"ხედავ იმ ადგილს? იქ ჩემი გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ღვთის ნებით, ბერების გადარჩენის აღსანიშნავად მონასტერი აშენდება"
"ხედავ იმ ადგილს? იქ ჩემი გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ღვთის ნებით, ბერების გადარჩენის აღსანიშნავად მონასტერი აშენდება"
წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ ფარისევლები არ დააკმაყოფილა უფლის მიერ მოხდენილმა სასწაულებმა. ისინი ითხოვდნენ განსაკუთრებულ სასწაულს - "სასწაულს ზეცით". მას შემდეგ, რაც უფალმა სასწაულებრივად გაამრავლა ხუთი პური, შვიდი თევზი და დაანაყრა ხუთი ათასი კაცი, ამ სასწაულის მოწმენი ასე მიმართავენ უფალს: "და უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამოთ შენ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საჭმელად პური" (იოანე 6:30-31). ამ ხალხისთვის ხუთი პურის სასწაულებრივი გამრავლებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ეს უხმაუროდ მოხდა, მათ კი სანახაობა, ეფექტი სწყუროდათ - ზეცა ღრუბლებს უნდა დაეფარა, ელვა და ჭექა-ქუხილი ამტყდარიყო და პური ციდან გადმოცვენილიყო.

ქრისტეს სასწაულები ხელშესახები იყო, ისინი ყველაზე უბრალო ადამიანებისთვისაც ცხადი გახლდათ; მათში არაფერი იყო გამოუცნობი, ყველას შეეძლო მათი ხილვა და არც იმ ეჭვისთვის რჩებოდა ადგილი, ნამდვილად სასწაულია ეს თუ მხოლოდ სასწაულის მიბაძვაო. უფალი მიცვალებულთ აღადგენდა, სნეულთ კურნავდა. ბრმადშობილებს თვალისჩინს უბრუნებდა, ზღვის ღელვა და ქარიშხალი მის ერთ სიტყვაზე მშვიდდებოდა, წყალს ღვინოდ აქცევდა... უფლის სასწაულებს მრავალი მოწმე ჰყავდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი ან ღვთის მტერი იყო, ანდა მხოლოდ ხორციელ დახმარებას მოელოდა მისგან.

სასწაულები უფრო გრძნობად, ამასოფლიურ ცხოვრებას მიცემულ კაცთა დასარწმუნებლად და მოსაქცევად არის მიმართული: ყოფით საზრუნავში ჩაფლულ, გულით მიწას მიჯაჭვულ ადამიანებს ნაკლებად ესმით ღვთის სიტყვა, ამიტომ მოწყალე ღმერთი მათ ხილული სასწაულების მეშვეობით იზიდავს თავისკენ.

***
იორდანეს მიდამოებში ერთი საჭურისი მონაზონი თეოდორე ცხოვრობდა. ერთხელ საქმისთვის კონსტანტინოპოლში მოუხდა წასვლა. ჩაჯდა ხომალდში და გაემგზავრა, მაგრამ ზურგის ქარი არ იყო და გემს დიდხანს მოუხდა ზღვაში ყოფნა. მგზავრებს სასმელი წყალი გამოელიათ. ენით გამოუთქმელმა მწუხარებამ შეიპყრო ყველა. მაშინ ადგა მონაზონი თეოდორე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები, დიდხანს ილოცა, ჯვარი გადასახა ზღვას და მენავეებს უთხრა: კურთხეულ არს ღმერთი, აავსეთ ჭურჭელი ზღვის წყლით, ამოიღეთ რამდენიც დაგჭირდებათო. მენავეებმა ყველაფერი აავსეს ზღვიდან ამოღებული წყლით და ზღვის წყალი სასმელ წყლად გადაიქცა.

