საღვთო ვნებას სიყვარულისა განძღომა არ შეუძლია
საღვთო ვნებას სიყვარულისა განძღომა არ შეუძლია
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
საეკლესიო ტიპიკონის ზუსტ დაცვაზე. მთაწმინდაზე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი მივედი. იქ გავიცანი მამა იერონიმე, რომლისადმი თავიდანვე კეთილმოკრძალებით განვეწყვე. იერონიმე ამაღლების ტაძრის მონზონი იყო, შემდეგ პრობლემები შეექმნა და მონასტერში დასახლება მოუწია. მაშინ ბევრს უნდოდა თავისთან წავეყვანე. ცნობისმოყვარე ვიყავი და ცოტ-ცოტას ყველაფერზე ვეკითხებოდი წმინდა მოძღვრებს, ვისაც კი ვხვდებოდი.

დაფის ხმა გავიგონე და ვიკითხე, მსახური რატომ რეკავს-მეთქი. ვხედავ, რომ მამები სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს კარებში შედიან, სამჯერ მუხლს მოიყრიან და ეამბორებიან წმინდა ხატებს. აქ გავიცანი მნათე გელასი, რომელიც მანამდე არაერთხელ დამინახავს სტასიდიიდან. სანთლებს და კანდელებს ანთებდა და ყოველთვის ჯვარს ისახავდა, შემდეგ ლოცვით მიმართავდა ხატზე გამოსახულ წმინდანს, მერე უკვე მორიგ კანდელს ან სანთელს აანთებდა და როცა მთელ ტაძარს მოივლიდა, მაშინ უბრუნდებოდა სტასიდიას.

პირეაში ჯერ კიდევ ყრმობისას შევხვედრივარ მღვდლებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ზერელე განათლების შხამით გაიჟღინთნენ. ამბობდნენ, არაფერს ნიშნავს ხშირი ჯვრის გამოსახვა და მუხლთა დრეკაო. სული დამისნეულდა ამ სახიფათო სწავლებით და მწუხრის მერე დაცინვით ვკითხე ღირსსახსოვარ მამა იერონიმეს.

- სანთლების ამნთები (კანდელაკი) ვიდრე სანთელს ან კანდელს აანთებდეს, სულ ჯვარს რატომ ისახავს?

მან მოთმინებით ვრცელი მოძღვრება მიქადაგა, რომელიც დღემდე მახსოვს. სანთლების მნიშვნელობა ამიხსნა და სხვა მრავალი რამ მომითხრო.

ჯიუტი ვიყავი და მისმა სიტყვებმა შინაგანად ამაღელვა. ბოლოს, როგორც იქნა, დამარწმუნა, მაგრამ ბოლომდე ვერ დავმშვიდდი, ბოლოს წმინდა ანას სკიტში გადავედი საცხოვრებლად. იქ კი ვნახე, რომ მნათეები არა მარტო სანთლისა და კანდელის ანთების წინ ისახავენ ჯვარს, არამედ მას მერეც და თან წმინდანს ეთაყვანებიან, მხოლოდ ამის მერე მიდიან შემდეგ ხატთან.

როცა წიგნის მკითხველად დამადგინეს, ჩემს მოვალეობაში შედიოდა მარჯვენა კლიროსთან, პატიოსანი ჯვრის წინაშე ორი სანთლის ანთება. ამ სანთლებს უკრძალველად ვანთებდი, თითქოს ეს მოსაწყენი საქმე ყოფილიყოს. ჩემი განსვენებული სულიერი მოძღვარი, სახელგანთქმული მამა ონოფრე მიხვდა ამას, თითქოს ჭვრეტდა ჩემს შინაგან კაცს. მან იცოდა, თუ რაოდენ ეგოისტი ვიყავი, თავს ყოვლისმცოდნედ ვთვლიდი და ტირილით ვიღებდი ნებისმიერ სიტყვას და სწავლებას. ერთხელ მასთან მივედი. მას ხელთ ჰქონდა წმინდა თეოდორე სტუდიელის "საკათაკმეველო თავნი". ჩემი სიფიცხის დასაცხრობად, მან ხმამაღლა იწყო წმინდანის სწავლების კითხვა: "იყავ ფხიზლად, მიწისმოქმედო, ფხიზლად იყავით თქვენც, მამანო და ძმანო, ოდეს ზეთისხილს აგროვებთ".

