ჩვენი თავის გარდა სხვებისთვისაც თუ მოგვაქვს რაიმე სიკეთე?
ჩვენი თავის გარდა სხვებისთვისაც თუ მოგვაქვს რაიმე სიკეთე?
მამა ხარლამპე
საძმოს ჩამოყალიბება. საძმოში ახალი წევრის მიღებისას მამა ხარლამპე თავის ჩვეულ ტაქტიკას იყენებდა. ახალმოსულს აღსარების თქმის მერე იესოს ლოცვას ასწავლიდა. გააცნობდა ძმობის ტიპიკონს.
თუ კაცი მაშინვე შეეწყობოდა ამ ტიპიკონს, მამა ხარლამპე ღმერთს შესთხოვდა, ეუწყებინა, ახალმოსული დაეტოვებინა საძმოში თუ არა. თუ უფლისგან დადებით პასუხს მიიღებდა, მაშინ პირდაპირ ეტყოდა, დარჩიო. მასაც ან კი, ან არა უნდა ეთქვა.

იყო შემთხვევები, როცა ღვთაებრივი ცეცხლით აენთებოდნენ ახალმოსული ძმები და იესოს ლოცვაში წარემატებოდნენ, მაგრამ მზაკვრული ფიქრები მათ შთააგონებდა: - გაიქეცი აქედან, ნუ დააყოვნებ, თორემ მოგეწონება და მერე წასვლა აღარ მოგინდებაო. ვინც სულით მხნე იყო, შეეპასუხებოდა, - სად წავიდე, უფალო? სიტყვანი ცხოვრებისანი შენ გაქვს. ასეთი ბრძოლის მერე თუ ვინმე ვერ უძლებდა და მიდიოდა, მთელ დაგროვილ სიმდიდრეს კარგავდა, სასოწარკვეთილი თმას იგლეჯდა და გარკვეული დროის მერე მამა ხარლამპეს ლოცვით უკან ბრუნდებოდა.

იყო მეტად უცნაური შემთხვევებიც. ამ დროს საბოლოო სიტყვა ყოველთვის მამა ხარლამპეს უცვლელ მრჩეველს, მამა არსენს ეკუთვნოდა. ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ საძმოში დარჩენის მხურვალე სურვილი გამოთქვა. მამა ხარლამპეს პირველი გაკვეთილის მერე მეტად იგულმოდგინა თავისი პირველი ღამისთევის ლოცვისას. მაგრამ იმავე ღამეს მამა ხარლამპეს გულზე რაღაც საშინელი სიმძიმე დააწვა. ეს მან უარყოფით პასუხად მიიღო. მეორე ღამეს მოძღვარს ჩვეული განწყობა დაუბრუნდა, ახალგაზრდა კაცმა კი, პირიქით, დაკარგა. აღსარებაზე თქვა, - ღამისთევის ლოცვაზე გაძლება აღარ შემიძლიაო. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. მამა ხარლამპე დარწმუნებული იყო, რომ ყმაწვილი საძმოში ვერ გამოდგებოდა. მივიდა მამა არსენთან და უთხრა, - უკან უნდა გავუშვაო. მან კი მოულოდნელად უპასუხა, - არა არ გააგდო... ცოდოაო.

- მამა არსენს დავმორჩილდი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის ვამბობდი: - მამა არსენს და მე ყოველთვის ერთი აზრი გვქონდა, ამ მონაზვნის ხვედრის გარდა. არ ვიცი, რატომ მთხოვა საძმოში დამეტოვებინა, ეს ძმა ხომ ამდენ პრობლემას მიჩენს-მეთქი.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მამა არსენი მართალი იყო. თუმცა ძმა მამა ხარლამპეს ბევრ პრობლემას უჩენდა, მაგრამ გონებისმიერი ლოცვის მოსაპოვებლად დაუცხრომლად, მოთმინებით და სიჯიუტით იღვწოდა. სხვა ძმებს, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ლოცვის ნიჭი, "რული მოეკიდებოდათ ხოლმე", ეს ძმა მტკიცე იყო და, ბოლოს და ბოლოს, სულიერად წარემატა.

