ბოროტებას ბოროტებით ვერ გამოასწორებ
ბოროტებას ბოროტებით ვერ გამოასწორებ
სულით რომ გაძლიერდეთ, ხშირად უნდა ეზიაროთ წმინდა საიდუმლოს
გონებისმიერ ლოცვაზე
საუბარი მეორე
მამა ხარლამპეს სულიერი შვილები და ღვთისმოშიში ქრისტიანები ხშირად ეკითხებოდნენ იესოს ლოცვაზე და მოძღვრისაგან შესაფერის პასუხს იღებდნენ. გვსურს კიდევ ერთი ასეთი საუბარი შემოგთავაზოთ:

- მამა ხარლამპე, თქვენ გონებისმიერ ლოცვას ასწავლით. ის მხოლოდ ბერებისთვის არის აუცილებელი თუ ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლოა?

- თანახმად წმინდა მამათა სწავლებისა და ასევე საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ გონებისმიერი ლოცვა ყველასთვის მისაღებია, ოღონდ არა ერეტიკოსებისა და, მით უმეტეს, სხვანაირად მადიდებელთათვის.

- როცა ამბობთ, გონებისმიერი ლოცვა ერისკაცთათვისაც შესაძლებელიაო, ამან იმედი მოგვცა, მაგრამ თქვენი დახმარება გვჭირდება. უკვე ვცადეთ, ისე მოვქცეულიყავით, როგორც წიგნებში წერია ლოცვაზე, მაგრამ ეს ძალზე ძნელ საქმედ მოგვეჩვენა.

- ცხადია, იოლი არ არის. ამ ღვაწლისთვის მარტო გმირობა არ კმარა, გამოცდილი მოძღვარიც გჭირდებათ. მოძღვარი თუ გყავთ?

- მყავს, მამაო, ის ძალიან კარგია, მაგრამ როცა გონებისმიერ ლოცვაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, მპასუხობს, ამ საქმისა თვითონაც ბევრი არაფერი ვიციო.

- ეს კარგია. ზოგჯერ საქმე უარესადაა. თუ არ იცი, თქვი, "არ ვიცი", სხვას კი ნუ დაუშლი იესოს ლოცვას. მოძღვარი გყოლიათ და საჭირო არ არის, აღსარება გათქმევინოთ. მაშ, ახლა გასწავლით, როგორ ილოცოთ.

ნათლისღებისას ქრისტიანი მადლს იღებს და მასში ქრისტე დაემკვიდრება. მაგრამ როცა შესცოდავს, ის ამით ღვთის მადლს განაგდებს. ცოდვა კედელივით აღმართულა ჩვენსა და ქრისტეს შორის. შეღაღადებ: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!", მაგრამ კარი დახშულია. ცოდვას სინანული და აღსარება შეარყევს და კედელიც ინგრევა - ადამიანი კვლავ ურიგდება ღმერთს.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი ძალიან დიდი კაცია. თქვენი მიზეზით უსიამოვნება მოგივიდათ მასთან, მაგრამ ძალზე გჭირდებათ და სხვა გზა არა გაქვთ, გინდათ თუ არა, თავს იმდაბლებთ და შენდობას სთხოვთ. მას მერე, რაც შეგირიგდებათ, მოიკრებთ გამბედაობას და ეტყვით: "მეგობარო, გევედრები, დამეხმარე". ნუთუ არ შეისმენს თქვენი მეგობრობის გამო? და რამდენად უფრო მალე შეისმენს ქრისტე ადამიანის თხოვნას, როცა მას შეურიგდება!

- დიახ, მამაო, აღსარება კარგია, მაგრამ სოფელი ცხონების საშუალებას არ გაძლევს. გამოდიხარ სააღმსარებლოდან და იგივე გესმის და იმავეს ხედავ. ისევ შესცოდავ, გაბრაზდები, მრისხანებ, განიკითხავ...

