ცრემლები კი უმნიშვნელოვანესი ნიშანია ღვთის სიყვარულისა
ცრემლები კი უმნიშვნელოვანესი ნიშანია ღვთის სიყვარულისა
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
ცხოვრება სიმონ-პეტრაში. როცა ჩვენს ბაღში სამუშაოდ წახვალ, დაფიქრდი, რამდენმა კაცმა გამოიჩინა თავი ბაღში მუშაობით. აქ მორჩილებას მონასტერში არად მიიჩნევენ, არადა ხშირად სწორედ მებაღეები აღწევენ უდიდესი ჭვრეტის სიმაღლეებს. წადი წმინდა გრიგოლის მონასტერში, იქ შეხვდები მონაზონ ავქსენტის, რომელიც მონასტერში მოსვლისთანავე ბაღში მოეწყო სამუშაოდ. მასთან ურთიერთობით დიდ სიკეთეს მიიღებ. უეჭველია, ავქსენტი ღირსი გახდა გულისმიერი ლოცვისა, მაგრამ თავისი თავმდაბლობით ამას არ აღიარებს.

ბევრი ილოცე და მონასტერში განსაცდელი დაითმინე. მოთმინება გაგგზავნის გადაშლილსა და უსაზღვრო უვნებლობის ზღვაში. უვნებლობა გიბოძებს შენ გულისმიერ გონებას - ამ ნიჭის ღირსნი გამხდარან დღევანდელი მამებიც კი.

თვითონ მე ქედმაღალი ვარ. მრავალგზის მირჩიეს, ეგოიზმი მომეკვეთა, მაგრამ, ჩემდა საზიანოდ, არასოდეს ვუსმენდი. ამიტომაც ვარ მოკვეთილი გვამივით. მხოლოდ მათი იმედი მაქვს, ვინც ჩემთვის სიყვარულით ლოცულობს. როგორი ფარისეველიც არ უნდა ვიყო, მთელი სულით მწამს, რომ შენ ყოველივეს გემოს იხილავ, რაც კი მოგიყევი.

უზომო მოთმინებას გისურვებ, რომელიც გიბოძებს მშვიდ სიხარულსა და ყველაფერს, რომელზეც საუბრობს რჩეული ჭურჭელი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში.

***
ვხედავ, რაც ხდება სოფელში და ვერაფერს ვხდები. არ ვიცი, რა ვქნა. უპირველესად, ჩემი ღრმად მოხუცებულობის გამო, არ შემიძლია ვუპასუხო წერილებს.

როცა სიმონ-პეტრას ახალბედა მორჩილი ვიყავი, ურთიერთობა დავამყარე ჩემს ახალ თანამოსაგრეებთან. ერთ-ერთს, ღამის დარაჯს, იოანეს ეძახდნენ. ერთხელ მოზილეს ცომი, გაახურეს ღუმელი. ცერცვის შეჭამანდის სურნელმა თავგზა დამაკარგვინა, ვთხოვე ძმას, კერძის დასხმა და მალულად შევჭამე. შემამჩნია ნეტარსახსენებულმა მამა იერონიმემ, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დუმილი არჩია. მაგრამ საღამოს მწუხრის მერე ვეღარ გავუძელი სინდისის მხილებას და ჩემი ცოდვა ვაღიარე მის წინაშე. მითხრა: "ამიერიდან ყურადღებით მოიქეცი. როგორც ამბობს ამბა ესაია: "ისინი, ვისაც სურს მონაზვნური ტიპიკონის დაცვა და მონასტერში ყოფნა, უნდა გაექცნენ ხშირ მეგობრულ ურთიერთობებს". ხშირი მიზიდულობა განხრწნის ახალგაზრდა სულებს და აღარ იციან, რა გააკეთონ მონასტერში. გინახავს, ოდესმე მოძღვარს ფარულად ყურძენი მოეცა? დაგინახავს როდისმე, რომ არქონდარიკის მმართველს, რომლის თანაშემწეც იყავი, სხვისი ტრაპეზიდან რამე ეჭამა და შენთვის ერთი ქლიავი მაინც მოეწოდებინა? მას კი ჰქონდა ამის უფლება. ამიტომაც, თუკი ცხონებისთვის ისწრაფვი, არ დაუჯერო თვით მღვდელსაც კი, თუნდ ჩაის კოვზით წანდილი შემოგთავაზოს.

