ეს რა კაცია? ყველაფერს ხედავს, მისთვის მანძილი არ არსებობს
ეს რა კაცია? ყველაფერს ხედავს, მისთვის მანძილი არ არსებობს
მამა ხარლამპე
მამა-მოძღვარი. ერთხელ, რაღაც გაუგებრობის გამო, დიონისიატის მონასტრის ახალგაზრდა მონაზვნებმა დატოვეს სავანე და განზრახვის მხარდასაჭერად მამა ხარლამპეს - ცნობილ სულიერ მამას, მიაკითხეს. ეტყობა, თვით იოანე ნათლისმცემელმა გაუგზავნა ისინი მას. მამა ხარლამპე მონაზვნებს გაესაუბრა და მკაცრად დატუქსა. ისინი მონასტერში დაბრუნდნენ.

ცნობილმა დიონისიატელმა იღუმენმა მამა გაბრიელმა, როცა მოჯანყენი კვლავ მონასტერში დაინახა, დაბრუნების მიზეზი ჰკითხა. შეიტყო, რომ ისინი უკან მამა იოსების საძმოს მოძღვარმა დააბრუნა. ეკლესიაში ყველა მღვდელს არა აქვს აღსარების მიღების უფლება, მხოლოდ იმას, ვისაც ამის ნებას ეპისკოპოსი მისცემს (მამა ხარლამპე სწორედ ასეთი მოძღვარი იყო, - კ.კ.). ბრძენი იღუმენი მეორე დღეს მივიდა ახალ სკიტში, მადლობა გადაუხადა მამა ხარლამპეს მხარდაჭერისთვის და დიონისიატის მონასტრის მოძღვრობა შესთავაზა. მამა ხარლამპე უარზე იდგა. იღუმენმა უთხრა: - მომიტანე ოლარი, ცოდვათაგან გახსნის ლოცვა უნდა წაგიკითხოო.

მამა ხარლამპემ დაიჩოქა, თავი მოიდრიკა. იღუმენმა მას ოლარი გადააფარა და უთხრა: - აი, კისერზე ჩამოვიკიდე ოლარი და გიბრძანებ შენ, მორჩილების გამო, დღევანდელი დღიდან შეუდგე ჩვენი წმინდა სავანის მოძღვრის მოვალეობას.

ასეც მოხდა. ვის არ ეშინია ოლარის? მამა ხარლამპემ იცოდა მისი ფასი და კრძალვა ჰქონდა ამ სიწმინდისადმი, ამიტომაც უარი აღარ უთქვამს და უპასუხა: - მაკურთხე, მამაო, იყოს ნება ღვთისა.

მას მერე მრავალი წლის მანძილზე მამა ხარლამპე მორჩილებით იღებდა დიონისიატელთა აღსარებებს. ქსენოფონტეს მონასტრის მამებმაც სთხოვეს მოძღვრობა. დიდი თხოვნით დაითანხმეს. მალე მამა ხარლამპეს არა მარტო ათონზე, არამედ ათონს გარეთაც გაუვარდა სახელი, როგორც დიდსულიერ მამას. მასთან მრავალი სოფლის მღვდელი და ერისკაცი მიდიოდა აღსარებაზე. განსაკუთრებული მოძღვარი იყო მამა ხარლამპე, თითოეულ აღმსარებელს თავისი პიროვნების მცირე ნაწილს აძლევდა. ხანდახან მკაცრობდა, უფრო კი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა.

საკუთარი თავისთვის მკაცრი გახლდათ მამა ხარლამპე, მაგრამ თუ მონაზონი ეტყოდა, - მამაო, არ მყოფნის ძალა საბერო კანონის შესასრულებლადო, - ის ყოველთვის ნახულობდა გამოსავალს.

- 150 მეტანიის გაკეთება თუ არ შეგიძლია, 100 გააკეთე.

- ასიც არ შემიძლია.

- მაშინ სკვნილზე შეასრულე თორმეტი ასეული, მეტანიის ნაცვლად ჯვარი გამოისახე.

