შეგვეწიე ჩვენც, რომ დაგემსგავსოთ შენ, უვნებო ღმერთს, რამეთუ გვსურს ზეციური მამის შვილობა
შეგვეწიე ჩვენც, რომ დაგემსგავსოთ შენ, უვნებო ღმერთს, რამეთუ გვსურს ზეციური მამის შვილობა
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
წმინდა ქსენიას დღესასწაული. გუშინ ავადმყოფი ვიჯექი საწოლზე და თქვენთვის წერილის მოწერას ვფიქრობდი. მხოლოდ ერთი სადარდელი მქონდა - იყო კი კინოვიური მონასტერი ჩემი მყუდრო ნავსაყუდელი, რომელიც ქედმაღლობის გამო დავუტევე და მოუმზადებლად მყუდროების ზღვის გადასალახავად წავედი. ყოველი მონაზონი, რომელსაც დაყუდება და მყუდროების ნაყოფის გემოს ხილვა სურს, უნდა შეუერთდეს მონაზვნურ თემს, როგორც ეს გააკეთა გრიგორიატის იღუმენმა, ღირსმა დანიელმა (მისი საქმე გააგრძელა აწ განსვენებულმა მამა კალენიკემ).

ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც ღვთისმსახურებაზე ღირსი ქსენიას ცხოვრების კითხვისას მოხდა. ამას იმიტომ გწერთ, რომ იცოდეთ, თუ რა სიმაღლეს აღწევდა ამ წმინდა ადგილას მცხოვრები ყველა ძველი დროის მამა.

ღვთისმსახურებაზე მარცხენა კლიროსის სტადისიაზე ვიჯექი, ჩემს წინ იჯდა ნეტარხსენებული მამა იერონიმე, ჩვეულებისამებრ გამართული, ბეჭებზე ნაქსოვი წამოსასხამი ჰქონდა მოსხმული.

ღვთისმსახურების დაწყებამდე ის ან კითხულობდა, ან წერდა.

მის იდუმალ საქმიანობაზე ვერაფერს მოგითხრობთ, არაფერი ვიცი, რადგან მაშინ ძალზე მორცხვი ვიყავი. არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო ის მოწიწება, რომელსაც მამა იერონიმესადმი განვიცდიდი - მას ჯერ კიდევ ყრმობისას ვხედავდი ამაღლების ტაძარში. ერთხელ დავინახე, როგორ დაენარცხა სტასიდიაზე ხანგრძლივი ღამისთევის ლოცვით, სნეულებებითა და ძმათაგან მოწეული განსაცდელით დაღლილი და ძალზე შემეცოდა.

წმინდა ქსენიას ხსენების დღეს ჩამოვედი სტასიდიიდან და მარჯვენა ქორედის გვერდით დავდექი. მოძღვარი მასწავლიდა, - თუ მონაზვნობა გსურს, ღვთისმსახურებაზე ხშირად უნდა იდგე, ეს სასარგებლო იქნება შენი მონაზვნური ხასიათისთვისო...

იმ დღეს კანონარქმა წიგნის მკითხველად დაადგინა ძალზე მოხუცებული ძმა იოსები. წმინდა ქსენიას ცხოვრების კითხვამ იმდენად აღაფრთოვანა ჩემი გონება, რომ ცრემლები მდინარესავით მდიოდა თვალთაგან. როცა საკითხავი მივიდა ამ ადგილამდე: "უფალო ჩემო, მე ქსენია მქვია, რამეთუ მე გავხდი ქსენია, ანუ მწირი, შენი სიყვარულისთვის", გამახსენდა საკუთარი თავი - ასეთივე მწირი ვარ მონასტერში-მეთქი და ვცადე, ჩუმად მესუნთქა, რათა ფიქრი არ დამეფრთხო. აი, ასეთი სიკეთე მომიტანა ამ საკითხავმა. ახლაც, როცა იხსენიება წმინდა ქსენია, თვალწინ წამომიდგება უცხო მხარე, რომლადაც იქცა ჩვენთვის ათონი. ჩვენ ხომ მოვედით მამებთან, რომელთაგან ბევრს აქამდე არც კი ვიცნობდით. მაშინ ცხონების მოსურნეთათვის დიდად სასარგებლო იყო იმის აკრძალვა, რომ არავისთვის ეკითხათ სადაურობა ან სოფლის დატოვების მიზეზი. სოფელში ერთი შეიძლება მდიდარი ყოფილიყო, მეორე კი თავადიშვილი, მაგრამ ყველა ღვთაებრივი სიყვარულის ძალით ცხონებისკენ ისწრაფოდა. ყველა კაცის საქმე იცოდა მხოლოდ მონასტრის იღუმენმა, რომელიც თითოეულ მონაზონს ცხონებისკენ წარმართავდა. მონაზვნისთვის ქედმაღლობის უფლება რომ არ მიეცა, ეკონომოსს ეტყოდა ხოლმე: "მიხედე ამ მახინჯს. წესიერი კაცი რომ ყოფილიყო, მონასტერში არ მოვიდოდა".

