ადამიანისთვის უპირველესი სულის ცხონება უნდა იყოს
ადამიანისთვის უპირველესი სულის ცხონება უნდა იყოს
* სარეცელს მიჯაჭვულ მამა ექვთიმეს სულიერმა შვილმა ჰკითხა: - როგორ ვცხონდე, მამაო? ბერმა უპასუხა: "შვილო, თუ გინდა, რომ ცხონდე, ნუ დაიწყებ ზრუნვას იმაზე, როგორ იცხოვრო ამ წუთისოფელში. აღსარება თქვი და ხშირად ეზიარე; ყველაფრისადმი სიყვარული დაიმარხე. მოძულენი მთელი გულით შეიყვარე და რითიც შეგიძლია, ემსახურე მათ. გქონდეს ღვთის შიში და სიკვდილის ხსოვნა. როცა მზე ამოვა, იფიქრე, - მივაღწევ ნეტავ საღამომდე? საღამოს კი თქვი, - მივაღწევ ნეტავ დილამდე? ასე მოიქეცი და ჭეშმარიტი სინანული გექნება. ხორციელ შეჭირვებასა და არსობის პურზე ნუ იფიქრებ, მცირე ხელსაქმე გქონდეს და ამით დაკმაყოფილდი. უფალი იზრუნებს, ოღონდ ნუ ეძიებ ფუფუნებასა და ზედმეტს... გქონდეს მოუკლებელი იესოს ლოცვა, სიფხიზლე და უშიშრად და ხშირად ეზიარე წმინდა საიდუმლოს".

* წმინდა სილუან ათონელი ბრძანებს: "მამა კასიანე ამბობს, ყველა ერეტიკოსი წარწყმდებაო. მე ეს არ ვიცი, მე მწამს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისა, მასშია ცხონების სიხარული ქრისტიანული სიმდაბლით".

* "ადამიანისთვის უპირველესი სულის ცხონება უნდა იყოს", - გვასწავლიდა მამა ვიტალი (სიდორენკო). მისი ერთი სულიერი შვილი ხანგრძლივი ნაოსნობის შემდეგ შინ ისე დაბრუნდა, რომ მასთან არ მისულა. მოძღვარმა მაშინვე მისწერა წერილი, რომელშიც შეაგონებდა, პირველ რიგში უნდა იჩქარო იქით, სადაც მაცხოვნებელი სიტყვის მოსმენაა შესაძლებელიო. მამა ანდრონიკე გადასახლებიდან შინ კი არ გაეშურა, არამედ ცხონების სახლისკენ. საჭიროა საკუთარი ნების უარყოფა. ცხონების ყველაზე მარტივი გზაა - არავინ განიკითხო, და ღმერთიც არ განგიკითხავს?"

* ძმამ ჰკითხა ანტონი დიდს: "როგორ მოვიქცე, რომ ღმერთს სათნოვეყო?" - ბერმა მიუგო: "სადაც უნდა წახვიდე, ღმერთი გყავდეს წინაშე თვალთა შენთა, რასაც უნდა აკეთებდე, წმინდა წერილს ეთანხმებოდეს და სადაც დაეყუდები, მალე ნუ მიატოვებ. ეს სამი რჩევა შეასრულე და ცხონდები".

* წმინდა პიმენმა თქვა მამა იოანე მოკლეზე: "იგი ევედრა ღმერთს და გამოცდილ ბერს: "განსვენებით და უზრუნველად ვხედავ საკუთარ თავს და ერთი ბრძოლაც არ მაქვსო". ბერმა მას ურჩია: "წადი და კვლავ ევედრე ღმერთს, რათა მოვიდეს შენზე ჭირი და ბრძოლა, რამეთუ ბრძოლის მერე ცხონდება კაციო". ევედრა ღმერთს მამა იოანე და მასზე ბრძოლა-ვნებები კვლავ მოიწია, ახლა უკვე განთავისუფლებას კი არა, "ჭირსა შინა და ტკივილთა" მოთმინებას შესთხოვდა ღმერთს.

* წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს საჯორეში მეჯორედ და მხვეტელად მონასტრის ძმები ჰყავდა განჩინებული. ძმებს ეს სამუშაო უხაროდათ კიდეც, რამეთუ მათი სულები მორწყული იყო დიდი მამის სწავლა-მოძღვრებით. ის ყოველთვის ეუბნებოდა: "კრებულში (საძმოში, - კ.კ.) მყოფნი ამ სამი საქმით ცხონდებიან: სიმდაბლით, მორჩილებით და საკუთარი ნების დატოვებით".