***
ერთი ქრისტესმოყვარე კაცის ნაამბობი: "ერთხელ თებაიდაში წმინდა ბერს ვეწვიეთ, და როცა მივუახლოვდით მონასტერს, დავინახეთ, დიდი, ბანჯგვლიანი, საშინელი ძაღლები მონასტრის გალავანზე იდგნენ და ყეფდნენ. მე შემეშინდა და ცხენიდან ჩამოხტომა დავაპირე, მაგრამ ჩემმა მხლებლებმა, რომლებმაც გამოცდილებით იცოდნენ ამ ძაღლების ჩვეულება, მითხრეს, ნუ ჩახვალ, ბატონო, რადგან ამ ძაღლებს ნაბრძანები აქვთ, გალავნიდან არ გამოვიდნენო და ამიხსნეს: ერთხელ თურმე ისინი თავს დასხმიან ვიღაცას და ძალიან დაუშავებიათ. ეს რომ ბერმა გაიგო, უბრძანა ძაღლებს, გალავანს არ გამოსცილებოდნენ.

შევედით მონასტერში და წმინდა ბერისა და მამებისგან კურთხევა მივიღეთ. ლოცვის დროს ჭასთან მოგვიწია გავლა და დავინახეთ, რომ აქლემი, რომელსაც წყალი ამოჰქონდა ხოლმე ჭიდან, უძრავად იდგა. ვიკითხეთ, რატომ არ აკეთებდა თავის საქმეს, რაზედაც გვიპასუხეს, წმინდა ბერმა უბრძანა, როცა სარეკელას დარეკავენ და ლოცვა დაიწყება, შეჩერდეს. ერთხელ მასთან მომუშავე კაცმა დოლაბის ხმაურში ლოცვის დაწყება ვერ გაიგო. სწორედ მაშინ უბრძანა ბერმა აქლემს: კურთხეულ არს ღმერთი, როცა სარეკელას დარეკავენ წირვის დაწყების საუწყებლად, გაჩერდი და ნუ გაინძრევი, სანამ ლოცვა არ დამთავრდებაო. აქლემიც იცავს ბერის ბრძანებას იმ დღიდანო. ეს რომ გავიგეთ, გაგვიკვირდა და ვადიდებდით ღმერთს.

ერთხელ ამ ხუცესს ივლიანოს მესვეტემ გამოუგზავნა ნაჭერში გამოკრული სამი ანთებული ნაკვერჩხალი და მოიკითხა. ხუცესმა მადლობით მიიღო, ამოიღო ნაკვერჩხლები, ნაჭერში წყალი გამოკრა და ივლიანოსს გაუგზავნა, თან შეუთვალა: ილოცე ჩემთვის, წმინდაო მამაოო.

***
ივლიანოს მესვეტის მოწაფე, მამა კვირიაკოზი, ჰყვებოდა: "მე, მამაჩემი და ჩემი ძმა სოფლიდან მოვედით მამა ივლიანოსთან, რადგან მისი სიწმინდის ამბავი შევიტყვეთ. მე მოურჩენელი სენი მჭირდა და ვერც ერთმა ექიმმა ვერ მიშველა. როცა წმინდა ივლიანოსმა ჩემთვის ილოცა, მაშინვე განვიკურნე. სამივენი მასთან დავრჩით მონაზვნებად. მამაჩემი ბერმა ბეღელში განაწესა, რომ ძმებისთვის საზრდო მოემზადებინა. ერთ დღეს მამამ ბერს უთხრა, რომ ბეღელში ხორბალი აღარ იყო. ივლიანოსმა სვეტიდან გადმოსძახა, წადი, ძმაო, რაც არის, ის შეაგროვე, დაფქვი და გაუმზადე ძმებს, ხვალისთვის კი ღმერთი იზრუნებსო. მამაჩემმა იცოდა, რომ ბეღელში არაფერი დაუტოვებია და აღშფოთებულმა მიაშურა თავის სენაკს. როცა ჭამის დრო მოვიდა, ბერმა მამაჩემი იხმო, მამამ ძლივს დაძლია გულისწყრომა და მივიდა. ივლიანოსმა უთხრა: ძმაო კონონ, წადი და რაც ბეღელში ნახო, გაუმზადე შენს ძმებსო. განრისხებულმა მამაჩემმა გასაღები აიღო და წავიდა, რომ ბეღელში მოეგავა და მტვერი ეჩვენებინა ბერისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ იქ მეტი აღარაფერი იყო. გადაატრიალა გასაღები, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლო, რადგან ბეღელი პირთამდე სავსე იყო ხორბლით. მამა მაშინვე უკან მობრუნდა, მუხლებში ჩაუვარდა ბერს და აუწყა მომხდარი. ივლიანოსმა მცირედმორწმუნეობაში ამხილა იგი, აკურთხა და გაუშვა".

