სისხლის სამართლის ახალ კოდექსში ღვთის ცნება დამკვიდრდა
სისხლის სამართლის ახალ კოდექსში ღვთის ცნება დამკვიდრდა
საეკლესიო სამართალი წარმოიშვა მაშინ, როცა გაჩნდა ადამიანი და როცა ირწმუნა ღმერთი (შემოქმედი). პირველი ნიშნები, სავარაუდოდ, ძველ აღთქმაში ჩანს. შემოქმედი ადამს აძლევს რჩევა-დარიგებებს და ეუბნება, რომ "ყველაფის ჭამა შეუძლია, ამ ხის ნაყოფის გარდა". აქ იკვეთება სამართლის პირველი ნიშნები - რაღაც ნებადართულია, რაღაც კი აკრძალული ანუ არასანქცირებული.

სამართალს ძალზე მჭიდრო კავშირი აქვს თეოლოგიასთან, როგორც მეცნიერებასთან, რომელიც პირდაპირ კავირშია სამყაროსა და ადამიანის გაჩენასთან. სადაც მრავალფეროვნება და მრავალრიცხოვნობაა, ჩნდება ქაოსი, დაპირისპირება, ამის დასარეგულირებლად კი იქმნება, ყალიბდება წესრიგი, სამართალი.

საეკლესიო სამართალი (რწმენის სამართალი) იქმნებოდა და ყალიბდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. ეს დრო შეიძლება დავყოთ რამდენიმე პერიოდად:

1. სამაყაროს შექმნიდან მესიის მოსვლამდე - ძველი აღთქმა - მოსეს სჯული.

2. მესიის მოსვლა (მაცხოვრის გაჩენა, მოღვაწეობა, ქადაგება, აღსასრული) - ახალი აღთქმა.

3. მაცხოვრის შემდგომი პერიოდი (მოციქულთა კანონები, მსოფლიო კრებები, ადგილობრივი კრებები, წმინდა მამათა განმარტებანი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საეკლესიო სამართლის თეორიის საგნის შესწავლისა და დადგენისთვის თეოლოგია, რომელიც გვასწავლის, რა არის ღმერთი და გვამცნობს, როგორ შეიქმნა სამყარო და ადამიანი. ძველი და ახალი აღთქმის შესწავლის გარეშე ვერ გავიაზრებთ და შევისწავლით სამართალს, მის არსს, პრინციპებს.

სამართალი არკვევს ადამიანის რწმენის ხარისხს, დამოკიდებულებას შემოქმედთან, პიროვნების მორალურ-ზნეობრივ დონეს, სულიერების სიმტკიცეს.

სარწმუნოების გავლენა თანამედროვე ქართულ კანონმდებლობაზე
თანამედროვე ქართულ კანონმდებლობაში ბოლო 15 წლის განმავლობაში აშკარად იკვეთება ეკლესიისა და სარწმუნოების გავლენა, რაც ცალსახად დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ.

ისტორიულად, საქართველოში ეკლესიასა და სარწმუნოებას კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერთადერთი თუ არა, მთავარი ადგილი ეჭირა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქვეყნის ძლიერებისა და ერთიანობის პერიოდში, თუმცაღა დაპყრობილ და დაქსაქსულ საქართველოში ეკლესიას გარკვეულწილად კანონმდებლის ფუნქციაც ჰქონდა შეთავსებული. ასეთი მიდგომა რომ სწორი აღმოჩნდა, დაამტკიცა ისტორიამ - ამან მოგვიყვანა აქამდე, როგორც ერი, სახელმწიფო. ეს კი ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეკლესიის დამსახურებაა. კომუნისტურ ეპოქაში ეს გავლენა ბუნებრივია შემცირებული იყო. ახლა კი, ღვთის მადლით, დგება დრო, როდესაც ეკლესია და ქრისტიანული სარწმუნოება იბრუნებენ ისტორიულ პოზიციებს. ეს ჩანს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში, კონკორდატსა და სხვა ხელშეკრულებებში, რომლებიც დადებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

ამჯერად საკითხი ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.

დღემდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიღებულია 1998 წლის 20 თებერვალს. საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 9 ოქტომბერს მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 1 ოქტომბერს.

ამ ახალი საპროცესო კოდექსით ქვეყანაში შემოდის "ახალი ინსტიტუტი", თუ შეიძლება ასე ითქვას - რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადება. მოწმის დაკითხვის წესი ითვალისწინებს მხოლოდ ერთგვარ ფიცს: "სრულწლოვანი მოწმე ჩვენების მიცემის წინ დებს ფიცს: "ვფიცავ ვილაპარაკო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა!"

ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა - ვის და რას იფიცებს მოწმე? ამის შესახებ დღეს მოქმედ რედაქციაში არაფრია ნათქვამი, კითხვებზე პასუხგაუცემლობით კი შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჩნდება.

სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომელიც 1 ოქტომბერს ამოქმედდა, მოწმის მიერ ფიცის დადების სამ ტიპს იცნობს:

მუხლი 48. მოწმის მიერ ფიცის დადება.

მუხლის პირველი ნაწილი - "სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს".

მუხლის მე-3 ნაწილი - "რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

"დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ".

მოწმე უპასუხებს:

"ვფიცავ, ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!"

ეს გახლავთ მოწმის მიერ პირველი ტიპის ფიცის დადება. ასევე არსებობს არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადებაც, როდესაც მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

ამავე მუხლის მე-4 ნაწილი - "დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ".

მოწმე უპასუხებს:

"ვფიცავ!"

არსებობს მესამე ტიპის ფიციც, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინა ორისგან.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილი - "თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით".

მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

"სამართლის წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?"

მოწმე უპასუხებს:

"დიახ, ვადასტურებ!"

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ დღემდე არც ერთ ქართულ იურიდიულ დოკუმენტში არსდროს დაფიქსირებულა "ღვთის" ცნება და ამ ტერმინის განმარტება. გამონაკლისი იყო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი, სადაც პრეზიდენტის ფიცის დადებაზეა საუბარი:

"მე, სქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ..." და ასე შემდეგ.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო საუბარი "ღვთის" ცნების გამოყენებაზე, ისიც - ზოგადად და მხოლოდ ერთხელ, სიტყვა "ღმერთი" კი მხოლოდ ახლა იწყებს დამკვიდრებას ქართულ კანონმდებლობაში. ეს არის, თუ არ ვცდები, XVIII-XIX საუკუნეების შემდეგ პირველი შემთხვევა ქართულ სინამდვილეში.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ეს ტერმინი ფიქსირდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ეს კანონმდებლობა კი, მოგეხსენებათ, დანაშაულთან ბრძოლასთან, სასამართლოს თავისუფლებასთან, პიროვნების თავისუფლებასა და მის მომავალთან ასოცირდება. ამ კოდექსით წყდება პიროვნების თავისუფლების საკითხი და მისი მომავალი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ კოდექსში დაფიქსირებულია "ღვთის" ცნების განმარტებაც - ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთი. ამ კანონის მიღებით და ცნება "ღმერთის" ამგვარი ფორმულირებით, ფაქტობრივად, პარლამენტმაც და სახელმწიფომაც აღიარა ღმერთის უზენაესობა, იურიდიულად მაინც.

ეს გახლავთ სახელმწიფო ხელისუფლების მცდელობა, დაუახლოვდეს დედაეკლესიასა და ისტორიის ფესვებს.

მოამზადა საეკლესიო სამართლისა და ისტორიის
მაგისტრმა, ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ
ბეჭდვა
1კ1