ამ ჩვენს რთულ საუკუნეში ეს კაცი სათნოებათა მაგალითია
ამ ჩვენს რთულ საუკუნეში ეს კაცი სათნოებათა მაგალითია
მამა ქრისანთე - "მოგონებები"
კუბო კერატსინაში. ჩემს ბავშვობაში პირეაში პატიოსნება მეფობდა. ბებიებისგან გვესმოდა, უნდა ილოცოთ, რათა არ გააბრაზოთ ქრისტეო. ჩვენთვის მაგალითი იყო კუნძულ იდრელი წმინდა კონსტანტინესა და კუნძულ სპეტსელი წმინდა პანტელეიმონის ცხოვრება. ეს შთაბეჭდილება დღესაც ჩამარხულია 70 წლის ბერიკაცის მახსოვრობაში.

ჩემი დიდედა კუნძულ ეგინიდან იყო და ქალიშვილი გახლდათ პეტრენი ალიფანტისისა. მონაზვნობა უნდოდა, მაგრამ მოიტაცეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათხოვეს. სული მისი ერთიანად ღვთის შიშით იყო ავსებული. 35 წელი იმსახურა კანდელ-სანთლების ამნთებად უფლის ფერისცვალების ტაძარში და ამ ხნის მანძილზე გემოს გასასინჯად ზეთს ბაგითაც არ შეხებია. ის ხომ არასოდეს გაბედავდა საეკლესიო ქონების ხელყოფას.

მე და იმ მხარის ბავშვებს გვარიგებდა და გვმკურნალობდა, რადგან სამედიცინო განათლება ჰქონდა. ფულს არასოდეს იღებდა. ამბობდა:

- განა უვერცხლოდ მკურნალები ფულს იღებდნენ, მე რომ ავიღოო.

შინაც და ეკლესიის კედლებშიც იგი ქრისტეს მცნებებს გვასწავლიდა.

ერთხელ ჩვენთან კუნძულ ტინოსიდან მონაზონი ჩამოვიდა, რომელსაც დაფებზე ეძინა, რათა ღამით სულიერ ღვაწლში არ მოუძლურებულიყო. ქრისტეს სიყვარულით ავსებული ჩვენი დიდედა ამ მონაზვნის მაგალითზე გვზრდიდა. გვეუბნებოდა: - წადით, შვილებო, ქალბატონ კონსტანტინა კარაიანიდისთან, ნახეთ, რას აკეთებსო.

მივიდოდით ფანჯარასთან და ვხედავდით, რომ ის დაჩოქილი ლოცულობდა და მეტანიებს აკეთებდა.

მერე დიდედა გვეტყოდა: - თუ გინდათ მასთან ერთად შეხვიდეთ სამოთხეში, წმინდანების გზას გაჰყევითო. ერთხელ, როცა ყველა ერთად ვისხედით, ბებიამ მთხოვა: - შვილო, წადი კერატსინას წმინდა გიორგის ტაძარში, სადაც კუბო დგასო. ფეხშიშველი, თავქუდმოგლეჯილი ისე გავიქეცი კუბოს სანახავად, რომ შიმშილი დამავიწყდა. იქ მე ყველაფერი ვნახე. უფროსებმა შემამჩნიეს და საუბარი გამიბეს: - ჩვენ ვიცით, აქ რისთვისაც მოხვედი. აქ დადის ერთი ფოტოგრაფი, რომელიც აღებულ საფასურს ღარიბ ოჯახებს ურიგებს. სიბნელეში მოდის. მოძღვრის გარდა არავინ იცის მისი ღვაწლის შესახებო.

საოცარი ამბები მოვისმინე და ყველაფერი ბებიას მოვუყევი. ბებიამ ამიხსნა, თუ რა არის სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო.

ვიდრე მას ვუსმენდი, თვალთაგან ცრემლი მდიოდა - სიკვდილის გარდა აღარაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო.

აი, ასეთი ხალხი ცხოვრობდა პირეაში. როგორც კი ზარი დარეკავდა და ხუთ საათს აჩვენებდა, ტაძარი მაშინვე მლოცველებით აივსებოდა ხოლმე. ხოლო როცა ექვს ფსალმუნს კითხულობდნენ, ყველა ტიროდა, რადგან კერატსინის კუბო ახსენდებოდათ.

