სათნოებებში მოსაგრეს უნდა ჰქონდეს სიმდაბლე, სიყვარული მოყვასისა და არ ურისხდებოდეს მას
სათნოებებში მოსაგრეს უნდა ჰქონდეს სიმდაბლე, სიყვარული მოყვასისა და არ ურისხდებოდეს მას
ღირსი ათანასე ესთიგმენელი, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (XIVს.): "სამარცხვინო არ არის უბრალო სამოსის ჩაცმა. მოსარიდებელი და სამარცხვინო - ცოდვაა. ვისაც ღმერთი უყვარს, უნდა აღასრულოს მისი ნება და არ იყოს კაცთმოთნე, არამედ იყოს ზომიერი ჭამაში, ჩაცმით, საქციელით და გულისთქმებით, რათა არ განარისხოს უფალი".

თავისი მოწაფეები მან ასე დამოძღვრა: "დაე, ყველა ეცადოს, მთელი სულით შეინარჩუნოს ეს სამი, სხვებზე ფასეული სათნოება: სიმდაბლისმოყვარეობა, სიყვარული და მოწყალება, რომლითაც განიდიდება წმინდა სამება. იმარხულეთ თითოეულმა ძალისაებრ, რათა არ ჭამოთ დღეში ერთზე მეტად, ისე, როგორც გადმოგვცეს წმინდა მამებმა და არ მიიღოთ ბილწი, არაწმინდა გულისთქმები, განმარისხებელი უფლისა".

ღირსმა მაქსიმე კავსოკალიველმა ბრძანა: "როცა ლოცვის საშუალებით კაცზე გადმოდის მადლი ყოვლადწმინდა სულისა, მაშინ ლოცვა წყდება, რამეთუ გონება მთლიანად მოცულია მადლით და თავისით აღარ ძალუძს მოქმედება, უქმად არის და ემორჩილება სულიწმინდას და სულიწმინდას მიჰყავს იქით, სადაც უნდა - ან ღვთაებრივი ნათლის, არამატერიალური ბრწყინვალებისაკენ, ანდა სხვა, ენით გამოუთქმელი ჭვრეტისკენ, ანდა ხშირად ღვთაებრივი საუბრებისკენ. ესაია წინასწარმეტყველი ხედავდა საყდარზე დაბრძანებულ სერაფიმებითა და ქერუბიმებით გარემოცულ ღმერთს, დანიელ წინასწარმეტყველი ხედავდა მას სახით ძე კაცისა და ესაუბრებოდა. პირველმოწამე სტეფანე ხედავდა ღვთის ძეს, მამისა და ღვთის მარჯვენით მჯდარს. ანუ როგორც სურს სულიწმინდას, ისე ანუგეშებს თავის მონებს და ვინც რის ღირსია, ისეთ მადლს აძლევს".

"როცა კაცის გონება მოცულია ღვთაებრივი ნათლის ცეცხლით და განათლებულია საღვთო შემეცნების ნათლით, გული მისი აღივსება მდუმარებით და სიმშვიდით და გამოიღებს სულიწმინდის ნაყოფს და სული მისი იგემებს ენით აუხსნელ სიხარულს".

ღირსმა ნიფონტი კავსოკალიველმა (+1330) თავის მორჩილს, რომელმაც სათევზაოდ წასვლაზე კურთხევა სთხოვა, უთხრა: "შვილო, სჯობია არაწმინდა ფიქრები დაიჭირო, ზღვაზე კი ნუ ჩახვალ, რათა განსაცდელის ზღვაში არ ჩავარდე".

მოხიბლულმა მონაზონმა ხილვა ნახა და ამბობდა, ღვთისგან არისო. ღირსმა ნიფონტიმ უთხრა: "ღვთისგან თავმდაბლობაა. ღვთისგანაა, როცა თავს უღირსად და ყველაზე უკანასკნელად თვლი".

