ნუ ღელავთ, შვილებო, არაფერი მოხდება, ღვთისმშობელი დაგვიცავს
ნუ ღელავთ, შვილებო, არაფერი მოხდება, ღვთისმშობელი დაგვიცავს
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
ღირსი ანთიმოზ ქიოსელი
წმინდა ანთიმოზი კუნძულ ქიოსზე დაიბადა. ნათლისღებისას არგირი უწოდეს. მართლაც ღვთის რჩეული იყო. ერთხელ უფროს ძმას, ნიკოლოზს, ზეციური დიდებით შემკული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნახავს, რომელიც თავისი მანტიით ფარავდა ყრმას. ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ არგირს სკოლაში არ უვლია. როცა წამოიზარდა, მეწაღეობა ასწავლეს და ამ ხელობით ირჩენდა თავს.

არგირი 19-20 წლის იყო, როცა წმინდა მამათა სახელობის სკიტში დედის ნაჩუქარი ღვთისმშოლის ხატი, "შემწედ" წოდებული, სარესტავრაციოდ მიიტანა. ღვთივსათნო მონაზონთა ცხოვრების ხილვამ ძალზე იმოქმედა ყმაწვილზე. თვითონაც ამ მონასტრის წინამძღვრის მამა პახუმის სულიერი შვილი გახდა და უკვე შინ დაბრუნებული უმკაცრეს მარხვასა და ლოცვას მიეცა. 1898 წელს 29 წლის არგირი გადაწყვეტს, ბერად აღიკვეცოს. მამა პახუმმა ის მონაზვნად აღკვეცა და ანთიმოზი უწოდა. მას მორჩილებად მონასტრის მშენებლობაზე მუშაობა განუჩინეს. მაგრამ მარხვითა და მღვიძარებით დაუძლურებულს მუცელი საშინლად სტკიოდა და რადგანაც მონასტრის ტიპიკონი მკურნალობის ნებას არ აძლევდა, სოფელში დაბრუნებამ მოუწია.

ცოტა რომ მოიკეთა, მამამისის ნაკვეთში პატარა კელია აიშენა. მდუმარების ღვაწლიც იტვირთა. ეხმარებოდა მოხუცებულ მშობლებს და გამომუშავებულ თანხას ღარიბებს ურიგებდა. ღამისთევით ლოცულობდა. ერთხელ ცხრამეტი დღე და ღამე ლოცვაში გაატარა ისე, რომ არ დაუძინია და დღეში ორჯერ იღებდა პურსა და წყალს. ერთხელაც მისი სული ზეცად იყო აღტაცებული, სადაც ანგელოზთა გალობა ესმოდა, საკუთარ სხეულს კი მიწაზე მდებარეს ხედავდა. გონს მოსული ბერი ანთიმოზი აღარაფერს ამბობდა და მხოლოდ "უფალო, შეგვწყალენს" იმეორებდა.

მისი კელიის ახლოს ბებერი, უზარმაზარფუღუროიანი ზეთისხილის ხე იდგა. ბერმა სწორედ აქ პოვა ლოცვისთვის ხელსაყრელი ადგილი, განსაკუთრებით ზაფხულის ღამებში. მოგვიანებით მამა ანთმოზი სულიერ შვილებს უყვებოდა: "თუმცა განათლება არ მიმიღია, მაგრამ სასტიკ ბრძოლას ვეწეოდი, რათა რამისთვის მიმეღწია. თქვენ ეს ბრძოლა არ გინახავთ: დღედაღამ მარხვა, ლოცვა, ტირილი, მუხლთა დრეკა, ტანჯვა. ჩემი სიტყვები ფარისევლობად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენს განსაძლიერებლად მოვყვები. ეშმაკები მწვავდნენ და მაწამებდნენ. მეც ვაწამებდი ჩემს თავს, არ ვნაყრდებოდი პურით და წყლით, არ განვსცხრებოდი ძილით... წუთიც არ დამისვენებია სხეული. საკუთარი თავისთვის ნუგეშინისცემის უფლება არ მიმიცია. ქვეშაგებად ტომარა მქონდა და ზეთისხილის ხის ფესვზე დაყრდნობილს მეძინა, ისიც მცირე ხანს. ყოველდღე საკუთარ თავს ვსჯიდი. ეშმაკები რასაც მიშვრებოდნენ, რომ მოგიყვეთ, არ დამიჯერებთ. მე მათ ვიწვევდი - დავითმენდი განსაცდელს - თავში მირტყამდნენ. წუთითაც არ მასვენებდნენ..."