***
ქალაქ იურევეცში ერთი კაცი ცხოვრობდა, რომლის სახელიც უცნობია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ იგი ნეტარი სიმონის თანამედროვე იყო. ამ კაცს ქოხი ვოლგის პირას, ბაზრის შორიახლოს, ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის ახლოს ედგა. კაცი უბრალო წარმომავლობისა იყო, ღარიბი, თავმდაბალი და ადამიანთა ხმაურიანი საზოგადოებისგან შორს მდგომი.

ზაფხულის ერთ თბილ ღამეს ის ქუჩაში გავიდა გასაგრილებლად. ზაფხულობით ამ ქუჩით მდინარე ვოლგაში წვიმის წყალი ჩაედინებოდა, გაზაფხულობით კი - თოვლის ნადნობი. კაცი ამ ქუჩით მდინარემდე ჩავიდა, სიამოვნებით უსმენდა ტალღების ტყლაშუნს და გახურებულ სხეულს იგრილებდა. შემდეგ მდინარის მეორე მხარესაც გაიხედა და უცებ დაინახა, იქითა ნაპირიდან წყალზე, როგორც ხმელეთზე, ადამიანი მოაბიჯებდა. ძალიან შეშინდა, თუმცა მაინც დაელოდა, სანამ წყალზე მოსიარულე კაცი ნაპირზე არ გამოვიდა და მასთან არ მივიდა. "რა იყო, ძმაო, რას მიყურებ?" - მიმართა მან. კაცმა იცნო - ეს სიმონ სალოსი იყო. ძალიან გაოცდა და შეშინდა, თუმცა არაფერი უთქვამს. ამის დანახვაზე ნეტარს გაეცინა და უთხრა: "ეს მართლაც მე ვარ და არა - მოჩვენება". მერე აღმოსავლეთით იბრუნა პირი, მდინარის მეორე ნაპირას, მაღალ ბორცვზე მიუთითა, სადაც უზარმაზარი ფიჭვები ხარობდა და უთხრა: "ხედავ იმ ადგილს? იქ ჩემი გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ, ღვთის ნებით, ბერების გადარჩენის აღსანიშნავად მონასტერი აშენდებაო". კიდევ დიდხანს ისაუბრეს, შემდეგ კი თავ-თავიანთ ადგილებს მიაშურეს.

ნეტარის წინასწარმეტყველება მონასტრის აშენების თაობაზე მართლაც ასრულდა. წმინდა სიმონის თაყვანისმცემლები ხშირად სტუმრობდნენ იმ ადგილს ვოლგის მეორე მხარეს, სადაც ის ლოცულობდა ხოლმე, ბევრი მარტოობის მოყვარული კი იქ სამუდამოდ დასახლდა. ნეტარის გარდაცვალებიდან ორმოცი წლის შემდეგ ამ ადგილზე მონასტერი დღესაც არსებობს და წმინდა სამების სადიდებლად ბერმონაზვნური ცხოვრებითაა შემკული.

მოამზადა
შალვა კეკელიამ
ბეჭდვა
1კ1