შემდეგ ღირსი თეოდორეს მოძღვრება მაშინვე გადადიოდა საეკლესიო მსახურთა მოვალეობათა აღწერაზე: "იყავი ფხიზლად შენც, კანდელაკო, რაჟამს სანთლებს ანთებდე... უკრძალველად ნუ მოეკიდები შენს საქმეს, არამედ მხოლოდ კეთილმოკრძალებით მოიმოქმედე, წარმოიდგინე თავი მიწიერი მეფის მსახურად და ისიც, თუ რაოდენი პატივით და თრთოლით დგას ეს მსახური თავისი მეფის წინაშე..."

როცა მან დაინახა, რომ ჩემი სიჯიუტის გამო წაკითხულიდან ყველაფერი არ მესმოდა, დამიწყო დამოძღვრა:

- ახალგაზრდა ბერო, იყავი ფხიზლად, როცა აღანთებ სანთელს ანდა კანდელს, ზურგს ნუ შეაქცევ ხატს, უცქერდე პირდაპირ და იფიქრე იმაზე, რომ წმინდა ანგელოზნი, როცა ქებას შეასხამენ ღმერთს, ყოვლადუხვსა და ყოვლადმოწყალეს, უფლის პირდაპირ დგანან და თვალნი ქვევითა აქვთ დახრილნი. როცა შენ ანდა ნებისმიერი სხვა მნათე შეუდგება თავის მსახურებას, ისინი ყველანაირად ეხმარებიან. ამიტომაც საეკლესიო მსახურნი უდიდეს საზღაურს მიიღებენ, როცა ყურადღება არ გაეფანტებათ და თვალყურს ადევნებენ, რომ ტაძარში, კარიბჭეში და წმინდა ნაწილებთან მდებარე კანდელები ყოველთვის ანთებული იყოს.

ფხიზლად იყავი, როცა ლამპარს აანთებ წმინდა ტრაპეზზე, ჯერ მიწამდე თაყვანი ეცი, შემდეგ აიღე ხელში კანდელი, აანთე და ამის მერე დადგი წმინდა ტრაპეზზე.

ვიჯექით ნეტარი მყუდროებით გარემოცულნი და მოძღვარმა ამიხსნა, თუ რა არის მნათეს მოვალეობა, თუ როგორია ეს ზეციური მსახურება. მან დამიმტკიცა, რომ ეკლესიაში შესულნი, როცა დგანან და უსმენენ წმინდა ლოცვებს, ჭეშმარიტად ამაღლდებიან ზეციური ჭვრეტისკენ და უმაღლესი მადლის ღირსნი შეიქმნებიან.

როცა შემდგომში სკიტის ტაძარში ვმსახურობდი და ვადარებდი სიმონპეტრელ მამა გელასის მსახურებას სკიტში მსახურებასთან, მიკვირდა, თუ რაოდენი პატივით აღესრულება ღვთისმსახურება ორივე სავანეში. მრავალგზის მინახავს, კანდელაკი მამა გელასი რომ ტიროდა ღვთისმსახურებაზე ყოფნისას, ისევე როგორც სხვა მნათეები და თვით ტაძრის დამლაგებელიც კი.

კვირაში სამი ღამისთევა აღესრულებოდა, მაგრამ ჩვენ სრულიადაც ვერ ვგრძნობდით დაღლას. ყველა ღვთისმსახურს სახე უბრწყინდებოდა და ანგელოზებს ემსგავსებოდნენ და შენც, როცა მსახურობ, მნათეობ მონასტრის ტაძარში და ყოველმა შენმა თანამსახურმა ძმამ მონასტერში თუ ჩვეულებრივ ეკლესიაში დაიმარხეთ გულში ღვთისადმი სიყვარული. მაშინ აღარ იფიქრებთ ღამისთევის ღვაწლის სიმძიმეზე.

აი, კიდევ რა მითხრა ჩემმა ნეტარხსენებულმა სულიერმა დამრიგებელმა. მისი მოძღვარი, ნეტარხსნებული მამა მინა ამბობდა, ეკლესიაში მტვერი არ უნდა იყოსო. თუნდაც ყოველდღე წირვა დგებოდეს, ადრე უნდა მივიდეს მსახური ეკლესიისა და ყველაფერი გაწმინდოს. სჯობია საღამოს დაიწყოს საქმიანობა. მტვერი იქ უნდა გადაიყაროს, სადაც ფეხი არ ხვდება, რადგან ის ტაძრისეულია, სადაც მანამდე მსხვერპლი შეიწირა ღვთისადმი, რომელმაც ადამიანური ბუნება უთესლოდ, ცოდვასა და ცვლილების გარეშე მიიღო.

