გაჭირვების ჟამს ღმერთზე დრტვინვა დიდი ცოდვაა
გაჭირვების ჟამს ღმერთზე დრტვინვა დიდი ცოდვაა
მეფე დავით ულუმ შეუნდო განდგომილ პანკისელ თორღვას და დაიბარა. თორღვას შეეშინდა და არ მივიდა. მესტუმრე ჯიქურის ბრძანებით (რომელიც დედოფლის ერთგული იყო), მის ჩამოსაყვანად შალვა ხორნაბუჯელი წავიდა.

"ალავერდის წმინდა გიორგის ხატის წინაშე შემომფიცე, რომ არაფერს მიპირებთ", - შეევედრა თორღვა.

არაო, - ხორნაბუჯელმა და ალავერდის წმინდა გიორგის ხატის წინ შეჰფიცა.

თორღვა მაინც არ ერწმუნა და უთხრა: - რასაც მე მიზამ, წმინდა გიორგიმ სამაგიერო გადაგიხადოს. მარტოკაცი ვარ და ჩემი სიკვდილით უმკვიდრო იქნება ჩემი მამული და ეგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდა გიორგიმ შენი მამულიო.

ფიცი გატეხა ხორნაბუჯელმა: თორღვა, დედოფლის სურვილით, ისე, რომ მეფემ არაფერი იცოდა, კლდეკარის ციხიდან გადმოაგდეს.

შალვას შვილები ამ ფიცის გატეხისთანავე დაეხოცა და უმემკვიდროდ დარჩა, თვითონაც თათართაგან მოიკლა და მის ქონებას სხვანი დაეპატრონნენ...

* ნეტარი ავგუსტინე ჰყვება: დიოსკურეს ქალიშვილი მძიმე ავად გაუხდა. ქრისტიანებს კი დასცინოდა, მაგრამ ქრისტეს აღთქმა მისცა, თუ ჩემი შვილი გამოჯანმრთელდება, გავქრისტიანდებიო. გოგონა განიკურნა, მაგრამ დიოსკურემ აღთქმა დაარღვია, შედეგად - უეცრად დაბრმავდა: მიხვდა თავის ცოდვას და თქვა: თუ თვალისჩინი დამიბრუნდება, აღთქმას შევასრულებო. განიკურნა, გული კი კვლავ გაუსასტიკდა. კათაკმევლებში იყო ჩარიცხული, გაიძახოდა, "მრწამსს" ვერ ვსწავლობ ზეპირადო. დამბლა დაეცა და დადუმდა. სიზმრით ეუწყა, აღსარება დაეწერა, - ეს ყველაფერი აღთქმის დარღვევის გამო შემემთხვაო. აღსარების დაწერის მერე ყველა ნაკვთი კი აუმოძრავდა, მაგრამ მეტყველება არ დაბრუნებია. ხელახლა დაწერა "აღსარება" - ზეპირად ვიცი "მრწამსი", მაგრამ ვმალავო. სრული აღსარების მერე სრული კურნება მიიღო.

* ისტორიკოსი სოზომე მოგვითხრობს: იულიანე განდგომილის მეფობისას ერთი დიდგვაროვანი ანტიოქიაში დიდი საკათედრო ტაძრის გასაძარცვად ჩავიდა, შებილწა წმინდა ტრაპეზი, იატაკზე გადმოყარა საღვთისმსახურო საგნები, შეჯდა ტრაპეზზე და აძაგა იესო. უეცრად საშინელი სნეულება შეეყარა, მაშინვე გაუჩნდა წყლულებზე მატლები, რომლებიც მრავლდებოდნენ და სხეულის შიგნით მიძვრებოდნენ. ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა და ღვთის მტერი საშინელი სიკვდილით მოკვდა. მაშინ ყველამ დაინახა, რომ ეს სნეულება მას სიწმინდეთმკრეხელობისთვის სასჯელად შეეყარა.

* გაჭირვების ჟამს ღმერთზე დრტვინვა დიდი ცოდვა და უფლის მესამე მცნების დარღვევაა.

