რა მწუხარებაც არ უნდა შეგემთხვეს, გაესაუბრე მოძღვარს, მერე კი მალევე დაუბრუდი შენს მსახურებას
რა მწუხარებაც არ უნდა შეგემთხვეს, გაესაუბრე მოძღვარს, მერე კი მალევე დაუბრუდი შენს მსახურებას
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მონაზვნური ცხოვრების სიმძიმე (წერილიდან). მე მრავალი ბოროტება ჩავიდინე - სხეულითა და სულით. ევედრეთ ყოვლადსახიერ ღმერთს, რათა მან თქვენი ლოცვებით მაცხოვნოს.

პატარაობისას ყველა მდევნიდა, მეძახდნენ გიჟს და ფუჭ ადამიანს, რადგან თავი დავანებე რკინიგზაზე მუშაობას მონაზვნობის გამო.

უპირველესად თავს დამატყდა დევნა პირეელი ოჯახებისგან. ბრაზობდნენ, რომ ელენე და მდიდრების სხვა ქალიშვილები ლოცვის ხერხების შესასწავლად დადიოდნენ ფეხშიშველა, ყველასაგან მოძულებულ ბიჭთან. მანუგეშებდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი წმინდა სოფიას ტაძრის სამრევლოდან, რომლებიც ხარობდნენ, როცა მათ შვილებს ვესაუბრებოდი. ეს ბავშვები მერე გაიზარდნენ და ბერ-მონაზვნები შეიქნენ.

ერთხელ ყველასაგან მოძულებულმა ქრისტომ აიღო აბგა, წმინდა ბასილის ეკლესიისკენ გაემართა კანდელების ასანთებად. ჩაუარა მელიის სოროებს, სადაც ახლა ქალაქის მესამე სასაფლაოა (მაშინ იქ საუკეთესო ვენახი იყო გაშენებული). უეცრად აიხედა და შორს ორი მაღალი ეთიოპიელი დაინახა. მოძღვრის სწავლებისამებრ თავისთვის იკითხა: "შენ ჩვენი ხარ თუ სხვისა?" - და იწყო გონიერი ლოცვა. ისეთი სულიერი ძალა მოიპოვა, რომ შეეძლო ლოდების აწევა, ნებისმიერი მტრის დამარცხება.

მერე კი, რაც მოხდა, მოძღვარს მოუთხრო. მან კი ცრემლმორეულმა უპასუხა: "მიხვდი აზრს ფსალმუნის სიტყვებისა: სიკვდილსა შინა ვინ მოგიხსენოს, უფალო. ამიტომაც უშვებს ყოვლადსახიერი ღმერთი, დავინახოთ მტრები, რათა გავაძლიეროთ გულითადი ლოცვა. ლოცვა ჯავშანია სულიერი ბრძოლისას. გონიერი მტერი შესაშინებლად გრძნობადი სახით წარმოგვიდგენს სხვადასხვა ადამიანს. მაგრამ თუ შევიმოსავთ თავმდაბლობისა და ლოცვის ჯავშანს, მაშინ მტერი ვერას გვავნებს.

ასეა სულის სხეულთან გაყრისას. თუ სული ძლიერია გონიერ ლოცვაში, გაიხარებს.

რაც შენ დაითმინე, შვილო, ღვთის განგებულებით იყო, რათა საღმრთო სიყვარულს აევსო შენი გული. ილოცე ჩემთვის, შენი ცოდვილი მოძღვრისათვის.

ევედრე ქრისტეს, რომ მალე დასახლდეს ჩვენს გულებში, მამისა და სულიწმინდის თანა".

ამგვარად, ყრმობიდანვე მსურდა მონაზვნობა. პირეის ხალხს არ უნდოდა, რომ ამ გზას შევდგომოდი. ყველაზე მეტად მეწინაღმდეგებოდა ახლანდელი იღუმენიას, ეფემიას ოჯახი. ეშინოდათ, მათი ქალიშვილიც მონაზონი არ გამხდარიყო!