მთელი ამ სულიერი ბრძოლის დროს მამა ანთიმოზს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იცავდა და იფარავდა თავისი ხატის, "პანაღია შემწის" მიერ. ერთ ღამეს, ეშმაკების შემოტევისას, უფლის დედის უტკბესი ხმა ჩაესმა: "მხეცებო, თავი ანებეთ ჩემს მონაზონს". იმწამსვე ეშმაკების შემოტევა შეწყდა. ბერმა ანთმოზმა ორმოცი წლისამ დიდი სქემა შეიმოსა.

1910 წელს მამა ანთიმოზი გაემგზავრა სოფელ ადრამიტიონში, სმირნის (დღევანდელი იზმირი) ახლოს. თავისი ნათლიის სახლში დაბინავდა. ნათლულის გასაოცარი ცხოვრების მოწმე ნათლიამ დაარწმუნა მამა ანთიმოზი, მღვდლად კურთხეულიყო. ბერთან უამრავი ადრამიტიონელი მოდიოდა რჩევა-ნუგეშისთვის. ნათლიამ მას წერა-კითხვა ასწავლა, რათა წირვაზე სახარების კითხვა შესძლებოდა. იმავე წლის 8 ნოემბერს მამა ანთიმოზს წმინდა ანას სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი. როცა მისი მღვდლად კურთხევისას მორწმუნეებმა "აქსიოს" შესძახეს, უეცრად ჭექა-ქუხილი ატყდა და ტაძარი შეირყა, როგორც მოწისძვრისას. ახალნაკურთხ მღვდელს თავზე კანდელი დაეცა და ზეთი გადაესხა, უეცრად ცა განათდა და მზე გამობრწყინდა.

მამა ანთიმოზის ნათლიის სოფელში ერთი ეშმაკეული ნათესავებს ჭადარზე ჯაჭვით ჰყავდათ მიბმული. კაცი დღედაღამ გაჰყვიროდა, კბილებს აღრჭიალებდა, პირზე დუჟმორეული ილანძღებოდა. თანასოფლელებს ეცოდებოდათ, საჭმელს აძლევდნენ, მაგრამ მასთან ახლოს მისვლას ერიდებოდნენ. მღვდლებს ბევრჯერ წაუკითხავთ მისთვის კვეთებულის ლოცვა, მაგრამ ეშმაკი თავს არ ანებებდა. ერთხელ, მღვდლად ხელდასხმის მერე, ნათლიამ უთხრა მამა ანთიმოზს: "მამაო, რა იქნებოდა, წასულიყავი და იმ საცოდავისთვის ლოცვა წაგეკითხა?" მან - უღირსი ვარ, ეშმაკის განდევნა არ შემიძლიაო. მაგრამ ნათლიის დაჟინებული თხოვნის მერე რამდენჯერმე მივიდა საცოდავთან, აკურთხა წყალი და პარაკლისი გადაუხადა. მალე ეშმაკეული განიკურნა. ამ ამბის შემდეგ უამრავი ადამიანი მოაწყდა წმინდა პანტელეიმონის პატარა ტაძარს, სადაც მამა ანთიმოზი მსახურობდა, რათა მასთან აღსარება ეთქვათ და ზიარებულიყვნენ. ამან ადგილობრივ მღვდლებში შური გამოიწვია და მამა ანთმოზი იძლებული გახდა, 1919 წელს მათ ინტრიგებს განრიდებოდა.

ათონის მოლოცვის მერე, 1912 წელს, ქიოსში დაბრუნებული ღვთისმსახურებისთვის კეთროვანთა ადგილობრივ საავადმყოფოში, ლეპროზორიუმში გაგზავნეს, რომელიც მაშინ საშინელ მდგომარეობაში იყო. ჭუჭყი, სულიერი და ხორციელი არაწმინდება, ჩხუბი დახვდა იქ მამა ანთიმოზს. მოძღვარი საკუთარი ხელებით შეუდგა აღმშენებლობას, შეაკეთა შენობები, გააშენა ხეხილის ბაღები და დარგო სამკურნალო მცენარეები. საავადმყოფოში კინოვიური ცხოვრების წესი დაადგინა. კეთროვნებთან ერთად სადილობდა სასადილოში. მკურნალი ექიმივით ბანდა და უვლიდა მათ. მიმოივლიდა თავის პაციენტებს, ბალიშებს უსწორებდა, ლოცვითა და სიტყვით ტკივილს უმსუბუქებდა. კეთროვნებს ძალზე უყვარდათ თავიანთი მოძღვარი. ლოცვის და ქრისტიანული ცხოვრების სწავლებას სთხოვდნენ. ბევრი მათგანი შემდგომში მონაზონი გახდა.