ამ ამბავს წმინდა ამბროსი ოპტელის "წერილებში" წავაწყდით. რუსეთში, ვორონეჟის გუბერნიაში, ერთი შეძლებული ქვრივი ცხოვრობდა, რომელიც გარემოებათა გამო დაგლახაკდა. ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ჯერ ხალხის ლანძღვა დაიწყო, მერე კი ღვთისა. ასეთ სულიერ მდგომარეობაში დასნეულდა და გარდაიცვალა. ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსმაც დედას მიჰბაძა, ჯავრით დასნეულდა და გარდაიცვალა. იგივე ხვედრი მოეწეოდა უმცროსსაც, რომ არა მეგობრები. მათი რჩევით, მძიმედ დასნეულებულმა გოგონამ აღსარება თქვა და ეზიარა. სიკვდილის პირას მისული ყველას ევედრებოდა, არ დამკრძალოთ, ვიდრე ჩემი მოძღვარი არ ჩამოვაო. მოძღვარი კი იმ დროს სხვაგან იყო.

გარდაიცვალა გოგონა. მისი ცივი და უსულო სხეული მძინარეს ჰგავდა. მერვე დღეს ჩამოვიდა მოძღვარი და წესის ასაგებად მოემზადა, მეორე დღეს უნდა დაეკრძალათ. ერთი ნათესავი დააკვირდა გოგონას და თქვა, თუ გინდათ, წესი აუგეთ, მაგრამ არ დაგაკრძალვინებთ, რადგან მას სიკვდილისა არაფერი ეტყობაო. მართლაც, იმავე დღეს მიცვალებული კუბოში ცოცხალი წამოჯდა. გოგონამ თქვა, - ჯერ სამოთხის მშვენიერება მანახეს, მერე კი ჯოჯოხეთი, სადაც დედაჩემი ვნახე ჩაგდებულიო. მომესმა ხმა: "მე მათ ცხონებისთვის მიწიერ ცხოვრებაში განსაცდელებს ვუგზავნი. თუ მადლიერებით და თავმდაბლობით დაითმენდნენ, ამ მცრედი შეჭირვებისთვის შენს მიერ ნანახი სამოთხის მშვენიერების ხილვის ღირსნი შეიქნებოდნენ. მაგრამ დრტვინვით ყველაფერი გააფუჭეს. ამიტომაც იტანჯებიან. თუ შენ მათთან ყოფნა გინდა, იდრტვინე".

* ბევრი იტანჯება ღვთის გმობის გულისთქმებით. წმინდა დიმიტრი როსტოველი წერს: "ამ გულისთქმებში ცოდვა არა ძევს, თუ კაცს ისინი ეჯავრება და გაურბის; ხოლო თუ სიამოვნებით იღებს, სასიკვდინედ სცოდავს. სცოდავს ისიც, ვინც უცოდინარობითა და სულმოკლეობით თვლის, რომ ეს გულისთქმები მისგან წარმოიშვება, რამეთუ ეს გულისთქმები ეშმაკის ნაშობია, დემონსვე უნდა მივაწეროთ და არა საკუთარ თავს. თუ შევეწინააღმდეგებით გმობის გულისთქმებს, ისინი ძალით შეიჭრებიან სულში, მაგრამ უფალი ჯილდოს უბოძებს კაცს მოთმინებისთვის".

* მაკაბელთა წიგნი მოგვითხრობს: პტოლემეოს IV-მ ღაზის ახლოს ბრწყინვალედ გაიმარჯვა ასურეთის მეფე ანტიოქე დიდზე. მერე კი ქალაქები და საკერპოები შემოიარა. იერუსალიმის ტაძარში შესაწირის მიტანისას "წმიდა წმიდათაში" შესვლა მოისურვა. აუხსნეს, იქ მხოლოდ მღვდელმთავარს შეესვლება, ისიც წელიწადში ერთხელო. პტოლემეოსი გაჯიუტდა. შეუძლებელი იყო მისი შეჩერება. მაშინ მღვდელმთავართა თავკაცმა სიმეონმა მოიდრიკა მუხლნი ტაძრის წინ, ხელები ზეცად აღაპყრო და იწყო ლოცვა, რომ ღმერთს დაეცვა თავისი წმინდა ადგილი შებილწვისაგან. უეცრად უხილავმა ძალამ განგმირა პტოლემეოსი - დამბლა დაეცა და დამუნჯებული მცველებმა ტაძრის გარეთ გაიყვანეს.

