იცით, როგორ შეურაცხყოფს მემთვრალე თავის მფარველ ანგელოზს?
იცით, როგორ შეურაცხყოფს მემთვრალე თავის მფარველ ანგელოზს?
წმინდა იოანე ზედაზნელმა ქართლსა და კახეთში, ღვინის სამშობლოში, საქადაგებლად მიმავალი მოწაფეები სულიერი საგზლით აღავსო და უმთავრესი მცნება მისცა - ღვინის სმა საერთოდ აუკრძალა: "ღვინოს ევლტოდეთ ყოვლითურთ, რადგან არაფერია საერთო ღვინის მსმელსა და სულიერად მოღვაწეს (მით უმეტეს მონაზონს) შორის, ასეთი კაცი, გაყიდული მონის მსგავსად, გაუხსნელი ცოდვის საკრველით არის შეკრული. პავლე მოციქულიც ღვინის სმას ბოროტების საფუძვლად მიიჩნევს: "ნუ დაითვრებით, რომლისაგან იქმნება ბილწება და წამალი არს მაკვდინებელი და დედა გულისთქმათა ბოროტთა". ამ აკრძალვით ღირსი მამა იოანე ღვინოს კი არ უარყოფდა, არამედ პატივს მიაგებდა. ერთხელ, როცა მან წმინდა ისესა და წმინდა შიოს სულიერების გამოცდა მოინდომა, "თვინიერ ჩვეულებისა", სასმელი მოითხოვა. მიუტანეს. ილოცა და ღვინით სავსე ჭიქა ჰაერში გააჩერა. ღვინის სმისგან კი მხოლოდ იმიტომ განაკრძალა, რომ იცოდა, მის მიჩვევას ბევრი ღირსი მამა დაეღუპა. ღვინოს სვამდნენ ძველ საქართველოშიც, ერისკაცნიც და ბერნიც. ათონის მთაზე, ივერონში, ტრაპეზზე, ძმების ნუგეშისსაცემად მიტანილ ღვინოს თვით წმინდა ექვთიმე ამოწმებდა. თვითონ არ სვამდა, მაგრამ ცდილობდა, მის სულიერ შვილებს ნორმალური ღვინით ენუგეშათ, რომ არც შეძმარებული ყოფილიყო და არც ძალზე წყალნარევი. წმინდა დავით აღმაშენებელი კი შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემულ თავის ანდერძში ითხოვდა, დიდმარხვის პირველ პარასკევს ძმებს თითო კარასეული ღვინო დარიგებოდათ, "რათა შესვან ყოველთა და მილოცონ - ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანიო".

მართლაც სვამდნენ ძველად ღვინოს, მაგრამ ზომიერად, უფრო სულიერი და ხორციელი ნუგეშისთვის. ლოთობა და მით უმეტეს, ნარკომანია, ასე გამალებით რომ ღრღნის ერის სხეულს, უფრო ბოლო დროის სნეულებაა. ოცდაათი წლის წინ სად ნახავდი მიწაზე დაგდებულ მთვრალ ქართველს, ხოლო ნარკომანი მართლაც თითებზე ჩამოსათვლელი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო თხუთმეტი წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა ბევრი ქართველი ალკოჰოლისა და ნარკოტიკის "აქტიური მომხმარებელი" გახადა, ეს კი ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის კატასტროფაა. როგორ ვძლიოთ ამ სნეულებებს? იქნებ ვინმეს ამაში ჩვენ მიერ ქვემოთ მოთხრობილი ამბები დაეხმაროს.

* ერთმა ქალმა წმინდა სერაფიმე ვირიცელს გულმოკლულმა შესჩივლა: ჩემი შვილი სვამს, ცუდად იქცევა, მცემს კიდეც, მრავალგზის ავუტირებივარ, ილოცეთ მისთვის, მამაოო.

- შესწირე მადლობა უფალს ამისთვის? - შეეკითხა მოძღვარი.

- როგორ, მამაო, რატომ?

- მას რომ არ ესვა, ეკლესიაში არ წახვიდოდი და არც მე მომაკითხავდი. წადი, ილოცე, რადგან დედის ცრემლის ერთი წვეთიც ამაოდ არ იკარგება, დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და შენი შვილი ქრისტიანად აღესრულებაო.

ღირსი მამის სიტყვები მალევე აცხადდა. ამ ქალის შვილი კიბოთი დაავადდა, ჩამოდნა, თვალსა და ხელს შუა გაილია. სმას თავი დაანება და დიდ სინანულში ჩავარდა. ყველას პატიებას სთხოვდა: მაპატიეთ, ჩემო ძვირფასებო. საშინლად ვცხოვრობთ, ვიღუპებით, თქვენც მოინანიეთო. სიკვდილის წინ აღსარება თქვა, ეზიარა და ასე განვიდა ამ ქვეყნიდან. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედამ სიცოცხლე უფლის სამსახურში გალია.

