ღვთისმოყვარეთა ამბები
ღვთისმოყვარეთა ამბები
"თავი ანებე იმაზე ცნობების მოკრებას, რაც არავითარ სიკეთეს არ მოუტანს გამომკვლეველს"
იულიანე. 4. ბოსტნეულის მარაგის შენახვა ასეთ მღვიმეში საზიანოა, მას სინესტისგან ობი ედება და ლპება. როცა მათ ბოსტნეულსაც ასე დაემართა (მღვიმის ყველა კუთხეში სინესტე იყო), ძმებმა მოძღვარს სთხოვეს, რაიმე პატარა ქოხის აშენების ნება მიეცა მარაგის შესანახავად. მან თავიდან ყური არ უგდო მათ თხოვნას, მაგრამ მერე წმინდა პავლესგან დამოძღვრილმა, რომ არ უნდა ეძიებდე თავისას (I კორ. 13,5), დაუთმო უმცროსებს, განუსაზღვრა პატარა და ვიწრო ქოხის ზომები, თვითონ კი მღვიმიდან მოშორებით განმარტოვდა, რათა აღესრულებინა თავისი ჩვეული ლოცვა ღვთისადმი. მას ჩვევად ჰქონდა ხშირად უდაბნოში განმარტოება, 50 ან 100 სტადიონზე (1 სტადიონი=185 მ), კაცთაგან განშორებული, ჩაღრმავებოდა საკუთარ თავს, განმარტოებით ესაუბრა ღმერთთან და ვითარცა სარკეში ეჭვრიტა საღვთო და გამოუთქმელი მშვენიერება. ისარგებლეს იულიანეს არყოფნით და ზოგიერთმა მის მორჩილებაში მყოფმა საჭიროების შესაფერისი ქოხი ააშენა, მაგრამ მოძღვრის ნაბრძანებზე დიდი. ათი დღის მერე გამოუთქმელი ჭვრეტიდან მობრუნებულმა იულიანემ, ვითარცა სინას მთიდან ჩამოსულმა მოსემ, ნახა, რომ ქოხი უფრო დიდი გამოსულიყო და უთხრა: "მეშინია, ძმებო, რომ მიწიერი ცხოვრების გაფართოებით არ შევიმციროთ ზეციური სახლნი, რამეთუ მიწიერი დროებითია და მხოლოდ მცირე ხნით გამოგვადგება, მაშინ როცა ზეციური სიკეთეები საუკუნოა და დასასრული არ აქვს". თქვა ეს და დამოძღვრა თავისი მონაზონთა ქორო უმაღლეს სრულყოფილებასთან დაკავშირებით, დანაშაული კი აპატია, მოციქულის სიტყვისაებრ: "რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯბესსა, არამედ მრავალთასა, რაითა ცხონდნენ".

5. მან ასწავლა ძმებს მღვიმეში საგალობლებით ერთად ედიდებინათ ღმერთი, გათენებისას კი ორ-ორნი განმარტოებულიყვნენ უდაბნოში და იქ ერთ მათგანს, მუხლმოდრეკილს, სათანადო თაყვანისცემა მიეძღვნა მეუფისადმი, მეორეს კი, ფეხზე მდგარს, დავითის თხუთმეტი ფსალმუნი ეგალობა. შემდეგ კი პირველს ფეხზე მდგარს ელოცა, მეორეს - მიწაზე დამხობილს. ამას ისინი განუწყვეტლივ ასრულებდნენ დილიდან შებინდებამდე. მზის ჩასვლის წინ დაისვენებდნენ ცოტა ხნით, მერე კი გაემართებოდნენ მღვიმისკენ და ერთად აღუვლენდნენ მეუფეს მწუხრის საგალობელს.

