"კარგი მეგობარი ისაა, ვინც სიყვარულით ემსახურება"
"კარგი მეგობარი ისაა, ვინც სიყვარულით ემსახურება"
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
იკონომოსყოფილი მეჯორე. მეჯორემ გაიღიმა და მიპასუხა:

- მოძღვარმა იცოდა ჩემი ქედმაღლობის ამბავი და მონასტრის ქტიტორის წმინდა სვიმონის ლოცვით გადაწყვიტა ამ წყეული მზვაობრობის ვნებისგან გავეთავისუფლებინე, რათა ამ სოფლიდან თავისუფალი კაცი წავსულიყავი და გადავსახლებულიყავი წამიერი ცხოვრებიდან საუკუნო სავანეში.

ვხედავ, ცხონებისკენ ისწრაფვი. როცა გლანძღავენ, დაგცინიან, იცოდე, მათი მიზანია, გასწავლონ შენ სიმდაბლისმოყვარეობის სიღრმე და სიმაღლე. სიმდაბლისმოყვარეობის სიღრმე არის საკუთარი თავის არად მიჩნევა, ხოლო სიმაღლე ისაა, რომ სიმდაბლისმოყვარეობის კიბით მსუბუქად ახვიდე ღვთისკენ.

ამიტომაც, პატივცემულო ქრისტო, ყოველივეს უკეთ შესაცნობად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

მერცხლები ჩვენთან თბილი ქვეყნებიდან მოფრინავენ და ზამთარში უკანვე ბრუნდებიან. გაიხსენე, რომელ დღეებში ხდება ეს? მოფრინავენ 40 მოწამის ხსენების დღეს და მიფრინავენ ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს ფერისცვალების დღეს.

ისინი მოფრინავენ ორმოცი მოწამის ხსენების დღეს, რათა გვიჩვენონ, რომ ქალაქ სებასტიის მეომრებმა და მოხელეებმა დაიმდაბლეს თავი და არად ჩააგდეს დამცირება. და მაშინ, ღვთის განგებულებით, იმდროინდელმა ტირანმა მათი სხეულები ცეცხლს მისცა. ერთ-ერთ დედას სიმდაბლისმოყვარეობის გზაზე მიმავალი ნორჩი შვილის დანახვისას ეშმაკმა მწუხარება ჩაუთესა, გაიქცა, რათა შვილისთვის მოეხადა მის მიერ არჩეული სიმდაბლისმოყვარეობის გვირგვინი...

მერცხლების მერე წეროები მოფრინდებიან. ეს გვასწავლის სიმდაბლეს, მუშაკობას, ჭვრეტას. მერცხლები წინ მოფრინავენ. თუ ისინი ქედმაღლობას მიეცემიან და ჩათვლიან, რომ კარგად ფრენენ, მაშინ გზას ასცდებიან და წეროების მერე გამოჩნდებიან. წეროები არწივებივით მაღლა ადიან ზეცაში, მაგრამ სიმდაბლისმოყვარეობა მათ არწივზე უფრო აღამაღლებს. არწივები ამა სოფლის მეუფენი არიან, წეროები - მონაზონთა დასი.

მოძღვარმა დაინახა, რომ ჩემს გულში ჯერ კიდევ სახლობდა ქედმაღლობის ვნება, ამიტომაც მომიჩინა ჯორები სამწყემსავად, რათა პირუტყვთაგან ვისწავლო სიმდაბლისმოყვარეობა. როცა მათ სწყურიათ, მაინც ცოტას სვამენ, როცა თვლემენ და პატრონი წასვლას აიძულებს, არ ეურჩებიან, თავმდაბლად გაუდგებიან გზას. დაიღლებიან, ოფლად იღვრებიან, მაინც არ ჯიუტობენ, დაითმენენ, ვიდრე ქანცგაწყვეტილნი არ დაეცემიან.

სიმდაბლისმოყვარეობაზე მეფე დავითმა თქვა: "კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო" - დაიხსნი შენ მათი სიმდაბლისმოყვარეობით. ადამიანები ისინი არიან, ვინც ერში დარჩა, მონაზვნები კი მსგავსნი არიან პირუტყვისა. ისინი იმეორებენ დავითთან ერთად: "მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმავყავ, ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენს წინაშე და მე მარადის შენთანა ვარ" (ფსალ. 72,22-23).