განეშორე, თუ ძმა სულიერი საკითხების განსჯისკენ გიბიძგებს - თუ რა არის მონასტრული ცხოვრება, ლოცვა, ჭეშმარიტი დაყუდება და სხვა, თორემ გაკადნიერდები. აღარც სირცხვილი გაგახსენდება და აღარც მორჩილება; დაგიძახებს ძმა, წახვალ მასთან კელიაში, დაივიწყებ მორჩილებას, მონაზვნური ცხოვრების კანონებს და ყველაფერი უკუღმა წავა.

ამიტომ, როგორც ბრძანებს ღირსი ეფრემი, ფხიზლად იყავი, ვიდრე ახალგაზრდა ხარ. ორი ახალგაზრდა მარტო დარჩება და არაწმინდა ფიქრებიც მათთან ერთად დარჩება".

უდიდესი სიხარულით ვუსმენდი მოძღვარს და დავიმახსოვრე მისი დამოძღვრა, რომლის შინაარსიც იმაში მდგომარეობს, რომ იცოდე შენი საზომი, განიკითხო და უსაყვედურო საკუთარ თავს. და თუმცა მსურდა გავყოლოდი ქრისტეს ნაბიჯებს, ჯერაც ვერ ვისწავლე საკუთარი თავის განკითხვა.

მონასტერში მოდიოდნენ მოსაგრენი და მეუდაბნოენი. როცა ხედავდნენ, რომ ხალისით აღვასრულებდი ყველა საქმეს, დამმოძღვრავდნენ, რომ სრულყოფილების მისაღწევად საჭირო იყო დამეტოვებინა საძმო და უდაბნოში წავსულიყავი. იქ შემეძლო მივცემოდი დაყუდებას და ღირსი შევქმნილიყავი მამობის მადლისა.

ნეტარსახსენებელმა მამა იერონიმემ შემამჩნია აღელვება და მიზეზი მკითხა. ის მშვიდად მისმენდა, მე მისთვის საკუთარი განზრახვა უნდა გამემხილა და ჩემი მწუხარების მიზანი მეჩვენებინა. როცა სათქმელი დავამთავრე, მან წმინდა წერილი იმის მაგალითად მომიყვანა, რომ არავისთვის მესმინა:

- შენ ხომ მიცნობ ამაღლების ტაძრიდან. მე შენ ჯერ კიდევ 1909 წლიდან მახსოვხარ. მოხედე ჩემს სიმშვიდეს და სიმშვიდეს პოვებ.

ერთხელაც, შობის წინა დღეს, მონასტერში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მტერმა ჩემი დახმარება გადაწყვიტა და როგორც ყოველთვის, ეშმაკისეული დაცინვით მითხრა: "ხომ ხედავ, რომ აქ წესრიგი არ მყარდება? განა სიმართლეს არ გეუბნებოდნენ მეუდაბნოეები, დატოვე მონასტერი და იქ წადი, სადაც მყუდროებააო?"

როცა უდაბნოს გულისთქმებმა კვლავ შემაწუხეს, თებერვალში, დავტოვე მონასტერი და იქით წავედი, სადაც ჩემს ცოდვებს მივყავდი.