* რომში დიდ პარასკევს საშინელი ქარი ამოვარდა. შენობებს ანგრევდა და მრავალი კაცი მოსრა. ერთმა ურიამ აღიარა, რომ იმავე დღეს თავიანთ შეკრებაზე ურიანი, მამათა მსგავსად, დასცინოდნენ უფალს. მაცხოვრის ხატს ჩხვლეტდნენ და ანერწყვავდნენ. პაპმა გამოიკვლია საქმე, შეიტყო ჭეშმარიტება და დამნაშავეთათვის თავების მოკვეთა ბრძანა. განაჩენის აღსრულებისთანავე ქარი ჩადგა.

* ერთხელ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, წმინდა ევტიქისთან (582) ბრმა მოვიდა. "დიდი ხანია დაბრმავდი?" - ჰკითხა პატრიარქმა. "უკვე ერთი წელია", - უპასუხა საცოდავმა. სნეულება რატომ შეგემთხვაო. "ერთ კაცს ვუჩივლე. საქმის მოსაგებად შევცოდე, ცრუდ დავიფიცე და მალევე დავბრმავდი. ევედრე უფალს ჩემთვის, სათნოო ღმრთისაო!" წმინდა ევტიქის შეეწყალა კაცი, ლოცვა წაუკითხა და მას მაშინვე თვალთ აეხილა.

* სუზის ეპისკოპოსთან, წმინდა მილესთან ორი კაცი მივიდა, რომლებიც ერთმანეთს ქურდობას აბრალებდნენ და მოითხოვდნენ, მეორეს დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. როცა ერთ-ერთი დაფიცებას დათანხმდა, წმინდა მილერმა გააფრთხილა, - შვილო, ღვთის სახელს ბოროტებისთვის ნუ გამოიყენებო. უბედურმა კაცმა ყური არ უგდო შეგონებას. წმინდა მილერმა უთხრა: "თუ მართალია შენი ფიცი, შინ ჯანმრთელი დაბრუნდები, ხოლო თუ ბოროტად დაიფიცე, სნება შემოგედება და სირცხვილეული დაბრუნდები". ცრუდმაფიცარს მაშინვე კეთრი შეეყარა.

* ღირს ავქსენტის ორმა კეთროვანმა კურნება სთხოვა. რა ცოდვის გამო დაისაჯეო, - ჰკითხა წმინდა მამამ. არაფერი უპასუხეს და განკურნებას ევედრებოდნენ. მაშინ ღირსმა ავქსენტიმ უთხრა: - უფალმა თქვენ მისი სახელის ამაოდ ხსენებისა და დაფიცებისათვის დაგსაჯათო. კეთროვნები გაოცდნენ მისი დაფარულმცოდნეობით და აღიარეს თავიანთი ცოდვა. წმინდა მამამ მათ თავიდან ფეხებამდე ნაკურთხი ზეთი სცხო და ხმამაღლა თქვა: "განგკურნავთ თქვენ იესო ქრისტე!" და მაშინვე განიკურნენ.

* ერთი ვლადიმირელი წვრილვაჭარი ძალზე მოხერხებულად ცრუობდა. შევიდოდა თავმდაბლად რომელიმე სახლში, მოიდრეკდა წმინდა ხატების წინაშე მუხლს, გამოჰკითხავდა სახლის თავსა და დიასახლისს ჯანმრთელობას, თავაზიანად და დარწმუნებით რაიმეს ყიდვას შესთავაზებდა: - უცხოური საქონელია, საღებავი გამძლეა, არ გადადის. ღმერთმანი, გროშიც არ შემრჩეს, თუ ვტყუოდე, მოუნანიებლად მოვკვდე, გონება დავკარგოო. ტყუილად არ ჩაიარა ამგვარმა ფიცმა. ვაჭრობა ჩაუვარდა, გაკოტრდა, ჭკუიდან გადავიდა და ერთ დღეს გზის პირას არყის ხის ძირში გაყინული იპოვეს. საცოდავს აუცხადდა სურვილი - მოუნანიებლად მოკვდა.

* მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაეუფლა. მეფე სედეკია თავის ტახტზე დატოვა, ოღონდ ფიცი ჩამოართვა, რომ მისი ერთგული იქნებოდა. სედეკიამ ფიცი გატეხა - დაუკავშირდა ეგვიპტის მეფეს ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ. ამ ფიცის დარღვევისთვის მაშინვე ამხილა მეფე სედეკია იეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით: "ფიცი ჩემი, რომელიც მან უგულებელყო და კავშირი ჩემი, რომელიც მან დაარღვია, მის თავზევე მოიქცეს, ბადეს დავუგებ, დავიჭერ, ბაბილონში წავიყვან და იქ დაისჯებაო". სააღდგომო მუქარა მალე აღსრულდა; ნაბუქოდონოსორმა კვლავ აიღო იერუსალიმი. სედეკია ბაბილონში წაიყვანა, სადაც მას თვალები დასთხარეს, ციხეში ჩააგდეს, საიდანაც ცოცხალი არ გამოსულა.

