თითქმის ყოველდღე მოდიოდა ამ მღვიმეში, მარხვით, ლოცვით და ცრემლთა დენით ემზადებოდა მოწამეობისთვის
თითქმის ყოველდღე მოდიოდა ამ მღვიმეში, მარხვით, ლოცვით და ცრემლთა დენით ემზადებოდა მოწამეობისთვის
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი 27. მთაწმინდის მღვიმეები
11. ღირსი გერასიმეს მღვიმე. წმინდა ანას სკიტში, ტაძრის ზემოთ, პატარა ბილიკია, რომელსაც ღირსი გერასიმეს მღვიმემდე მიჰყავხარ. ღირსი გერასიმე, ვიდრე წმინდა ადგილებში გაემგზავრებოდა და მერე კუნძულ კეფალონიაზე დასახლდებოდა, ერთხანს აქ წმინდა ანას სკიტში ცხოვრობდა.

ერთხელ ამ სკიტის მონაზონს ვკითხე, თუ რამდენი წელი გაატარა წმინდანმა ამ მღვიმეში. მან მიპასუხა, - ეს უცნობია, სავარაუდოდ, 5-12 წელი იცხოვრა. ღირსი გერასიმე კეფალონიელის ხსენება 20 ოქტომბერს აღინიშნება.

ამ მღვიმეში, რომელიც წმინდა სამების კალივის გვერდითაა, ერთხანს ღირსი აკაკი კავსოკალიველი ცხოვრობდა. როგორც წერს მამა იონა, იგი მცირე ხანს წმინდა ანას სკიტის გვერდით მდებარე მღვიმეში ცხოვრობდა - ალბათ სწორედ ესაა ზემოთ ხსენებული მღვიმე.

ღირსი მამა თავისსავე აშენებულ მონასტერში გარდაიცვალა კუნძულ კეფალონიაზე, 1559 წელს.

12. ღირსი გრიგოლის მღვიმე. ამბობენ, რომ ამაღლებულ ადგილას, სადაც გრიგორიატის მონასტერი მდებარეობს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კათიზმაში არის მღვიმე, სადაც დაყუდებული იყო ღირსი გრიგოლი, ვიდრე თავის მოსახელე მონასტერს დააფუძნებდა. მისი ხსენება 7 დეკემბერს აღინიშნება.

13. ღირსი სვიმონ მირონმდინარის მღვიმე. ეს მღვიმე სიმონ-პეტრას მონასტრის ოდნავ ზემოთაა. ამ მღვიმეში ერკინებოდა ღირსი მამა უხილავ მტრებს, ვიდრე ამ საშინელი ფრიალოს თავზე მდგარი ვარსკვლავი არ შენიშნა. საღმრთო ბრძანების მერე აქვე აშენდა ქრისტეს შობის მონასტერი. ღირსი მამის ხსენება 28 დეკემბერს აღინიშნება.

14. ღირსი დიონისეს მღვიმე (კელია). ფილოთეოს მონასტრის სამების კელიაში არის ფრიად საინტერესო ხელოვნური მღვიმე. ამბობენ, აქ მოღვაწეობდა ღირსი დიონისე 1515 წელს. მერე ეს წმინდანი თესალიაში, ოლიმპოს მთაზე წავიდა. ეს მღვიმე წაბლნარში, ზემოხსენებულ კელიაში მდებარეობს. ღირსი დიონისეს ხსენება 22 იანვარსაა. იგი XV საუკუნის დასასრულს და XVI საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა.

15. წმინდა ღირსმოწამე ნიკოდიმოსის მღვიმე. ეს მღვიმეც წმინდა ანას სკიტშია. ამბობენ, რომ მასში ღირსმოწამე ნიკოდიმოსი მოსაგრეობდა. ის ამაღლების კალივაში აღკვეცეს მონაზვნად და იქ სამწლიანი მოსაგრე ცხოვრება მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა. მანამდე კი მკაცრი მარხვით და ჭეშმარიტი სინანულით ყოველდღიურად დაიტირებდა საკუთარი განდგომილების ცოდვას. იგი თითქმის ყოველდღე მოდიოდა ამ მღვიმეში, მარხვით, ლოცვით და ცრემლთა დენით ემზადებოდა მოწამეობისთვის (ვიდრე წმინდანი მოინანიებდა და მთაწმინდაზე მოვიდოდა, მან უარყო ქრისტე და მუსლიმანთა წესით წინადაიცვითა). ამ მღვიმეში მას უფალი გამოეცხადა, გააძლიერა და უჩვენა სატანჯველნი, რომელშიც აგარიანნი შთაიყრებიან.