ღირსი მღვდელმთვარი გრიგოლ პალამა (+1359) ბრძანებდა: "სახელი იესოსი, რომლითაც კაცი ყოველთვის დამოძღვრავს თავის გულს, სცემს, მოწყლავს და განდევნის გულიდან ეშმაკებს - მეთაურებს ყველა ბოროტი გულისთქმისა და სულიერი ვნებისა".

მან ასევე თქვა: "რადგან ღვთის სასუფეველი მოვიდა, ჩვენს შორის არის და მალე მოვალს, სინანულის საქმეებით საკუთარი თავი ღირსი გავხადოთ ამ სასუფევლისა".

თავშეკავებაზე კი თქვა: "როგორც მუცელს დამონებული სპობს ყველა სათნოებას და სხვადასხვაგვარ ვნებას დაემონება, ასევე ნაყროვანების სიბილწისგან განწმენდილი თავშეკავებაც (მარხვა) შობს ჩვენში ვნებათაგან თავისუფლებას".

ღირსი კალისტე ქსანთოპულო (XIVს.): "შეუძლებელია ღმერთმა დაუტევოს ის, ვინც ღვთის მადლი იგემა..."

ნიკიფორე მონაზონი (XIVს.): "როგორც შინიდან დიდი ხნით წასულ კაცს უხარია უკან მობრუნება, ასევე გონება, როცა ის სულს შეუერთდება, აღივსება გამოუთქმელი სიხარულით".

ღირსმა ფილოთეოს კონკინელმა (XIVს.) ბრძანა: "უპოვარება არის დედა უზრუნველობისა, უზრუნველობა კი შობს ყურადღებასა და ლოცვას. ყურადღებისა და ლოცვისაგან წარმოიშობა მწუხარება ლოცვისას, ცრემლი, ეს ყველაფერი განწმენდს და მოასწორებს წარსულ ლოცვებს და მასზე მოგონებებს".

ღირსი ნიფონტი დიონისიატელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქყოფილი (+1460) ბრძანებს: "სათნოებებში მოსაგრეს უნდა ჰქონდეს სიმდაბლე, სიყვარული მოყვასისა და არ ურისხდებოდეს მას, მათგან ათასნაირი ბოროტება უნდა დაითმინოს, რამეთუ ჩვენ, ყველანი, კაცნი ვართ და საკუთარი ძალებით განწმენდილი არავინ არის". და კიდევ: "თუ მონაზონი გულმოდგინედ ასრულებს თავის კანონს და ღვთისმსახურებას, არ ამბობს უკადრის სიტყვებს, მაშინ მისი ლოცვა ღმერთს ადვილად ესმის და ათავისუფლებს ყოველგვარი გარემოებისაგან". მან ასევე თქვა: "სიმდაბლის მქონე თავისი სულის სახლს ქვაზე ასვენებს, რომელ არს ქრისტე; ხოლო ის, ვინც ეგოიზმით ცხოვრობს, თავისი წარწყმედის სახლს აშენებს ქვიშაზე, რომელ არს სატანა".

ივერთა სკიტელ ღირსმოწამე იაკობს (+1519) როცა მოწაფეებმა ჰკითხეს, სულიწმიდის ნიჭთა შორის ყველაზე აღმატებული რომელიაო, უპასუხა: "უმაღლესი - ღვთისმეტყველების ნიჭია, ის, როგორც ჩიტი, დაიფარავს თავის ბარტყებს ფრთებით".

ერთხელ ის მოწაფეებს დამოძღვრავდა საღვთო საიდუმლოებებში. სიხარულით აღსავსე მოწაფეებმა ჰკითხეს ღირს მამას: - მამაო, როცა საღვთო საიდუმლოებებზე გვესაუბრები, მხიარულებას რატომ ვგრძნობთო. ღირსმა მამამ უპასუხა: - შვილნო ჩემნო, კაცი, რომელიც ღირსი შეიქმნება სულიწმინდის მადლით განათლებისა და რომელსაც განეხსნება სულიერი თვალნი, როცა საღვთო საიდუმლოებაზე იწყებს საუბარს, მის ბაგეთაგან გამოდის ნათლის ღრუბლის მსგავსი და დაფარავს მსმენელთ, თუ რას ამბობს ის საღვთო საიდუმლოებაზე, ამიტომაც არიან გახარებულნი. როგორც მოციქულთა საქმეშია ნათქვამი: "ქადაგებდა პეტრე და გადავიდა მათზე სულიწმინდა".

