ამერიკაში მთელი თავისი ქონება გაყიდა და მოწყალებად გასცა
ამერიკაში მთელი თავისი ქონება გაყიდა და მოწყალებად გასცა
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მებაღე მონაზონი. ყმაწვილი ვიყავი, კავსოკალივაში მამებთან ცხოვრება რომ მოვინდომე. იქ კვირა დღეს მივედი. ორშაბათს, სისხამზე, ზეთისხილის საკრეფად წამიყვანეს - ოქტომბერი იდგა და მთელი ძმობა ამ საქმით იყო დაკავებული. მითხრეს, ტრადიციით, მთაწმინდაზე მისულმა მორჩილმა მებაღედ უნდა იმუშაოსო. ბაღი მთელი მონასტრის მომმარაგებელია. სტუმრების წვევისას მესტუმრეთუხუცესი მებაღეს სთხოვს, სამასპინძლოდ მისცეს ფორთოხალი, ლიმონი, ატამი ანდა სხვა რამ წლის იმ დროის შესაფერისი ხილი. ამიტომაც ყველა მონაზონმა უნდა იცოდეს მებაღეობა.

მე კი უდიდესი მეცნიერების - მონასტერში მონაზვნური ცხოვრების შესწავლა დავიწყე. მამებმა მაჩვენეს წმინდა მამათა წიგნებში დაცული პირველი მცნება - მიწის დამუშავებისა, რომელიც ჩვენს პირველ მამას, ადამს მისცა ყოვლადსახიერმა ღმერთმა. ურჩობის მერე იგი მიწისმხვნელი გახდა და მიწის ნაყოფს უკვე მძიმე შრომით იღებდა. მხოლოდ მიწის ნაყოფით იკვებებოდნენ ნოემდე, რამეთუ წარღვნამდე ხორცს არ ჭამდნენ. მათ მითხრეს: "მამა ქრისტო, ამის შესახებ დაწვრილებით აღარ მოგიყვებით, რადგან მომავალში შენ თვითონვე წაიკითხავ..."

მონაზვნობის მოთავენი პატარა წყაროს პოულობდნენ, რამდენიმე კვალ ბოსტანს გააშენებდნენ, ამით იკვებებოდნენ და აღწევდნენ წმინდანთა საზომს. მონასტრის ქტიტორის, წმინდა სვიმეონის მღვიმეში ნახავ ამ წმინდანის მიერ ნაკურთხ ნაკადულს და მცირე ბოსტანს, იქ მოწეული ბოსტნეულით ირჩენდა თავს. გაიზრდები და უკეთესად გაიგებ.

აქ დაფარულად მოვიდა იოსები, ძე სერბთა მეფის, უგლეშისა. მას სამუშაო ბაღში მიუჩინეს. 6 წელი მებაღეობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს, რომ უფლისწული იყო. მონასტრის მებაღედვე მოკვდა.

ხედავ იმ ტანდაბალ, სახეგაბრწყინებულ პაპას? ის სხვა ადგილას აღკვეცეს. ამერიკაში მთელი თავისი ქონება გაყიდა და მოწყალებად გასცა. მოვიდა აქ და ითხოვა, წმინდა სვიმეონის მღვიმის სიახლოვეს კელიის აგების ნება მომეცით, ქვით კი არა, ზეთისხილის მორებით ავაგებო. ნეტარმა მოძღვარმა, დაფარულმცოდნელმა მამა ნეოფიტემ აკურთხა იგი. ისიც ასე მოიქცა, ხოლო რით ირჩენს თავს, მხოლოდ თვითონ იცის. ზედმეტი მოსავალი საავადმყოფოში მიაქვს. ტაძარში შემოდის და წირვის შემდეგ სხვებზე ადრე მიდის, არავის შეხედავს - თავისი სათნოებები ხომ საიდუმლოდ შეინახა.

იმ ქედზე, იოანე ღვთისმეტყველის სავანესთან, მშვენიერი ლობიო მოჰყავს და ყველა განდეგილსა და მეუდაბნოეს ურიგებს. ისინი მადლობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი წყალობისთვის და მამებს - შრომისთვის. შენ თუ მებაღეობა არ მოგწონს, აკრიფე შენი ნივთები და წადი მონასტრიდან.

მონასტრიდან წმინდა ანას სკიტში წავედი. იქ მითხრეს: - აქ მიწას ხნავენ, თუ ნათესს არ მორწყავ, დასალევ წყალსაც არ მოგცემენ - თუ არ ისწავლი მებაღეობას, სკიტში გაჩერებას ვერ შეძლებო.

სკიტში არაფრის მეშინოდა, მაგრამ ზეთისხილიანი კალათების თრევა არ მიყვარდა. ამის მერე ბეჭები მტკიოდა ხოლმე. ნეტარხსენებული მოძღვარი, რაც შეეძლო, მამხნევებდა.

თქვენ მეკითხებით და მე გპასუხობთ, თქვენ კი მოიქეცით ისე, როგორც გნებავთ. რამდენი წელია ამის შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან მეშინოდა, ახალგაზრდა ათონელები საცდურში არ ჩამეგდო.

მაგრამ როცა ამის შესახებ მკითხა ერთ-ერთი მონასტრის იღუმენმა, მაგალითად მოვუყვანე დიონისეს მონასტრის იღუმენის მოადგილე მამა გაბრიელი, რომელიც 90 წლისაც კი მიწას ბარავს. ვისაც მონაზვნობა უნდა, დაე, ისწავლოს მებაღეობა, ამ საქმეს დღეში ერთი საათი მაინც დაუთმოს, თორემ ისე ვერ ისწავლის მონაზვნობას, როგორც საჭიროა. როცა დაინახავს მონასტერში გაზრდილ პომიდორსა და კიტრს, აღივსება სიხარულით და სითბოთი.
ბეჭდვა
1კ1