იღუმენი ფსალმუნების კითხვისას სტასიდიაზე ჯდებოდა და თუ დაინახავდა ცრემლმდინარე მონაზვნებს, ლანძღავდა, როგორც ხიბლში ჩავარდნილებს. ეუბნებოდა, - მონასტერში ნებაყოფლობით კი არ მოხვედით, არამედ მძიმე ცოდვების გამოსალოცადო და სხვა გულსატკენ სიტყვებს.

მონასტრის მამები უსმენდნენ ამ მწარე საყვედურს და მდუმარედ ეთანხმებოდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ მოძღვარი ბრძნულად იქცეოდა.

"ყურძნის მტევნები მხოლოდ ვენახში უნდა მოკრიფო, - ამბობდა იგი, - იღუმენი მას ახლა დაწურავს და მერე მისგან ტკბილი ღვინო დადგებაო".

ახალბედა მონაზვნები ეკითხებოდნენ, - ყურძნის მოკრეფას ხომ ყოველთვის მოვასწრებთო.

მამებს კი ესმოდათ, რომ ყურძნის მტევანი - ძმაა, ხოლო ვენახი - სოფელი. ძმამ დატოვა სოფელი და საკუთარი ნებით მისცა თავი იღუმენისა და ძმების მორჩილებას.

ძმებს იღუმენის უხეშობა ახარებდათ და ძმას ეტყოდნენ:

- მამაო, ისე მოიქეცი, როგორც იღუმენმა გიბრძანაო.

ერთს ერთ საქმეზე გზავნიდა, მეორეს - სხვაზე. ყველა სამუშაო დიდი სიხარულით სრულდებოდა და მათგან სიკეთის ნაყოფი უხვად გროვდებოდა.

როცა ძმა მიდიოდა და აღიარებდა, მავანმა გამაბრაზაო, იღუმენი მშვიდად და მკაცრად პასუხობდა:

- ხედავ, რა ქნა შენმა ქედმაღლობამ, შენმა ეგოიზმმა? ეგოისტი და ამაყი ხარ, ამიტომ ძმები იძულებულნი არიან, გისაყვედურონ, რათა გული გაგითავისუფლდეს უწმინდური ვნებებისგან. ამაზე არის დაწერილი წიგნში "სულიერი სარკე". შენ იცი, რომ განდეგილობას ჯერ საფუძველი უნდა ჩაუყარო - საკუთარი თავი ცოდვათაგან გაათავისუფლო. ყველა სხვა ცოდვა ქედმაღლობის შვილია.

ამის გამგონე ძმა მწყურვალი ირემივით ისწრაფოდა საქმისკენ, იჩენდა სიმტკიცეს, მოთმინებას და მაგალითს იღებდა ძველი მამებისგან, რომლებიც ყველაფერს ამ სიტყვებით დაითმენდნენ:

- ჩვენ გავხდით მწირები, დავუტევეთ საკუთარი სამშობლო და ყველგან უცხოელებად ვითვლებით. შენ კი, ღმერთო ჩემო, "მწირი" გეწოდა, როგორც თქვა შენზე ბრძენმა მრჩეველმა, წმინდა იოსებ კეთილმშვენიერმა. შეგვეწიე ჩვენც, რომ დაგემსგავსოთ შენ, უვნებო ღმერთს, რამეთუ გვსურს ზეციური მამის შვილობა, დაე, არ მოგვაკლდეს შენი ღვთაებრივი სიყვარული. აი, რამდენად სასარგებლო იყო თემი ჩვენი მამებისთვის. ყველამ მთლიანად მიანდო საკუთარი თავი იღუმენს და დაიხოცნენ მონასტრის მსახურებაში, თვითონ არაფერს ითხოვდნენ და ელოდნენ, ვიდრე იღუმენი არ მისცემდა წამოსასხამს თუ საწვიმარს.