მან ასევე თქვა: "ისინი, ვინც აღიტაცნენ ღვთის სასუფეველში, მოიხილავენ იქ სხვადასხვა ღვთაებრივ და გამოუთქმელ საგნებს, გაივლიან ზეციურ საზვერეებს და ჯოჯოხეთს. ერთხელ აღტაცებული ვიყავი ჩემი უფლის სასუფეველში, ჩავედი მერე ბნელეთის ხელმწიფებასა და საზვერეებში და ვიხილე დასჯილი სული, რომელიც გამძვინვარებულმა ბოროტმა ეშმაკებმა ჯოჯოხეთის სიღრმეში ჩაიყვანეს".

როცა მოწაფემ - მარტინიანემ ჰკითხა, მადა ხომ არ აღგეძვრება ხოლმე საჭმელ-სასმლის დანახვაზე, როცა მარხულობ და კვირაში ერთხელ ჭამო, ღირსმა მამამ უპასუხა: "შვილო ჩემო! სულს, რომელიც ღირსი შეიქმნა საღვთო მადლით განათლებისა და რომელსაც განეხვნება თვალნი სულიერნი, უკვე აღარ უყვარს ამა სოფლით ტკბობა. ის განთავისუფლდება მათგან და მთლიანად მიისწრაფვის ზეციური სიკეთეებისკენ, ხედავს ყოველთა შემოქმედ ღმერთს, სამოთხის გამოუთქმელ მშვენიერებას და უდიდეს სიტკბოებას განიცდის".

ღირსი დიონისე ოლიმპიელი, ადრე ფილოთეოს მონასტრის მცხოვრები (XVIს.) ამბობს: "კინოვიური მონასტრის მონაზონი, რომელსაც სხვებზე მეტი ფული, სამოსი ან სხვა რაიმე აქვს, ვერ ეღირსება ზეციურ სიხარულს".

"ვისაც მონასტრიდან წასვლა უნდა, დაე, უთხრას ამის შესახებ იღუმენს, რათა ჯერ შენდობა გამოითხოვოს, მერე კი წავიდეს. თუ ჩუმად წავა, ცოდვად დააწვება მის სულს".

ასევე: "იზრუნეთ სათნოებათა მოსახვეჭად და ნუ იზარმაცებთ, შეინანეთ შეცოდებები, რათა ვიდრე ჟამი გაქვთ, განთავისუფლდეთ დაუსრულებელი ტანჯვისაგან და ღირსი შეიქნეთ ზეციური სიხარულისა".

ღირსი მაქსიმე ბერძენი (+1556): "კვიპაროსი ზევით მიიწევს და მხოლოდ მზერას ახარებს. ლეღვი კი, რომელსაც ტოტები დაბლა აქვს დახრილი, ახარებს გემოს თავისი ტკბილი ნაყოფით. ამგვარივეა ძველ ფილოსოფოსთა ამაო მოძღვრებანი: ისინი მსჯელობენ ღვთაებრივზე, მაგრამ ისეთ საგნებზე, რომელზე საუბარიც არ შეიძლება... ისინი ჰაერს სიტყვებით ავსებენ, მაგრამ ამ სიტყვებიდან არც ერთი სათნო არ არის ღვთისთვის, არ ეღირსებიან შექებას, არ არის სასარგებლო კაცთა ცხოვრებისთვის; ქადაგებენ გარყვნილებასა და ამაოს".