თავი გიჟად მოვაჩვენე და ამ სახით ავარიდე თავი იმ მოვალეობებს, რომელსაც მაკისრებდნენ.

ჩემი ბოლო სამუშაო ადგილი იყო აფთიაქი, სადაც სურნელოვან ზეთს ვყიდდი: ლაზარეს შაბათის წინა დღეს 12 საათი ვიმუშავე და სამუდამოდ წამოვედი. 16 წლის ვიყავი. ვფიქრობდი, თუ სამსახურში წარვემატებოდი, აღარ მოვინდომებდი მონასტერში წასვლას.

ვთქვი, "მთელი ხალხი", მაგრამ მაშინ ხალხი აღმოსავლეთ ოლქებში სხვანაირი იყო, დასავლეთში - სხვანაირი. უკვე შორიდან მცნობდნენ და დამცინოდნენ. ყველაფერი დავტოვე და მონასტერში წავედი. მაგრამ თვალის ავადმყოფობის გამო ყოველ წელს სამკურნალოდ მიშვებდნენ. ვიწყე წმინდა ხატების ხატვა იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის, სადაც მივდიოდი.

ყველაფერი, რაც მოვისმინე ათონელ მამათაგან, მას გავაცნობ ნორჩ სულებს. უპირველესად, ბევრი რამ ვიცი იღუმენია ეფემიაზე, რომელმაც სიბრძნისმოყვარების წყალობით უმაღლეს საზომებს მიაღწია.

ათონური მოთხრობები. მონასტრული ცხოვრების დასაწყისი. სიმონ-პეტრას მონასტერი (წერილიდან). შვილნო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, გიხაროდენ, რამეთუ თქვენ შეფარებიხართ მის საფარველს. სწორედ წლის ამ დროს მივედი მე მთაწმინდაზე. დაფნის ნავმისადგომზე გადავედი. იქ ბევრი მამა იდგა. მათ სხვადასხვა მონასტერი მირჩიეს.

თავიდან მართალი ანას სკიტში მივედი, მაგრამ მეორე დღეს კავსოკალივაში გავემგზავრე.

მამებს კი ვუთხარი: - აქ არ ვიცხოვრებ, რადგან პირველი მონაზონი, რომელიც მე ამაღლების ტაძარში გავიცანი, მონაზონი იერონიმე გახლდათ, ამიტომაც სიმონ-პეტრაში უნდა დავსახლდე-მეთქი.

სიმონ-პეტრაში ორშაბათს მივედი. ბავშვივით გამიხარდა, როცა მონასტერს შორიდან მოვკარი თვალი. იქაურმა მონაზონმა მკაცრად მითხრა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება". მეტი არაფერი. ჩემთვის უკვე გამზადებული იყო ოთახი, რადგან იღუმენს წინასწარ აუწყეს ჩემი მისვლის ამბავი. მე კოფინიოტისის გამოშვებული ლოცვანი მომცეს. კითხვა დავიწყე. მეცხრე ჟამზე სატრაპეზოში შემიყვანეს და თეფშით ლობიო დამიდგეს. მერე კი არქონდარიკში წასვლა მიბრძანეს, სადაც მაჩვენეს მონასტრის განგება და ვალდებულებათა ნუსხა. ახლა მე დუმილსა და ლოცვაში უნდა მემსახურა. ასევე მომცეს ჩანაწერი, სადაც ნათქვამი იყო: "იყავით ფხიზლად. თქვენ, საბერძნეთის ძირძველო მცხოვრებნო, ახლა განყოფილნო: ვენიზელისის მომხრენო თუ მეფისა, თუ შენ აქ პოლიტიკაზე დაიწყებ საუბარს, იცოდე, რომ მაშინვე გაგაძევებენ მონასტრიდან. ხოლო თუ რომელიმე ძმა შენთან პოლიტიკაზე საუბარს დაიწყებს, მოვალე ხარ, ამის შესახებ უმალ აცნობო იღუმენს და ისიც აიძულებს მას, მწუხრის ჟამს, ყველას თვალწინ ათასგზის მუხლი მოიდრიკოს. პოლიტიკის გარდა, თუ ძმას უყვები შენს ერისკაცობის დროინდელ საქმეებზე, გატაცებებსა და პირად ცოდვებზე, თუ დაუტევებ გაკვეთილებს, ანუ ლოცვას, მდუმარებას და დაივიწყებ ჭვრეტას, განმარტავ, რომ ზეთისხილი ნოეს მტრედისთვის იყო განკუთვნილი და ზეთი გამოიყენება წმინდა ზეთისცხებისთვის - იცოდე, რომ აქ ერთი წუთითაც არ გაჩერდები. აქ კინოვიური მონასტრებია და აუცილებელია, ყველა ზედმიწევნით ყურადღებით იყოს, თორემ ყოველივე დაინგრევა და ზღვაში ჩაიძირება.