- არასწორად ამბობ. ქრისტემ ბრძანა, უკეთუ თვალი შენი გაცთუნებდეს, აღმოიღე იგიო. არ უთქვამს, თვალი სხვას ამოთხარეო. ხედავ, რომ ქალს გამომწვევად აცვია, ეს მისი საქმეა; შენ - ნიშნავს, რომ თვალები დახარო და ქალი არ შეათვალიერო. თუ ისეთი უძლური ხარ, რომ ამის გაკეთებაც არ შეგიძლია, ნურავის დაადანაშაულებ. თქვი: "ვაი შენ, საცოდავო ჩემო თავო, მრუშო და გემოთმოყვარევ, ცოდვა რომ მოგწონებიაო!"

ეს ერთგვარი სკოლაა - საკუთარ სულში ცქერას სწავლობ, ამოწმებ, რამდენად უმწიკვლო ხარ. სრულყოფილი ადამიანი უყურებს, მაგრამ არ ცდუნდება; მოსაგრე, რამდენადაც ძალუძს, ცოდვის მიზეზს გაექცევა; ზარმაცი კი ცოდვისკენ ისწრაფვის, მერე კი... ბრალს თავისი თავის გარდა ყველას სდებს. ეს თავის მართლებაა. ასე მოიქცა ევაც.

- მამაო, ღვთის შეწევნით, ვცდილობთ, შეძლებისამებრ მოვერიდოთ ცოდვას, გავექცეთ, მაგრამ საზოგადოებაში რომ ტრიალებ, შეუძლებელია, სიწმინდე შეინარჩუნო...

- როცა საცთურების გარემოცვაში ცხოვრობ, აბა, სხვას რას უნდა მოელოდე? სწორედ ამიტომაც მოვშორდით სოფელს. შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტეს მადლით, სულიერად ერშიც მყარად ვიდექი, მაგრამ მყუდროებას უამრავი უპირატესობა აქვს. ლოცვისას თავს იყრის და გონებაში ფილმივით გიტრიალებს ყველა ის სახე, რაც დღისით გინახავს. თუ მოგისმენია ბილწსიტყვაობა, უკადრისი სიტყვა, ანდა რამე ნახე, ყველაფერი გიბრუნდება და ლოცვისას გეწინააღმდეგება. თუმცა სწორედ ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ერში განუწყვეტელი ლოცვისთვის აღგძრავს.

მახსოვს, ერში მრავალი განსაცდელი მხვდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ ბოროტად განწყობილმა ქალებმა ჩემი ცდუნებაც კი მოინდომეს. როგორ ფიქრობთ, რამ მიშველა? ამ პატარა ლოცვამ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". მოუწოდებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს, სიღრმით გულისათ შეღაღადებ: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე", ზოგჯერ კი გრძნობ, შენი სიტყვებით უნდა ითხოვო: "დედაო ღვთისა და მაცხოვრისაო, ისწრაფე და შემეწიე განსაცდელში..."

ერისკაცული ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ ეს პატარა იარაღი - ლოცვა დამიფარავს ბოროტისაგან. უკეთური ადამიანები გამოცდებს გვიწყობენ და ამით უფრო გვიბიძგებენ ქრისტესკენ.

- მე, მამაო, სხვა პრობლემა მაქვს. ოჯახის კაცი ვარ, პატიოსნად ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, მისთვის არასოდეს მიღალატია. მაგრამ ზოგჯერ შეხვდები ზოგიერთს და მყის პრობლემები დაგატყდება თავს: უმიზეზოდ გლანძღავს, გემუქრება, გვნებს, თუმცა თითითაც არ შეხებიხარ... აწყნარებ, ამშვიდებ, ის კი უფრო მძვინვარებს. ისე როგორ ვიცხოვრო, რომ ასეთ ადამიანთან სიმშვიდე მქონდეს? როგორ უნდა მიყვარდეს, უფრო სწორად, როგორ არ უნდა მძულდეს? როგორ არ ვილოცო, რომ ღვთის არ რისხვა ეწიოს?