მიცვალების ჟამს კი არ მწუხარებდნენ, რომ მეტად ვერ ნახავდნენ თავიანთ მონასტერს, არამედ სიყვარულით და მხიარულებით აღსავსენი პასუხობდნენ მწუხარეთა შეკითხვებს: მე მივემგზავრები. იქ შევხვდები წმინდა სვიმეონს, წმინდა იოსებ უფლისწულს, ვნახავ ყველა მამას, რომელსაც ჩემამდე უცხოვრია ჩვენს კურთხეულ სავანეში. ჩვენი მონასტერი კიბეა, ძმათა ზეცად აღმყვანებელი.

მაშინ სოფელი დიდი კეთილმოკრძალებით შეჰყურებდა ათონის წმინდა მთას. მის სანახავად ხომალდებით არ დადიოდნენ, როგორც დღევანდელ უკრძალველ ეპოქაში, როცა ურანოპოლისიდან გადიან თბომავლები მუსიკის ჟღერით. ფულის გამო მათ გემბანზე აჰყავთ ქალები, რომლებიც ყვირიან და მხიარულობენ და ვერ ხვდებიან, რომ მთაწმინდა მსოფლიო სიწმინდეა. ქალებს აკრძალული აქვთ საკურთხეველში შესვლა და მთაწმინდის სტუმრობა.

სამწუხაროდ, მონაზონ დედებსაც დავიწყებიათ თავიანთი მიზნები, საქვეყნოდ გაჰყვირიან თავიანთ ღვთისმოსაობას და საზღვაო კრუიზში მიდიან მღვდელმთავრებისა და მღვდელთა ხელმძღვანელობით, მისცურავენ, მიუყვებიან ათონის ნაპირს. მათ დაავიწყდათ, რა დაემართა კალიფეელ ევტიქიას. ის დაჯდა ნავში და მიცურავდა კარულიის პირდაპირ, სწორედ იქ, სადაც წმინდა სვიმეონი მოსაგრეობდა. შტორმი ატყდა. ქალმა ნავი მოაბრუნა, შიშით და თრთოლით ყოვლადწმინდა ღვთსმშობელს შენდობა სთხოვა კადნიერებისთვის. შეძრწუნებული ევტიქია თესალონიკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მერე ის ათენში გადაასვენეს და ისე დაკრძალეს, რომ მოძღვარსაც კი არ შეატყობინეს.

გწერთ ამის შესახებ, რათა იცოდეთ, თუ რაოდენ ზრუნავს ჩვენს წმინდა ადგილზე უწმინდესი ქალწული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ის გვიცავს ჩვენ და სურს, რომ ჩვენი სულები მზეზე მეტად ბრწყინავდეს. ამიტომ ქალები არც უნდა გვაღელვებდნენ.

მონაზონს სჭირდება, მისი გონება და აზროვნება წმინდა იყოს ლოცვის ჟამს. ის სხვა არაფერზე არ უნდა ფიქრობდეს, მხოლოდ ღმერთკაც იესოს მშვენიერებასა და მისი ყოვლადწმინდა დედის სილამაზეზე, რომლის წყალობით, სიმდაბლეშეცნობილნი ღირსი შევიქმნებით აღმაღლებისა და მოუკლებლად ღვთის ჭვრეტისა.

თავი შორს დაიჭირეთ დოგმატური კამათისგან, რადგანაც ისინი სულს განახმობენ. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, რათა შემიწყალოს უფალმა თავისი წყალობით და აცხოვნოს სული ჩემი.

მონაზონი გერონტი. ათონის მწვანე მდელოებს შორის მდებარეობს სიმონპეტრას მონასტერი. აქ აძოვებენ მეტოქიონიდან მორეკილ ხარებსა და ჯორებს. ადრეულ წლებში მათი მწყემსი ანუ, როგორც ათონზე ეძახიან "მეჯორე", იყო მამა გერონტი.

მამა გერონტი დაიბადა ათონის მოპირდაპირე მხარეს სიკიაში. ცოლის სიკვდილის მერე მოვიდა მონასტერში, სადაც გაიცნო მამები, რომლებიც სავანის მეტოქიონს ხელმძღვანელობდნენ სიკიაში. სათანადო გამოცდის შემდეგ იგი გერონტის სახელით აღკვეცეს. მონასტერში ნახირს გომურებში არ აჩერებდნენ და ისიც სავანის გალავანს მიღმა მშვიდად ძოვდა და იქვე ათევდნენ ღამესაც. გერონტი საღამოთი მოუხმობდა ხარებს და წყლის დასალევად მიჰყავდა. დალოცვილი ცხოველები მიდიოდნენ მასთან და ეალერსებოდნენ.

თუ ხარი ან ჯორი დააკლდებოდა სათვალავში, შეევედრებოდა წმინდა მოდესტის და მის მოსაძებნად გაემართებოდა. ასევე, როცა მოუწოდებდა წმინდა მოდესტის სახელს, დასნეულებული პირუტყვი მაშინვე გამოჯანმრთელდებოდა.

