მთელ სამყაროს უნდა უხაროდეს, რომ ამ "უხორცო მოღვაწეთა" ლოცვით მცირდება ღვთის სამართლიანი რისხვა კაცთა მოდგმაზე
მთელ სამყაროს უნდა უხაროდეს, რომ ამ "უხორცო მოღვაწეთა" ლოცვით მცირდება ღვთის სამართლიანი რისხვა კაცთა მოდგმაზე
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
იდუმალი და გამოუცნობი მოვლენები ათონზე
მარმარილოს ფილა პროტატში. პროტატის ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან არის მარმარილოს ფილა , რომელზეც, როგორც მოგვითხრობენ, ლათინურად მბრძნობი უნიატი პატრიარქის, იოანე ვეკას მომხრეებმა თავი მოჰკვეთეს კარიესის ღირსმოწამეებს, რომლებიც წინ აღუდგნენ უნიას და მართლმადიდებლებად დარჩნენ.

ამბობენ, ზამთარში რაც უნდა დიდმა თოვლმა დაფაროს აქაურობა, ქვის ფილაზე მაინც დნებაო.

კავსოკალივის არხი. მამა ესაია მიყვებოდა, რომ არხიდან, რომლითაც წყალი მიეწოდება კავსოკალიველ მამებს (მასში ჩაედინება წმინდა აკაკის ლოცვით აღმოცენებული სამი წყარო), გამოუცნობი და მშვენიერი კეთილსურნელება მოედინება.

გარდაცვლილთა რბილი სხეულნი. ათონის მთაზე გარდაცვლილ მონაზონთა სხეულები არ შეშდება, როგორც ეს ერში ხდება, მათი ხელ-ფეხი სირბილეს ინარჩუნებს. ბევრის აზრით, ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით ხდება, რამეთუ იგი დაგვპირდა, რომ საშინელი სამსჯავროს ჟამს იშუამდგომლებს თავისი ძის წინაშე თავის ბაღში მოსაგრეთა და გარდაცვლილთა ცხონებისათვის.

იდუმალი "უჩინარი ღირსი მამანი". ბევრს უთქვამს და ბევრი დაწერილა "უჩინარი ღირსი მამების" შესახებ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ უცნობი ღირსი მამები სხვა არავინ არიან, თუ არა ძველი ღირსი მოღვაწენი, რომლებიც იღვწოდნენ და გაბრწყინდნენ ათონის მთაზე. სხვების აზრით კი, ისინი თანამედროვე მოსაგრენი არიან, რომლებიც მიუდგომელ ადგილას მღვიმეებში ცხოვრობენ, რათა მოიპოვონ წმინდა ლოცვა, მუდმივ კავშირში იყვნენ ღვთის წმინდანებთან და სოფლისგან განშორებულთ უფრო ადვილად შეძლონ სრულყოფილება. მათი ნავსაყუდელი უხილავი რომ არ იყოს, მაშინ იქაურობას ყოველდღიურად აავსებდნენ როგორც კეთილმოკრძალებული მონაზვნები და ღვთისმოშიში ერისკაცები, ასევე ცნობისმოყვარე ტურისტები - ბერძნები და უცხოელები. მაშინ აღარ იქნებოდნენ სულყოფილი ადამიანები, არამედ გახდებოდნენ უძლურები და ვნებებით ავსებულნი კაცნი, მოკლებულნი შინაგან სიწმინდეს. რამეთუ, ბასილი დიდის სიტყვისაებრ: "დასაწყისი სიწმინდისა არის მყუდროება". უხილავნი რომ არ იყვნენ, იქაურობა ხალხით აივსებოდა, ზუსტად ისე, როგორც ნეტარი მოსაგრე მამა პაისისთან, რომელიც ყუთლუმუშის მონასტრის კუთვნილ "პანაღუდას" კელიაში ცხოვრობდა, ვისთანაც ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ ღვთისმოშიში ქრისტიანები, რათა ენახათ, მოესმინათ და პასუხი მიეღოთ ღვთივსათნო ნეტარი მამისაგან. ყოფილა ბევრი შემთხვევაც, როცა უბრალო და ღვთისმოშიშ ერისკაცებს უნახავთ უჩინარი ღირსი მამანი.