ამას შემდგომი თაობებისთვის ვწერ, რათა არ დაემორჩილონ არავის აზრს, მხოლოდ იმას დაუჯერონ, ვისაც იგი ცოდვის უფსკრულიდან ამოჰყავს და უჩვენებს მონაზვნური ცხოვრების სწორ გზას. დაფიქრდით, ახალნერგნო, თქვენ ღრმად უნდა გაიდგათ ფესვი მართლმადიდებელ რწმენაში და დაიცვათ მონაზვნური ცხოვრების წესი.

ევედრეთ ღმერთს ჩემთვის, საცოდავი ცოდვილისთვის.

***
ამ დღეებში მივიღე შენი წერილი. მწერდი "მთაწმინდის "შიშველ მოსაგრეებზე", რომლებიც წმინდა ანას სკიტსა და ცივ წყლებს შორის, ტყეში ცხოვრობენ. ეს "შიშველი" მამები საკუთარ თავს წმინდა პეტრე ათონელს მიამსგავსებენ, როგორც ის დაემორჩილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სამარის ციხიდან განთავისუფლების მერე, ასევე ისინიც სიცოცხლის ბოლომდე მორჩილნი არიან სულიერი მამებისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხედავს, თუ რაოდენ აღივსნენ ისინი სიყვარულით, თუ რაოდენ მდაბალნი არიან და შეჰყავს მამები წმინდა ანგელოზთა დასში. ისინი დაუტევებენ თავიანთ ნავსაყუდელს და შეაბიჯებენ უზრუნველობის უსაზღვრო ზღვაში, რომელსაც აჰყავს ისინი საღმრთო სიყვარულამდე.

მწერ მამა მაკარის დაუვიწყარ სიტყვებს. წმინდა არტემის ხსენების დღეს ტრაპეზობისას მან თქვა: "ეჰ, მამაო, ჭვრეტისა და ღვთაებრივი სიყვარულის რაოდენ სიმაღლეებზე ადიან ეს მრავალნეტარი მამები!"

მოგწერ მოკლედ. შენი მოვალეობაა, რამდენადაც ძალგიძს, განთავისუფლდე ვნებათაგან და სიმონ-პეტრას მონასტერში ცხოვრება გააგრძელო. და როცა ვნებათაგან განთავისუფლდები, მიხვდები, რაოდენ ფასეულია მონასტერში ცხოვრება, სადაც შენ ახლა ცხოვრობ. ჩვენს დროში არის სულიერი საძმოები, რომლებიც ღვაწლს აღასრულებენ და ღვთაებრივი სიყვარულის სიმაღლეს აღწევენ. მე მათ ახალგაზრდობიდან ვიცნობ.

მათ შორის იყო მონაზონი კვირიაკე. ის წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა. ერთხელ კალივები მოიარა, დაემშვიდობა ძმებს და დაუტევა თავისი კალივა. რა დაემართა მას შორეულ უდაბნოში, არავინ იცის; არც ის არის ცნობილი, ცოცხალია თუ მკვდარი.

ჩვენ მაშინ ახალბედანი ვიყავით და გამოვიცდებოდით მისი სრულყოფილი მორჩილებით. თუ ნეტარსახსენებელი მამა იოანიკე ეტყოდა მას, - აიღე კალათა და ბაღში წადიო, მაშინვე უყოყმანოდ მიდიოდა. მონასტერში ყოფნისას, თავისი მორჩილების წყალობით, იგი ღირსი შეიქნა მოუკლებელ ცრემლთა ნიჭისა. ცრემლები კი - უმნიშვნელოვანესი ნიშანია ღვთის სიყვარულისა.

ის არასოდეს უქმმეტყველებდა, ყოველთვის ფხიზლად იყო და მოუკლებელ ლოცვას იმარხავდა. ეს გულიდან მომდინარე ლოცვა გახლდათ. როგორც ამბობდა ღირსი მამა: "მე მძინავს, მაგრამ გული ჩემი ფხიზლობს".

ამ საქმეში მისი მასწავლებელი იყო მამა მათე. მან ღირსი და ღმერთშემოსილი მამის, სვიმეონის მღვიმის პირდაპირ დაყუდების სკიტი ააშენა.