6. მოძღვარს ასევე ჩვევად ჰქონდა, ძმათაგან ვინმე უკეთესი თავის ღვთისადმი მსახურებაზე თანამონაწილედ დაეშვა. ყველაზე ხშირად მოძღვარს თან ახლდა ერთი კაცი, ეროვნებით სპარსი, დიდებული და საკვირველი შესახედაობისა და მასზე უფრო საოცარი სულის პატრონი, მას სახელად იაკობი ერქვა. ის მოძღვრის შემდეგაც ბრწყინავდა ყველანაირი სათნოებით და სახელგანთქმული და პატივცემული იყო, არა მარტო ახლობელთა შორის, არამედ ასურეთის სიბრძნისმოყვარეთა სასწავლებელში, სადაც მოკვდა კიდევაც 104 წლისა. როცა დიდი მამა ღირსყოფდა მას, თანამონაწილე ყოფილიყო მისი უდაბნოში გალობისას, იაკობი მოძღვარს შორიახლო მისდევდა, ვინაიდან ის გვერდით გაყოლის ნებას არ აძლევდა, რათა მათ შორის საუბარი არ გაბმულიყო და ამ საუბარს გონება არ მოეწყვიტა ღვთის ჭვრეტისგან. ერთხელ იაკობმა გზაზე გაწოლილი უზარმაზარი დრაკონი დაინახა. წინ წასვლა ვეღარ გაბედა, შიშით შეძრწუნებულმა უკან გამობრუნება გადაწყვიტა, თუმცა ყოყმანობდა. მერე დაიხარა და გველს ქვა ესროლა. ის არ განძრეულა. როცა დარწმუნდა, რომ დრაკონი მკვდარი იყო, გაიფიქრა, ეს ნამდვილად ჩემმა მოძღვარმა ქმნაო. მგზავრობისა და საგალობელთა აღვლენის მერე მოძღვარი დაჯდა და იაკობსაც უბრძანა, მოესვენებინა სხეული. მოძღვარი თავიდან ჩუმად იყო, მერე საუბარი წამოიწყო, მაშინ იაკობმა მდაბალი ღიმილით სთხოვა, აეხსნა მისთვის უცნაური მოვლენა. მოძღვრის კითხვაზე, რის გაგება გინდაო, იაკობმა უპასუხა: "უზარმაზარ დრაკონს გადავეყარე. თავიდან შევშინდი, ვიფიქრე, ცოცხალია-მეთქი, მაგრამ როცა მივხვდი, მკვდარი იყო, გზა განვაგრძე. მითხარი, მამაო, ის ვინ მოკლა? შენ გარდა არავის გაუვლია ამ გზაზე". "თავი ანებე იმაზე ცნობის მოკრებას, რაც არავითარ სიკეთეს არ მოუტანს გამომკვლეველს". მაგრამ საკვირველ იაკობს დაჟინებით სურდა ჭეშმარიტების გამოკვლევა. ბოლოს მოძღვარმა, რომელმაც ამის დაფარვა სცადა, ვეღარ შეძლო თავისი საყვარელი სულიერი შვილის გაწვალება და უთხრა: "გიპასუხებ, თუკი ასე გსურს, მაგრამ გაკურთხებ, რომ ჩემს სიცოცხლეში არავის მოუყვები, რამეთუ ჯერ არს დაიფაროს ყოველივე, რაც აღძრავს სიამაყესა და დიდებისმოყვარეობას. როცა გავალ ამ წუთისოფლიდან და გავთავისუფლდები ამგვარი ვნებებისგან, მაშინ შეგიძლია მოჰყვე ღვთის მადლის ძალაზე, - განაგრძო დიდმა იულიანემ, - მხეცი იგი თავს დამესხა და გადაყლაპვა მომინდომა. ჯვარი გადავსახე და ღვთის სახელის მოწოდებით განვაგდე ჩემგან ყოველგვარი შიში და დავინახე, რომ მხეცი მაშინვე უსულოდ დაეცა. ვადიდე მაცხოვარი ყოველთა და გზა გავაგრძელე". თხრობის დამთავრებისთანავე მოძღვარი ადგა და მღვიმეში დაბრუნდა.