ერთმა ლიბანელმა მოისურვა ათონის მწვერვალზე ასვლა, გასცდა წმინდა ანას სკიტს, გზა აებნა და შეხვდა ვიღაც უცნობ მოღვაწეებს, რომლებიც მას მწიფე ლეღვით გაუმასპინძლდნენ. როცა მან ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში მოჰყვა, ზოგიერთი მამა წავიდა მათ მოსაძებნად, მაგრამ ვერავინ ნახეს.

სხვა დროს კი წმინდა ანას სკიტელი მონაზვნის ერთ-ერთი ღვთისმოშიში ნათესავი, წარმოშობით კრიტელი, ასცდა სკიტის ბილიკს და ერთ მღვიმეში შეძვრა, სადაც ვიღაც გარდაცვლილი მონაზვნის სხეული ესვენა. განსვენებულს მარჯვნივ და მარცხნივ სანთლები ენთო. როცა კრიტელი ამის შესახებ მოჰყვა, რამდენიმე მონაზონი თავიანთ მოძღვართან ერთად იმ ადგილის მოსაძებნად წავიდა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

დაახლოებით 1990 წელს წმინდა პეტრეს კელიაში მცხოვრები მონაზონი თავისი კელიის დასავლეთით შეხვდა 10-11 უცნობ მონაზონს, რომელთაც თან წაყოლა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი უთხრა.

კიდევ ერთმა წმინდა პეტრეს კალიველმა წმინდა მოსაგრემ, ნეტარმა კეთილმოკრძალებულმა მამამ დანიელმა, როგორც თვითონ ჰყვებოდა, უმასპინძლა "უჩინარ მოსაგრეებს" და აზიარა უწმინდეს საიდუმლოებებს. ხოლო ნეტარ მამა პაისის ათონის მწვერვალზე შეხვდა სამოსდაკონკილი უცნობი მოსაგრე.

ბერდიაკონი ეფრემი, კიკოს მონასტრიდან, მთაწმინდაზე წმინდა პავლეს მონასტერში მიდიოდა. გზად შეხვდა უცნობი მოსაგრე. ისინი შეჩერდნენ და საუბარი გააბეს. ამ მოსაგრეს ძველისძველი კაბა ეცვა და წელამდე წვერი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. მათ საღვთო ზიარებაზე ისაუბრეს და ბერდიაკონმა უცნობ მოსაგრეს კითხვები დაუსვა, რათა მისი აზრი შეეტყო საღვთო ზიარებაზე.

მოსაგრემ უპასუხა. მერე თავ-თავისი გზით წავიდნენ. კვიპრელი ყმაწვილი რამდენიმე ნაბიჯით გაშორდა, მერე მობრუნდა, რათა კვლავ თვალი შეევლო უცნობისათვის, მაგრამ მხოლოდ ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა.

არის გადმოცემის უფრო ძველი წყაროები "უჩინარ მამებზე" ანუ "იდუმალ მოსაგრეებზე":

უძველესი გადამოცემა ამბობს, რომ სათნო მოძღვარი ქრისტეფორე მასპინძლობდა მათ და აზიარებდა უწმინდეს საიდუმლოს მე-19 საუკუნის დასაწყისში იანაკუპოის კალივაში.

1835 წელს რამდენიმე მონადირე გარეულ თხებზე ნადირობისას დილით გადაეყარა ნახევრად შიშველ მამას, რომელსაც მცირედ გაესაუბრნენ. მან მონადირეებს მოუყვა, რომ იქ სულ შვიდი მამა ცხოვრობდა. მონადირეებმა, წმინდა ანას სკიტში დაბრუნებისთანავე ეს ამბავი იქაურ მხცოვან მამებს უამბეს. მათ აიღეს კვერთხები და მეუდაბნოეთა მოსაძებნად გაემართნენ, მაგრამ იმ ადგილებში ვერავინ მონახეს.

დიდი ლავრის მეტყევემ, მონაზონმა არსენმა 1861 წელს უამბო ერთ რუს მეუდაბნოეს, რომ იცნობდა ოთხ დაფარულ მამას, რომლებიც ათონის უდაბნოში განდეგილად ცხოვრობდნენ.