* მამა პაისი ათონელი ბრძანებს: კაცი ცოდვაში რომ არ ჩავარდეს, უნდა გაექცეს ყველაფერს, რაც ცოდვისკენ უბიძგებს. მაგალითად, თუ ლოთს ღვინის სმისთვის თავის დანებება უნდა, ლუდხანას ახლოს არ უნდა გაეკაროს. საჭიროა მცირეოდენი სურვილი, კეთილი განწყობა და სახიერი ღმერთი სირთულეების გადატანაში დაგვეხმარება. როცა ადამიანი ცოდვიდან ღვთისაკენ მოიქცევა, ის უფლისგან იღებს ძალას, ნუგეშს, სინათლეს, რაც აუცილებელია წესიერ გზაზე დადგომისას. მაგრამ კაცი დაიწყებს თუ არა სულიერ ცხოვრებას, მაშინ ეშმაკი მის წინააღმდეგ საშინელ ბრძოლებს აღძრავს. ამ დროს აუცილებელია მცირეოდენი მოთმინება... როცა კაცი მიხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებს, თავმდაბლად სთხოვს ღმერთს მოწყალებას. როცა ადამიანი აპირებს ბოროტი ჩვევების, როგორიცაა თამბაქოს წევა, ნარკოტიკები, ლოთობა, დატევებას, სიხარულს განიცდის. მაგრამ როცა ხედავს, როგორ სვამენ სხვები, ეწევიან თამბაქოს, ნარკოტიკს იღებენ, მასაც უჩნდება მიბაძვის სურვილი და საშინელ შინაგან ბრძოლას განიცდის. თუ ბრძოლას მოიგებს, მაშინ მისთვის ადვილი იქნება ამ ცოდვის დატევება. ბოროტი თავის საქმეს აკეთებს - ჩვენ რატომ აღარ ვასრულებთ ჩვენსას?

* ოპტელი მამები გვირჩევენ: გალოთებული კაცისთვის უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა ბონიფანტეს ვევედროთ. თანამედროვე საბერძნეთში ძალზე უყვართ წმინდა იოანე რუსი. სწორედ მას ევედრებიან ნარკომანის ახლობლები და წმინდანიც იმედს არ უცრუებთ. "ჩემი ვაჟი 8 წელი იყო ნარკომანების წრეში, - ჰყვება დედა, - თვალსა და ხელს შუა გვეცლებოდა, გახდა, ლამის ჩონჩხს დაემსგავსა. ერთმა ახლობელმა მირჩია, წმინდა იოანე ევბეელს შეევედრეო. მივედით ტაძარში, გადავიხადეთ პარაკლისი და წმინდანს შევღაღადე: "დამიბრუნე ჩემი შვილი, წმინდაო იოანე, გონს მოიყვანე, დაე, ძველებურად "დედა" დამიძახოს-მეთქი. შევუკვეთეთ წმინდა იოანეს საფლავზე წირვა. მეორე დღეს კი მოხდა სასწაული: შინ ჩემი ვაჟი მელოდებოდა: - დედა, მე დავბრუნდი. შენ ხომ ეს გინდოდა. ვინანიებ ყველაფერს, რაც ჩავიდინე. ახლა ისევ ჩემი მამის სახლში ვიცხოვრებ, მხოლოდ გუშინ მივხვდი, რაოდენ დამნაშავე ვარ შენს წინაშე. მაპატიეო. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. მეორე დღეს მოვკიდე ხელი ვაჟს და ისევ ევბეაზე გავემგზავრე, წმინდა იოანესთან, მადლობის გადასახდელად.

* ათონის მთაზე, წმინდა დიმიტრის სკიტში, მრავალი წლის წინ ერთი რუმინელი ბერი გარდაიცვალა. სიცოცხლეში იგი უდებად ცხოვრობდა და ღვინოსაც ეტანებოდა. ძმებმა გააპატიოსნეს ცხედარი და როცა დასაკრძალად მიასვენებდნენ, განსვენებული კუბოში წამოჯდა. მესაფლავეებმა შიშით კუბო სასწრაფოდ მიწაზე დადგეს. მიცვალებულმა თვალი გაახილა, შეხედა იქ მყოფ მამებს და უთხრა: - მამებო და ძმებო, მე ღვინის გამო დავისაჯე. გამუდმებით ვსვამდი, სულისთვის არ ვიღვწოდი, ვიყავი უდები და არ ვიცავდი ბერობის აღთქმასო. დაასრულა სათქმელი, დაწვა, გულზე ხელები დაიკრიფა და სული განუტევა. მისი დაკრძალვის შემდეგ თავიანთ სენაკებში განმარტოებული ბერები დიდხანს ვერ მოვიდნენ გონს, იმდენად საშინელი და ჭკუისსასწავლებელი იყო მათთვის ეს ამბავი.