სხვა ყმაწვილი თითქოს მთლიანად შეეწყო ძმობის განრიგს, მაგრამ მამა ხარლამპემ ლოცვისას მასზე უარყოფითი პასუხი მიიღო და იმ ძმას უთხრა: - შვილო, სხვა ადგილი იპოვეო. არა, მამაო, მე აქ სიმშვიდე ვპოვე, ნუ გამაგდებო, - სთხოვა მან. ბერმა იფიქრა: "უფალმა თქვა, ჩემთან მოსულებს არ გავაგდებო. ახლა კი ჯერი ჩემს მოძღვარზეა (მამა იოსები). დაე, მან ნიშანი მომცეს". "ძმას ვუთხარი, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - შვილო, მამა იოსების საფლავთან ლეღვის ხე დგას. ტრაპეზისთვის ცოტა ლეღვი ჩამოკრიფე-მეთქი. ძმა ხისკენ გაიქცა, მაგრამ მიუახლოვდა საფლავს თუ არა, უეცრად ხმამაღლა დაიყვირა და მიწაზე დაეცა. მივედი. გაფითრებულს პირიდან დუჟი სდიოდა.

ეს მამა არსენს მოვუყევი. მითხრა, - "ეს ცუდის ნიშანია. კვლავ გამოსცადე. თუ იგივე დაემართება, მაშინ ეს ნამდვილად ჩვენი მოძღვრის პასუხიაო".

მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მაშინ არსენმა მითხრა: - ხვალვე უთხარი, წავიდესო. ასეც მოვიქეცი".

განცდა საღვთო ზიარების საიდუმლოსი. ახალი სკიტის ზემოთ მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების კელიის ბოლო მკვიდრს პროდრომოსს ეძახიან. ძალზე მოხუცი იყო და თავის კელიას ვეღარ უვლიდა. ამიტომ მისი სენაკი ათასნაირი ხარახურით იყო ავსებული და იატაკიც ჭუჭყისგან აღარ ჩანდა. ღვთისმოშიში მამა ხარიტონი ზრუნავდა, რომ ბერს არაფერი მოჰკლებოდა.

ერთხელ ის მივიდა მამა ხარლამპესთან და უთხრა: - წმინდაო მამაო, მამა პროდორომოსი ცუდადაა. აღსარება ათქმევინე და აზიარეო.

მამა ხარლამპემ წმინდა ნაწილები აიღო და მამა პროდრომოსთან წავიდა. მალე მობრუნდა. სახე შესცვლოდა, თვალთაგან ცრემლი სდიოდა და ხმამაღლა ქვითინებდა. რა მოხდაო, - ჰკითხა სულიერმა შვილმა.

- მამა პროდრომოსის კელიაში როცა არაწმინდება და ჭუჭყი დავინახე, გავიფიქრე: - "ჰოი, ქრისტე ჩემო, შენ წმინდა და უმწიკვლო ხარ და აქ ინებებ შესვლას?!" მამა პროდრომოსი ბუხრის მწმენდავივით გაშავებულიყო. ბერმა პირი გააღო ზიარებისთვის და ცხადად, ჩემი სულიერი თვალებით დავინახე, რომ მის ჭუჭყიან სხეულში თვით ქრისტე შევიდა და თოვლზე უსპეტაკესი გახადა.

შემდეგ მამა ხარლამპე თავის კელიაში ჩაიკეტა და დიდხანს მოთქვამდა.

იმ დროს ახალ სკიტში ბევრი ცნობილი ღირსი მამა ცხოვრობდა. ერთ-ერთი გახლდათ მამა ქრიზოსთომოსი. მთელ ფურნე პურს გამოაცხობდა, ახმობდა და მერე მარტო ორცხობილას ჭამდა. გაუთავდებოდა და კვლავ აცხობდა - როცა ორცხობილას ვჭამ, ეშმაკი ათასნაირად ცდილობს ჩემს ცდუნებას, ოღონდ არა პურითო.