ჟურნალ "მთაწმინდის ბიბლიოთეკის" ერთ-ერთ ნომერში, რომელიც ადრე გამოდიოდა, დაწერილია "უჩინარ მოსაგრეებზე". ის, რომ "ისინი შვიდნი იყვნენ და ათონის მღვიმეებში ცხოვრობდნენ და როცა ერთი კვდებოდა და ექვსნი რჩებოდნენ, რაღაცნაირად იდუმალი სახით მთაწმინდიდან მოდიოდა უცნობი მოღვაწე მონაზონი და იკავებდა მის ადგილს!" ამ ღირს და დიდსულიერ კაცებს, თუმცა ურთიერთობა აქვთ სხვა მეუდაბნოე მონაზვნებთან, მაგრამ ისინი უსახელონი და შეუმწიფველნი არიან სოფლისათვის. ნეტარი მამა პაისი ამტკიცებდა, რომ ჩვენს დროშიც საკმაო რაოდენობის უცნობი მოღვაწენი იყვნენ.

"უჩინარი მოსაგრენი" იმიტომ დაარქვეს, რომ როცა ვინმე ხვდება მათ, ანდა თვითონვე ვინმეს ეცხადებიან, მერე, როცა სხვა კაცნი მათ მოძებნას ცდილობენ, ვერავის და ვერაფერს პოულობენ, ვერც ხალხს და ვერც მღვიმეებს.

ამ გადმოცემას ნათელს ჰფენს ის ფაქტი, რომ დროდადრო მოსაგრე მონაზვნები, სკიტელები და მეუდაბნოეები უკვალოდ ქრებიან. 1940-42 წლებში წმინდა პეტრეს კელიაში ორ მორჩილთან ერთად ცხოვრობდა ერთი მამა, რომელმაც თქვა, კუნძულ სამოსზე მივდივარ, მღვდლად უნდა დამასხან ხელიო, მაგრამ უკვალოდ გაქრა.

დაახლოებით 1954 წელს ივერთა სკიტში დაყუდებული იყო ბერი სერგი, ძალზე მოღვაწე, მდუმარე და განმსჯელი. ისიც გაქრა, მისი კალივის კარები კი დიდხანს იყო ღია. ვათოპედის მონასტრის კუთვნილი კოლიცის კელიის მოღვარი მამა ნექტარიოსიც უკვალოდ დაიკარგა, ასევე - კიდევ ორი ბერი ქსენოფონტეს მონასტრიდან - მამა ნიკოდიმოსი და კაფსალელი მარტინიანე.

მთაწმინდაზე როცა ვინმე დაიკარგება, ამბობენ ხოლმე, "უჩინარმა მოსაგრეებმა" წაიყვანესო. ყოველ შემთხვევაში, თუ "უჩინარი მოსაგრენი" არსებობენ (ეს კი სხვადასხვა ფაქტით დასტურდება), მაშინ მთელ სამყაროს უნდა უხაროდეს, რომ ამ "უხორცო მოღვაწეთა" ლოცვით მცირდება ღვთის სამართლიანი რისხვა კაცთა მოდგმაზე, ჩვენი ცოდვებისათვის აღძრული.

ხოლო თუ ვინმეს არ სჯერა ჩვენ მიერ ზემოთ მოთხრობილი "ათონის უდაბნოთა საიდუმლო", ჩაიხედონ იოანეს და ბრძენი სოფრონეს "ძველ ლიმონარში" და იქ იპოვიან ამგვარ მოთხრობებს. პირველ ნაწილში 119 მოთხრობაა წმინდა მამებზე, მეორე ნაწილში კი შეტანილია "გამოთქმანი და ღვაწლნი მამათა ჩვენთა, სინაზე და რაიფაში გაბრწყინვებულთა". ეს მეორე ნაწილი 36 თავისგან შედგება და ასევე აქაა შეტანილი "მოსე შავის წინასწარმეტყველება". 22-დან 28 თავამდე იხსენიებიან სინას უდაბნოს უჩინარი მოსაგრენი.

