის ძუძუს მოცილებულ ჩვილსაც. ჰყვებიან, რომ ციცქნა პურის ნაჭერს ოთხ ნაწილად გაყოფდა და ოთხი დღისთვის გაანაწილებდა - კიდეც რჩებოდა. წესად ჰქონდა მხოლოდ დღეში ერთხელ, საღამოობით წახემსება. "ვინც მრავალდღიანი მარხვის შემდეგ იღებს საკვებს, მარხვის დღეებში სუსტად ასრულებს ღვთისმსახურებას; ხოლო ვინც იმ დღეს, როცა ნებადართულია საკვების მიღება, ჩვეულებრივზე მეტს ჭამს, იმძიმებს სტომაქს. დამძიმებული სტომაქი კი სულს აზარმაცებს ღამისთევის ლოცვისას. ამიტომაც სჯობს საჭმელი დღეში ერთხელ მივიღოთ, ოღონდ არასოდეს დავნაყრდეთ". მარხვაში თავს მუდმივი შიმშილი დაუწესა. მაღალი იყო, ლამაზი და კმაყოფილდებოდა მცირედი საკვებით!

4. კარგა ხნის მერე მიიღო ორი თანამოსაგრე - ევსევი, რომელიც მემკვიდრე შეიქნა მისი წმინდა ბინისა, და აღაპიტი, რომელმაც დათესა მის კანონთა თესლი აპამეაში. აქ, დიდ და ხალხმრავალ დაბა ნიკერტამში აღაპიტმა ააშენა ორი ძალზე ვრცელი სასწავლებელი სიბრძნისმოყვარებისა. ერთ მათგანს მისი სახელი ეწოდა, მეორეს კი საკვირველი სიმეონისა, რომელიც ორმოცდაათი წელი ბრწყინავდა თავისი სიბრძნისმოყვარეობით. იქ დღემდე ცხოვრობს ოთხასზე მეტი მოსაგრე - სათნო, ღვთისმოსავი, საკუთარი შრომით ზეცის მომძიებელი. წმინდანთა ამ სათემოს სჯულისმდებელნი იყვნენ აღაპიტი და სიმეონი, რომელთაც ტიპიკონი დიდებული მარკიანესაგან მიიღეს. ამ სასწავლებლიდან წარმოიშვა მრავალი სხვა სასწავლებელი (მონასტერი), რომლებიც იმავე კანონებით ხელმძღვანელობდნენ, რომელთა ჩამოთვლაც კი გრძელია. ყველას დამნერგველი იყო ღვთისმოსავი მარკიანე. რამეთუ ვინც გამოიღო მშვენიერი თესლი, სამართლიანად ჩაეთვლება მას სამსახურად კეთილი აღმონაცენიც.

5. მარკიანე თავიდან მარტო ცხოვრობდა ნებაყოფლობით არჩეულ ციხეში. რახან მისი კელია იმდენად პატარა და მოუხერხებელი იყო, რომ მარკიანე თავადაც ვერ ეტეოდა შიგ, ამიტომაც ნება მისცა თანამოსაგრეებს, სხვა ბინა აეშენებინათ და ცალკე აღევლინათ ჰიმნები, ელოცათ და ეკითხათ ღვთაებრივი სიტყვები. შეიკრიბა ბევრი ღვთისმოშიში, რომელთაც მოისურვეს ამ სულიერი სიკეთის თანაზიარობა. მარკიანემ ურჩია მორჩილთ, მოშორებით კიდევ ერთი თავშესაფარი აეგოთ და მსურველთ იქ ცხოვრება უბრძანა. მათ ხელმძღვანელობდა ევსევი, რომელმაც იქ მიიტანა დიდებული მარკიანეს სწავლება. ხოლო ღვთაებრივმა აღაპიტმა მიიღო სათანადო აღზრდა და დამოძღვრა, ისწავლა კეთილი მოსაგრეობა და თავისი მოძღვრის ღვთისმოსავი სულისაგან მიღებული თესლის გასავრცელებლად წავიდა. ამ დიდებულმა ადამიანმა ისე გაითქვა სახელი, რომ ღირსი შეიქნა მღვდელმთავრის კათედრისა - მის სამშობლოში დააკისრეს მწყემსმთავრის მოვალეობა (აღაპიტი გახდა აპამეის ეპისკოპოსი. თავის "საეკლესიო ისტორიაში" ნეტარი თეოდორიტე აღნიშნავს: "ნეტარი მარკიანეს შემდეგ იყო ყოვლადქებული აღაპიტი, რომელიც ერესის მძვინვარების წლებში გამოირჩეოდა მოსაგრეობის გამოცდილებით", - კ.კ.).
ბეჭდვა
1კ1