* ღირსი თეოდოსი მღვიმელის იღუმენობისას ბოიარმა სუდისლავ გედევიჩმა თავად იზიასლავთან ბრძოლის წინ აღთქმა დადო, თუ შინ უვნებელი დავბრუნდები, მღვიმის (პეჩორა) ლავრას შევწირავ ორ გრივნა ოქროსა და ოქროს გვირგვინს ღვთისმშობლის ხატისთვისო. გაიმარჯვა, მაგრამ კიევში დაბრუნებულ კლიმენტის (ამგვარი იყო სუდისლავის ქრისტიანული სახელი) დაავიწყდა აღთქმა. რამდენიმე დღის მერე, როცა ნასადილევს წამოწვა დასასვენებლად და ჩაიძინა, უეცრად მის თავს ზემოთ საშინლად იქუხა: "კლიმენტი!" აიხედა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დაინახა და მოესმა: "კლიმენტი, რასაც დამპირდი, რატომ არ მოგიცია?" შეძრწუნებული კაცი მაშინვე გაიქცა თავის სალაროში, აიღო ფული და მღვიმის ლავრაში მიიტანა.

* წმინდა იოანე ოქროპირს ათენში ცხოვრებისას ფილოსოფოსი ანთიმოზი მტრობდა - შურდა მისი და ლანძღავდა. წმინდა იოანემ ქრისტიანობაზე ამგვარად მოაქცია. ერთხელ წმინდა იოანე ანთიმოზს ეკამათებოდა სარწმუნოებაზე. ანთიმოზმა უფალ იესო ქრისტეს გმობა დაიწყო. უეცრად მას არაწმინდა სული დაეცა და წამება დაუწყო. ყბა და თვალი გვერდზე მოექცა და დუჟი სდიოდა. ეს საშინელი საყურებელი იყო, ბევრმა ვერ გაუძლო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ვინც დარჩა, წმინდა იოანეს შესთხოვა, შეეწყალებინა ანთიმოზი და განეკურნა. წმინდა იოანემ ბრძანა: - თუ არ შეინანებს და არ ირწმუნებს ქრისტე ღმერთს, რომელსაც გმობს, არ განიკურნებაო. ანთიმოზმა წამოიძახა: - აღვიარებ, რომ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის სხვა ღმერთი, ქრისტიანთა ღმერთის გარდა, რომელიც სწამს ბრძენ იოანესო. ამის თქმისთანავე არაწმინდა სულმა დატოვა იგი, სრულიად ჯანმრთელი წამოდგა ანთიმოზი და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. წმინდა იოანემ ის ათენის ეპისკოპოსთან გაგზავნა, რომელმაც ნათელსცა მას და მთელ მის ოჯახს.

* 1889 წლის აპრილში ქალაქ მალენკოში ბოგოლიუბოვის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს. მთელი ქალაქი დაიძრა მის შესახვედრად, იქაური სექტანტების გარდა. "სად უნდა გავიქცეთ, ჩვენ თქვენზე ჭკვიანები ვართ და ფიცრებს არ ვეთაყვანებითო", - უთხრა მართლმადიდებლებს მიხეილ კრივცოვმა. "ფრთხილად, უფალმა და ღვთისმშობელმა არ დაგსაჯონო", - გააფრთხილეს. "რისი უნდა მეშინოდეს, მოიგონებენ რაღაცას!" - თქვა კრივცოვმა და უეცრად, როგორც მერე თვითონვე თქვა, თითქოს უხილავმა ისარმა განგმირა თავიდან ფეხებამდე. სრულიად ჯანმრთელი კაცი მოუძლურდა და ლოგინად ჩავარდა. სნეულმა სიკვდილის პირას შეინანა თავისი ცდომილება და მკრეხელობა და მართლმადიდებელ ქრისტიანად გარდაიცვალა 46 წლისა.
ბეჭდვა
1კ1