გახსოვდეს, ყოველთვის გულმოდგინედ გამოწმინდე ტაძარი - მაშინ ღირსი შეიქმნები ზეციურ სიკეთეთა.

მონასტერში, სადაც ცხოვრობ, ადრე იყო ერთი მნათე, რომელიც ყოველთვის დროულად იწყებდა თავის საქმიანობას. ეშმაკი მრვალგზის უკაკუნებდა კარზე, რათა გაღვიძებოდა, აენთო სინათლე, დროზე ადრე წამომდგარიყო და ამით ხიბლში ჩავარდნილიყო. ძმამ აღუარა ეს ნეტარხსენებულ მამა იერონიმეს და განთავისუფლდა, მაგრამ მერე ეშმაკმა ის ძილად მიაგდო და აღარ შეეძლო სხვა ძმებთან ერთად გაღვიძება და წამოდგომა. მაშინ მოძღვარმა გამღვიძებლად ძმა დაუდგინა და მას კვლავ დაუბრუნდა თავისუფლება.

იგივე შეემთხვა ლავრელ მამას ილარიონს, როცა ის ლავრის ტაძრის ღვთისმსახური იყო. ერთხელ ის ღამისთევისას ფხიზლობდა, მაგრამ როცა ტაძრიდან უნდა გამოსულიყო და დაერეკა, ძილქუში დაეცა და ჩაეძინა. თუმცა აღსარების მერე გათავისუფლდა ამ განსაცდელისაგან. ამ მღვდლის პატიოსანი თავი ხარების მონასტრის საძვალეში ინახება იგი ზაფრანისფერია და ამით გვიჩვენებს, თუ რაოდენ გაუძნელდა მას მონასტერში ამ განსაცდელის დაძლევა.

აი, ის მცირეოდენი, რისი ჩაწერაც მოვასწარი. მაპატიე ჩემი კადნიერება.

მამა მათე, ლეონტი და დანიელი. ცოტა ხნის წინ მწერდი, რომ ტრაპეზზე მოისმინე წმინდა ეკატერინეს ცხოვრებიდან საკითხავი და შენმა სულმა წამოიძახა: "რა კარგია ღვთის წიაღში ყოფნა!" შენ მოისურვე, რომ მომეწერა ღვთისადმი სიყვარულის არსზე. მაგრამ მე ჯერ სრულიადაც არ განმიცდია უფლისადმი ჭეშმარიტი სიყვარული და მხოლოდ შენი სულის ცნობისათვის თავს ვალდებულად ვთვლი, გავიხსენო ჩემი გარდაცვლილი მოძღვრის სწავლება.

მონაზონი ღვთისადმი სიყვარულით მაშინ აივსება, როცა სრულყოფილ მორჩილებას აჩვენებს და მოიკვეთს საკუთარ ნებასა და გულისთქმებს, მაშინ მისი გონებაც სრულიად განიწმინდება, გაბრწყინდება, როგორც ამის შესახებ ამბობს ბასილი დიდი. ღვთის შემყვარებელი გონება ყველაფერს ივიწყებს და მხოლოდ ერთზე ფიქრობს: ოღონდ არ დაკარგოს თვალთახედვიდან ყოვლადწმინდა სამების ენერგიის გაბრწყინვება. მორჩილი, რომელიც ღმერთს სიყვარულით ემორჩილება და მიაღწევს სიმაღლეებს, რომელზეც საუბრობს წმინდა დიონისე აეროპაგელი, მხოლოდ ერთს ფიქრობს: ოღონდ არ დაკარგოს ეს უდიდესი სიყვარული, რომელიც უდაბნოში მცხოვრებთ მიეცემა მათი ღვთისადმი ლტოლვისა და დათმენილი ცილისწამების, სირცხვილის, მწუხარების და სხვა სიძნელეთა გამო...