7. ერთმა ყმაწვილმა, კეთილშობილური წარმოშობისამ და ფუფუნებაში გაზრდილმა, რომელსაც ჰქონდა თავის ძალებზე აღმატებული ღვთისმოშიშების მოშურნეობა, მოძღვარს სთხოვა, გაეყოლებინა თანამგზავრად უდაბნოში ხანგრძლივი მგზავრობისას, რომელიც ზოგჯერ შვიდი და ზოგჯერ ათი დღეც კი გრძელდებოდა. ეს ყმაწვილი გახლდათ სახელგანთქმული ასტერი. ღვთისმოსავმა მოძღვარმა უარი უთხრა ყმაწვილს, უდაბნოში წყალი არ არისო, მაგრამ ასტერი ევედრებოდა, ასეთი წყალობის ღირსი გამხადეო. დაარწმუნა კიდეც მოძღვარი, რომელიც ბოლოს დათანხმდა მის თხოვნას. მოშურნეობით ყმაწვილი გაჰყვა. თუმცა სამი დღის მერე მზის სხივებით მოწყლული (ზაფხული იდგა) დაუძლურდა, წყურვილით გატანჯულს თავიდან შერცხვა ეთქვა თავის სატანჯველზე, ახსენდებოდა, რაც უწინასწარმეტყველა მოძღვარმა, მაგრამ ძლიერ დასუსტდა, თავბრუ ეხვეოდა და მოძღვარს შეწყალება სთხოვა. ბერმა გაახსენა თავისი გაფრთხილება და უბრძანა, უკან დაბრუნდიო, მაშინ ახალგაზრდამ უთხრა, მღვიმისკენ მიმავალი გზა არ ვიცი, რომც ვიცოდე, მაინც არ შემიძლია წასვლა, რადგან წყურვილმა დამაუძლურაო. შეეწყალა გატანჯული ახალგაზრდა და შემწყნარებლურად მიხედა მის სხეულში უძლურებას, მოიდრიკა მუხლნი, იწყო უფლისადმი ლოცვა, მხურვალე ცრემლებით მორწყო მიწა და ყმაწვილის გადარჩენა ითხოვა. უფალმა, რომელიც აღასრულებს თავის მოშიშთა თხოვნას და ყურად იღებს მათ ლოცვებს, ქვიშაზე ბერის მიერ დაღვრილი ცრემლი წყაროსთვალად გადააქცია. ყმაწვილმა წყურვილი მოიკლა, ბერმა მას უკან დაბრუნება უბრძანა.

8. ეს წყარო დღემდე მოედინება, როგორც მოწმობა ღვთაებრივი კაცის, იულიანეს მოსეს მსგავსი ლოცვისა. რამეთუ როგორც ერთ დროს მოსემ კვერთხი დაარტყა უნაყოფო კლდეს და იქიდან წყლის ნაკადი გამოადინა, რათა დაერწყულებინა სიცხით გათანგული მრავალი ათასი ადამიანი (გამოსვლათა 17,1-7), ასევე ამ ღვთისკაცმა ცრემლით მორწყო ყველაზე მშრალი ქვიშა, იქიდან წყაროს წყალი გამოადინა, რათა მრავალი ათასის კი არა, არამედ ერთი ყმაწვილის წყურვილი დაეცხრო.

9. ღვთის მადლით გაბრწყინვებული, ის ცხადად ხედავდა ამ ყმაწვილის მომავალ სრულყოფილებას. და მართლაც, დიდი ხნის მერე იმავე სათნოებებში ღვთის მადლით დამრიგებლად მოწოდებულმა ასტერმა გინდარის მხარეში (ანტიოქიის ახლოს) მოსაგრეთა სკოლა დააარსა. მან მრავალი სიბრძნისმოყვარე მოსაგრე მიიზიდა, მათ შორის იყო აკაკი, კაცი დიდებული და შეიძლება ითქვას, რომ სახელგანთქმული. ის თავისი ამაღლებული მონაზვნური ცხოვრებით გამოირჩეოდა, ბრწყინავდა სათნოებათა ნათელი სხივებით. ღირსი შეიქნა ეპისკოპოსის ხარისხისა და სამართავად ვერის სამწყსო მიიღო. მიბარებულ ქრისტეს ფარას 58 წელი მწყემსავდა. უარს არ ამბობდა მოსაგრე ცხოვრების სახეზე და შეეძლო, შეეთავსებინა განდეგილური ცხოვრება საზოგადოებრივთან, სამოღვაწეო წესთა ზუსტი დაცვით და აღმშენებლობითი შემწყნარებლობით საზოგადოებრივ საქმეებში მან ეს ორი უკიდურესობა ერთ მთლანობად აქცია.