სინას გარშემო - სიდის, მეტმორის მთის, გუდარესის, არენდულის და სხვა სადაყუდებელ ადგილებში მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში ცხოვრობდა მრავალი განდეგილი. მოგითხრობთ ერთ ამბავს, რომელიც არენდულაში მოხდა: "ამბა მათე მეუდაბნოე შემდეგი რამ მოჰყვა: როცა ის არენდულაში ცხოვრობდა, სადაც ბევრი მეუდაბნოე იყო, ტაძარში, განსაკუთრებულ კარადაში ინახებოდა სანაწილე, საიდანაც აძლევდნენ წმინდა ზიარებას მეუდაბნოეებს. ტაძარში მისულ მამა მათეს არაერთხელ დახვედრია სანაწილე და კარადა ღია და ძალზე წუხდა. მაშინ მან გადათვალა წმინდა ნაწილები და კლიტე დაადო. შემდგომში კვლავ გადაითვალა ნაწილები და აღმოაჩინა, რომ სამი ცალი აკლდა. გაკვირვებულს მომდევნო საღამოს გამოეცხადა სამი მონაზონი. მათ ის გააღვიძეს და უთხრეს, - ეს, ჩვენ, ცოდვილები, მოვდივართ და სანაწილიდან ვეზიარებითო. მაშინ ის მიხვდა, რომ განდეგილები წმინდანები იყვნენ და ღმერთი განადიდა იმის გამო, რომ ისინი უბოძა ჩვენს მოდგმას.

თავი 31. ამბები შურისა
ღირსი ნექტარიოს კარიესელის ცხოვრებიდან. როცა ღირსი ნექტარიოსი მორჩილად იყო ფილოთეოს კარიესელთან, ამავე მამის ვინმე სხვა მორჩილს მისი შეშურდა და ისე მოიძულა, რომ ამბობდა, ან ნექტარიოსს გააგდებენ, ან ჩვენ ორს შორის ერთ-ერთი მოკვდებაო.

ერთი მამა, ღირს დიონისესთან ერთად, გულმოდგინედ ცდილობდა გონს მოეყვანა შურიანი ძმა. ნექტარიოსი გაგზავნეს მთაწმინდის მაშინდელ პროტოეპისტაპთან. მერე მისი კურთხევით ის და მამა დიონისე დასახლდნენ მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის კალივაში, რომელსაც "ყრუ ველს" ეძახიან. ეს მოხდა მამა ფილოთეოსის გარდაცვალების შემდეგ. ეს შურიანი ძმა აქეთ-იქით დაეხეტებოდა, ბოლოს კი სოფელში წავიდა და ცოდვებში განაგრძო ცხოვრება. მისი აღსასრული ტრაგიკული იყო. იგი გამოუსწორებელი, საღვთო ზიარებისა და სულის გასვლის ლოცვის გარეშე მოკვდა.

როგორ დასაჯეს მამა იოსებ მღვიმელი. როცა იოსებ მღვიმელი წმინდა ანას სკიტის გვერდით, იოანე ნათლისმცემლის კელიაში ცხოვრობდა, მისი სახელი განდიდებული იყო, როგორც მრისხანე და განმსჯელი მამისა. წმინდა ანას სკიტის ხელმძღვანელ მამებს მისი შეშურდათ და უბრძანეს, ხიბლში რომ არ ჩავარდე, მღვიმიდან წადიო. მაგრამ ამის მთავარი მიზეზი მისადმი შური გახლდათ, რადგან მრავალი ადგილიდან - მთელი მართლმადიდებელი სამყაროდან და მათ შორის მთაწმინდიდანაც ამ მამის სანახავად მოდიოდნენ. ამიტომაც ბევრი კითხულობდა მამა იოსების ადგილ-სამყოფელს. ის ისევე იყო ცნობილი, როგორც ჩვენს დროში მამა პაისი. და აი, წმინდა ანას სკიტის მამებმა ერთ-ერთ კრებაზე გადაწყვიტეს, მამა იოსები სხვადასხვაგვარად დაესაჯათ. მათ შორის დაავალეს სკიტის ტაძრის გალესვა. ეს ღვთის განგებულებით მოხდა, რათა მამა იოსები სიმდაბლეში ყოფილიყო და ამ განსაცდელით უფრო გაბრწყინვებულიყო. თვითონ გულში ბოროტებას არასოდეს ინახავდა და ყოველთვის ამბობდა: "მამები მართლები არიან, მე არა ვარ მართალიო".
ბეჭდვა
1კ1