წმინდანი მოწამებრივი სიკვდილით 1722 წელს, ალბანეთის ქალაქ ელ-ბასანში გარდაიცვალა. მისი ხსენება 11 ივლისსაა.

16. მღვიმე ღირსი დიონისესი, მაშენებლისა თავისი მოსახელე მონასტრისა. დიონისეს მონასტრის ზემოთ, კარგა მოშორებით, არის მღვიმე, რომელშიც მოღვაწეობდა ღირსი დიონისე მანამ, ვიდრე იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს არ ააგებდა. შორიახლოს ცხოვრობდა მისი თანამოსაგრე დომეტი. მათი ხსენება 25 ივნისსაა.

17. ღირსი ნიკონტი დონისიატელის მღვიმე. იგი ღვთისმშობლის დედის, წმინდა ანას სკიტში მდებარეობდა. მასში ღირსმა დავითმა მცირე ხანს იცხოვრა და მოწამეობისთვის მოემზადა - თავიდან მან უარყო ქრისტე, შემდგომში შეინანა და მთაწმინდაზე წავიდა, რათა უფალს შეეწყალებინა იგი. ის სალონიკში ჩამოახრჩვეს 1813 წელს. ღირსმოწამე დავითის ხსენება 26 ივნისსაა.

19. წმინდა ღირსმოწამე ლუკას მღვიმე. ეს მღვიმეც წმინდა ანას სკიტშია. ღირსმოწამე ლუკა უწვერული იყო და ღამღამობით მამა ბესარიონის კალივაში ეძინა, დღისით კი ამ მღვიმეში განმარტოვდებოდა ხოლმე, სადაც მარხვაში, ლოცვაში, მუხლთადრეკასა და წმინდა მოწამეთა ცხოვრების კითხვაში განლევდა დღეებს.

მოწამეობისთვის 32-დღიანი მზადების მერე გაემართა ქრისტეს სარწმუნოების აღსარებისთვის. უარყო მაჰმადიანური წინადაცვეთის ბეჭედი და აგარიანელებმა ჩამოახრჩვეს ქალაქ მიტილენეში 1802 წელს. მისი ხსენება 23 მარტს არის.

ამბობენ, რომ ამავე მღვიმეში იღვწოდა წმინდა ღირსმოწამე ილარიონი, რომელიც 1804 წელს კონსტანტინოპოლში აწამეს.

მთაწმინდის ნაკლებმნიშვნელოვანი მღვიმეები:
1. აღაპი კრეტელის მღვიმე. მცირე ანას სკიტში, მთავარანგელოზის კალივის გვერდით არის მღვიმე, რომელშიც მე-17 საუკუნეში ძალზე მოღვაწე მონაზონი აღაპი ცხოვრობდა. აქ დაწერა მან წიგნი "ცოდვილთა ცხონება".

2. დიდმოწამე პანტელეიმონის მღვიმე. დიდმოწამე პანტელეიმონის კელიის გვერდით, წმინდა ანას სკიტის ზემოთ არის მღვიმე, რომლის შიგნითაც კიდევ ერთი მღვიმეა. ეტყობა, ადრე მასში ღვთისმოშიში მონაზვნები ცხოვრობდნენ, რომლებიც უხორცო ანგელოზებს ბაძავდნენ და მათი შეწევნით სძლიეს ბოროტ უხორცო ძალებს - ეშმაკებს.

3. ღირსმოწამეთა მღვიმე. ღირსი ათანასეს ჯვრად წოდებული ადგილის ცოტა ქვემოთ არის მღვიმე, რომელშიც ბერძენთა აჯანყების დროს 36 ახალგაზრდა მონაზონი იმალებოდა. მათთვის საჭმელი გარშემო მცხოვრებ მამებს მიჰქონდათ. ერთხელ ისინი ვიღაც ალბანელმა გასცა და იანიჩარებმა დაატყვევეს, აწამეს, 28-ს თავი მოკვეთეს, 8 კი ბოსფორსა და მარმარილოს ზღვაში დაახრჩვეს 1822 წელს.

4. განკვეთილთა მღვიმე. "ვიგლად" წოდებული უდაბნოს აღმოსავლეთით (რომელიც დიდ ლავრას ეკუთვნის) ზღვიდან ამაღლებულ კლდეზე არის ამოქოლილი მღვიმე. ამბობენ, რომ აქ ასვენია გამხმარი ცხედრები სამი ლავრელი მონაზვნისა, რომლებიც ლათინადმბრძნობებს თანაუგრძნობდნენ.

ერთი წიგნის ცნობით, ეს მღვიმე 1922 წელს ზღვიდან დაუნახვებია მონაზონ ლაზარე დიონისიატელისთვის ცნობილ მოძღვარს, ნეტარ მამა მალაქიას.