იმ დროს თესალონიკიდან ათონზე მოდიოდნენ ბაყლები საქონლის საყიდლად, ფულს კი თურქებისგან დაპყრობილ ოლქებში სკოლების ასაშენებლად ვგზავნიდით.

მამა გერონტი საოცრად მშვიდი იყო, ახლაც ცოცხალივით დგას ჩემს წინაშე ლოცვით აღვსებული. ის ყველას აოცებდა ჩვენს სავანეში.

ერთხელ ძმებმა ჰკითხეს, - სიმშვიდე როგორ მოიპოვეო. უპასუხა:

- სოფელში მიხდებოდა ცხვრების, თხებისა და ყველანაირი პირუტყვის მწყემსვა. მონასტერში, წიგნის კითხვისას მოვისმინე, რომ ერთ კაცს ვირი მიჰყავდა და ყოველთვის, როცა გვერდზე გადაუხვევდა, სცემდა მას, რათა სწორად წასულიყო. მერე ყოვლადმოწყალე ღმერთის ნებით, ვირმა გააღო პირი და ჰკითხა, - რისთვის მცემო. მაშინ მივხვდი, რომ ცუდად ვიქცეოდი, როცა საქონელს ვუწყრებოდი. როგორ შეიძლებოდა მეცემა ისინი, ვინც ჩემს წინააღმდეგ არ იყოს განწყობილი. ჩემს სულში ცვლილება მოხდა, გამეფდა მშვიდობა და სიხარული. მთელი სულით მივხვდი, რომ ჩემი ჯორებისთვის უნდა მიმებაძა და მათსავით მორჩილი ვყოფილიყავი. სადაც არ უნდა წავიდე, ვეძახი მათ - და ჩემთან დიდი სიხარულითა და მხიარულებით მოდიან. ყველა მომყვება საძოვარზე. ვწუხვარ, რომ ჩვენს მონასტერში გომური არ არის და ზამთარში მათ ფარდულში ვამწყვდევთ. მათ საგულდაგულოდ ვუვლი, ნაკელი შორს გამაქვს, თორემ სინესტის გამო ჯორები დაავადდებიან. ნაკელი მებაღეს მიაქვს მონასტრის ბაღისთვის. თუ ნაკელი ბევრია, განდეგილებსაც მიაქვთ თავიანთი ბოსტნისთვის.

აი ასეთი მშვიდი და ყურადღებიანი იყო მამა გერონტი. ის არასოდეს შეწინააღმდეგებია, მოძღვრისა და იკონომოსის ბრძანებებს, რომელიც ჩვენს დროს ძალზე მკაცრი იყო. ერთხელ დამანახა, სამზარეულოში შეშა მიმქონდა და მითხრა:

- მამა ქრისტო, გაფრთხილდი, ასანთი ტყუილად არ დაწვა, ხედავ, მონასტრის განათება გვიხდება, პატარა სანთლები მთელი ღამე ანთებული გვაქვს, რისთვისაც ერთ კვირაში ნახევარი კასრი ნავთი იწვება. ჯერ შენ პატარა ხარ. ამიტომაც ჩვენ, მამებმა, უნდა გასწავლოთ გაფრთხილება და ყურადღება. გარეცხვის მერე ტანსაცმელი მზეზე არ უნდა გაფინო, თორემ ფერი გაუვა და ადვილად დაგეხევა. დახეულ ტანსაცმელს რომ დაინახავ, სინდისი გამხელს, ცხონება კი გაგიჭირდება.

მამა გერონტი მისი ცხოვრების ბოლო წლებში აღარ მინახავს, რადგან სამოღვაწეოდ უდაბნოში წავიდა. მე კი აქა-იქ დავხეტიალობ და არ ვიცი, გადარჩება თუ არა ჩემი სული.

აქ, ამ სკიტში, სადაც ვცხოვრობ, ყველა ამჩნევს, რომ არც ჯორი გვყავს და არც ვირი, რომლითაც შეშას ან საკვებს მოვიტანდით. არადა სკიტის ტიპიკონში გვიწერია, რომ მონაზვნებმა ტვირთი პირუტყვის დახმარებით მოიტანონ. ზოგჯერ, როცა ძალზე გაგვიჭირდება, ვეუბნებით ერისკაცებს და მათ თავიანთი ვირებით მოაქვთ ხორბალი, რის გამოც მონასტერში პირუტყვი აღარ გვჭირდება.
ბეჭდვა
1კ1