დღე მეშვიდე შენს ღმერთს მიუძღვენი
დღე მეშვიდე შენს ღმერთს მიუძღვენი
* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) გვასწავლის: "საზეიმო დღეებში ყველაზე აუცილებელი საქმეების გარდა არაფერს არ უნდა ვაკეთებდეთ. გვახსოვდეს მცნება უფლისა: "დღე მეშვიდე შენს ღმერთს მიუძღვენი". დღესასწაულები შესაფერისად უნდა ვიზეიმოთ, ანუ წმინდად, მშვიდად, გრძნობაგანწმენდილებმა ლოცვაში, ღმერთზე ფიქრსა და სულისმარგებელი წიგნების კითხვაში, ღვთის დიდებულ კეთილმოწყალებაზე ფიქრში უნდა გავატაროთ და გახარებულნი ვმადლობდეთ იმ საქმეთა გამო, რომლებიც ხატოვნად აღწერილია და ახსნილია სადღესასწაულო საგალობლებში. თუ პატივს არ მივაგებთ სადღესასწაულო დღეებს, დავისჯებით, ვითარცა მკრეხელნი და დამრღვევნი ღვთის მცნებისა.

* წმინდა ნიკონ ოპტელის პირველი მოძღვარი მამა სერგი იყო, მეორე - მისი ვაჟი სიმეონი. ნიკონის მშობლები რელიგიურები კი იყვნენ, მაგრამ შვილებს ტაძარში იშვიათად გზავნიდნენ, განსაკუთრებით ზამთარში, გაციებისა ეშინოდათ. ერთხელ ნიკონს აღსარების თქმისას მამა სიმეონმა უთხრა, - აუცილებელია ტაძარში სიარული, განსაკურებით დღესასწაულებზეო. "ეს ჩვენი ვალია ღვთის წინაშე". ნიკონი ჩაფიქრდა და დაეთანხმა.

* სქემარქიმანდრიტ ანდრონიკეზე (ლუკაში) ამბობენ: სადღესასწაულო ღვთისმსხურებისა და ტრაპეზის მერე არ ისვენებდა, კითხულობდა რამდენიმე თავს სახარებიდან, აკათისტოებს, მერე კი სამზარეულოში გარბოდა საერთო ტრპეზისთვის კარტოფილის გასაფცქვნელად, რომელიმე ძმას კი წმინდათა ცხოვრების კითხვას დაავალებდა, უქმმეტყველებაში რომ არ ჩავარდნილიყვნენ და ძმებიც საღვთო სიტყვით დამოძღვრილიყვნენ.

* მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) სულიერ შვილს სწერდა: "მონაზვნისთვის არ არსებობს სადღესასწაულო უქმეები, დაე, მას ლოცვა ექცეს დღესასწაულად. ამ საუკუნეში მონაზვნისთვის დღესასწაული არის - მეომარი ეკლესიის ზეიმი, რომელშიც, ვითარცა მყუდრო ნავსაყუდელში, აღავსებს სულიერი მარაგით მოგზაურობით დანჯღრეულ გემს - რათა ძალამოკრებილმა მიცუროს თავის სამშობლოში".

* ადრინდელ ქრისტიანებს დღესასწაულებზე უხვი შენაწირი მიჰქონდათ ეკლესიაში, რომელთაგან ნაწილი ტაძრის მსახურებს და ეკლესიის საჭიროებას ხმარდებოდა, ნაწილი კი გაჭირვებულებს ურიგდებოდა. ტერტულიანე თავის აპოლოგიაში წერს: "ეს შენაწირი არის ვითარცა წინდი ღვთისმოშიშებისა; ვინაიდან შემწირველნი მიდიან არა საქეიფოდ, არა მემთვრალეობისთვის, არა განძღობისთვის, არამედ გამოკვებისა და შემოსვისთვის გლახაკთა, ყრმათა და ქალწულთა, რომელთაც დაკარგეს მშობლები და ქონება; მოხუცებისთვის, რომელთაც უძლურების გამო აღარ შეუძლიათ სახლიდან გარეთ სამუშაოდ გამოსვლა და ქვის სამტეხლოებში, კუნძულებსა და საპყრობილეებში დამწყვდეულთა სანახავად".

* ძველ ქრისტიანებში საზეიმო დღეებში ობლებისთვის, მწირებისა და გლახაკებისთვის საერთო ტრაპეზი იმართებოდა. პირველ ქრისტიანებში საერთო ტრაპეზი დაწესებული იყო ტაძრებსა და მოწამეთა საფლავებთან. შემდგომში უკვე ქველმოქმედებას საკუთარ სახლებში ეწეოდნენ. ზოგიერთი ქრისტიანის ხელგაშლილობა იქამდე მიდიოდა, რომ ზოგჯერ გლახაკთა სიმრავლის გამო სახლში რამდენჯერმე უწევდა ტრაპეზის გამართვა.