მამა ნეოფიტე კაპსალელი დიდად მოსაგრედ ცხოვრობდა, მხოლოდ მშრალ საჭმელს ჭამდა. თავისი სათნოება რომ დაეფარა, ამბობდა: - მას მერე, რაც ნოყიერ საჭმელს ვჭამ, ეშმაკი გამომცდისო. ამ მონაზონთან მამა ხარლამპეს ძმობას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მამა ნეოფიტე ყოველთვის ლოცულობდა ღამისთევით და მათთან ყოველ ღამე მიდიოდა ხოლმე ლიტურიგაზე და თავის სინოდიკში ჩაწერილ ათასობით სახელს იხსენიებდა.

როცა მამა ნეოფიტე საუბარს იწყებდა, მის ბაგეთაგან კეთილსურნელება იფრქვეოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ ერთ ღამეში მთლიანად გათეთრდა. ერთხანობა მამა ნეოფიტე მღვიმეში მოღვაწეობდა. ერთ საღამოს, ღვთის დაშვებით, მას დემონთა საშინელი ჯარი გამოეცხადა. საზიზღრები, უსახურები, დაუწყეს მუქარა, ცემა. ისე შეაძრწუნეს, რომ დილით, როცა მღვიმიდან გამოვიდა, თმა-წვერში ერთი შავი ღერი აღარ ერია.

მოყვასისთვის ლოცვა. როცა ძმობა ჯერ კიდევ ახალ სკიტში ცხოვრობდა, ერთი ძმა ეჭვის გულისთქმებმა შეიპყრო: "ჩვენ აქ ვლოცულობთ, - მსჯელობდა იგი, - ღამეებს ვათენებთ... რა თქმა უნდა, ეს ძალზე კარგია, მაგრამ ჩვენი თავის გარდა სხვებისთვისაც თუ მოგვაქვს რაიმე სიკეთე?" აღსარებაზე უკვე აპირებდა ამ გულისთქმებზე საუბარს მოძღვართან, რომ მან მოულოდნელად დაასწრო:

- დღეს ღამით, შვილო, ღმერთმა საშინელი ხილვა მახილვა, - უთხრა აღელვებულმა მოძღვარმა, - როცა ლოცვაზე ვიდექი, მომეჩვენა, რომ უზარმაზარ სატრაპეზოში ვიყავი. ჩემ წინ იყო ეკლესიის სამეუფეო კარების მსგავსი კარები. სატრაპზოში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ხალხი მოთმინებით იდგა და ელოდა თავის რიგს, რათა ჩემთან მოსულიყო. მე კი მთავარ პურის გამცემს ვგავდი. ჩემ უკან იდექი, რაღაც დიდ, სეფისკვერის მსგავს პურებს ჭრიდი და მაწვდიდი. სატრაპეზოში შეკრებილები ორ რიგად ჩამწკრივებულიყვნენ: ერთში ცოცხლები იდგნენ, მეორეში - მიცვალებულნი. ისინი ჩემთან მოდიოდნენ და მე მათ კურთხევის ნიშნად პურის ნატეხს ვაძლევდი. მხიარულნი განზე გადიოდნენ. მათ შორის ბევრი ჩემი ნაცნობი იყო, როგორც ცოცხლები, ისე გარდაცვლილები. სწორედ ისინი, ვისი სახელებიც სინოდიკში მქონდა შეტანილი.

- მამაო, ეს ხილვა ჩემთვის ყოფილა, - წამოიძახა აღელვებულმა სულიერმა შვილმა, თქვენ უპასუხეთ ჩემს გამოცანას. მივხვდი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის ლოცვას და მათ პროსკომიდიაში მოხსენიებას.