სიმდაბლისმოყვარეობა - ზეციური, ღვთაებრივი სიყვარულია. ამ სიყვარულით აღტაცებული მონაზონი უნდა იჯდეს თავის კელიაში და იხსენიებდეს წმინდა მოწამეებს. დაე, შეხედონ წეროებს, მათზე ადრე კი მერცხლებს. ისინი ტოვებენ სამშობლოს და მათმა ბარტყები, ისე, რომ არც კი იციან სამშობლოს არსებობა, თავმდაბლად მიჰყვებიან მშობლებს ბუდეებისკენ, საითაც ისინი მიეშურებიან.

მონაზონი, რომელიც მოძღვრის ბრძანებით დასახლდება კელიაში, სწავლობს, თუ რა არის სენაკში ყოფნა. თვითონ კელია მისი ცხოვრების ბოლო ჟამს იწყებს მის აყვანას წარმავალიდან მარადიულისკენ, მაშინ, თუ მონაზონმა ღვთაებრივი სიყვარული მოიპოვა, რომელიც სიმდაბლისმოყვარეობისგან წარმოიშობა.

აი, რას ნიშნავს სიტყვები: "ვითარცა ცხოვარი შევირაცხე შენს წინაშე და მე მარადის შენთან ვარ".

სიმდაბლისმოყვარეობა ასწავლის მონაზონს, არ ჰქონდეს საკუთარი გულისთქმები და ნება, ყოველთვის აღასრულოს იღუმენის განკარგულება.

შეხედე მამა ანანისს, დამთავრდა წმინდა დიმიტრის ღამისთევა, მოძღვარმა მისცა მას პური, ღვინის ძმარი და აკურთხა, წმინდა გიორგის კელიაში წასულიყო. ის პირუტყვის მსგავსად ცხოვრობს, არა აქვს თავისი ნება-სურვილები, მისი სიმდაბლე მორჩილებით არის ლაგამამოდებული, ის ფიქრობს მხოლოდ იმას, რომ გულიდან გამომავალი ღვთაებრივი სიყვარული შეუერთდეს სამჰიპოსტასიან ღმერთს.

ხომ ნახე, რისი ღირსი შეიქნა სიმდაბლისმოყვარეობა? მოხედე მამა იერონიმეს, რომელიც ერში შენი მოძღვარი იყო. მას პატივს მიაგებდნენ, როგორც მოძღვარს, მაგრამ მონასტრის მთელი ძმობა მის გაგდებას მოითხოვდა, როგორც ბოროტზნიანისა. ის კი ყველაფერს დაითმენდა.

წმინდა მამები თავიანთ წიგნებში მონასტერს სამჭედლოს ადარებენ. შენ მონასტერში დასახლდები ისე, როგორც ქურაში შედებენ დაჟანგულ რკინას, რომელსაც ცეცხლი გაწმენდს და გრდემლი ასწორებს. ვისაც სურს უვნებლობის საზომს მიაღწიოს, დაე, დამდაბლდეს და თავის თავზე იფიქროს, რომ ის უბრალო ნემსზეც კი უმნიშვნელოა. თუმცა ნემსით შეიძლება სამოსი გაკერო, სიმდაბლისმოყვარეობით კი გულწრფელად იფიქრო, რომ უვარგისი ხარ.

გინახავს ოდესმე, რომ მამა იერონიმეს საწოლში სძინებოდა? დამჯდარს სძინავს, მიიფარებს ნაქსოვ წამოსასხამს. როგორც კი დაჰკრავენ დაფს, მაშინვე ეკლესიისკენ ისწრაფვის. თუ ეკლესიის მსახური გალანძღავს ან გამოაგდებს, კი არ შეწუხდება, მუხლებში ჩაუვარდება და შენდობას სთხოვს.

იღუმენზე ჭორაობენ და ლანძღავენ. ის კი ხმასაც არ აუწევს. ჰოი, ნეტარი სიმდაბლისმოყვარეობა, რომელშიც განესწავლენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ!

აი, ამაზე ფიქრობდა ჩემი მოძღვარი და როგორც საუკეთესო ექიმმა, მე დამამდაბლა, როცა მომხსნა იკონომოსობიდან, რამეთუ სიმდაბლე აღამაღლებს კაცს პირდაპირ ყოვლადწმინდა სამება ღმერთის წმინდა ტრაპეზის წინაშე.