* ღირსი ათანასია იმდენად მნიშვნელოვნად და წმინდა მოვალეობად თვლიდა საუფლო დღესასწაულებზე გლახაკთათვის ქველმოქმედებას, რომ არ დავიწყებია სიკვდილის წინ სულიერი შვილებისთვის მცნებად მიეცა: "ყურადღებით იყავით, რომ არაფერი დაიტოვოთ ამგვარი დღესასწაულისთვის (ეს მოხდა ღვთისმშობლის მიძინების წინა დღეს)... არამედ ღატაკებს, ქვრივ-ობლებს დაურიგეთ და ძალისაებრ გაეცით მოწყალება".

* ღირს მაკარი მეგვიპტელზე წერია, რომ წმინდათა ხსენების დღეს ამზადებდა საჭმელებს არა ნაცნობთა და მეგობართათვის, არამედ უფრო მეტად გლახაკთა და ღატაკთათვის. ასე იქცეოდა ის კვირა დღესაც.

* ერთ ქალაქში ორი თერძი ცხოვრობდა. ერთი მრავალშვილიანი იყო, მაგრამ ოჯახსაც ინახავდა, მშობლებსაც და მოწყალებასაც გასცემდა. მეორეს კი თავი ძლივს გაჰქონდა. პირველი წმინდად იმარხავდა დღესასწაულებს, ამ დღეებში არასოდეს მუშაობდა, ტაძარში დადიოდა. მეორე, თუმცა პირველზე კარგი ხელოსანი იყო, რამდენსაც არ მუშაობდა, ხელში არაფერი რჩებოდა, არც დღესასწაულებზე ისვენებდა, მაგრამ ხეირი არ ჰქონდა. როცა დაინახა, რომ მეგობარი ასე კარგად ცხოვრობდა მცირე შრომით, მიზეზი ჰკითხა. "მე ტაძარში დავდივარ და გზაზე ხშირად ოქროს ვპოულობ, ამიტომაც არაფერი მიჭირს. თუ გინდა, შენც ჩემთან ერთად იარეო", - უთხრა მეგობარმა. მართლაც, როცა უქმეთა დამრღვევმა მეგობრის მსგავსად ტაძარში იწყო სიარული, ღვთის მადლი ეწვია მის სახლს და ხელთა მისთაგან შემოსავალი გარდაემეტა ადრინდელს.

* 1603 წელს პესემიშლის მაზრაში ვინმე ლუთერანმა მემამულემ, ბიკოვსკაიამ, რომელსაც არად მიაჩნდა დღენი უფლისანი, ფერისცვალება დღეს თავისი მსახურნი ჭვავის მოსამკელად გაუშვა. მალე თვითონ მემამულეც მივიდა მინდორზე და მომკელებს მიმართა: - გინდოდათ, ჩემთვის ეს დღე მოგეპარათ თქვენი მაცხოვრითო! როგორც კი ეს ღვთისმგმობი სიტყვები წარმოთქვა, უეცრად, მიუხედავად მშვიდი ამინდისა, საშინელი ქარბორბალა ამოვარდა და მეხთატეხით დაწვა ბიკოვსკაიას მთელი მოსავალი. ამის მერე ქალმა აღთქმა დადო და აღარასოდეს უმუშავებია გლეხები დღესასწაულზე.

* მღვდელმთავარ პეტრეს (მოგილა) ასეთი რა ჩაუწერია: ბელის მაზრაში ერთ-ერთმა კათოლიკე მიწათმფლობელმა მუშას უბრძანა, ღვთისმშობლის ხარების დღეს მინდორი მოეხნა. მსახურმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა. განრისხებული ბატონი თავის ვაჟთან ერთად მინდორში მივიდა. მუშას არაფერი გაეკეთებინა. ლანძღვა დაუწყო მასაც და მის მიერ პატივმიგებულ დღესასწაულსაც.

მსახურმა უთხრა: "გინდა მომკალი, ამ წმინდა დღეს არ ვიმუშავებო". მაშინ ბატონი თავის ვაჟთან ერთად შეუდგა ხვნას. მსახური კი სოფლისკენ გაემართა. მსახურმა ბატონის მინდვრიდან ფეხი გამოდგა თუ არა, უეცრად საიდანღაც მოვარდა საშინელი ქარბორბალა და ყანის მხვნელი თავის ხარ-გუთნიანად გაიტაცა. მთელი სოფელი გამოვიდა მათ საძებნელად, მაგრამ ღვთისმგმობელნი ვერსად იპოვეს.
ბეჭდვა
1კ1