KARIBCHE


განკვეთილნი თავიდან დიდი ლავრის სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალულნი, მაგრამ რადგანაც იქ უსიამოვნო ამბები ხდებოდა, ვიგლის მღვიმეში გადაასვენეს. მაგრამ ერთხელ გვამების დანახვაზე ერთ მომლოცველს გული წაუვიდა და დიდ ლავრას მისი ამოქოლვა მოუხდა.

5. ღირსი პეტრე ათონელის კელიის სიახლოვეს მდებარე მღვიმე. 1900 წელს ამ კელიაში დაყუდებული იყო მამა ქრიზოსტომოსი თავის მორჩილთან ერთად. ერთხელ მორჩილმა ხსენებულ მღვიმესთან გავლისას 10 თუ 11 ჩამოკონკილი მონაზონი დაინახა, რომელთაც თან გაყოლა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი უთხრა და ამის შესახებ თავის მოძღვარს უამბო. მოძღვარმა უთხრა: "უნდა გაჰყოლოდი და გენახა, საით წავიდნენ და სად ცხოვრობდნენ!"

როგორც ჰყვებოდა მოლდავური სკიტის მაშენებელი მამა ნიფონტი, ერთ-ერთ მღვიმეში ღირსი პეტრე ათონელის მღვიმის სიახლოვეს (შესაძლოა ეს არის სწორედ ის ზემოხსენებული კელია) სიგლახაკეში ცხოვრობდა უცნობი მეუდაბნოე. ჭეშმარიტი მოსაგრე და უპოვარი იყო და მანვე იწინასწარმეტყველა ჟამი საკუთარი გარდაცვალებისა. იგი 1855 წელს გარდაიცვალა.

6. ზემო კატუნაკის მღვიმე (მამა ეფრემ მეკოვზის მღვიმე). ეს მღვიმე ალბათ წარსული საუკუნის მოღვაწეთა ნავსაყუდელი იყო. ბოლო დროს მასში ღარიბი მეუდაბნოე ცხოვრობდა, მამა ეფრემ მეკოვზე, რომელსაც ზოგიერთი "საწყალ მამას" და "გლახაკს" ეძახდა.

მამა ეფრემი უპოვარი მოსაგრე იყო. ახალგაზრდობაში ხის კოვზებს თლიდა. ეს მღვიმე ნეტარმა მამა ეფრემმა თავის საცხოვრებლად გათხარა, მაგრამ ზამთრის სიცივისა და მღვიმის სინესტის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა და ცოტა ზემოთ ქვის კელია ააგო. სიცოცხლის ბოლო წლებში ხელსაქმე აღარ ჰქონდა და დადიოდა გარშემო მყოფ უფრო "წარმატებულ" მამებთან და მეუდაბნოებთან, რომლებიც ეხმარებოდნენ. ზოგჯერ ლოკოკინებს აგროვებდა და დანიელის სკიტში მამა გერონტისთან მიჰქონდა, რომელიც მათ ყიდულობდა და ამ ფულით ფარავდა თავის მოკრძალებულ ხარჯებს.

სხვა ძნელად მისადგომი და უცნობი მღვიმეები. წმინდა ანას სკიტიდან მცირე ანას სკიტისკენ მიმავალი ბილიკის ახლოს, შუაგზაზე არის მღვიმე, რომელშიც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ამბობენ, ერთმა ჯადოქარმა აღსარება თქვა ნეტარ მამა საბასთან, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტში ცხოვრობდა, და სინანულისას გადაწყვიტა, თავისი მისნური წიგნები დაეწვა. ეს მღვიმე იპოვა, შეძვრა შიგ და წიგნები დაწვა. გამძვინვარებულმა ეშმაკებმა ქვების სროლა დაუწყეს და მისდევდნენ, ვიდრე მან ნეტარ მამა საბასთან არ პოვა თავშესაფარი. ყოფილი ჯადოქრის წასვლის შემდეგ ეშმაკები ქვებს გამვლელებსაც უშენდნენ.

მაშინ იქაურმა მამებმა, მამა საბას რჩევით, მღვიმეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დაასვენეს. მას მერე შეწყდა ეშმაკის თავდასხმები.

წმინდა პავლეს ზღვისპირა მონასტერთან მდებარე წმინდა სამების კათიზმის მახლობელ მღვიმეში, ეტყობა, მყუდროების მოყვარული მონაზვნები იღვწოდნენ. მოგვიანებით კი წმინდა სამების სახელზე ზემოხსენებული კალივა და წმინდა სამების სახელობის ეკლესია ააშენეს. ეს კალივა წმინდა პავლეს მონასტერს მიეკუთვნება.
ბეჭდვა
1კ1