ნაუმი. პირეის ნავსადგურის მოშორებით ერთი კაცი დავინახე. ხან ერთ ლოყაზე ივლებდა ხელს, ხან მეორეზე. მენავეებს გიჟი ეგონათ, სხვები ლანძღავდნენ, ზოგი სცემდა, ქვებს ესროდნენ და ყვიროდნენ: - ნაუმ! ნაუმ! ნაუმ!

ის ამას ისე ითმენდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ასე რითი იყო შეპყრობილი ეს გამოუცნობი ადამიანი, თავისი მიუწვდომელი მოთმინებით.

მისი ცხოვრება შეიტყვეს პირეელმა მღვდლებმა, რომლებიც ხშირად ესაუბრებოდნენ ნაუმს, მათ გასცეს მისი საიდუმლო სათნოებები. ერთხელაც არ მინახავს მას რაიმე ეჭამოს ანდა დასასვენებლად ჩამომჯდარიყოს. თავს რითი ირჩენდა, მარტო თვითონ იცოდა. საბაჟოდან ცელეპის კარაისკასამდე და უკან ყოველდღე მარტოდმარტო დადიოდა.

ყრმობისას, პირველად რომ ეს კაცი ვნახე, ისე დამაინტერესა, რომ ბებიას ვკითხე, თუ იცნობ კაცს, რომელსაც სულელს ეძახიან-მეთქი. თვალზე ცრემლმორეულმა მიპასუხა:

- პატარა, ჯერ შენთვის არაფრის თქმა არ შემიძლია. როცა გაიზრდები, მიხვდები, რომ მთელი ეს შრომა ამ კაცისა - სამოთხის ნეტარებისთვის გადახდილი სახსარია.

ნაუმი მოულოდნელად გაქრა და ყველას გამოუცხადა თავისი იდუმალი ქმედება. უცბად მიხვდნენ, თუ რატომ იქცეოდა ასე. ერთმანეთს უყვებოდნენ ნანახს და თანხმდებოდნენ, რომ:

- ეს ყველაფერი იდუმალი ქმედება იყო ნაუმისა, რომელმაც ახლა სამოთხის ნეტარების გემო იხილა.

იოანე ფეხშიშველი.
პირეის ეკლესიებში სამღვდელო პირებს ხშირად ემსახურებოდა ერთი ბრგე კაცი, იოანე. ამბობდნენ, ოდესღაც ეგელეში ავაზაკობდაო. ის იცნობდა კარაიანიდისის დედას, კონსტანტას და მრავალ სხვა ქრისტიანს, რომელთათვისაც იგი გახლდათ წმინდა მაგალითი ღმერთში ცხოვრებისა და უფლისადმი სიყვარულისა. წმინდა იყო დღე, როცა ის მოიქცა ღვთისა და მამისაკენ, დაუბრუნდა მშობლიურ წიაღს და დაიპყრო ყველა სიმაღლე ღვთის სიყვარულისა. მასში მკვეთრი ცვლილება მოხდა, ყველა ცოდვა აღიარა, მუდმივად ტიროდა და ვაებდა.

როცა პირველად ვნახე, იგი ეკლესიას უკვე აღარა სცილდებოდა. რამდენჯერაც სასამართლოში წაიყვანეს ჩადენილ დანაშაულთა განსახილველად, ყოველთვის გამოუშვეს, რადგან მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილება იხილეს. მისი "მე" მონანიების მერე სხვანაირი გახდა. უკვე აღარ ეცვა ცოდვის სამოსი, შემოსილი იყო ახალი, სინანულის ცრემლებით განსპეტაკებული და გაბრწყინებული სამოსელით. საზრდელად ჰქონდა ანტიდორი და ცრემლს უფრო ბევრს ღვრიდა, ვიდრე წყალს სვამდა. ვიხსენებ მას და მიკვირს, როგორ შეიძლება დაეთმინა მას ამნაირი ცხოვრება, რომელიც არ ძალუძს თვით კარულიელ მოსაგრეებს ათონის მთაზე. მან, როგორც მწყურვალე ირემმა, მოირბინა წმინდა სპირიდონის უძველესი მონასტრის სულიერ წყაროსთან და არც ერთ ღვთისმსახურებას არ აცდენდა. მთელი მსახურება ფეხზე იდგა, ლიტურგიის მერე მორჩილებით იღებდა ანტიდორს და მიდიოდა. ეს ადამიანი ცოცხალი საიდუმლო იყო. ყველაფერი, რასაც ის ბაგეებით ამბობდა, თვით მისი პიროვნებიდან გამომდინარეობდა, რომელიც ზუსტად ასახავდა საიდუმლო მხარეს მისი კურთხეული სულისა. ყველა აღტაცებული იყო მისი ანგელოზებრივი ცხოვრებით და უნებურად ამბობდნენ, - ამ ჩვენს რთულ საუკუნეში ეს კაცი სათნოებათა მაგალითიაო.

