მისი გარდაცვალების მერე საფლავიდან მირონი დიოდა და ნაპრალიდან ზღვაში ეშვებოდა
მისი გარდაცვალების მერე საფლავიდან მირონი დიოდა და ნაპრალიდან ზღვაში ეშვებოდა
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი XXI. ამბები მამათა დაფარულთმცოდნეობისა
მამა ათანასე ათონელი. ღირსმა ათანასემ სიცოცხლის ბოლო დღეს წინასწარ განჭვრიტა თავისი აღსასრული და ძმებს უთხრა: - ნუ იდარდებთ იმაზე, რაც დღეს მოხდება, რადგან ასეთია ნება უფლისაო. იმავე დღეს ხუთ მონაზონთან ერთად კალატოზის დასახმარებლად საკურთხევლის გუმბათზე ავიდა. გუმბათი ჩამოინგრა. მონაზვნები, ღირსი მამა და კალატოზი დაიღუპნენ. დასახმარებლად მოსულ ძმებს ესმოდათ, თუ როგორ ლოცულობდა ქვებში მოყოლილი ღირსი ათანასე სამი საათის განმავლობაში: "დიდება შენდა ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე!" და ასე აღესრულა უფლისა მიმართ.

ღირსმოწამე ექვთიმე. წმინდა ღირსმოწამე ექვთიმე ახალ ივერთა სკიტში აღიკვეცა მონაზვნად. მოძღვრის კურთხევით სამარტვილოდ გაემართა. ჯერ ავიდა ივერთა მონასტერში და თაყვანი სცა კარიბჭის ღვთისმშობელს, მერე კი კალიაგრას ნავსადგურში ჩაჯდა ნავში და კონსტანტინოპოლისკენ გაცურა. გასაცილებლად მოსულ მამებს დამშვიდობებისას წინასწარმეტყველურად უთხრა: "მამებო და ძმებო! იცოდეთ, ბატკანივით გამომჭრიან ყელს უღმერთო აგარიანებიო".

მართლაც, როცა ვეზირმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა და მოწამე დასასჯელად გაიყვანეს, ჯალათმა ხმალი მოუქნია, მაგრამ თავი ვერ მოჰკვეთეს. მოწამემ უთხრა ჯალათს: - კარგად დამარტყიო. ჯალათს მეორე მცდელობაც ჩაეშალა. გაბრაზებულმა მოწამეს თმაში ხელი სტაცა და ყელი ბატკანივით გამოსჭრა.

ასე აღსრულდა ღვთის მადლითა და კურთხევით ღირსმოწამე ექვთიმეს წინასწარმეტყველება.

მამა დანიელ კატუნაკელი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა დანიელმა იწინასწარმეტყველა: "თქვენს საძმოში მოვლენ მონაზვნები და გეყოლებათ მღვდლები და დიაკვნები, გააფართოებთ ამ ღარიბულ კალივას და მრავალ კელიას ააშენებთ". მართლაც ასე მოხდა.

მამა ევდოკიმე. ქსენოფონტეს მონასტრის მღვდელმონაზონი მამა ევდოკიმე ერთ დროს თავისი სავანის იღუმენი იყო, ბოლო წლებში მონასტრიდან წავიდა და დოქიარის სავანეში დასახლდა.

ერთხელ ვინმე დოქიარელმა მღვდელმონაზონმა ჰკითხა, - როდის მოკვდებიო. ბერმა უპასუხა: "როცა ღვინის სმას შევწყვეტ, მაშინ მომიახლოვდება აღსასრულიო". სამშაბათს მორჩილმა, ჩვეულებისაებრ, საჭმელი და ღვინო მოუტანა. ბერმა უთხრა: - ღვინო იქით გასწიე და მეტად აღარ მომიტანოთო. იმავე დღეს მამა ევდოკიმე ავად გახდა და ხუთი დღის მერე, შაბათს, გარდაიცვალა მშვიდი და ნეტარი სიკვდილით.