10. ამგვარი ადამიანების მებადური და დამრიგებელი იყო ასტერი, რომელსაც ისე მხურვალედ უყვარდა დიდი მამა იულიანე, რომ წელიწადში ორ-სამჯერ მასთან ერთად შეუდგებოდა ხოლმე მოგზაურობას. მოძღვართან წასვლისას ასტერი ძმებისთვის მოაგროვებდა ხოლმე ლეღვს, აჰკიდებდა სამ ან ოთხ ჯორს ორ მედიმნა (საწყაო) ლეღვს და მიჰქონდა, ვითარცა ჯორს მთელი შვიდდღიანი მოგზაურობისას. ერთხელ, როცა იულიანემ დაინახა, რომ მის მოწაფეს ტომარა მხრებით მოჰქონდა, შეწუხდა და უთხრა, - ამ ლეღვს არ შევჭამ, რადგან უსამართლობაა, ასტერმა ასეთი შრომა გასწიოს და თვითონ ამით ინეტაროსო. ასტერმა დაიფიცა, რომ ტვირთს არ მოიხნიდა, ვიდრე მოძღვარი არ დათანხმდებოდა, მიეღო მოტანილი ძღვენი. ბერმა უთხრა: ქენი ის, რაც გინდა, ოღონდ ეგ ტვირთი სასწრაფოდ ჩამოიღეო.

11. ბერმა მიჰბაძა მოციქულთაგან პირველს (წმინდა პეტრეს), რომელმაც, როცა უფალმა ფეხის დაბანა დაუპირა, ჯერ უარი უთხრა, მაგრამ როცა გაიგო, წილი არ ექნებოდა უფალთან, ფეხის დაბანის უფლებას თუ არ მისცემდა, მაშინ სთხოვა, ფეხებთან ერთად ხელები და თავიც დაებანა. მსგავსადვე დიდებულმა იოანე ნათლისმცემელმა, როცა მას უფალმა მონათვლა მოსთხოვა, ჯერ თავისი მონობა აღიარა, მონათვლის მაძიებელში - უფალი და მერე აღასრულა უფლის ბრძანება (მათე 3,13-16), არა კადნიერებით, არამედ მაცხოვრისადმი მორჩილებით. ამგვარადვე, ამ წმინდა კაცს უჭირდა სხვისი შრომით მოწეულის ჭამა, მაგრამ როცა დაინახა, თუ რა მხურვალედ სურდა მის სულიერ შვილს მისთვის სამსახური გაეწია, ეს მსახურება არჩია საკუთარ ნებას.

12. ზოგიერთმა ეჭვიანმა, რომელთაც მხოლოდ სხვისი სიკეთის გაკიცხვა შეუძლიათ, შეიძლება თქვას, ეს ამბავი სახსენებლად არ ღირსო. მე კი სხვა სასწაულებს ესეც მივუმატე იმ მიზეზით, რომ მეჩვენებინა სახელგანთქმულ კაცთა მხრიდან იულიანესადმი პატივისცემა. ასევე უშუალობა და სირბილე მისი ზნისა, რომელთა გამოჩენაც სასარგებლოა (ყველასთვის). ის იმდენად დიდ სათნოებებს ფლობდა, რომ თავის თავს მცირეოდენი პატივის ღირსადაც კი არ თვლიდა და არ იღებდა მათ, ვითარცა დაუმსახურებელ პატივისცემას. მაგრამ ზოგჯერ უწევდა ამ პატივისცემის მიღება, რათა ეს სხვების სასიკეთო გამხდარიყო.

13. სწორედ ამ პატივისცემას გაქცეული (რამეთუ ის ყველასთვის ცნობილი გახდა და მისმა სახელმა მრავალი მოშურნე მოსაგრე მიიზიდა), იულიანე თავის რამდენიმე უახლოეს მოწაფესთან ერთად სინას მთაზე გაემართა, მაგრამ არა ქალაქებისა და სოფლების გავლით, არამედ გაუვალი უდაბნოს გზით.
ბეჭდვა
1კ1