ის დადიოდა აღდგომის რუსულ სასაფლაოზე და საფლავებთან ფიქრობდა სოფლის ამაოებასა და მომავალ საუკუნო ცხოვრებაზე.

უეცრად გაქრა და თან გაიყოლა თავისი საიდუმლო. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყოფილი ავაზაკი ახლა ცათა სასუფეველშია, რომელიც, როგორც სათნო ვაჭარმა, სინანულით მოიპოვა.

პირეის ყველა მცხოვრებმა იცოდა მისი სახელი, მას ხშირად იგონებდნენ.

ქუხილის ღვთისმშობლის საყდარი და წმინდა სტეფანე პირეელი. თურქეთის ბატონობისას სალამანის კუნძულს ცუდი არაფრი შემთხვევია, ვინაიდან მას იცავდა ახალგამოჩინებული ღვთისმშობლის ხატი და წმინდა ლავრენტის ნაწილები. თვით ყველაზე პატარა საყდარიც კი კუნძულზე რაიმე სასწაულის მერე იგებოდა. წმინდა პარასკევას ტაძრის შორიახლოს პატარა საყდარია, ქუხილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისა. როცა თურქები გაიქცნენ, ჩვენმა ღვთივდახსნილმა ხალხმა თავისუფლება მიიღო, ეს ადგილი სასურველ ნადავლად იქცა სახელმწიფო ავაზაკთა, რომელთაც სამეფო ხელისუფლებისგან მონასტრის მთელი ქონების გადაცემის ნებართვა მიიღეს. სალამანში მონასტერს დიდი შენობები ჰქონდა და წავიდნენ მათ მისატაცებლად. როგორც კი მიუახლოვდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საყდარს, საშინელი ქუხილი შემოესმათ. ისე შეეშინდათ, რომ უკანმოუხედავად მოკურცხლეს. ამ ამბის მერე საყდარი გადაკეთდა, გაფართოვდა და ქუხილის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ეწოდა.

პატარაობისას წმინდა სტეფანე პირეელის ტაძარში დავდიოდი და ვემსახურებოდი. მღვდლებს შორის ორი წმინდა მღვდელმთავარიც იყო. იმ დროს ეკლესიაში ღვთისმსახურება არ ტარდებოდა, რადგან მღვდელი არ იპოვებოდა. ტაძრის გვერდით ჩამავალ ქალებს ესმოდათ წმინდა მღვდელმთავართა ტირილი. მაგრამ როგორც კი საყდარში ლიტურგია აღდგა, მღვდელმთავართა ქვითინიც შეწყდა. ახალგახსნილ ტაძარში პირველი ლიტურგიის დასასრულს მრევლის წევრებმა კალათებით ყურძენი მოიტანეს და მლოცველთ დაურიგეს.

წმინდა ნექტარიოსი და ამაღლების ტაძარი. ჩემს ბავშვობაში, როცა პირეაში ვცხოვრობდი, ადამიანები დედის რძესთან ერთად ღვთის შიშით იკვებებოდნენ. მაგრამ ათონელ მღვდელმონაზვნებს ჩვენთან მოსვლის უფლებას არ აძლევდნენ, ვინაიდან საბერძნეთის ეკლესიაში სახელმწიფოს ნებას დაჰყვნენ და მონაზვნების ცხოვრებას არ ახალისებდნენ. ხალხი სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, როცა ხედავდა, თუ როგორ ეცემოდა მონაზვნობა ძალადობრივი დათრგუნვით.