სლავი ბერი. რამდენიმე წლის წინ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტში, რომელიც პანტოკრატორის მონასტერს ეკუთვნის, რამდენიმე სლავი მონაზონი დასახლდა. ისინი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ჯაშუშებად გამოაცხადა და წმინდა კინოტის მეშვეობით ათონიდან გააძევეს.

ერთმა მღვდელმონაზონმა, ეტყობა, მათმა იღუმენმა, ამ ბრძანების გამცემს უთხრა: "ახლა ჩვენ გვაძევებთ, მაგრამ ერთხელაც იქნება, ზარების რეკვით შეგვხვდებითო". მართლაც, რამდენიმე წლის მერე იგი ბულგარეთის ეპისკოპოსი გახდა და ათონის მთის სტუმრობის სურვილი გამოთქვა, ახლა უკვე როგორც მღვდელმთავარმა. აღსრულდა მისი წინასწარმეტყველება, რამეთუ იმ მონასტრებში, სადაც ის მიდიოდა, ზარებს რეკავდნენ და მღვდელმთავრის პატივით იღებდნენ.

დაფარულთმცოდნელი მამა იოანე კავსოკალიველი. ერთხელ ათონის მიმოვლისას კავსოკალივის სკიტში შევხვდი ყმაწვილ მუშას ქალაქ სერიდან. ჩვენ ერთად მოვინახულეთ მოსაგრე სათნო მამა. გამასპინძლების მერე ყმაწვილმა ჰკითხა ბერს, ამ სკიტში თუ იყვნენ ანდა თუ არიან მადლმოსილი მამებიო. ბერმა დაუდასტურა: - ყველა მამა თავისი ცხონებისთვის იღვწის, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მიიცვალა ერთი ბერი, მამა იოანე, რომელიც ძალზე მოღვაწე იყო, დაფარულთმცოდნელობის მადლი ჰქონდა.

მეორე დღეს კავსოკალივაში მოღვაწე მამა ესაიამ ნეტარ მამა იოანეზე მითხრა: "იგი იყო ძალზე მოსაგრე, მდუმარე, სერიოზული, ფხიზელი და ძალზე ყურადღებიანი საკუთარი ცხოვრების მიმართო".

თავი XXII. გრძელწვერა ათონელი მამები
ღირსი პეტრე ათონელი. ღირსი პეტრე, ღვთის გამოცხადებით, ათონის სამხრეთით ერთ მღვიმეში დასახლდა. მან ამ მღვიმეში 53 წელი იცხოვრა და მარავალი ბრძოლა-განსაცდელი დაითმინა ეშმაკებისგან, ღირსი გახდა ზეციური მანანის გემოს ხილვისა, რომელიც მის გამოსაკვებად იქვე ახლოს ზეციდან უფლისა მიერ ცვიოდა. მას სამოსი არ ეცვა. ჰქონდა გრძელი წვერი და გრძელი, ჭაღარა თმა. ის ამ მღვიმეში ერთმა მონადირემ ნახა, თუმცა თავის ძმასთან და ორ მონაზონთან ერთად ღირსი მამის სანახავად მისულს ის გარდაცვლილი დახვდა.

კავსოკალიველი მამა ევსტრატე. ეს ნეტარი მამა მორჩილად იყო ერთ მამასთან წმინდა პავლეს მონასტრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის კელიაში. როცა მისი მამა გარდაიცვალა, იგი კავსოკალივის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ კელიაში მივიდა მხცოვან მეუდაბნოე მამებთან შესაერთებლად. არ მიიღეს, ვინაიდან ოცდაათი წლის კაცი უწვერული იყო. ის გაჯიუტდა. მოძღვარმა ღამისთევის ლოცვის ჩატარება მოინდომა, რათა ევსტრატეს წვერი ამოსვლოდა. ამგვარად მიიღეს ის საძმოში. მოგვიანებით მისი წვერი მუხლებს ჩასცდა და მიწას დაეფინა.