- შვილო, რადგან შენ ეს გაინტერესებს, მაშინ კიდევ ერთ მსგავს შემთხვევას მოგიყვები, ახლა უკვე ჩემი მოძღვრის, მამა იოსების ცხოვრებიდან. ეს ამბავი სკვნილზე ლოცვას ეხება.

ერისკაცობაში სოფელში ჩემს მოძღვარს ბიძაშვილი ჰყავდა. მისი ცხოვრება ძალზე წარუმატებლად წარიმართა, მაგრამ მამა იოსებს ის ძალზე უყვარდა. ცუდად მოკვდა, მუდმივად იმანჭებოდა, იგრიხებდა, ცუდად ლაპარაკობდა და ასე უცნაურ მდგომარეობაში გარდაიცვალა. ეს რომ შეიტყო, მამა იოსები ატირდა. გავოცდი და გავიფიქრე: - ჩემი მოძღვარი როგორი ფაქიზი ადამიანია... რა ბევრს ტირის-მეთქი. თითქოს ჩემს გულისთქმებს მიხვდაო, მამა იოსებმა მითხრა: - შვილო, იმიტომ კი არ ვტირი, რომ ის მოკვდა, არამედ იმის გამო, რომ მისი სული სატანჯველს მიეცაო.

მეტიც. ამ დღის მერე მოძღვარმა მარხვა აიღო და თავისი გარდაცვლილი ბიძაშვილისთვის იწყო ლოცვა. რამდენიმე დღის მერე შევამჩნიე, რომ მამა იოსები პირდაპირ ბრწყინავდა სიხარულისგან. რა მოხდა-მეთქი. შვილო, ეს დღეები მოუკლებლად ვლოცულობდი, ღამისთევებით, მარხვითა და ცრემლთა დენით, ჩემი დაიკოსთვის. დღეს შევიქენი ღირსი სასიხარულო და საოცარი ხილვისა. ლოცვის დროს ჩემი და ცოცხლად ვიხილე. გახარებულმა მამცნო: - დღევანდელი დღე ჩემი ცხონების დღეა. სატანჯველისგან გავთავისუფლდი და სამოთხეში მივდივარო.

უეცრად ჩემ წინ ჩვენი ნეტარი მამა გიორგი დავინახე. ეს კაცი ჩემი თანამედროვე იყო. როცა ჯერ კიდევ სოფელში ვიყავი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე. ძალიან უნდოდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, ყველა ცოდვილი ამოეყვანა ჯოჯოხეთიდან. ყოველდღიურად საღვთო ლიტურგიას ატარებდა და ათასობით სახელს იხსენიებდა. ასევე ხშირად დადიოდა სასაფლაოზე და გარდაცვლილთათვის ლიტურგიას და პანაშვიდს იხდიდა. ამგვარად, ხილვისას ის წარდგა ჩემ წინაშე. დიდად გაოცებულმა მითხრა: - აქამდე ვფიქრობდი, რომ გარდაცვლილებს შეგიძლია დაეხმარო საღვთო ლიტურგიასა და პანაშვიდებზე მოხსენიებით. ახლა კი დავინახე, რომ ადამიანები შეგიძლია აცხოვნო... სკვნილზე ლოცვითაც!"

ამ ხილვით დავრწმუნდი, რომ ჩემი დაიკო ცხონდა, ღმერთმა მიჩვენა სკვნილზე ლოცვის ძალა, რომელსაც შეუძლია სულების ჯოჯოხეთიდან ამოყვანაც კი.

მამა ხარლამპემ ყველაფერი ეს ძმას მოუყვა, ძალზე აღელვებულმა აკურთხა იგი და უთხრა: "ახლა კი წადი, ჩემგან კურთხეულო, თუ საკუთარი თავისა და სხვათა დახმარება გსურს, ეცადე, აიძულო თავს ლოცვა და მორჩილება".
ბეჭდვა
1კ1