თაობათა კეთილმოკრძალებული კავშირი თანდათან წყდებოდა და მცირეოდენმა შემორჩენილმა მოშურნე ღვთისმოშიშმა მორწმუნემ წმინდა ელისეს ტაძართან თემი ჩამოაყალიბა. ერთხელაც უეცრად ყველამ შევიტყვეთ, რომ აღმოსავლეთიდან, ალექსანდრიიდან მღვდელმთავარი ჩამობრძანდა და მას ნექტარიოსი ერქვა. აღდგომის სიხარული დაგვეუფლა.

მაშინ არც თეატრები იყო და არც კინემატოგრაფია, საღამოობით კი საუბრები მხოლოდ ერთზე - მონაზვნურ ცხოვრებაზე მიდიოდა. ყველა აღზრდილი ბავშვი, რომელსაც ღვთის შიში ჰქონდა, ისმენდა ამ საუბრებს მონაზვნობაზე და ოთახიდან გამოსვლას ვერ ბედავდა.

მალე მორძანდა ეპისკოპოსი. ის ეგინაზე დასახლდა და მასთან ერთად ჩამოვიდა 30 მონაზონიც, რომელთაც ახალი მონასტრები დააფუძნეს.

ამ ამბების მერე უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდა მონაზვნურ ცხოვრებაზე და ზოგიერთ ყოველდღიურ საქმეებსაც კი ივიწყებდა. 1909 წელს ახალგაზრდობამ შეიტყო, პანკრატიონში, ამაღლების ეკლესიაში, ათონელი მონაზვნები მსახურობენო. ყველა ახალგაზრდა ქრისტიანმა, როგორც მწყურვალმა ირემმა, მას მიაშურა. მონაზონთაგან კურთხევა აიღეს და გამოჰკითხეს მონაზვნური ცხოვრების არსი.

მე მაშინ ყველა დამცინოდა, რადგან მონაზვნობა მინდოდა და ვერსად ვპოულობდი ნუგეშს. იმ წელს ჰაიდარიას წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში დავდიოდი. იქ გავიცანი მღვდელმონაზონი პაისი (ერში ნიკიტა). აღმოჩნდა, რომ ჩვენი ფიქრები ქრისტიანულ ცხოვრებაზე ერთმანეთს ემთხვეოდა.

დავიწყეთ სიარული ამაღლების ტაძარში, ფეხშიშველებმა, ვინაიდან ღარიბები ვიყავით. ტაძარში ათონელები გვმოძღვრავდნენ და ლოცვისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ როგორ გველოცა, ამის კითხვას ვერ ვასწრებდით, რადგან ძალზე ახალგაზრდები ვიყავით და ღამისთევის ლოცვის მერე უნდა წავსულიყავით, რათა დილით სამსახურში გავსულიყავით. მაშინ კვირაობითაც ვმუშაობდით.

ერთხელაც ნეტარხსენებული მორაიტიდისისგან, ილია წინასწარმეტყველის ტაძრის მგალობლისაგან, შევიტყვე, ლოცვის დროს კაცმა უნდა იტიროსო. მაგრამ ლოცვის ხერხები მას არ აუხსნია, ვინაიდან პროფესორი იყო და ადგილის დაკარგვისა ეშინოდა. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ნორჩი ასაკისა, ბევრნი მივუხვდით ნათქვამს და ლოცვის დროს ტირილი დავიწყეთ.

როცა ათენის მიტროპოლიტმა შეიტყო, რომ ამაღლების ტაძრის მონაზვნები ახალგაზრდებს აძლევენ წასაკითხად წიგნს "ცოდვილთა ცხონება" (ავტორი აღაპი ლანდოსი (1641) - მასში შეტანილია ვნებები და მათთან ბრძოლის ხერხები, აღსარებისთვის მზადება და მცნებათა განმარტება, დამოძღვრა სწორ ქრისტიანულ ცხოვრებასა და სათნოებათა მოპოვებაზე, დასარულს სასწაულებია მოთხრობილი), მან თავისი ეპარქიიდან მათი სასწრაფოდ გაძევება ბრძანა. შიშობდა, რომ ხალხში მონაზვნური ცხოვრებისკენ სწრაფვა გაჩნდებოდა.
ბეჭდვა
1კ1