ძალიან მარგო მნეყოფილის საუბარმა. მერე გზააბნეულმა მივატოვე მონასტრის თემური ცხოვრება. მოშურნე გავხდი მყუდროებისა და მიუხედავად სიყმაწვილისა, მოძღვრად დამადგინეს და ძალით მომცეს მორჩილები, რომლებიც მერე ჭლექით დაიხოცნენ. 35 წელია, დავეხეტები სოფელში და არ ვიცი, გადავრჩები თუ არა. ამიტომ ყური უგდე ყველას, ვისაც მონაზვნური წესებით სურს ცხოვრება, სრულ არარაობამდე დაიმდაბლე თავი.

როგორ გახდა ცოლოსანი მონაზონი. ათონის ერთ-ერთ მონასტერში მოვიდა ცოლოსანი, ერში ცნობილი ვაჭარი ვრახამის გვარისა. მთელი ქონება დატოვა, მონაზვნად აღკვეცა ითხოვა, რადგან სიყრმიდანვე მონაზვნობა სურდა. სამზარეულოში გაუშვეს, სადაც ალბანელი მამები ნამდვილ სიმდაბლეს ასწავლიდნენ.

ის ყურადღებით უსმენდა მათ რჩევებს, თვალყურს ადევნებდა, რომ ღუმელში ცეცხლი არ ჩამქრალიყო. თან იმაზე ფიქრობდა, თუ როგორი ნეტარებაა გამზადებული მართალთათვის და რაოდენ განიკითხებიან ცოდვილნი. ყველაზე მეტად სცოდავენ ის მონაზვნები, რომლებიც ამბობენ, - ძმას ვერ მივეხმარები, რადგან მერე კანონის წაკითხვას ვეღარ მოვასწრებო.

ეს ნეტარი კაცი სამზარეულოში დღეში ორჯერ საქმიანობდა. სავანეში მარტო 70 მონაზონი ცხოვრობდა, უამრავი მუშა და სტუმარი ტრიალებდა. სავანის ყველა იღუმენი სიყვარულით იყვნენ სავსენი, რომლის წყალობითაც უძღვებოდნენ მონასტერს. ყველას ხელგაშლილნი ხვდებოდნენ.

ეს კურთხეული მონაზონი, ახალბედა, მაგრამ ასაკით მხცოვანი, სიხარულით იყო სავსე. იცოდა, ჭყინტი ლობიო მიყვარდა და მეტყოდა ხოლმე ალბანურად: "ეს ტატ რიტ ხას", ანუ მოდი, მამაო, დაჯექი და ჭამეო. მე განდეგილი ვიყავი, ამიტომაც, როცა მონასტერში შევიდოდი, ყველანაირად ცდილობდა, ჩემთვის ესიამოვნებინა.

არასოდეს წყრებოდა, როცა ვინმე არ ეხმარებოდა. ერთხელ მონასტრის ძმას ვკითხე, როგორაა-მეთქი. ნეტარად განისვენაო, - მითხრა.

ჰოი, მე უბედური, სრულიად ახალგაზრდას მან ლობიოს მორწყვა მიბრძანა. გავბრაზდი და მორჩილების გვირგვინს მოვაკლდი.

როცა მონაზონი ღვთისა და მოყვასის სიყვარულის საზომს მიაღწევს, მზადაა, მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე შესწიროს.

მონაზონმა, რომელიც სიყვარულის საქმეს ემსახურება, უნდა დაიმარხოს მოუკლებელი გონებისმერი ლოცვა. და როცა ლოცულობს, სიყვარულის მიზეზზე ფიქრობს, გული სიხარულით ევსება, სიტყვისაებრ უფლისა: "კარგი მეგობარი ისაა, ვინც სიყვარულით ემსახურება".

სიყვარულის გამო გახდა ღმერთი ადამიანი. სიყვარულის გამო შეეწირა მსხვერპლად ჯვარზე.

სიყვარულით არიან შეკრულნი ანგელოზთა დასნი ზეცაში. ისინი მზად არიან, მსხვერპლად შეეწირონ სიყვარულის გამო და სიყვარულისთვის. ხარობენ და მხიარულებენ და ემსახურებიან მათ, ვინც ღვთის სიყვარულის გამო მოყვასს ემსახურება.

მე კი, საწყალი, უბედური, პატარა ვიყავი და არ ვცოდი, რა იყო სიყვარული.

