სხვა გზა, უფრო მსუბუქი და პირდაპირი, არ არსებობს
სხვა გზა, უფრო მსუბუქი და პირდაპირი, არ არსებობს
მამა ხარლამპე დიონისიატელი
მორჩილების სასწაულები. უკვე მოგითხრეთ მორჩილების ერთ სასწაულზე - როცა მამა იოსების კურთხევით მამა ხარლამპემ ზეთიანი კასრი ამოიტანა ნავსადგურიდან კელიაში. ამგვარი რამ მის სულიერ შვილსაც შეემთხვა. მაშინ მამა ხარლამპე ახალი სკიტის წინამძღვარი იყო. ერთ საღამოს ქვემოთ, ნავსადგურიდან მენავემ გამოსძახა, - მამა ხარლამპე, კარტოფილი მოვიტანეო.

- რა ვქნა ახლა, ასეთ დროს ნავსადგურში ვინ ჩავა? - ჩაილაპარაკა მამა ხარლამპემ.

- მე წავალ, მამაო, მაკურთხეთ, - უთხრა სულიერმა შვილმა.

- წადი და მე ვილოცებ შენზე.

ბერი ქვემოთ დაეშვა, მოიკიდა ტომარა და სკიტისკენ წამოვიდა. უცებ იგრძნო, რომ ტომარა თანდათანობით შემსუბუქდა. მორჩილი რამდენიმე წუთში ავიდა კელიაში. მას აცრემლებული მამა ხარლამპე შეხვდა, გულში ჩაიკრა და უთხრა: - გამაგრდი, შვილო, და დადგება დღე, როცა ძალზე წარემატები მონაზვნურ ცხოვრებაშიო.

მონაზონი ხარლამპე გულმოდგინედ აღასრულებდა მოძღვრის ბრძანებას. ამის სათვალსაჩინოდ ერთ ამბავს გავიხსენებთ, რომელიც მანვე მოუთხრო დასამოძღვრად არქიმანდრიტ ფილოთეოსს მამა ეფრემ ფილოთეველის (მამა ხარლამპეს სულიერი ძმა) საძმოში ყოფნისას: "ერთხელ წმინდა ანას მცირე სკიტში საშინლად ამტკივდა კბილი. რამდენიც შემეძლო, დავითმენდი, მაგრამ როცა ტკივილი აუტანელი გახდა, მოძღვარს ვთხოვე კურთხევა, წავსულიყავი კბილის ექიმთან, ღვთისმოშიშ მონაზონ ნიკიტასთან. მამა იოსებმა უარი მითხრა.

ველოდები, იქნებ ტკივილი დამიცხრეს-მეთქი, მაგრამ პირიქით, ძლიერდება. კვლავ მივედი მოძღვართან. მოჩვენებითი უკმაყოფილებით ცოტათი დამტუქსა მოუთმენლობის გამო და მითხრა: - ხვალ წადი, კბილი ამოიღე და საღამოს დაბრუნდიო.

მივცურეთ დაფნამდე. კარიესში ფეხით უნდა ავსულიყავი. ვთქვი: "ჩემი მამის ლოცვით, იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - და გზას გავუდექი. მალევე მივადექი კბილის ექიმის კაბინეტს. კართან დიდი რიგი დგას. ექიმს ვთხოვე, სასწრაფოდ ამომიღე კბილი-მეთქი. ეს არც ისე ადვილიაო, - მიპასუხა.

დავუწყე ახსნა, აუცილებლად უნდა მივასწრო ბარკასს, რომელიც წმინდა ანასკენ მიდის-მეთქი.

ჩემმა რიგმაც მოაღწია, კბილი ამომიღეს და მაშინვე ნავსადგურისკენ გავქანდი. ბარკასი ახლახან გავიდაო, - მითხრეს. ძალიან შევწუხდი, - რა ვქნა, უეჭველად დავაგვიანებ და დათქმულ ვადამდე ვერ ჩავალ-მეთქი. მერე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რაც შეიძლება სწრაფად ვივლი-მეთქი.

ვისაც ასეთ ციცაბო და ვიწრო ბილიკზე უვლია, მიხვდება, რასაც ვამბობ. დაუყოვნებლივ გზას გავუდექი. მივდივარ შეუჩერებლად და ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენს კელიასაც მივაღწიე. ბნელდებოდა. დავაკაკუნე მოძღვრის კარზე. "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა..." პასუხს არ მცემს. კვლავ ვაკაკუნებ და ხმამაღლა ვამბობ ლოცვას. პასუხი არ არის. შევეხმიანე, - მამაო, გააღეთ. ხარლამპე ვარ.

სულ ტყუილად. ბოლოს მკაცრი ხმა მომესმა:

- ვინ არის, რომ ასეთ დროს მყუდროებას მირღვევს?

