როგორიცაა შენი ლოცვა მუშაობისას, ისეთი იქნება შენი ხელსაქმეც
როგორიცაა შენი ლოცვა მუშაობისას, ისეთი იქნება შენი ხელსაქმეც
მამა ხარლამპე დიონისიატელი
ძმობის ყოველდღიური განრიგი. ხარლამპეს ქიროტონიის მერე ძმობამ შემდეგნაირი ტიპიკონით განაგრძო მოღვაწეობა: 12 საათზე, ბიზანტიური დროით, ანუ მზის ჩასვლისას იწყებდნენ კელიებში ლოცვას, რომელიც 6 ანუ ღამის თორმეტ საათამდე გრძელდებოდა. მერე მიდიოდნენ ეკლესიაში ღამისთევის ლოცვაზე, რომელიც საღვთო ლიტურგიით მთავრდებოდა. ამ დროს იხსენიებდნენ ცოცხალსა და გარდაცვლილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. ღვთისმსახურება ორსაათ-ნახევარი გრძელდებოდა, რომლის მერეც საუბარი მკაცრად იკრძალებოდა. ყველანი ორსაათ-ნახევრით დასასვენებლად მიდიოდნენ. ამის მერე ცოტათი მოძლიერებულნი რიგრიგობით მიდიოდნენ მოძღვართან სამორჩილო საქმეებზე კურთხევის ასაღებად.

სამორჩილო საქმის დაწყებამდე ძმებს კურთხევა ჰქონდათ, წყალში ჩამბალი ორცხობილათი მოძლიერებულიყვნენ. "მეო, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - ბავშვობის წლები რუსეთში გავატარე, ამიტომაც ზამთრობით მცირე რამ უძლურება მქონდა; ცხელი ჩაის სმა მინდებოდა ხოლმე. ერთხელ ვუთხარი მოძღვარს: - მამაო, მაკურთხეთ, რომ წყლის ნაცვლად მცირეოდენი ჩაი დავლიო-მეთქი.

- განა გონივრულია ასეთი ფუფუნება?

- იყოს წყალი, ოღონდ თუ შეიძლება მისი შეთბობა?

- თუ გინდა, ცივი წყალი დალიე, ცხელი წყალი, ჩვენ არ ვიცით, რა არის.

სხვა რა გზა მქონდა, ვუპასუხე: - მაკურთხე.

ასე გრძელდებოდა ჩემი მოძღვრის ნეტარ აღსასრულამდე. ერთხელაც მისი სიკვდილიდან მალევე ჩაიდანში წყალი ჩავასხი, ავადუღე, ცოტა ჩაი ჩავყარე და ვთქვი: შენს სიკვდილამდე გემორჩილებოდი. ახლა კი მაკურთხე, ცოტაოდენი ცხელი ჩაი დავლიო-მეთქი".

ძმები შუადღემდე სამორჩილო საქმეებს ასრულებდნენ. მერე კელიებში სკვნილზე მწუხრის ლოცვებს ჩამოილოცავდნენ, თუ დრო დარჩებოდათ, მამათა ნაწერებს კითხულობდნენ. მერე საერთო ტრაპეზი ჰქონდათ და 3-4 საათით ისვენებდნენ. მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. რაც მთავარია, ბერები მოძღვრებს მკაცრად უნდა დამორჩილებოდნენ, მარადის ეფხიზლათ და მთელი დღის მანძილზე დაუღალავად წარმოეთქვათ იესოს ლოცვა.

მამა ხარლამპეს ყოველდღიური ბრძოლები. ერში ყოფნისას მამა ხარლამპე ბევრს მოღვაწეობდა. მორჩილად შედგომის მერე ცხადად შეიგრძნო, რომ წმინდა ადამიანებს შორის ცხოვრობდა და ეს უფრო მეტი საღვთო მოშურნეობისა და დიდი მოსაგრეობისთვის აღძრავდა.