* ერთხელ წმინდა იოანე კრონშტადტელი პეტერბურგის ქუჩებში კარეტით მიდიოდა. დაინახა, მიცვალებულს ათიოდე კაცი მიასვენებდა. წმინდანს სახე შეეცვალა, აღელდა, ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა დაიწყო. შემდეგ თავის მორჩილს უთხრა: - აი, რა საშინელია მემთვრალის სიკვდილიო. იცნობდით მას, მამაო? - ჰკითხა მორჩილმა. ისევე არ ვიცნობდი, როგორც შენ, - მიუგო წმინდა იოანემ, - მაგრამ მე ვხედავ ეშმაკებს, რომლებიც ხარობენ მემთვრალის სულის დაღუპვითო.

* მემთვრალეს შერყვნილი აქვს გონება, ღმერთმა ცხადი სასწაულიც რომ მოუხდინოს, შეიძლება ამანაც არ დააფიქროს. მამა იაკობ ევბეელი ჰყვებოდა: ერთი ტაძრის მსახური მოხუცი ქალი შესაწირავი ღვინის გასინჯვაში ნელ-ნელა სმას მიეჩვია და ხშირად მორწმუნეთა მიერ მოტანილ საბარძიმე ღვინოსაც სვამდა. ერთხელ, როცა კარადაში ღვინო ვეღარ ნახა, შეწუხებული ტაძარში შევიდა, კანკელის ღვთისმშობლის ხატის წინ დადგა და ლოცვა დაიწყო: დედოფალო ჩემო, გაუნათლე გონება ვინმე ქრისტიანს, რომ ცოტა ღვინო მოიტანოსო. იმ დროს თურმე ხატის უკან ამ ტაძრის მოძღვარი იდგა. ნუ დალევ ღვინოს, შენთვის არ შეიძლებაო, - უთხრა ქალს მღვდელმა. მოხუცმა კი იფიქრა, ღვთისმშობლის მუხლებზე მჯდარმა ყრმა იესომ მიპასუხაო და დაუფიქრებლად "დატუქსა" კიდეც ღვთაებრივი ყრმა: "შენ გაჩუმდი, ნურაფერს იტყვი, პატარა ხარ, მე დედაშენს ვთხოვო".

* ზოგი ნაღველის განსაქარვებლად სვამს. მამა ვიტალი სიდორენკო გვირჩევს: როცა სული დამძიმებულია, რამდენჯერმე მუხლი მოიდრიკე, დაუჯდომელი ლოცვები წაიკითხე, განუწყვეტლივ იესოს ლოცვა იმეორე, რაც მთავარია, მოიკვეთე თვითრჯულობა, არავინ განიკითხო, ყველაფერი გაეცი მოწყალებად, წვეთი სპირტიანი სასმელი არ დალიო, იყავი ჩუმად, დაითმინე, ნუ იდრტვინებ, მადლობდე უფალს და მოვა შენზე მადლი შეწევნისა.

* მამა ექვთიმე ოპტელი ბრძანებს: როცა კაცი ინანიებს, მაგრამ ცოდვას არ დაუტევებს, ეს არის არა სინანული, არამედ ძალზე საშიში, გადამეტებული და ხშირად უგუნური დაიმედება ღვთის სახიერებაზე, რომელიც სასოწარკვეთილების დარად განისჯება ღვთის წინაშე.