ერთხელ იღუმენმა დანაღვლიანებულს მიზეზი მკითხა. მონასტრის კედლებს იქით ხალხი შიმშილობს-მეთქი, - ვუპასუხე.

რამდენიმე დღის მერე მეზღვაურები მოგვადგნენ მოწყალების სათხოვნელად. იღუმენმა მითხრა:

- შენი თანამემულეები მოვიდნენ. დაურიგე, რამდენსაც შეძლებ.

იღუმენმა მათ საჭმელი მისცა. მე სიხარულით ვფრენდი.

როცა იღუმენმა დაინახა ჩემი სიხარული, მითხრა:

- ოჰო, გიხარია?

არ ვიცოდი, რა მეპასუხა. იღუმენმა კურთხევა მომცა და ილოცა ჩემთვის, რომ მოწყალების უხვად გაცემა შემძლებოდა.

ასეთ სიხარულს, ვიმედოვნებ, მოიპოვებს ყველა ქრისტიანი, რომლებიც გაჭირვებულ თანამოძმეებს ეხმარება.

მამა გელასი სიმონპეტრელი. იცოდე, შვილო! პრაქტიკული საქმიანობით გართულმა არასოდეს დაივიწყო ჭვრეტითი მუშაკობა. როცა ახალგაზრდა იმ მონასტერში ვცხოვრობდი, სადაც ახლა შენ სახლობ, ეშმაკები სხვა მონასტრებიდან ჩვენთან მორბოდნენ ამ წმინდა დღეებში, რათა, თუ შეძლებდნენ, იქ მყოფნი ავეფორიაქებინეთ.

განსაცდელებისა მარტო მამა გელასის არ ეშინოდა. ის ეკლესიაში მსახურობდა და ქრისტეშობისთვის ამზადებდა ყველაფერს. მამებმა ჰკითხეს: - მამა გელასი, როგორ არ შეგეშინდათ და ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორც საჭირო იყოო.

მამა გელასიმ ძმებს თეოდორე სტუდიელის "საკათაკმევლო თავნის" სიტყვებით უპასუხა, - ეკლესიის მსახურნი მონასტრის ფერხნი არიან. ვიდრე სხვები მოვიდოდნენ, ისინი შედიან და განამშვენებენ ტაძარს.

და ახლა, როცა ვემსახურები ეკლესიაში, გული სიხარულით და მხიარულებით მევსება.

შენ კი ნუ მწუხარებ, არამედ გიხაროდეს, რომ ღმერთმა შენზე წყალობა მოიღო და ჩემთან გამოგგზავნა, რადგან თუმცა ცოდვილი ვარ, შემიძლია მოგითხრო, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება.

მონაზვნის ცხოვრება დამცრობილია ყველას წინაშე, არ ცნობისმოყვარეობს, საკუთარ თავს განიკითხავს და დამოძღვრავს მონაზონს, რომელიც ისწრაფვის უვნებლობის ზეციური მშვენიერებისაკენ, რომ მოკვდეს ამა სოფლისთვის.

ყველაფერს, რასაც ტრაპეზზე მიირთმევენ ყოველდღიურად მონაზონი მას დამდაბლებული სულით იღებს, თვლის, რომ არ არის ღირსი ამ საჭმლისაც, რომელსაც ჭამს.

როცა მონაზონი თავმდაბლად ფიქრობს, ის გრძნობს სიტკბოებას, რომელიც გამოედინება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უტკბესი სახელის წარმოთქმით. ის ივიწყებს ყოველივე ამქვეყნიურ საქმეს და თვით საჭმელსაც კი.

დიდ დღესასწაულებზე იფიქრე იმ ზეციურ საღვთისმეტყველო ქადაგებებზე, რომლებიც ტრაპეზობისას იკითხება. ეს ნიჭია, გამოსული წმინდა მამათა ბაგეებიდან, რომლებიც ამ მონასტერში ჩვენამდე ცხოვრობდნენ და სათნო ეყვნენ ღმერთს.

ამაზე იფიქრე, მამაო, და ლოცვისა და მყუდროების წყალობით მიაღწევ მონაზვნური ცხოვრების უმაღლეს საზომს.

მარად შენთან მყოფი ცოდვილი მღვდელმონაზონი ქრისანთე
ბეჭდვა
1კ1