სამი ათასი მეტანიით გამოცდა უკვე ბავშვურ თამაშად მოეჩვენა და მზად იყო, თავის ბიძა-ნათლიას გასჯიბრებოდა, რომელიც დღე-ღამეში ხუთი ათას მეტანიას ასრულებდა. მამა იოსებმა მშვენივრად იცოდა მამათა ნათქვამი: "თუ დაინახავ ყმაწვილს ზეცად აღმავალს საკუთარი სურვილით, სტაცე ფეხებში ხელი და მიწაზე ჩამოათრიე, რადგან ეს (ზეცად აღსვლა) მისთვის სასარგებლო არ არის". ახალგაზრდა მოსაგრე მასთან მივიდა და თავისი ახალი რეკორდი გამოუცხადა: "მამაო, დღეს ხუთი ათას მეტანიამდე ავედი". ეგონა, მოძღვარი შეაქებდა, მაგრამ მოხდა პირიქით, მამა იოსებმა მკაცრად ჰკითხა:

- თავნებავ, ვინ მოგცა ამდენი მეტანიის კეთების კურთხევა? განა არ იცი, რომ შენი შრომა კურთხევის გარეშე ფუჭია?

- მამაო, განა ჩვენ აქ ღვაწლისთვის არ მოვედით? ნუთუ ამაშიც კურთხევაა საჭირო?

- საჭიროა და თანაც როგორ!

- ასე იყოს. დღეიდან თქვენი კურთხევით გავაკეთებ.

- შენ გინდა, რომ წაგაქეზოთ? კარგად დაიმახსოვრე, რასაც ახლა გაიგონებ. დღეიდან მკაცრად გიკრძალავ ათას მეტანიაზე მეტის გაკეთებას.

- ეს რა მიქენით, მამაო, გამანადგურეთ!

- მოიქეცი ისე, როგორც გითხარი და გვერდზე გადადე შენი სურვილები.

ასეც მოხდა. მამა იოსებს ეშინოდა, ახალგაზრდა მორჩილს სიამაყის ეშმაკი არ დაუფლებოდა, რამდენადაც ძმობაში იყვნენ მონაზვნები, რომლებიც ხარლამპესავით ფიზიკურად ძლიერნი არ იყვნენ და ამდენ მეტანიას ვერ შეასრულებდნენ. მამა ხარლამპეს სხეული ყოველდღიური მძიმე შრომით ითოკებოდა. ოქროს ხელები ჰქონდა. ყველაფერი შეეძლო: დურგლობაც, მებაღეობაც, მზარეულობაც და ნებისმიერი ხელსაქმის შესრულებაც. მშენებლების ყურებით არაჩვეულებრივი კალატოზი გახდა. სეფისკვერის ბეჭდის გამოკვეთაში ბადალი არ ჰყავდა. გაოცებულნი უცქერდნენ ძმები, თუ როგორ სწრაფად აკეთებდა ბეჭდებს. ჰკითხეს კიდეც, როგორ ახერხებ ამასო. უპასუხა:

"როგორიცაა შენი ლოცვა მუშაობისას, ისეთი იქნება შენი ხელსაქმეც. რაც უფრო სწრაფად გადმოიღვრება შენი ბაგეებიდან ლოცვა და რაც უფრო წმინდა იქნება იგი, მით სწრაფად და კარგად გაუმკლავდები სამუშაოს. გულმოდგინებით ვცდილობდი, ზოგიერთი მონაზვნისთვის მესწავლებინა ბეჭდების კვეთა, რომ ამით არსობის პური მოერეწათ. როცა მუშაობდნენ ლოცვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", მაშინ სამუშაო კარგად მიდიოდა. მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა გულისთქმა გაიტაცებდათ. ლოცვა წყდებოდა, გულისთქმები შიგნიდან იწყებდნენ მოქმედებას და მაშინ... ჰოი, საშინელებავ! ისინი არა მხოლოდ აფუჭებდნენ ბეჭდებისთვის ნამზადს, არამედ მახვილი საკვეთებით ხელებსა და ფეხებს ისერავდნენ. ზოგიერთ მათგანს, მშივრები რომ არ დარჩენილიყვნენ, სხვა ხელობის შესწავლა შევთავაზე".