ის კარიესში მიიწვიეს წმინდა კინოტის წევრებმა, როცა 1864 წელს ათონის მთაზე სალონიკის გენერალ-გუბერნატორი ჰუსეინ-ფაშა ჩამოვიდა ათონის ოც სავანეს შორის ადმინისტრაციული დავის გადასაწყვეტად. როცა ფაშამ დაინახა პროტატის ტაძარში ხატი გრძელწვეროსანი წმინდა ონუფრე ეგვიპტელისა და პეტრე ათონელისა, არ დაიჯერა, გაიძახოდა, ასეთი რამ არ ხდებაო. მაგრამ როცა მამა ევსტრატეს წვერი დაინახა, რომელიც აღემატებოდა მის სიგრძეს, დაიჯერა და ბერს სამი ოქროს ლირა აჩუქა.

სწორედ მამა ევსტრატეზე წერდა რუსი ბერი მამა პართენი გასულ საუკუნეში - გრძელწვერა ბერიო. ეტყობა, საკმარისი ცნობები არ ჰქონდა, თორემ დანარჩენი ყველაფერი ემთხვევა ზემოთქმულს. ოღონდ სალონიკის გუბერნატორის ნაცვლად სულთან მაჰმუდს ახსენებს, ხოლო კარიესის პროტატის ტაძრის ნაცვლად - კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტაძარს.

კიდევ ამბობს, ბერსა და მის მორჩილს სამი ოქრო კი არ მისცეს, არამედ სამუდამოდ გაათავისუფლეს გადასახადებისგანო.

მამა იოაკიმე. ეს მამა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა გრიგორიატის მონასტერში. თავიდან უწვერული იყო. როცა მონასტერი დაიწვა, ძმებს უთხრა: "როცა მე წვერი ამომივა, მონასტერი მაშინ აღდგებაო". ჰოი საკვირველებავ! ცოტა ხანში მას წვერი მიწამდე ჩამოეზარდა. აღდგა მონასტერი მოლდო-ვლახეთის ბატონების, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტის გრიგოლის და კონსტანტინოპოლის სხვა მკვიდრთა დახმარებით.

მამა მეთოდე. კავსოკალივაში 1812 წელს ცხოვრობდა მამა მეთოდე, რომელსაც გრძელი წვერი მიწამდე სწვდებოდა. წარმოშობით კონსტანტინოპოლელი იყო და ბიზანტიელს ეძახდნენ.

მამა ათანასე მოლდაველი. მამა ათანასე წარმოშობით მოლდაველი იყო. ვიგლაზე, იოანე ნათლისმცემლის სახელობის რუმინული სკიტის გვერდით, კალივაში ცხოვრობდა. მასაც მიწამდე გრძელი წვერი ჰქონდა.

ერთხელ მას რამდენიმე სლავი მონაზონი ეწვია და ბერს წვერის ჩვენება სთხოვა. მამა ათანასემ უბიდან წვერი ამოიღო და მიწაზე ჩაუშვა. როცა დაინახა, რომ ამ სანახაობით მონაზვნები აღფრთოვანდნენ, მათ უთხრა: - წვერის სიგრძეს რა ჭკუა აქვს, რადგან ის მატერიალურია და არ გაცხოვნებსო.

იგი რუმინული სკიტის საავადმყოფოში გარდაიცვალა 1873 წელს.

მღვდელმონაზონი მამა იოაკიმე წმინდა ანას სკიტელი. მამა იოაკიმე მორჩილი გახლდათ ერთი ბერისა წმინდა ანას სკიტის ღვთისმშობლის მიძინების კალივაში. იგი ამერიკიდან ჩამოვიდა და კალივის მოძღვარს სრულყოფილი მორჩილებით დაემორჩილა. მას ახალგაზრდობაში წვერი მიწამდე სწვდებოდა და გულზე ჩამოკიდებულ ტომსიკაში ინახავდა. იგი წმინდა ანას სკიტში მიიცვალა 1873 წელს.

ლავრელი მამა ტარასი. ერთხელ მამა ტარასი მონასტრის სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს, თავისი კელიის აივანზე იდგა. რადგან მაშინ ეს სავანე იდიორითმული იყო, სამზარეულო არ მუშაობდა და სიჩუმე იდგა.

ეს მამა იყო პატივცემული, მდუმარე, თავშეკავებული, მყუდრო, ფხიზელი და ერთი იმ მცირეთაგანი, რომელიც ხორცს არ ეკარებოდა. წვერი მას წელამდე ჰქონდა და ფრიად პატივცემული შესახედაობისა გახლდათ.

