მხნედ იყავ, თევდორე, ნუ უღალატებ შენს სარწმუნოებას...
მხნედ იყავ, თევდორე, ნუ უღალატებ შენს სარწმუნოებას...
მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი 1755 წელს წმინდა მიწისა და ათონის მოსალოცად გაემგზავრა. ათონზე, დიონისოს მონასტერში, მას ქართველი ბერი თევდორე უნახავს, რომელსაც მისთვის თავისი თავგადასავალი უამბია:

თევდორე ქართლელი ყოფილა, სოფელ უსიტყისიდან, სამთავისის საყდრის ყმა. როცა ქართლი ლეკებმა მოაოხრეს, ისიც სხვებთან ერთად დაატყვევეს და კონსტანტინოპოლში ერთ უკეთურ თურქს მიჰყიდეს. თურქი სჯულის გამოცვლას აიძულებდა, სცემდა, გუთანში აბამდა. ჰპირდებოდა, თუ მაჰმადიანი გახდები, გაგათავისუფლებ და დაგასაჩუქრებო. მონა უარზე იდგა. ბოლოს პატრონი სიკვდილით დაემუქრა. თევდორემ სთხოვა, მოსაფიქრებლად ერთი ღამე მიეცა. წავიდა, სანთლები იყიდა, ეკლესიაში აანთო და ღვთისმშობელს შეევედრა: "ტყვედქმნილთა, გლახაკთა და უცხოობაში მყოფთა ხელისაღმპყრობელო, მიხსენ ამ მწარე ტყვეობისგანო".

ლოცვისას ჩასთვლიმა. ძილში ორი მოხუცებული გამოეცხადა. ნუგეშს სცემდნენ და ეტყოდნენ: "მხნედ იყავ, თევდორე, ნუ უღალატებ შენს სარწმუნოებას... ღმერთი მოწყალეა, გიხსნის ჭირისა და მწუხარებისგანო".
მონად გაყიდულს გაეღვიძა და მადლი შესწირა ყოვლადძლიერ ღმერთს. მივიდა თურქთან და უთხრა: ასო-ასო რომ ამქნა, რჯულს მაინც არ ვუღალატებო. განრისხებულმა პატრონმა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა.

შუაღამისას თევდორემ ძალ-ღონე მოიკრიბა და გაიპარა. ზღვის პირას, ტყეში, ერთი დაქცეული ეკლესია იპოვა და მას შეაფარა თავი. თურქებმა მიაგნეს, მაგრამ ეკლესიის ზღურბლს ვერა და ვერ გადააბიჯეს. კარგა ხანს იდგნენ ასე. გულმოცემულმა მონაყოფილმა მოიმარჯვა პატარა ცული, თან რომ წაეღო და მდევართა მოგერიება განიზრახა, მაგრამ საღმრთო ძალმა გარეთ არ გაუშვა.
თურქებს შესვლის იმედი გადაეწურათ და წავიდნენ.

როცა დარწმუნდა, რომ საფრთხე აღარ ელოდა, თევდორემ გზა განაგრძო და ზღვის ნაპირთან მივიდა. იქ ქრისტიანებმა ნავზე დასვეს და ათონზე მიიყვანეს. ერთხანს ერთ ბერს ემსახურებოდა. ერთ ღამეს ხმა ჩაესმა, რომელიც დიონისოს მონასტერში წასვლას ჩააგონებდა. კითხვა-კითხვით მიაგნო მონასტერს. იქაურ იღუმენს ჩვენება ეხილა მისი მოსვლის შესახებ და ბრძანება მიეღო, რომ უცხოტომელი ბერად აღეკვეცა და მივიდა თუ არა თევდორე, უმალვე მონაზვნად აკურთხა.
ბეჭდვა
1კ1