ჩვენ ღირსი შევიქენით გვენახა ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული, მაგალითად, მონასტერში, სადაც შენ ხარ. სავანეში ცხოვრობდა სამი მამა: ნეტარხსენებული მოძღვარი მამა მათე, ამერიკელი მამა ლეონტი და მონაზონი დანიელი, რომელთაც მიაღწიეს ღვთაებრივი სიყვარულის მწვერვალს.

საღვთო ვნებას სიყვარულისა განძღომა არ შეუძლია. როგორც ამბობს წმინდა წერილი: "ხორხი მისი - სიტკბოებაი და ყოვლად საწადელ" (ქებ. 5,16). ხსენებულმა მონაზვნებმა მიაღწიეს ზეციურ სიყვარულს. საღვთო სიყვარულის მხურვალებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მამა ლეონტი, იგი ბრმა იყო და დღე-ღამეში სამი ათას-სამი ათას ხუთას დიდ მეტანიას ასრულებდა. სხვა მონაზვნებისგან განსხვავებით, არასოდეს ანთებდა ღუმელს ღამისთევის ლოცვების მერე. იმ დროს პირველ ჟამნს კითხულობდნენ, შემდეგ მამები კელიებში განმარტოვდებოდნენ, ლიტურგიაზე კი მათ ორი საათის მერე ეძახდნენ.

მათი კელიები ჩრდილოეთ მხარეს გადიოდა; ესმოდათ, როგორ ამზადებდნენ საჭმელს სამზარეულოში და უქმმეტყველებდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ჩრდილოეთის ქარი უბერავდა, მინებს მაინც არ სვამდნენ. მზად იყვნენ, დაეთმინათ ძვლებამდე გამჭოლი სიცივე და საკუთარი თავი ნებაყოფლობით მოწამეობისთვის მიეცათ.

მამა ლეონტი ბრმა იყო და ღვთისადმი უდიდესი სიყვარულით აღძრული, მუდამ სახეს ისისხლიანებდა მუხლთადრეკისას. თუ რომელიმე მათგანი მივიდოდა მასთან და შეეკითხებოდა, - როგორ მიაღწიე ასეთ უმაღლეს ცხოვრებას და სად არის ახლა შენი გონება და როგორ შეუძლია კაცს მიაღწიოს გონებით ცეცხლებრივ ზეცას, სადაც ნეტარებენ მხოლოდ ზეციური ძალნიო, ბერიკაცი ამოიოხრებდა და პასუხობდა:

- ვაიმე, შვილო! მე ჯერ არ მიმიღწევია იმ დონის სიმდაბლისთვის, როგორიც ადამს ჰქონდა ურჩობამდე. მე რომ მიმეღწია ასეთი ღრმა სიმდაბლისთვის, შევძლებდი შენთვის რაიმე მეპასუხა. თუ გინდა ასეთ სიმაღლეს მიაღწიოთ, შორს ნურსად წახვალ, დაითმინე შენს კელიაში წყურვილი, სიცივე და ყველა მწუხარება (მწუხარებები სოფლის წინაშე, მაგრამ სიხარული ღვთის წინაშე). მაშინ მონაზვნის გონება მსუბუქად აღიწევა ზევით - ღვთისკენ.

ვზივარ ჩემს კელიაში და ვხედავ მთელ ჩემს უძლურებას. ვხედავ, კრაზანა-კოღოებივით როგორ იბუდებს სულში ყოველგვარი ფრთოსანი არაწმინდება.

კოღოები ჭაობში მრავლდებიან, კრაზანები კი გახურებულ ველზე. ასევე ეს უთვალავი ვნება ქრება მკაცრი მარხვის - მღვიძარებისა და სხეულის სხვა ბოროტვნებულობის წყალობით.

ზედმეტი სიცხისაგან ჩნდება კრაზანა, ისეთივე ამაო, როგორიცაა ქედმაღლობა, ეგოიზმი და თავმაღლობა. ეს ვნებები შეგვიძლია განვაქარვოთ მღვიძარებით, თავის განკითხვით, სიმდაბლისმოყვარეობით, საკუთარი ნებისა და გულისთქმების მოკვეთით და სრულყოფილი მორჩილებით. მუდამ ვუცქერდეთ უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტეს, რომელიც იქმნა "მორჩილ ვიდრე სიკვდიდმე და სიკვდილითა მით ჯვარისაითა" (ფილ. 2,8).
ბეჭდვა
1კ1