- ესეც მიმძიმს, მამაო.

- მაშინ, მოდი, ასე ვქნათ. სანამ შენ მოძლიერდები, მე შევასრულებ შენს მაგივრად კანონს. შენ მხოლოდ ღვთისმსახურებაზე იარე და აღასრულე შენი მორჩილება.

ეს ხერხი ხშირად ჭრიდა. კაცს, ბოლოს და ბოლოს, სინდისი შეაწუხებდა, იტყოდა, მოძღვარმა ჩემს მაგივრად კანონი რატომ უნდა შეასრულოს, სირცხვილიაო და შეუდგებოდა მოღვაწეობას. ერთხელ ერთ ძმას უბედურება შეემთხვა - ეშმაკეული გახდა. მოძღვარმა იცოდა, რომ ეშმაკი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება. სნეულის თანაგრძნობისთვის მან მარხვა შეინახა. მაშინ ხსნილი იყო და ორმოცი დღის მანძილზე ზეთისგანაც კი თავი შეიკავა, ამასთან, სნეულს ყოველდღიურად შეფუცვის ლოცვებს უკითხავდა, მისთვის სკვნილზე ლოცულობდა, პარაკლისს იხდიდა და იმდენ ხანს იღვაწა, ვიდრე ძმა არ განიკურნა.

მეორედ ბურეზარში ერთი ძმა ეშმაკეული გახდა, მისი საქციელის დათმენა აღარავის შეეძლო და საგიჟეში უპირებდნენ გაგზავნას. მაგრამ მამა ხარლამპემ ლიტურგიებით, შეფუცვის ლოცვებით, სკვნილზე ლოცვით ეშმაკი განდევნა ძმისგან.

ერთხელ მამა ხარლამპეს მღვდელი ესტუმრა - მძიმე განსაცდელი შემთხვეოდა, ცოტაც და დაეცემოდა და ხარისხიც აეყრებოდა. მღვდელს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ წითლდებოდა, ვერ ბედავდა.

მაშინ მამა ხარლამპემ უთხრა: "რისი გრცხვენია? ეს ხომ შენ არ გინდოდა, ჩემო შვილო? ეს შენზე შენი სიამაყის გამო დაიშვა. ეშმაკმა მახე იმ წითელკაბიანი ქალის საშუალებით დაგიგო. მცირე ეპიტიმიას დაგადებ, ამიერიდან გაფრთხილდი". აღსარებიდან გამოსული მღვდელი თავისთვის ამბობდა: "ეს რა კაცია? ყველაფერს ხედავს, მისთვის მანძილი არ არსებობს".

სულიერმა შვილმა, მამა იოსებმა, ცნობისმოყვარეობით ჰკითხა მამა ხარლამპეს, რა მოხდაო. მან უპასუხა: "აღსარების გათქმა არ შეიძლება, მაგრამ რადგან მან კი არა, მე თვითონ მოვუყევი ყველაფერი, გეტყვი, - იმ მღვდლის მოსვლამდე ვიცოდი, რაც მის თავს მოხდა".

მამა-მასწავლებელი.
როცა აღსარებას მოისმენდა, მამა ხარლამპე არ შემოიზღუდებოდა მხოლოდ ცოდვათაგან განხსნის ლოცვების წაკითხვით. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი", - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. აღსარების მერე შესაბამის სწავლებასაც მოაყოლებდა. ცოლიანებს ესაუბრებოდა ცოლ-ქმარს შორის კეთილი ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ბავშვების სწორ აღზრდაზე, ტაძარში რეგულარულად სიარულზე, აღსარებასა და წმინდა ზიარებაზე, მარხვის დაცვაზე და ასე შემდეგ. ძალზე მკაცრი იყო აბორტთან დაკავშირებით, მათდამი, ვინც თავისუფლად კლავს დაუცველ არსებებს. ცოდვად თვლიდა ცოლ-ქმრის შეგნებულ სურვილს, შვილების არგაჩენისა. ვინც ამ მიზნისთვის ათასნაირ სამედიცინო საშუალებას იყენებს, მათ ზიარების ღირსად არ თვლიდა. "ღმერთმა იცის, რამდენი ბავშვი მოგცეს და რამდენსაც მოგცემს, თვითონ იზრუნებს მათზეო", - ასწავლიდა.