- მამაო, მამა ხარლამპე ვარ, შენი მორჩილი.

- არ ვიცი, ვინ ხარ. აქედან წადით. მამა ხარლამპე რომ იყო, ასეთ დროს ლოცვაზე იქნებოდი.

- მამაო, გთხოვ, გააღე. ეს მე ვარ. ბარკასს ვერ მივუსწარი. დაგვიანება კი არ მინდოდა, - ტირილი ამივარდა. მამა იოსებმა როგორც იქნა, კარები გააღო, მომეხვია, ცრემლები უხვად დამაფრქვია და თავისი საიდუმლო გამიმხილა:

- შვილო, შენი საქციელი ჭეშმარიტი მორჩილებაა. იყავი მტკიცე და ღმერთი ასგზის მოგაგებს".

ეს ამბავი დაასრულა მღვდელმონაზონმა მაკარი ფილოთეველმა. მან მამა იოსებს უამბო: "კბილი ამტკივდა. მოძღვარმა გამგზავნა კარიესში კბილის ექიმ მონაზონ ნიკიტასთან, დიონისიატის მონასტრის, წმინდა ნიკოლოზის კელიის მოძღვართან. მამა ნიკიტა მეკითხება:

- შვილო, რომელი საძმოდან ხარ?

- მე მონაზონი ვარ მამა ეფრემისა, პროვატის წმინდა არტემის კელიიდან.

- ძალიანაც კარგი, შვილო. კარგ ხელში მოხვედრილხარ. თქვენი მამები - წმინდა ადამიანები არიან. ხედავ ამ კბილს? მას, როგორც წმინდა ნაწილს, ვინახავ. ერთხელ თქვენმა სულიერმა მამამ ჩემთან ერთი მონაზონი გამოგზავნა კბილის ამოსაღებად. ყბა გასივებული ჰქონდა. ვუთხარი, - შვილო, ახლა ამ კბილის ამოღება არ შემიძლია, ჯერ წამალი უნდა დალიო, რომ შეშუპება ჩაგიცხრეს-მეთქი.

- საშიში არაფერია, მამაო, მოვითმენ. მე მოძღვარმა მაკურთხა, რომ დღესვე უკან დავბრუნდეო, - მითხრა.

- ამას როგორ შეძლებ, შვილო, ჩვენს შორის ვინ არის ექიმი? მე ვიცი, რასაც ვამბობ. საშინელი ტკივილი გექნება.

- ნუ იჯავრებ, მამაო, მოვითმენ.

აბა რას იტყვი ამაზე, - ვფიქრობ ჩემთვის, - აი, ეს არის მორჩილების ზედმიწევნით აღსრულება! ასეთი მონაზონი ჯერ არ შემხვედრია. დავიწყე ამოძრობა. ვექაჩები, ვექაჩები... დიდხანს ვაწამე, ბოლოს, როგორც იქნა, ამოვაძრე კბილი. მონაზონი ერთიანად გაფითრდა, ცოცხალმკვდარია ტკივილისგან. მუხლი მოიდრიკა ჩემს წინაშე და დაფნისკენ გაემგზავრა".

მორჩილების ნაყოფი.
მისმა სრულყოფილმა მორჩილებამ სულიწმინდის მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. განუწყვეტელმა ლოცვამ, დამქანცველმა ღამისთევის ლოცვებზე დგომამ, მხურვალე ცრემლებით ყოველდღიურად სახის ბანამ მხნე მოსაგრის გონება თანდათანობით განწმინდა და შეეძლო, მრავალი საათი გონებაგაუფანტავად ელოცა. ზოგჯერ მოსაგრე თავს ისე მცირეს ხედავს, ეჩვენება, რომ შეუძლია ნემსის ყუნწში გაძრომა. ზოგჯერ კი გონება ფართოვდება, ზეცამდე აიწევა და იგემებს ზეციურ სიკეთეთა სიტკბოებას, ისეთს, როგორიც არც თვალს უნახავს და არც ყურს გაუგონია.

როცა ხარლამპემ მამა იოსებს აღსარებაში თავის სულიერ მდგომარეობაზე მოუთხრო, მან აღფრთოვანებულმა უთხრა; "ჰოი, ნეტარო მორჩილებავ. უეჭველია, შენ გეკუთვნის ყველა სკიპტრა. შვილო, მე და მამა არსენმა მრავალი ცრემლი დავღვარეთ, რომ ამგვარ ზეციურ ნაყოფთა გემო გვეხილა. შენ კი მხოლოდ მორჩილებით, გულმოდგინე აღსარებით ჩვენთან ერთად მოზიარე გახდი ამ მადლისა. სხვა გზა, უფრო მსუბუქი და პირდაპირი, არ არსებობს".
ბეჭდვა
1კ1