რადგან მოძღვარმა მეტანიების შესრულება აუკრძალა, მამა ხარლამპემ გადაწყვიტა, უფრო მეტი დრო გაეტარებინა ფეხზე ღამისთევის ლოცვაზე, ტირანივით უკრძალავდა გონებას იესოსა და ღვთისმშობლისადმი ლოცვის სიტყვებიდან გამოსულიყო. ასეთი სახის მოღვაწეობას მამა იოსები მთლიანად იზიარებდა და ყოველდღიური შრომისთვის მორჩილი მოძღვრისგან ჯილდოდ იღებდა... ყოველგვარ შეურაცხყოფას, დამცირებას, უხეშად მოპყრობას. ზოგჯერ კი საკუთარი ზურგით ხვდებოდა, რა მაგარი იყო მისი ჯოხი.

"ღამის მოღვაწეობისას, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - ყველა ძმას გვერდით ჯოხი გვედო. როგორც კი უმნიშვნელო გულისთქმა სიამაყისა, განკითხვისა, გულგრილობისა ცდილობდა შეეწყვიტა ჩვენი ლოცვითი სწრაფვა, მაშინვე ბახ - ზურგზე...

თავის დამდაბლება აუცილებელი იარაღია ლოცვით მუშაკობისას. მოსაგრეებს საკუთარი თავის მიმართ განარისხებს. ჩვენი უპირველესი მტერი ხომ ჩვენვე ვართ. მაშინ ჩვენ შურისძიებისკენ ვისწრაფვით და ვნებისა და დამდაბლების წყურვილს განვიცდით. მაშინ ეს მწყინდა, კვერთხი მართლაც რომ წვიმასავით დაგვატყდებოდა თავს. და შენ ხვდები, რომ მართლა "ძელი სამოთხიდან გამოვიდა".

ყველაფერი, რასაც გიყვებით, სწორია და კარგი. მაგრამ როცა მე ამას მასწავლიდნენ სხვები და თვით მამა იოსები, მაშინ დიდი სიძნელით, ძლივს დავითმენდი.

- ჰეი, შენ, მოდი აქ. როგორი მღვდელმონაზონი ხარ? შენ, რომელსაც ხელში თვით ქრისტე გიპყრია და ღვთის შიში არა გაქვს?

ამ მხილებას ერთი-ორი ალიყურიც მოჰყვებოდა. მაგრამ ამჯერად ვერ დავითმინე. შეიძლება ითქვას, დავკარგე გამარჯვებისთვის გამზადებული ჯილდო... მაშინ მომესმა მოძღვრის ნათქვამი: "ეპიტიმიად გექნება, ხვალ ლიტურგიას არ იმსახურებ" - იგი თავის კელიაში წავიდა. ცრემლები შეუწყვეტლივ მდიოდა თვალთაგან. მაგრამ ეს არ იყო სიმდაბლის ცრემლნი, არამედ თავის მართლებისა და წყენისა. "საკუთარ თავს სხვებს შესწირავ, იღვწი, ღამეს ათენებ, მუდამ დუმხარ... ცუდს რას ნახულობს ჩემში მოძღვარი, რომ ასე სასტიკად მექცევა? ჩემი მოძღვარი წმინდანია? დიახ, მაგრამ ახლა, როგორც კაცი, ცდება".

მალე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის გამოსაშვები გამოცდა იყო და მე... ის ვერ ჩავაბარე.

კვლავ მივმართე თავის დამდაბლებას, ვირტყამ ჯოხს და ვამბობ: "ვაი, შე ცოდვილო, რამდენი ეგოიზმია შენში! საკუთარ ნებას მიჰყვები, ფეხები ცემით დაილილავე. შენ - მოძღვრის ორ სილას, რომელიც ამ ცემა-ტყეპასთან შედარებით მოფერებად ჩანს, სხვანაირად დაინახავდი, მაგრამ ეს შენს ძალებს აღემატება! სად არის შენი სიყვარული მოძღვრისადმი, სად არის რწმენა, სად არის სიკვდილამდე შენი მორჩილება?"

