"მითხარით, რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხათ?"
"მითხარით, რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხათ?"
წმინდა გრიგოლ ხანძთელს თავის სენაკში ცეცხლი და თვით კანდელიც არასოდეს არ აუნთია. ერთხელ, ცისკრის ჟამს, დეკანოზმა უთხრა მნათეს: წადი და ნახე, მამა გრიგოლს სძინავს თუ ღვიძავსო. მნათემ მამა გრიგოლის სენაკი გაბრდღვიალებული იხილა. გამოიქცა და დეკანოზს დაუძახა: - ცეცხლი მოსდებია მამა გრიგოლის სენაკსო. დეკანოზმა უთხრა: - დადუმდი და ნუ გეშინია, შვილო, არ არის ეგ ცეცხლი შემწველი, არამედ არის სული ღმრთისა განმანათლებელიო. მას მრავალგზის ენახა ხილვა იგი დიდებული. წავიდა, სენაკში ჭუჭრუტანიდან შეიხედა და დაინახა ხელგანპყრობით ლოცვად მდგომარე წმინდა გრიგოლი. მისი სხეულიდან ჯვრის სახედ ნათლის ისარნი გამოდიოდნენ და სახე მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავდა. დეკანოზი სიხარულით მადლობდა ღმერთს და მცირე ხანს, სანამ სახილავი არ შეიცვალა, ლოცვისთვის ზარი არ დაარეკინა.

***
ერთხელ, ზამთარში, მონასტრის ძმობა ხანძთის ტყეში ხეებს ჭრიდა და აცურებდა. მათთან იყო წმინდა გრიგოლიც. ერთი ბერი ძელის ჩამოცურების ადგილას გადადიოდა. ძმებმა ეს არ იცოდნენ და ხე დააცურეს. შეშინებული ბერი იქვე გაშეშდა და სასოწარკვეთილმა მამა გრიგოლს შესძახა: - მამაო, შემეწიეო. ხოლო მან ჯვარი გადასახა ძელს და უთხრა: - ქრისტეს სახელით, ძელო, დადეგ. მისმა სიტყვამ, როგორც "კლდემან უძრავმან", გააჩერა გასიპულ ყინულზე დაცურებული ძელი. მამა გრიგოლმა უბრძანა ძმას, გულმშვიდად გამოსულიყო. ამის მნახველი ძმები ადიდებდნენ ღმერთს.

***
80-იან წლებში, როცა ბეთანიის მონასტერი კვლავ აღორძინდა, ბერებს ფუტკრის სკები შესწირეს. ერთხელ ერთმა სკამ იბარტყა და ფუტკრები, თავიანთი მონაგრით, ტყეში შეფრინდნენ. ასეთ შემთხვევაში ფუტკრები სადმე ხეზე დაბინავდებიან ხოლმე და მათი სკაში შეყრა ძნელია. ეს ბერებმა არ იცოდნენ, არც ფუტკრების ასავალ-დასავალი იცოდნენ... იმ დროს ბეთანიაში მამა გაბრიელი (ურგებაძე) იმყოფებოდა. მან წინამძღვარს უთხრა: - დიდმა მამა იოანემ (მაისურაძემ) ბრძანა, თუ გავმართლდი ღვთის წინაშე, ბეთანიის მფარველი ვიქნებიო. მოდი, მას ვთხოვოთ დახმარებაო. შებრუნდა ტყისკენ მამა გაბრიელი, ჯვარი გადასახა და ხმამაღლა თქვა: - ფუტკრებო, მამა იოანეს ლოცვით სკაში დაბრუნდითო! მოხდა სასწაული, ნაბარტყი ფუტკარი დაბრუნდა და მისთვის გამზადებულ სკაშიც დაბინავდა.

***
ერთხელ მამა გაბრიელმა მორწმუნეებს ჰკითხა: "მითხარით, რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხათ?" "ალბათ არასწორად ილოცაო", - უპასუხეს. "არა, სწორად ილოცაო", - უთხრა ბერმა. "ალბათ ლოცვის დროს გონება გაურბოდაო", - იფიქრეს ახალგაზრდებმა. მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებაგაფანტულობა რომ არ გქონდეთო, - ბრძანა მამა გაბრიელმა. ბოლოს მორწმუნეებმა სთხოვეს, განემარტა, რას ნიშნავდა მისივე შეკითხვა. ახლავე გეტყვითო, - თქვა მან. ამ დროს მასთან ერთი მორწმუნე შემოვიდა კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა რაღაცის გაკეთება სთხოვა. მან კი უპასუხა: - ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო. შემდეგ მამა გაბრიელმა უთხრა მორწმუნეებს: - ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოისმენს, მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარიაო.