- შვილო ჩემო, ის ხომ ეშმაკეულია. წმინდა მამები ამბობენ, ცუდი ადამიანის გვერდით სატანა დგასო. ეშმაკია მასში, რომელიც აქეზებს, რომ გაგლანძღოს, დაგწყევლოს, დაგარტყას...

ჩემი მოძღვარი ამბობდა: "ბოროტებას ბოროტებით ვერ გამოასწორებო". ეს დიდი განსაცდელია და მის გადასალახად ღვაწლია საჭირო. მოდი, ისე მოვიქცეთ, როგორც ქრისტე გვასწავლის: "აკურთხეთ მაწყევარნი თქვენნი... და ილოცეთ მათთვის, რომელნი გმძლავრობენ თქვენ". ასე გიბიძგებს ბოროტება ღმერთისკენ. თქვი: "მაცხოვარო ჩემო, აპატიე, რადგან არ უწყის, რასა იქმს, გონს მოიყვანე, განაშორე ბოროტი სული, რომ მიხვდეს თავის შეცდომას". შემდეგ კი კვლავ მოიკრიბე ძალა, განაგრძე ლოცვა და თქვი მოუკლებლად: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".

- მამაო, თუ ნებას მომცემთ, ყველას წინაშე ვაღიარებ: ხშირად გავიფიქრებ ხოლმე: მოდი, ამას თავში ჩავცხებ და ძირს დავაგდებ და მერე თუნდაც დამიჭირონ-მეთქი.

- ხედავ, საით გიბიძგებს სატანა? რომ სასამართლოში მოხვდე, ციხეში გამოგამწყვდიონ და ცოლ-შვილი ბედის ანაბარა დატოვო. ნუ დაუჯერებ, შვილო, შენი დაღუპვა უნდა. ყური უგდე ქრისტეს და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენი სწორი საქციელით ან ის ადამიანი გამოსწორდება, ან ქრისტე გამოსავალს გიჩვენებს. ოღონდ შენ და შენი მეუღლე მთელი გულით, განუწვეტლივ ევედრეთ ღმერთს. და კიდევ ერთი: სულით რომ გაძლიერდეთ, ხშირად უნდა ეზიაროთ წმინდა საიდუმლოს.

- რომელ ლოცვაზე, რომელ ზიარებაზეა საუბარი, როცა ყველაფერი ასე წაბილწულია?

- ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გვჭირდება ლოცვა და საღვთო ზიარება, როცა საქმე ასე ცუდადაა, ოღონდ, როგორც დაგარიგე, ჯერ შენი მტრისთვის ილოცე, მერე კი საკუთარი თავისთვის.

- მაგრამ როგორ ვეზიარო, როცა ყველამ, მით უფრო კი ჩვენმა მოძღვარმა, კარგად იცის, რომ ერთმანეთს ხმას არ ვცემთ?

- თუ შენ ხარ დამნაშავე, ცხადია, წმინდა საიდუმლოსთან მიკარების ნება არ გაქვს; მაგრამ თუ ბრალი სხვას მიუძღვის, შენ თავისუფალი ხარ. შეეცადე, დაელაპარაკო და შეურიგდე. თუ სატანამ ისე გააბოროტა, რომ სიკვდილამდე ხმას არ გაგცემს, უზიარებელი ხომ არ მოკვდები?

რაც შეგიძლია, ძალისხმევა არ დააკლო. თუ შენი სწორი მოქმედების წყალობით, მოახერხებ და იმ ადამიანს შეურიგდები, ამით მის სულს სატანის ბრჭყალებისგან იხსნი, ამისთვის კი ღვთისგან უდიდესი ჯილდო გერგება. თუკი არაფერი გამოგივა, ილოცე, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა გონს მოიყვანოს.