ლეპროზორიუმში მამა ანთიმოზის მისვლიდან მცირე ხანში საავადმყოფოს ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ძველი ხატი იპოვეს, რომელსაც მან "პანაღია მორჩილებისა" უწოდა. ხატის აღმოჩენიდან მალევე მამა ანთიმოზს ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "მიიღე ჩემი ხატი, იზრუნე მასზე და იხილავ, რასაც ის აქ მოახდენს". მამა ანთიმოზმა ოქროთი მოაპერანგა ხატი და მალე მისგან სასწაულებრივი კურნებები მიიღეს სნეულებმა. ხმა გავარდა. უამრავი მორწმუნე მოვიდა ღვთისმშობლის ხატის მოსალოცად. ხშირად სნეულები კურნებას მაშინვე, ღვთისმშობლის ხატის წინ დანთებული, გაუქრობელი კანდელის ზეთის ცხებისთანავე პოვებდნენ. არაერთი ეშმაკეული განიკურნა მამა ანთიმოზის მიერ აღვლენილი ღვთისმსახურებისას.

თუმცა "სახარებისა" და ზოგიერთი ლოცვის კითხვა ისწავლა, მამა ანთიმოზი უსწავლელი დარჩა. მან შეძლო და მადლითა და მოწყალებით ქიოსელები სინანულში მოიყვანა. დაანახა მათ, რომ მოუკლებელი ლოცვა, რომელსაც ის ასრულებდა, აღმატებული იყო გარეგნულ ცოდნაზე.

ლეპროზორიუმში მსახურებისას ხშირად განმარტოვდებოდა თავის ძველ სკიტში და "პანაგია შემწის" ხატს თავისი დიდი ხნის სურვილის, მონასტრის აშენებაში დახმარებას სთხოვდა. ლეპროზორიუმში თვრამეტი წლის მსახურების მერე მიხვდა, რომ დადგა დედათა მონასტრის აშენების ჟამი. ეს მის სულიერ შვილებს სჭირდებოდათ. მიუხედავად ადგილობრივი მიტროპოლიტის წინააღმდეგობისა და ქიოსელ მღვდელთა შურისა, მამა ანთიმოზმა ნებართვა მიიღო და ქალაქის განაპირას, ერთ მშვენიერ ადგილას, მონასტრის აგებას შეუდგა. უამრავი ცილისწამება, განკითხვა ხვდა ამისთვის. ზოგი ნახევრად აშენებული შენობის დანგრევასაც კი მოუწოდებდა. 1930 წელს მამა ანთიმოზი, სულიერ შვილებთან ერთად, საცხოვრებლად ახალ მონასტერში გადავიდა. თვითონვე ასე იხსენებდა ამ ამბავს: "სიკვდილამდე არ დავივიწყებ იმ დღეს, როცა ჩვენ ღვთისმშობლის მადლმოსილი ხატი ჩემი მდაბალი და ღარიბული კელიიდან გალობითა და საკმევლის კმევით მონასტრში მივაბრძანეთ. არასოდეს დავივიწყებ ამ სიხარულს, მიწაზე ვიდექი თუ ზეცაში, მაშინ ვერაფერს გეტყოდით... ამდენი ტანჯვის, შფოთისა და ქარიშხლის მერე ავაშენეთ ეს მონასტერი! მე თვითონვე მიკვირს, როგორ მოხდა ეს".

მონასტრის კურთხევამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მუშები საქმეს მორჩნენ და მამა ანთიმოზის სულიერმა შვილებმა შეამოწმეს შენობა, ტერიტორია, კარები ჩაკეტეს. უეცრად შეამჩნიეს მაღალი, დიდებულად ჩაცმული ქალბატონი, რომელიც მიდიოდა დერეფანში, სათითაოდ აღებდა მონაზონთა კელიის კარებს, მერე ხურავდა. დარაჯები მივიდნენ შენობის ერთადერთ გასასვლელთან, რათა უცნობს გასაუბრებოდნენ, მაგრამ ის მათ თვალწინ უჩინო შეიქნა. მამა ანთიმოზმა ბრძანა, - თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოინახულა ახალაშენებული მონასტერი და თითოეული კელია აკურთხაო.