* "როგორც შეუძლებელია თვალის გარეშე იხილო ნათელი, ანდა უენოდ ისაუბრო, უყუროდ უსმინო, უფეხოდ იარო, უხელოდ იმუშაო, ასევე ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ცხონება ან შესვლა ცათა სასუფეველში", - წმინდა მაკარი მეგვიპტელი.

* ერთი ბერი სასოწარკვეთის გულისთქმებმა შეიპყრო და ღვაწლის გაგრძელება აღარ შეეძლო. რჩევისთვის მივიდა წმინდა მამასთან. ბერმა მოუსმინა მას და შემდეგი იგავი უთხრა: "ერთ კაცს ნარ-ეკლით დაფარული ყამირი მიწა ჰქონდა. ერთხელ თავის ვაჟს მისი გასუფთავება უბრძანა. ვაჟი წავიდა, მაგრამ მინდვრის დანახვაზე თქვა: "ამას როდის ამოვძირკვავო?!" წამოწვა და დაიძინა. ასე იქცეოდა დიდხანს. მამამ შვილის სიზარმაცის მიზეზი შეიტყო და უთხრა, - შვილო, შენ რომ ყოველდღიურად მიწის იმხელა ნაკვეთი გაგესუფთავებინა, ახლა რომ წევხარ, საქმეს აქამდე მორჩებოდიო. შენც ასე მოიქეცი, ძმაო, - უთხრა წმინდა მამამ ბერს, - ნელ-ნელა გააძლიერე ღვაწლი, სასო არ წარიკვეთო და ღმერთი თავისი მადლით ძველ, ჩვეულ მდგომარეობაში დაგაბრუნებსო".

ძმა წავიდა, ასეც მოიქცა და სულიერი სიმშვიდე პოვა.

* ძმამ ჰკითხა ამბა იოსებს: -Pრა ვქნა, არც მარხვა შემიძლია, არც შრომა და არც მოწყალების გაცემაო. ბერმა უპასუხა: - თუ არც ერთი სათნოების ქმნა არ შეგიძლია, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში დაიმარხე შენი სინდისი მოყვასისაგან (მასზე ბოროტის განზრახვისგან) და ცხონდები. ღმერთი უცოდველ სულს ეძებსო.

* მნიშვნელოვანია წირვაზე სახელების მოხსენიება. ღირსი ეფრემ კატუნაკელი ხაზგასმით ამბობდა: "შვილო ჩემო, თუ გინდა სულ უბრალოდ აცხოვნო სული შენი, რაც შეიძლება მეტი სახელი მოიხსენიე".

* ბერი ათანასე ბაალამელი ერისკაცებთან საუბარს გაურბოდა. ამბობდა: "ღმერთი მათ გამო პასუხს არ მომთხოვს, საკუთარი თავის გამო კი დავისჯები. უფალი მკითხავს: "სხვები რომ აცხოვნე, საკუთარი თავი რატომ არ აცხოვნეო. უდაბნოში იმისთვის კი არ წამოვედი, სხვები გამოვიყენო, არამედ რათა გამოვიტირო ღვთის წინაშე, ჩემი ცოდვები".

* ერთ კაცს, რომელმაც ცოლ-შვილი მიატოვა, მამა იოანემ (კრესტიანკინი) მისწერა: "ფუჭია თქვენი კითხვა, თუ როგორ ცხონდეთ, იკითხეთ წმინდა წერილი, იკითხეთ წმინდა მამათა ნაწერები - ყველაფერი ცხადად წერია. სიმტკიცე არ გყოფნით, წამოდგეთ, ერთხელ დაეცით და წოლას განაგრძობთ. ეს წოლა კი სადამდეც მოგიყვანთ, უჩემოდაც იცით. თქვენთვის ლოცვა შემიძლია, რჩევას კი არ მოგცემთ. გეშინოდეთ ღვთის რისხვისა, რამეთუ ოჯახი დაანგრიეთ... უნდა გამოსწორდეთ".