ამ ძმის სახე ზეციური დიდებით იყო განათლებული. ხალხიც ხედავდა მუშაკობის ამ ნაყოფს და განადიდებდა ყოვლადსახიერ ღმერთს. მონასტერშიც შეიძლება იკვებო "მაგარი საჭმლით", რომელსაც ღმერთი მხოლოდ მდაბალ ადამიანებს უბოძებს.

შენ კი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საყვარელო შვილო, გახსოვდეს, რომ ყოველთვის უნდა განაქიქო საკუთარი თავი, დაითმინო შეურაცხყოფა უმცროსთაგან, იმის ლაპარაკი კი არ უნდა დაიწყო, რომ რიზარის სემინარია დაამთავრე და იქ წიგნების კითხვა ისწავლე. შენგან უფალი სხვას ითხოვს, რომ ისწავლო მონაზვნური ცხოვრების ზეციური დამწერლობა. ამიტომაც წმინდა მამები - გრიგოლი და ვასილი, როცა კესარიაში იყვნენ განმარტოებულნი, ამბობდნენ, - არ ღირს დაუტევო მყუდროების ეს ზეციური ცხოვრება და ამდენი დრო დაკარგო ათენის სკოლებში გარეგნული სიბრძნის შესასწავლად.

***
ყურადღებით წაიკითხე ყველაფერი, რასაც მამა კვირიაკეზე გწერ.

როცა მოისმენ, როგორნი იყვნენ ჩემი თანატოლები და თანამედროვენი, აღივსები სიმდაბლისმოყვარეობით, დღედაღამ დაამდაბლებ საკუთარ თავს, მადლობას შესწირავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს იმისთვის, რომ მან სოფლიდან გამოგრიყა და მეტად აღარ უსმენ სემინარიის შერყვნილ ჭეშმარიტებას. ახლა თვითონვე ხედავ, თუ როგორ აურ-დაურიეს სემინარიაში ყველაფერი და რაოდენ გამართულია ღვაწლი, რომელიც ჩვენამდე მყოფმა მრავალმა მამამ გასწია.

შედი ბიბლიოთეკაში და ხელნაწერი წიგნები ითხოვე. მათში გამოხატულია ჭეშმარიტ მონაზონთა სწრაფვა სასურველი და საყვარელი ქრისტესკენ. სთხოვე, მოგცენ მონაზონთა ჩანაწერები, რომელთა შორის იყო უპოვარი მამა იერონიმე.

ამ ხელნაწერებში ჩვენს მეუდაბნოე მამათა აკათისტოებსა და ტროპარებს ნახავ. საღმრთო სიყვარულით აღფრთოვანებულმა მამებმა მოიპოვეს ზედმიწევნით ცოდნა საგანთა, რომელიც შეაერთებს შეყვარებულს - უპირველეს უფალს ქრისტეს. მათ უმცირეს წვრილმანებშიც კი დაიცვეს ჩვენი დედაეკლესიის გადმოცემები და კანონები.

თქვენ გასწავლეს დაყუდებისა და ლოცვის ხერხები, ამიტომ ილოცეთ და ზედმიწევნით აღასრულეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ. ნუ იტყვით, რომ თქვენი უფროსი სულ ცოტა ხნის წინ გახდა მონაზონი და ჯერ არ უთქვამს უარი ერისკაცულ ჩვევებზე. მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, რომ მოვალენი ხართ, მას სრულყოფილი მორჩილება გამოუცხადოთ, თქვენ მემკვიდრენი ხართ ძველ მამათა, რომელთაც მორჩილების მწვერვალები გვიჩვენეს.