ასევე, თუ არქონდარიკში მსახურობ და მოვა ერისკაცი ანდა სხვა მონასტრის მონაზონი და საუბარს გაგიბამს, მოიკიდე შენი ტომარა ზურგზე და გაშორდი იქაურობას.

მამა დამიანე ბიბლიოთეკარი და მამა იერონიმე მოგცემენ შენ ყველა საჭირო რჩევას მოღვაწე და მჭვრეტელი ცხოვრებისა. აგიხსნიან, რომ ყველანაირი სამსახური სულიერია და რომ რწმენის აღმსარებლობის რთული შეკითხვებისას დაფის ხმა მოგიწოდებს, მოკრძალებულად შედგე. რა მწუხარებაც არ უნდა შეგემთხვეს, იღუმენის, მისი არყოფნისას კი მისი ნაცვალის ნებართვით, მიდი წმინდა სვიმეონის კალივაში და გაესაუბრე მოძღვარს, მამა მათეს, მერე კი მალევე დაუბრუნდი შენს მსახურებას.

ვხედავდი, თუ როგორ იღებდნენ მამები "წმიდა წმიდათას" სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს, მერე კი მხარზე კალათს მოიგდებდნენ და ზეთისხილის შესაგროვებლად მიდიოდნენ.

მახსოვს, ერთხელ ლიტურგია ბინდისას დასრულდა. იმ ტევრის მსახურმა, სადაც ზეთისხილს ვაგროვებდით, მარტო დამტოვა, ეგონა, უკან მივყვებოდი. უკუნეთში ვეღარაფერს ვხედავდი. ნაკადულის დინებას გავყევი. ზემოთ ზღვა დავინახე და ვიფიქრე, აქ დამრეცი ჩასასვლელი იქნება-მეთქი, მაგრამ უეცრად კლდიდან ზღვაში გადავვარდი და კინაღამ კისერი მოვიტეხე. ძლივს გამოვცურე. გულმა მითხრა, ათენში მიმავალ სარეისო გემში ჩავმჯდარიყავი, რომელიც ათონს აუვლიდა და დამესვენა. გათენდა, ბილიკი მოვძებნე და კრავასარის ზეთისხილის ტევრამდე მივაღწიე. წმინდა ფილიპეს ხსენების წინა დღეს დავბრუნდი მონასტერში. მას მერე აღარსად მიშვებდნენ.

შეშას ვზიდავდი ფარდულიდან სამზარეულომდე, საავადმყოფოსა და არქონდარიკამდე და წელი ძალზე ამტკივდა. როცა ვიტყოდი, - დავიღალე-მეთქი, მპასუხობდნენ, - აქ არავინ გაკავებსო. ცომი იყო მოსაზელი - პირველს მე მეძახდნენ, ოთახის დალაგებაშიც პირველი ვიყავი, რუს მომლოცველებსაც მე მახვედრებდნენ. მოკლედ, საკვნესი ძალაც კი არ შემომრჩა. როცა ალბანელებს ვესაუბრებოდი, მითვალთვალებდნენ, რომ მათსავე ენაზე არ მივსალმებოდი. მერე კი კვლავ სადღაც მგზავნიდნენ. ასეთ მკაცრ მოთხოვნებს უყენებდნენ იმ წლებში მონაზვნებს.