* წმინდა სერაფიმე საროველი ამბობდა: "რომ იცოდეთ, როგორი სიხარული, როგორი სიტკბოება ელის მართალ სულს ზეცაში, მაშინ მადლიერებით დაითმენდით ამ დროებით ცხოვრებაში თავსდატეხილ ყველანაირ განსაცდელს, დევნას და ცილისწამებას. მთელი ეს ჩვენი კელია სავსე რომ იყოს მატლებით და ეს მატლნი გვიჭამდეს სხეულს მთელი მიწიერი სიცოცხლე, დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდით, ოღონდ არ მოჰკლებოდით იმ ზეციურ სიხარულს, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარულთა თვისთა. იქ, სადაც არ არის მწუხარება, ოხვრა, ავადმყოფობა, სადაც სიტკბოება და გამოუთქმელი სიხარულია, მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან... ჰოი, ნეტავ უფალი არ მომაკლებდეს ამ უდიდეს ზეციურ ნიჭებს (საჩუქრებს), რომლის გემოს ხილვაც მომიხდა ადამიანთა ცილისწამებით თავს დატეხილ მწუხარებათა ჟამს".

* არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ბრძანებდა: "უფალი ცოდვილთა სახსნელად მოვიდა, და რომ ვცხონდეთ, ისღა დაგვრჩენია, გულწრფელად შევიგრძნოთ, რომ სწორედ ის ცოდვილები ვართ. ჩვენი ცხოვრების გამო ირგვლივ ყველაფერი საშინლად დაჭიმულია, ეს უნდა შევინანოთ და ღვთისგან შენდობასა და შეწევნას ველოდეთ. ღვთის წყალობაც არ დააყოვნებს. თუ ჩვენი წარსული სიშავის გამო ჩვენთვის საჭიროა, ავადმყოფობა და მწუხარებანი უდრტვინვლად და ღვთისადმი მადლობით უნდა დავითმინოთ".

* მღვდელმონაზონი იუსტინიანე ბალაამელი სწერდა სულიერ შვილს: "საყვარელო შვილო! იცოდე, რომ ღვთის მადლის გარეშე ადამიანს ცხონება არ შეუძლია, მაგრამ ღვთის მადლიც ვერ აცხოვნებს კაცს, თუ თვითონ არ მოისურვებს ცხონებას. ღვთის მადლი აუცილებელია ჩვენი ცხონებისთვის, მაგრამ ის არ შეავიწროებს ჩვენს საკუთარ ნებას. მადლი ღვთისა და კაცის საკუთარი სურვილი - აი, ის ორი ფრთა, რომლებითაც ის სამოთხეში აფრინდება. ღმერთმა კაცის (ნების, - კ.კ.) გარეშე შექმნა კაცი, კაცის ცხონება კი მისი მონაწილეობის გარეშე არ ინება, მაგრამ მხოლოდ ის ცხონდება, ვისაც ცხონება სურს. ძვირფასო შვილო! თუ კაცი ცოდვაში დიდხანს უნანელადაა, მაშინ ცოდვის ჩვევა ასუსტებს მასში ცხონების სურვილს".

* ცხონების მაძიებელი იყო მელიტოპოლის მიტროპოლიტი იეროთეოსი. ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნისას, კარიესში მიდიოდა. გზად ფეხშიშველი მოსაგრეს შეხვდა. მეუფემ თავისი ფეხსაცმელი ჩააცვა მას, თვითონ კი ფეხშიშველი მივიდა ათონის დედაქალაქში. მეუფეს ეჯავრებოდა ფული და როცა გარდაიცვალა, მისი ერთადერთი ქონება - ბარძიმ-ფეშხუმი და ხელით ნაკვეთი ხატი იყო, რომლებიც ტაძარს გადაეცა.

* გარეჯის მონასტერში XVIII საუკუნეში იყო მონაზონი ზაქარია, დიდად მოღვაწე, მშრომელი, მრავალი მეტანიით მლოცველი. ერთხელ კბილი ასტკივდა და მისი ამოღებისას ყბაც შეემუსრა. საშინლად სტკიოდა. ძმები სოფელში სამკურნალოდ წასვლას აიძულებდნენ, მაგრამ ის მტკიცედ, ღვთის მადლით დაითმენდა, არც საბერო კანონს ამოკლებდა და არც მეტანიებს. სალმობა გაუგრძელდა, წყლულებზე მატლი გაუჩნდა და თუ მატლი გადმოვარდებოდა, კვლავ ზედვე წყლულზე დაისვამდა და ეტყოდა: "მატლო, ჭამე ხორცი ჩემი, რამეთუ ნეტარ იობზე დიდი არა ვარ, რათა ამის მიერ მომეტევნენ ცოდვანი ჩემნი და განვერე დაუძინებელი მატლისა და კბილთა ღრჭენისგან". მამა ზაქარია ამ ტკივილებით აღესრულა. სიკვდილის წინ მან ღვთისმშობლის გამოცხადებით ინუგეშა.

* წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ის, ვინც აქ არ შეუერთდება უფალ იესოს, მას საერთოდ ვერ შეუერთდება".

* წმინდა ანატოლი ოპტელი გვასწავლის: "არ შეგეშინდეს მწუხარების, ტანჯვისა და განსაცდელების, რამეთუ ეს მოხილვაა ღვთისა და შენთვის სასარგებლოა... სიკვდილის წინ ღმერთს მადლობას გადაუხდი არა სიხარულისა და ბედნიერებისთვის, არამედ მწუხარებისა და ტანჯვისთვის; ეს უკანასკნელნი, რაც მეტი იყო შენს ცხოვრებაში, მით ადვილად მოკვდები და მით მსუბუქად წავა შენი სული ღვთისკენ".

* მამა ეფრემ კატუნაკელის დედას მონასტერში წასვლა სურდა, მაგრამ ოჯახი შექმნა. საოცარი სულის ადამიანი იყო, სიკვდილის წინ ღვთისგან დაფარულმცოდნეობის ნიჭი მიეცა. მამა ეფრემის კურთხევით, იგი მონაზვნად აღკვეცეს. როცა გარდაიცვალა, მისი სხეულიდან მირონი წამოვიდა. მამა ეფრემმა აღიარა: "ხედავთ, რა მოხდა! მე ერთგვარად შურით შევცოდე. უბრალო სოფლელმა, უსწავლელმა ქალმა რას მიაღწია! როცა მისთვის ვლოცულობდი, ვიღებდი, კი არ გავცემდი. სიხარულით ვივსებოდი. ვნახე ხილვასავით, დედაჩემი ქრისტესთან მივიდა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება, მარიამ!" - ჩვენ აქ წლობით ვშრომობთ, რომ ასეთ მდგომარეობას მივაღწიოთ".

მამა ეფრემი ამბობდა, საღმრთო გამოცხადებით შევიტყვე, დედაჩემის და მამა იოსების სულიერი მდგომარეობა ერთნაირიაო. "მას არ ჰყავდა თვალწინ მისაბაძი მაგალითი - თავისთვის იყო და მწუხარებათა ჟამს მოთმინებით ცხონდა".

* "ჩვენ გულგრილნი არ უნდა ვიყოთ საკუთარი სულის ცხონებისადმი, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი, - მუდამ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, თუ როგორ ვცხონდეთ... თუ არ დავივიწყებთ, რომ ჩვენი მიზანი ღვთის სასუფევლის მოპოვებაა, მაშინ ჩვენში კეთილი შფოთი შემოვა. ეს შფოთი (წუხილი) კი ჩვენს სულს ადრე თუ გვიან სულიერ სამყაროში გადაიყვანს, სადაც ის ჭარბად ისუნთქავს ჟანგბადს, ცოცხლდება და მაღლა აფრინდება.

ღმერთმა ადამიანი გონებით იმისთვის კი არ დააჯილდოვა, რომ მუდამ იმაზე ფიქრობდეს, ერთი წერტილიდან მეორემდე უკეთ როგორ გადაადგილდეს, არამედ, უპირველესად, ფიქრობდეს უმთავრესზე: როგორ მიაღწიოს საბოლოო მიზნამდე, ღმერთამდე, როგორ მიაღწიოს ჭეშმარიტ ქვეყანას, სამოთხეს".

* ბოლოს კი კვლავ მამა ვიტალის (სიდორენკო) მოვუსმინოთ: "ბევრი კითხულობს, როგორ ვცხონდეთო. უნდა გვწამდეს, რომ უფალი გვაცხოვნებს, ეს რწმენა კი ფრთებს შეგვასხამს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა ნათლისღებით ხელახლა ვიშვებით; შეცოდების მერე გვაქვს სინანულის საიდუმლო, რომელიც შემდგომ აგვაღორძინებს, გვიბოძებს მშვიდობას, სიყვარულს, ცხონებას. თქვენ, ყველას, ლოცვით კეთილს გისურვეთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ, ამინ".
ბეჭდვა
1კ1