დანგრეული ოჯახებისა და არეული ურთიერთობების მიზეზად მოძღვარი ეკლესიისა და მის წმინდა საიდუმლოებათაგან განშორებას თვლიდა. "ქრისტიანები, რომლებიც არ დადიან ტაძარში, არ ლოცულობენ, აღსარებას არ ამბობენ, არ ეზიარებიან წმინდა საიდუმლოებებს, იმ უკარო ვენახს ჰგვანან, რომელშიც თავისუფლად შედიან ქურდები ანუ დემონები, სადაც ისინი იქ თავს სრულ ბატონ-პატრონად თვლიან", - ამბობდა იგი. ერთმა კაცმა აღსარებაში უთხრა მამა ხარლამპეს, - ცოლი შემზიზღდა, თუმცა მას ამის მიზეზი არ მოუციაო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალმა წასვლა და ბავშვების წაყვანა მოისურვა. საცოდავ კაცს ვიღაცამ უთხრა, რომ ოჯახის მოშურნემ ჯადო გაგიკეთაო. მან არ იცოდა, რა ექნა და მოძღვარს ჰკითხა:

- მამაო, ნუთუ ამქვეყნად ჯადოქრობა არსებობს? ნუთუ მას ასეთი ბოროტების მოტანა შეუძლია?

- რამდენიც გინდა. ვისზე მოქმედებს? ვინც იმ მომენტში უიარაღო აღმოჩნდება.

- ვერ მიგიხვდით, მამაო.

- უიარაღოა ის, ვინც შორს არის ეკლესიისგან, ვისაც ურთიერთობა არ აქვს ქრისტესთან, არ ლოცულობს, აღსარებისა და წმინდა ზიარების საღმრთო საიდუმლოებებში არ მონაწილეობს. თუ გინდა, წმინდა კვიპრიანეს ცხოვრება წაიკითხე და იქ ნახავ, რომ ეს უდიდესი ჯადოქარი დამდაბლდა ახალგაზრდა ქალწულ იუსტინას წინაშე. როცა მიხვდა, რომ ქრისტიანებს ჯადოქრობა ვერ ვნებს, დაუტევა დემონები და თავისი მაგიით კვიპრიანე ქრისტიანი გახდა და ისე მხურვალე სარწმუნოებისა იყო, რომ იუსტინასთან ერთად ქრისტესთვის ეწამა.

ის, რომ შენმა მეუღლემ საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვიტა შენი მიტოვება, იმას ნიშნავს, რომ მთლად უიარაღო არ ხარ. მაგრამ უფრო მეტად უნდა იღვაწო. მომეცი შენი მეუღლის სახელი და მე მას ლიტურგიაზე ცალკე მოვიხსენიებ, ასევე თქვენთვის ყოველდღიურად სკვნილზე ვილოცებ. შენ კი შენთვის და შენი ცოლისთვის ყოველდღიურად უნდა ილოცო და ასევე რეგულარულად ეზიარო. თუ მეუღლეც მოგბაძავს, მაშინ ჩათვალე, რომ შენ ის დაიბრუნე, თუ არადა, ღმერთს სთხოვე მოთმინება მოგცეს, ვიდრე ის მას არ გამოასწორებს. იცავ მარხვებს?

- მეტ-ნაკლებად.

- ეს "მეტ-ნაკლები" მეტი უნდა გახდეს. შეგიძლია ოთხშაბათსა და პარასკევს უზეთოდ ყოფნა?

- არ ვიცი, მამაო, მე მძიმე ფიზიკური სამუშაო მაქვს.