იყო ერთი მამა ანანია. ნეტარსახსენებელი მამა იოანიკე მას ყოველთვის გზავნიდან ხოლმე დონტში, მაგრამ მას არასოდეს წასვლაზე უარი არ უთქვამს. აიღებდა ორცხობილებს, ბოთლით ძმარს და მიდიოდა წმინდა დიმიტრიდან წმინდა გიორგიმდე და მონასტერში ნიორი და ათასნაირი ნივთი მოჰქონდა. სამოსი ძველი ეცვა და მონასტერში არავის არასოდეს ესაუბრებოდა.

ერთხელ წმინდა სერაფიმე საროველის ხატი დავინახე. მივხვდი, რომ ანანია ძალზე ჰგავდა მას. სათნოებებმა ასეთი კვალი დაამჩნიეს მამა ანანიას.

მონაზონი ილარიონი საავადმყოფოში მსახურობდა. ის იერუსალიმიდან ჩამოვიდა. თუმცა მთლიანად საავადმყოფოს საქმეებით იყო დატვირთული, მაგრამ ეკლესიაშიც იყო წიგნისმკითხველად. მახსოვს, მამა ილარიონმა ნეტარსახსენებელ მამა იოანიკეს კურთხევა სთხოვა გვირილების დარგვისა, რომ ავადმყოფი ძმისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა - ის გვირილას ხარშავდა და ნახარშს ძმებს ასმევდა.

ავადმყოფ მონაზვნებსა და ერისკაცებს ერთხელაც არ დაუჩივლიათ, რომ მათ საავადმყოფოში კარგად არ ემსახურებოდნენ.

ამ მონასტერში ბევრი ავადმყოფი იყო და ამიტომაც ნეტარსახსენებელმა მამა ნილოსმა, რომელსაც მიეწერებოდა ჩვენი ამაღლების ტაძარი, როგორც სიმონ-პეტრას მეტოქიონი, იზრუნა იმისთვის, რომ საავადმყოფოში აფთიაქი ყოფილიყო და ყველასთვის მიეცათ წამალი. ათონელი ექიმები ამ აფთიაქით სარგებლობდნენ.

მამა ილარიონი, ისევე, როგორც სხვა მამები, არასოდეს არავის უყვიროდა.

სხვა მამები "სათნოებათმოყვარეობას" კითხულობდნენ და თვალთაგან ცრემლნი მდინარესავით სდიოდათ. შენ მკითხე, - მაშ, რაღად წამოხვედიო? მე მხოლოდ ჩემი მაშინდელი მედიდურობის გამო წამოვედი. ნეტარსახსენებელი მამა იერონიმე მირჩევდა:

- დარჩი მონასტერში, დაუჯერე შენს მოძღვარს პანარეტს, რომელმაც აქ გამოგაგზავნა.

მე წამოვედი. და ახლა მახსენდება წმინდა მამათა ამოოხვრანი: "ეს რა ჩავიდინე!" მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ყოვლადსახიერი ღმერთი მეც შემიწყალებს.

ასე უნდა ილოცოთ: დილიდანვე მუშაობას შეუდექით და კარგად დაიღალეთ, მწუხრის მერე შედით კელიაში, ჩამოჯექით სკამზე და ეცადეთ, სუნთქვა შეიკავოთ. იგრძენით, გონება როგორ ჩადის გულში. მაშინ მოიპოვებთ სიბრძნისმოყვარეობის და სიხარულის საგანძურს - ნაყოფს სულიწმინდისა.

ასე მოიქეცით, მიბაძეთ თქვენს წინამორბედთ, რომლებიც საიდუმლოდ იმახავდნენ ამ საგანძურს.

შენდობას ვთხოვ თქვენს მოძღვარს ჩემი კადნიერების გამო. არ არის ჩემში მცირეოდენი სიკეთეც კი და გთხოვთ მხოლოდ, ევედროთ ყოვლადსახიერ ღმერთს ჩემი სულის ცხონებისათვის.

ნახვამდის, შვილო.

იმუშავეთ, იმუშავეთ.
ბეჭდვა
1კ1