* არაერთხელ სცადა ალექსიმ სიგარეტისთვის თავის დანებება. არაფერი რომ არ გამოუვიდა, დახმარებისთვის წმინდა ამბროსი ოპტელს მიმართა. მალე დიდი მოძღვრისგან წერილი მიიღო: "ამბობთ, რომ თამბაქოს თავს ვერ ანებებთ. მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან - ღვთისგან შესაძლებელია. მხოლოდ მტკიცედ უნდა გადაწყვიტოთ თავის დანებება. უნდა დაიჯეროთ, რომ ეს სულისა და ხორცისთვის საზიანოა, რადგან თამბაქო სულს ასუსტებს, განამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, ბინდავს გონებას, არყევს ჯანმრთელობას და სიკვდილის პირამდე მიჰყავს კაცი. მსურს ამ ვნების სამკურნალო საშუალება შემოგთავაზოთ: შვიდი წლის ასაკიდან აქამდე ჩადენილი ცოდვები უნდა აღიარო მოძღვართან, ეზიარო უფლის სისხლსა და ხორცს. ფეხზე მდგომარემ ყოველდღე წაიკითხე წმინდა სახარებიდან თითო ან მეტი თავი. თუ კაეშანი მოგაწვებათ, სახარება კვლავ წაიკითხეთ, ან ამის ნაცვლად 33-ჯერ მუხლი მოიდრიკეთ, უფლის მიწიერი ცხოვრების გასახსენებლად და წმინდა სამების პატივად". წაიკითხა ეს წერილი ალექსიმ და ანგარიშმიუცემლად სიგარეტს მოუკიდა. მოქაჩა და საშინელი თავის ტკივილი იგრძნო. შეზიზღდა თამბაქოს ბოლი. იმ ღამეს სიგარეტი არ მოუწევია. მეორე დღესაც ოთხჯერ სცადა გაბოლება, მაგრამ ოთხივეჯერ საშინლად ასტკივდა თავი. ასე ადვილად დაანება სიგარეტს თავი ღირსი მამის შეწევნით.

* ღვთის სიტყვის კითხვა და გულითადი ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ - აი, ესენია ლოთობის წინააღმდეგ მადლმოსილი საშუალებები. ვინმე თავადი ჰყვებოდა: "ჩემი მოსამსახურე მრავალი წელი ლოთობით იტანჯებოდა და ტანჯავდა ოჯახის წევრებს. არაერთგზის დადო აღთქმა, სასმელს აღარ მივეკარებიო, მაგრამ მალევე არღვევდა, თვრებოდა და აურზაურს მართავდა. ერთხელ მისმა ცოლმა რომელიღაც ჟურნალში წაიკითხა ოფიცრის ამბავი, რომელიც ლოთობას წმინდა სახარების კითხვით გადაეჩვია - როცა ღვინო "მოსწყურდებოდა", დაითმენდა ვნებას და წყურვილს ღვთის სიტყვების მოსმენით იკლავდა. ქალმა ეს ქმარსაც წაუკითხა. კაცმაც სცადა და დღითი დღე ღვინის სმის სურვილი უქრებოდა, ბოლოს ლოთობასაც საბოლოოდ გადაეჩვია".

* ერთ სოფელში უბადლო ხელოსანი ცხოვრობდა. ხასიათითაც თბილი და ძვირფასი ადამიანი იყო, მაგრამ, საუბედუროდ, სმა უყვარდა. ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა ურჩია, როცა სასმელი მოგინდება, ოცდაცამეტჯერ წარმოთქვი იესოს ლოცვა უფლის მიწიერი ცხოვრების ნიშნადო. ხელოსანმა დაუჯერა და მალევე, ღვთის შეწევნით, სმას თავი ანება, სამი წლის შემდეგ კი ბერად შედგა.

* წმინდა თეოდოსი პეჩორელი ბრძანებს: "იცით, როგორ შეურაცხყოფს მემთვრალე თავის მფარველ ანგელოზს? ამის აღწერაც კი შეუძლებელია. ლოთობით კაცი თავის მფარველ ანგელოზს განიშორებს და მიიზიდავს ბოროტ ეშმაკს. ლოთობით ის ჯოჯოხეთს უახლოვდება და სატანის კლანჭებში ვარდება".

* წმინდა გაბრიელ ზირინიანოვი კი ბრძანებს: "მემთვრალენი ღვთის სასუფეველს როგორ დაიმკვიდრებენ, როცა ისინი ჩვენც ვერ დაგვითმენია, როგორ იქნებიან მემკვიდრენი ღვთის სასუფევლისა, როცა მიწაზეც მძიმე ტვირთად აწვანან საკუთარ თავსაც და სხვებსაც? მემთვრალენი მხოლოდ ჯოჯოხეთის მემკვიდრენი შეიძლება იყვნენ და არა სამოთხისა, თუ არ შეინანებენ და არ დაუტევებენ ლოთობას".

***
ჩვენ არ გვსურს, ჩვენი შვილები, ქმრები, ცოლები, და-ძმები და ახლობლები ჯოჯოხეთის, მკვიდრნი შეიქმნან. ნუ შეგვეშინდება ლოთობასა და ნარკოტიკებთან შებრძოლებისა, რადგან ჩვენს გვერდითაა უფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ღვთის სამეფოს მკვიდრნი, ღვთის წმინდანები.
ბეჭდვა
1კ1