- მომიყოლია შენთვის, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, აქ როგორი სამუშაო გვაქვს, არის თუ არა შენსაზე მსუბუქი... მაგრამ თუ არ შეგიძლია, ჭამე ზეთიანი და თავს სხვა რამით შემსუბუქების უფლება არ მისცე. ზიარების წინ ოთხშაბათსა და პარასკევს უზეთო საჭმელი ჭამე. შაბათს კი ეზიარე. უკიდურეს შემთხვევაში ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა ეზიარო წმინდა საიდუმლოებებს. რომ შეგეძლოს, გირჩევდი, უფრო ხშირად ზიარებულიყავი. ჩვენ აქ სამ-ოთხ კვირაში ერთხელ მივეახლებით საღმრთო საიდუმლოებას.

მრავალი შემთხვევა იყო ზემოთ მოყვანილის მსგავსი. ბევრი ოჯახი მისი ჩარევის წყალობით დანგრევას გადაურჩა. მისმა უბრალო და ბრძნულმა რჩევებმა მათ დაუბრუნა ერთობა, მშვიდობა და ურთიერთსიყვარული.

ერთმა კაცმა უამბო მამა ხარლამპეს:

- მამაო, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რაც ჩემს თავს მოხდა. მე შევიყვარე ჩემი მომავალი მეუღლე და დავქორწინდით. თავიდან, როგორც სამოთხეში, ისე ვცხოვრობდით. მერე კი, არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ მისი დანახვა აღარ მინდა. მისადმი რაღაცნაირი წინააღმდეგობის, ანტიპათიისა და მტრობის გრძნობა გამიჩნდა. როცა ის მიყურებს, ასე მგონია, წინ მტერი მიზის. ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა. რა ვქნა? გავეყარო?

- გესმის, რას ამბობ, შვილო? ქორწინება ჩვენი ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოებათაგანია, შენ ღვთის წინაშე აღთქმა დადე, რომ ცოლთან ერთად სიკვდილამდე იტვირთავდა ცოლქმრობის უღელს. იქნებ ხუმრობით დაქორწინდით, როგორც არტისტები სცენაზე?

- კარგი, მამაო, მაგრამ ყოველდღიურად ამდენი ოჯახი რატომღა იყრება?

- აბა, რა გითხრა? თუ ადამიანების უმეტესობა ჭკუიდან გადავიდა და მათი რწმენა სხვა არაფერია, თუ არა მოდა... ჩვენ რა, მათ კვალს უნდა გავყვეთ? თუ სოფელმა გადაწყვიტა, თავის მოდასთან ერთად უფსკრულში ჩავარდეს, ჩვენ რა, რაც არ უნდა დაგვიჯდეს, მათ უნდა მივყვეთ? შენ ახლა ამბობ, რომ ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გექცა. ასე რომ, იმ საშინელ, საუკუნო ცეცხლში, რომელიც მოსწვავს მრუშებს, მეძავებს და ცოლქმრული კავშირის ყველა დამრღვევს, შენთვის ახალს ვერაფერს ნახავ.

- რა ვქნა, მამაო?

- ნუთუ ვერ ხვდები, რომ ის, რაც შენს თავს ხდება - ეშმაკის ხრიკებია? რომელიღაც "სარკმელი" ღია დაუტოვე და ისიც შემოძვრა.

ამგვარი წამლების მსგავსი დარიგებების მიცემის შემდეგ მოძღვარმა უთხრა: - კარგი იქნება, თუ მალე ჩემთან კვლავ მოხვალ. მე კი ჯერჯერობით შენ და შენს მეუღლეს ყოველდღიურად წირვაზე მოგიხსენიებთ და თქვენთვის სკვნილზე ვილოცებ.

ახალგაზრდა კაცმა დაუჯერა მამა ხარლამპეს. მალე ის სასიხარულო ამბით დაბრუნდა - როგორც იქნ,ა თვალი ამეხილაო. მოძღვართან შეხვედრის მერე, მამა ხარლამპეს ლოცვით, დაუბრუნდა ცოლის მიმართ ძველებური პატივისცემა და სიყვარული.
ბეჭდვა
1კ1