ლეპროზორიუმიდან გაუჭირდა წასვლა, ავადმყოფები უნუგეშოდ ტიროდნენ, მამა ანთმოზმა ისინი ანუგეშა და დაჰპირდა, ხშირად გინახულებთო და პირობა არ დაურღვევია. სიცოცხლის ბოლო ოცდაათი წელი გაატარა ახალ მონასტერში, სადაც კინოვიური ცხოვრების წესი დაადგინა. დედებს ხატწერის, ქარგვის საქსოვი და სამკერვალო სახელოსნოები მოუწყო. მონასტრის გარშემო ვენახები და ბაღები გააშენა, ქედს იქიდან თვითონვე ეზიდებოდა წყალს, მიწიდან თხრიდა და კვეთდა ქვებს მონასტრის მშენებლობისთვის.

"პანაღია შემწის" ხატისგან უდიდესი მადლი და ნუგეში მოეფინებოდა მორწმუნეებს. მის წინ ლოცვისას ბევრი ეშმაკეული იკურნებოდა და ბევრ უნაყოფო ქალსაც შვილი მიეცა. მაგრამ მონაზვნური თავმდაბლობით მამა ანთიმოზი ყოველთვის ამბობდა, მონასტერი უფალმა და ღვთისმშობელმა ააშენეს, მე კი მიწა ვარ და ნაცარიო. ერთხელ, სატრაპეზოში დებთან ერთად ტრაპეზობისას, შეშინებული წამოხტა და მონასტრის ალაყაფისკენ გაიქცა. დები გაოცებულნი მიაჩერდნენ. მუშები მუშაობდნენ და მონასტრის გვერდით, ბორცვიდან ქვებსა და ქვიშას თხრიდნენ. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ მიწის უზარმაზარი მასა საცაა, მოწყდებოდა და მათ ქვეშ მოიყოლებდა. მამა ანთიმოზმა დაუყვირა: "შვილებო, სასწრაფოდ გამოეცალეთ, თორემ მთა დაგეცემათო!" მუშებმა გამოსვლა მოასწრეს და მიწაც ჩამოიქცა. ისინი დიდხანს უხდიდნენ მადლობას მოძღვარს. მამა ანთიმოზმა თქვა, რომ მას არამიწიერმა ხმამ უბრძანა: "მუშებთან წადი, ისინი საფრთხეში არიანო".

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა საბერძნეთი დაიპყრეს, მამა ანთიმოზმა მონასტრის დედებს უბრძანა, ყოველდღიურად ღვთისმშობლისადმი სავედრებელი კანონი აღევლინათ და სამშობლოს განთავისუფლება ეთხოვათ. ასევე მკაცრად აუკრძალა მათ მონასტრის ტერიტორიაზე გერმანელთა შეშვება. მაგრამ ერთხელ ქიოსის გერმანელმა კომენდანტმა ბრძანა, მონასტრის ერთი შენობა არტილერიის საწყობად გამოეყენებინათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მონასტერი შეიძლებოდა დაებომბა მოკავშირეთა არმიას. თუ უარს იტყოდნენ, ფაშისტები ალბათ შურს იძიებდნენ მონასტერზე. დები უნუგეშოდ ტიროდნენ. "ნუ ღელავთ, შვილებო, არაფერი მოხდება, ღვთისმშობელი დაგვიცავსო", - უთხრა მათ მამა ანთიმოზმა. მეორე დღეს გერმანელი კომენდანტი, ორ ოფიცერთან ერთად, მონასტერში მოვიდა დასათვალიერებლად. მამა ანთიმოზი მათ მონასტრის კართან დახვდა. როცა მის წმინდა სახეს შეხედა, გერმანელი შეიცვალა, დაავიწყდა, რის გაკეთებასაც აპირებდა. მოხუცს მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა: -Pმაპატიე, მამაო, ჩვენ სხვა ადგილას წავალთ, აქ არ დავრჩებით... გვაპატიე, მივდივართო და თავის დრეკით უკან დაიხია.

სიცოცხლის ბოლოს მამა ანთიმოზს ფიზიკურად შრომა აღარ შეეძლო და ძალზე წუხდა, რომ მოყვასს ვერ ეხმარებოდა.

მამა ანთიმოზი გარდაიცვალა 1960 წლის 2 თებერვალს (ძვ. სტ.). 1992 წელს ელადის ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
ბეჭდვა
1კ1