მიუხედავად წარუმატებლობისა, როგორც მერე გამოირკვა, მე მაინც ჩავაბარე გამოცდა. მალე მეძახის ჩემი თანამგრძნობი მამა. ჩამიკრა გულში მამა იოსებმა და მდუმარედ ატირდა და თავისი უსაზღვრო სიყვარული ჩემზე გადმოღვარა. მან ეს იმდენად ცხადად მაჩვენა, რომ გამოუთქმელი სიხარულით ავივსე, რომელიც მთელი ღამე არ დამცხრალა: "უფალო, ეს რა განვიცადე? განა არის ამაზე აღმატებული სიხარული და მხიარულება, რომელსაც ახლა შენს სიახლოვეს ვგრძნობ?"

მაგრამ ეს წვეთზე უმცირესია ღვთის სიყვარულის ოკეანისა. ამაში დამარწმუნა თვითონ მოძღვარმა. როცა მასთან მივედი აღტაცებული, რათა მისთვის მეთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი დედამიწაზე, მითხრა: "შვილო, უფალმა ერთი წვეთი გიბოძა თავისი სიყვარულის უსაზღვრო ოკეანიდან. ეცადე, რამდენი ძალაც გეყოფა, გამოიყენო ყოველი დამცირება, ყოველი მწუხარება ისე, რომ სხვა მდგომარეობის შეცნობის საშუალება განგემჟღავნოს".

მორჩილების სასწაული. "ერთხელ ჩვენი ძმობა მძიმე სამშენებლო სამუშაოს ასრულებდა, - ჰყვება მამა ხარლამპე, - როცა დავასრულეთ და სადილის შემდგომი დასვენების დრო დადგა, უეცრად ნავსადგურიდან ბარკასის გაბმული საყვირი მოისმა. მოძღვარი მოიღუშა.

- მამაო, რა მოხდა?

- ამათაც ნახეს რა დრო. ეს მამა გ...ია კასრით ზეითუნის ზეთი მოგვიტანა.

მაგრამ მამები ისე იყვნენ დაღლილნი, რომ მამა იოსებს ვერ გადაეწყვიტა, ვინ გაეგზავნა. ერთადერთი გამოსავალი იყო, თუ ვინმე თვითონ მოისურვებდა მის ამოტანას. მივხვდი, რასაც ელოდა მოძღვარი და ვუთხარი, მე წავალ-მეთქი.

- თუ შენ გინდა, მთელი სულით გაკურთხებ. წადი და ვილოცებ შენთვის, რომ ტვირთი არ დაგიმძიმდეს.

ავიღე თოკი და ქვემოთ ჩავედი. გავედი გემბანზე, კასრს თოკი მოვახვიე, დავიჩოქე და ზურგზე შემოვიდე. რომ წამოვდექი, ფეხები საშინლად მიკანკალებდა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი. "რადგან მოძღვარმა მაკურთხა, ცარიელი არ ავალ. დაე, წავიქცე". დიდი წვალებით გავიარე რამდენიმე მეტრი. ჯვრის ნიში გამოვისახე და ვამბობ: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ჩემი მამის ლოცვით დამეხმარე მე". ამ ლოცვის შემდეგ ვიგრძენი, ზურგზე ტვირთი ცოტათი შემიმსუბუქდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ვიგრძენი, სიმძიმე სადღაც გაქრა. მეჩვენებოდა, რომ უკნიდან ვიღაც მიბიძგებდა. მოუკლებლად იესოს ლოცვას ვკითხულობდი. საათზე ნაკლებ ხანს მოვუნდი ზემოთ ასვლას. ზღურბლთან უკვე თვითონ მოძღვარი შემხვდა.

- მამაო, დიდი სასწაული მოხდა, ეს რა იყო, ეს რა იყო...

მამა იოსებმა კვლავ ვერ შეძლო თავის შეკავება. ჩამიხუტა და მითხრა:

- ეს, შვილო, სრულყოფილი მორჩილების ნაყოფია. რაც წახვედი, განუწყვეტლივ ვღვრიდი ცრემლს და შენთვის სკვნილს ვმარცვლავდი".
ბეჭდვა
1კ1