***
მონგოლებმა დაიპყრეს საქართველო. ერთხელ ალმუთს წავიდნენ სალაშქროდ და ქართველნიც იახლეს. შვიდი წელი გაგრძელდა ალმუთის ბრძოლა. ალმუთელებმა მკვლელი უჩუმრად შეგზავნეს მონგოლთა ბანაკში და ჩაღატა ნოინი მოაკვლევინეს. მონგოლებმა ნოინის მკვლელობა ქართველებს დააბრალეს და განრისხებულნი მათ ამოსახოცად ქართველთა ბანაკისკენ წამოვიდნენ. ქართველთაგან ზოგი საომრად გაემზადა. მაშინ წამოდგა გრიგოლ სურამელი, ერისთავი ქართლისა, და თანამოძმეთ მიმართა: არ არის ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირენი ვართ და უკეთუ ვებრძოლოთ, დიდიდან მცირემდე მოგვწყვეტენ. თუ არ ვიბრძოლებთ, მაშინ წარჩინებულნი გავიდეთ და ჩვენ დაგვხოცონ მხოლოდ და არა ყოველი ქართველნი. ახლა ღვთისადმი შევრდომის დროა, რამეთუ ჩვენი უფლისა და მისი მშობელის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდა, არავინ არის ჩვენი მშველელი. ახლა ყველამ სამ-სამჯერ მუხლი მოიდრიკეთ და წარმოთქვით ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"... ასეც მოიქცნენ ქართველნი.

მოახლოვდა მონგოლთა ჯარი... ამ დროს ლერწმოვანიდან გამოვარდა ერთი კაცი სისხლიანი მახვილით ხელში. მახვილი ზე აღაპყრო და დაიყვირა: - "მან ქუშტემ ჩაღატა!" რაც ქართულად ნიშნავს "მე მოვკალი ჩაღატა". თქვა და ისევ ლერწმოვანს შეეფარა. მონგოლები დაედევნენ და შეიპყრეს. მერე გამოჰკითხეს, როგორ მოკალი ნოინი და რა იყო მიზეზი ლერწმოვანიდან შენი გამოვარდნისა და მკვლელობის აღიარებისაო. მან უპასუხა: "როცა ლერწმოვანში დავიმალე, მყის მოვიდა ჩემთან სიტურფეაღმატებული ვინმე დედაკაცი და მითხრა: "რატომ ჩაიდინე ეს? კაცი მოკალი და დაიმალე, ახლა კი შენი მიზეზით მრავალნი მოწყდებიან ტყუილად". ვკითხე: "რა ვქნა, დედოფალო?" ხოლო მან მითხრა: "ადექი და გამომყევი. მიდი მონგოლებთან, უთხარი, რომ შენ მოკალი ის კაცი და განარინე ურიცხვი სული სიკვდილისგანო". მეც ავდექი და გამოვყევი. მან მომიყვანა თქვენს წინაშე. როცა ვიყვირე და თქვენც დამინახეთ, ის დედაკაცი გაქრა. არ ვიცი, ვინ იყოო. ქართველები მიხვდნენ, ვინც იყო მათი მხსნელი და სამადლობელი ლოცვა აღავლინეს ღვთისმშობლისადმი.

***
წმინდა გაბრიელ მცირეს უყვებოდა ვინმე სარწმუნო მღვდელმონაზონი: ერთ ღამეს, როცა კვირადღე თენდებოდა, წირვისთვის ვემზადებოდი. შუაღამისას დამჭირდა სანთლის ანთება. ერთი ღირსი და პატიოსანი ძმის სენაკიდან სინათლე გამოდიოდა. მივედი, დავუძახე, სანთლის ანთება ვთხოვე. ნეტარი ბერი ამ დროს ლოცულობდა. გამიღო კარი და მითხრა: "არ მინთია, მამაო, სანთელი". მიხურა სენაკის კარი და ლოცვა განაგრძო. და ვხედავდი მას სარკმლიდან, თითქოს "შარავანდსა სანთლისასა" და განკვირვებული ვიყავი, რამეთუ მისი წმინდა ლოცვით სენაკი ამგვარი ბრწყინვალე ნათლით იყო აღსავსე.

***
მიტროპოლიტი იოანე მოუთხრობდა წმინდა გაბრიელს: - მაშინ ბერდიაკონი ვიყავ გარეჯას. დავსნეულდი მუცლის სიმსივნით და ისე მტკიოდა, რომ სუნთქვას მიშლიდაო. ამ დროს შევიდა თურმე მასთან წმინდა იოსებ კათოლიკოსი (რომელიც მაშინ იქ მოღვაწეობდა), ნახა დასნეულებული იოანე, რომელსაც ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და თვალებითღა ევედრებოდა წმინდა მამას ლოცვას. წმინდა მღვდელმთავარმა მეყსეულად დატოვა სნეული, შევიდა თავის სენაკში, ილოცა მხურვალედ, მერე ისევ მიაკითხა სნეულს და უთხრა: მსმენია, თხილის ჯოხის ნახშირია ამისთვის კარგიო. შედო ცეცხლში თავისი კვერთხი. როცა დაიწვა და დანახშირდა, გაურია წყალში, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. შესმისთანავე იოანეს გაბერილი მუცელი დაუცხრა და სამი დღის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი წამოდგა. ამბობდა: თხილის ნახშირმა კი არ განმკურნა, არამედ წმინდანის ლოცვამ, რომელიც სიმდაბლით ნახშირს აბრალებდა ჩემს კურნებასო.
ბეჭდვა
1კ1