ღირსმა აკაკი კავსოკალიველმა (+1730) თქვა: "არც რბილი ხალიჩები, არც სამოსი, არც სიდიდრე, არც საჭმელი არ გამოკვებავს და გამოზრდის ვნებებს ისე, როგორც დიდხანს ძილი. სხვა არაფერი მოთოკავს მათ ისე, როგორც მღვიძარება".

ერთხელ მას ერთმა მონაზონმა ჰკითხა, - რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბერსო, ღირსმა აკაკიმ უპასუხა: - ჭეშმარიტი მონაზვნისთვის ნახევარი საათიც საკმარისიაო.

მონაზვნებმა ჰკითხეს უწვერულებსა და იმ საცდურებზე, რომელიც პირლამაზთაგან მოდის. ღირსმა მამამ ჩვეული უვნებლობით და უბრალოებით უპასუხა: "არ ვიცი, რა გიპასუხოთ, რამეთუ არასოდეს განმიცდია, თუ რა არის ეს საცდური. მეტიც, როცა ასეთებს ვხედავ, ვიწყებ ღვთის დიდებას და ვხარობ მისი ქმნილების ხილვით".

ღირს იეროთეოს ივერიელს (+1745) ერთმა მოწაფემ უსაყვედურა, რატომ ჭამ ძველ, ამჟავებულ ცერცვს და თავს რად იკლავო. მან უპასუხა: "თვითმკვლელობა ისაა, როცა არაფერს ჭამენ და შიმშილით კვდებიან. მე ვისწავლე, მივცე ჩემს მუცელს ის, რაც მე მინდა და არა ის, რაც მას სურსო".

ფილოთეოს მონასტრელი წმინდა მღვდელმოწამე კოზმა ეთილელის (+1779) დარიგებებიდან: "სოფელში ბევრი დედაკაცია მამაკაცზე უკეთესი. რად იქებ თავს, მამაკაცი ვარო, როცა ქალზე უარესი ხარ? უკეთესი რომ იყო, გაკეთებული უნდა გქონდეს უფრო დიდი და უკეთესი საქმეები".

მან ასევე თქვა: "მდიდარი არ არის პატრონი თავისი სიმდიდრისა, არამედ უბრალო განმგებელია საღვთო ნიჭებისა. იმაზე, თუ ის მათ როგორ გამოიყენებს, დამოკიდებულია მისივე ცხონება".

მანვე ბრძანა: "გიყვარდეთ ღმერთი და მოყვასი. თქვენ მხოლოდ ქრისტე და სული გჭირდებათ. ამას გეუბნებით და გამცნევთ, დაე, თქვენი სხეული დაწვან და შეწვან; დაე, წაგართვან ნივთები, ნუ ინაღვლებთ ამაზე. მიეცით ყველაფერი: ის თქვენი არ არის. თქვენ გჭირდებათ ქრისტე და სული. მთელი სამყარო რომ თავს დაგესხას, ვერ წაგართმევენ ამ ორს, თუკი თვითონვე არ დაუთმობთ".

მან ასევე თქვა: "ჩვენ, ჩემო ქრისტიანებო, აქ სამშობლო არა გვაქვს. ამიტომაც შეგვქმნა ღმერთმა აწეული თავით და ჩაგვიდო გონება ზედა ნაწილში, რომ ყოველთვის ვისწრაფოდეთ ზეციური სასუფევლისკენ - ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლოსკენ".

მან იწინასწარმეტყველა: "სკოლებიდან ისეთი საქმეები წამოვა, წარმოდგენაც არ შეგიძლიათ". "იხილავთ, რომ მინდორში კურდღელზე სწრაფად ირბენს უცხენო ეტლი".

მამა ნეოფიტე მოძღვარმა (+1860) რუს ეპისკოპოს პორფირე უსპენსკის უთხრა: "გქონდეს ღვთის შიში და იყავი თავშეკავებული".
ბეჭდვა
1კ1