ერთხელ, შეშის კონა სამზარეულოში რომ მიმქონდა, გავიცანი ღვთისმოშიში ძმა ნიკიტა. კვირა დღე იყო და იღუმენმა მას სამუშაო გამოუძებნა. იუარა - არ შემიძლია კვირაობით მუშაობაო. იღუმენმა ჰკითხა: - მაშ, რის გამო უნდა მოგეტევოს ცოდვებიო. ამ სიტყვების მერე ნიკიტა იღუმენის ფეხებთან დაეცა და შენდობა სთხოვა. მაგრამ იღუმენი გვერდზე იხედებოდა. იქ მყოფი მუშები ხედავდნენ იღუმენის ფეხქვეშ გაწოლილ ძმას. იღუმენმა ცრემლი ვეღარ შეიკავა და აპატია.

ამის მერე სხვა ძმამ ჰკითხა ნიკიტას, სხვასთან საუბრების გამართვის ნებას რატომ არ გაძლევენ და რატომ უნდა ჩაუვარდე იღუმენს ფეხებშიო. მან უპასუხა: - მე დავინახე ეთიოპიელის ჩრდილი, რომელსაც ჩემი გულის დაპყრობა და შიგნით შემოსვლა უნდოდა. მაგრამ როგორც კი იღუმენს ჩავუვარდი მუხლებში, მან კბილები გააღრჭიალა და გამოცრა: "ღმერთი გიწყალებსო" და გაქრა.

ყველაფერი ეს გულში ჩავიბეჭდე. დაღლილი ვიყავი, მშიერი თუ დატილიანებული (ტილები კი ბევრი მყავდა თმაში, გამოცლას არ ვცდილობდი), მე არასოდეს გამიბედავს უარი რაიმეზე.

მამა მათემ მითხრა, - ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მონაზონმა უვნებლობას მიაღწიოს, არ დაუტევო იესოს ლოცვა, იესო ტკბილისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აკათისტოები, რომლებიც "უხილავი ბრძოლის" ბოლოს წერია. მაგრამ უპირველესად უცქირე მამების თავმდალობას. ნეტარი მამა ნეოფიტე ბრმა იყო, მაგრამ ის იღუმენად აირჩიეს, ვერავინ უბედავდა ურჩობას. ყველა ხომ მაგალითს დიონისიატის მონასტრის მონაზვნებისგან იღებდა. ეს სავანე ყველაზე სახელგანთქმული იყო ათონზე. მათთვის იღუმენს რომ ეთქვა, ზღვაში ჩაცვივდითო, ულაპარაკოდ აღასრულებდნენ, რათა მონაზვნად აღკვეცისას დადებული აღთქმა არ დაერღვიათ. და არ მოშორდე მონასტერს, მდუმარება თუ გინდაო.

არ დავუჯერე და სკიტში წავედი. ახლა კი ვკითხულობ: "ქრისანთე დაიკარგა, არ ვიცი, სად ვიპოვო". ვისაც მონაზვნობა სურს, მან თავი უნდა არიდოს ხალხთან შეხვედრას. ცოტას უნდა საუბრობდეს და მდაბალი იყოს. თუნდა მსოფლიო პატრიარქი მოვიდეს თქვენთან, მონასტერში და უქმმეტყველება დაიწყოს, გააძევეთ, რამეთუ მან განაძევა სიწმინდის ანგელოზი და სურს ყველა უქმმეტყველებაში ჩააგდოს. წმინდა იაკობ მოციქულმა ბაგეზე ბრძანა, - ერთი და იმავე წყაროდან არ შეიძლება გამოედინოს ტკბილი წყალიც და მწარეც. ამიტომაც ფხიზლად იყავით, თორემ დაგემართებათ ის, რაც შეემთხვა ქრისანთეს, როცა ვეღარ პოულობდნენ.
ბეჭდვა
1კ1