- ეჰ, მამაო, თქვენი რჩევისაებრ მოქცევა იოლი არ არის, მაგრამ მაინც ვეცდები, თქვენი კურთხევა აღვასრულო.

- ღმერთმა დაგაჯილდოოს ამისთვის, შვილო. რასაც შეძლებ, გააკეთე, მეც დაგეხმარები... ჩამომიწერე შენი ოჯახის წევრთა სახელები და იმ კაცისაც. ერთად ვილოცოთ, დანარჩენი კი ღმერთს მივანდოთ.

ლოცვაზე. სულიერ შვილთა მოწმობა.
მამა ხარლამპე თვლიდა, რომ მონაზვნის სულიერი წარმატებისთვის აუცილებელი იყო მორჩილება და საბერო კანონების (კელიაში ლოცვა და ტაძარში ყველა ღვთისმსახურებაზე დასწრება) განუხრელი შესრულება.

მამა ხარლამპე თვლიდა, რომ უხილავი სულიერი ბრძოლა ყველა ქრისტიანმა (და არა მარტო ბერმა, როგორც ზოგიერთი თვლის) უნდა წარმართოს, რა თქმა უნდა, ძალისაებრ.

რაც შეეხება სამღვდელო პირებს, მათ უფრო მკაცრად უდგებოდა. მამა ხარლამპე უარსაც კი ამბობდა ის სამღვდელონი მიეღო აღსარებაზე, რომლებიც ყოველდღიურ საღვთისმსახურო ციკლს არ კითხულობდნენ, თუნდაც თავი გაემართლებინა იმით, ტაძარში მლოცველი არ არისო. "მღვდელი, ვითარცა მწყემსი, ლოცვით ადევნებს თვალყურს სამწყსოს", - ამბობდა იგი. ვისთვისაც შეუძლებელი იყო, დღეში რამდენჯერმე მისულიყო ტაძარში, ურჩევდა, შინ წაეკითხათ ღვთისმსახურების დღიური ციკლი, ხოლო საღვთო ლიტურგია რაც შეიძლება ხშირად აღევლინათ კვირის მანძილზე და არა მარტო კვირა დღეს.

მათ, ვინც გონებისმიერ ლოცვას მუშაკობდა, მამა ხარლამპე ურჩევდა, ან ღვთისმსახურების ნაწილი, ანდა მთლიანად იესოს ლოცვის სკვნილზე ჩამოლოცვისთვის მიეძღვნათ.

მამა ხარლამპეს დახმარებით ბევრი ერში მყოფი მიეჩვია დღის გამავლობაში იესოს ლოცვის მოუკლებლად გამეორებას, ან ბაგეებით, ანდა გონებით.

არიან ოჯახებიც მამა ხარლამპეს სამწყსოდან, სადაც დღეში ორჯერ მაინც ლოცულობენ ერთად და მუდმივად კითხულობენ მწუხრის ლოცვებს, ღვთისმშობლის დაუჯდომელთან ერთად.

მამა ხარლამპე ურჩევდა მშობლებს, რომ შვილებისთვის სიყრმიდანვე ესწავლებინათ ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, შრომისმოყვარეობა, მორჩილება მშობლებისა, ტაძარში სიარული, უფროსების პატივისცემა, წმინდა წერილისა და მამათა ნაწერების კითხვა.

ბევრ ოჯახში დანერგა მან მოღვაწე სული. ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ, როდის დაბრუნდებოდა მამა სამსახურიდან, რათა ერთად ელოცათ და ეტრაპეზათ. ერთად წაეკითხათ მწუხრის ლოცვები, ღვთისმშობლის დაუჯდომელთან ერთად. მერე კი წაითამაშებდნენ, მოამზადებდნენ გაკვეთილებს, იძინებდნენ, რათა მალე წამომდგარიყვნენ, ელოცათ დილის ლოცვები და სკოლაში წასულიყვნენ... ასეთი ოჯახი მართლაც რომ კურთხეული და ბედნიერია.
ბეჭდვა
1კ1