მან გულზე ხელები დაიკრიფა და ლოცვა დაიწყო. ამ მდგომარეობაში დაინახა ქვემოთ მიმავალმა მომლოცველმა ერისკაცმა და სხვა მომლოცველებს დაუძახა, - შეხედეთ ცოცხალ წმინდანსო. ბერმა შეამჩნია თუ არა ისინი, თავის სკიტში შევიდა და გონიერი ლოცვა განაგრძო.

თავი XXIII. მირონმდინარე მამები
ღირსი ნილოს მირონმდინარე. მირონმდინარე ჰქვიათ წმინდანებს, რომელთა ნაწილებიც მირონსა და კეთილსურნელებას ადენენ. მთაწმინდის მირონმდინარე მამათა შორის ყველაზე ცნობილი და დიდებული გახლდათ ღირსი ნილოსი. ეს ნეტარი მამა ათონზე კინურიიდან, პელოპონესის ნახევარკუნძულიდან ჩამოვიდა. მონაზვნად აღიკვეცა მალევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში, მთაწმინდაზე ღირსი პეტრე ათონელის კელიაში დასახლდა, ლავრაში, მაგრამ რადგანაც სრული განდეგილობა სურდა, ხოლო ამ კელიას მრავალი მომლოცველი სტუმრობდა, დასავლეთით ერთ კლდოვან ადგილას, მღვიმეში განმარტოვდა. ებრძოდა ეშმაკებსა და ვნებებს და სძლია მათ ღვთის მადლით და წარვიდა უფლისა მიმართ.

იგი იმ მღვიმის გვერდით დაკრძალეს, სადაც ცხოვრობდა. შემდგომში წმინდა ნილოსის მიერ განკურნებულმა მონაზონმა მღვიმეში ეკლესია ააშენა. 1812 წელს კი წმინდა ნილოსის ნაწილები მოიპოვეს.

ამბობენ, მისი გარდაცვალების მერე საფლავიდან მირონი სდიოდა და ნაპრალიდან ზღვაში ეშვებოდა, სადაც ყოველი მხრიდან ღვთისმოშიში ქრისტიანები მოდიოდნენ და წმინდა მირონს იღებდნენ სხვადასხვა დაავადებათაგან განსაკურნებლად.

ღირსი სიმონ მირონმდინარე. ეს წმინდანი XII საუკუნეში გაბრწყინდა. ის მისი სახელობის მონასტრის ზემოთ მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. როგორც მისი ცხოვრება მოწმობს, მან საშინელი ხილვა იხილა, ასევე ნახა საშინელი კლდის ზემოთ დაკიდებული ვარსკვლავი, სადაც მან მონასტერი ააშენა, რომელსაც დღესაც სიმონპეტრას (პეტრეს ქვას) ეძახიან. გარდაცვალების მერე მისმა სხეულმა მირონის დენა დაიწყო.

ღირსი თეოფილე მირონმდინარე. ეს ღირსი მამა რამდენიმე წელი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მსახურობდა მდივნად, მერე ათონზე ჩამოვიდა, ივერთა მონასტერში, იქ ცოტა ხანს იცხოვრა და კაფსალის უდაბნოში, წმინდა ვასილის სახელობის კელიაში გადასახლდა, რომელიც პანტოკრატორის მონასტერს ეკუთვნის. იქ სულიერად მოღვაწეობდა და უფლის მიმართ მიიცვალა. გარდაცვალების მერე (1558 წ.) მისმა ნაწილებმა მირონის დენა დაიწყეს.

ღირსი ბარბაროს მირონმდინარე. ღირსი ბარბაროსი მეკობრე იყო და ერთხელ თავის მეგობრებთან ერთად ივერთა მონასტრის გასაძარცვად მოვიდა. ავაზაკმა მახვილი ჩაარტყა კარიბჭის ღვთისმშობლის ხატს და მისი ჭრილობიდან სისხლი წამოვიდა. გულწრფელად შეინანა თავისი კადნიერი საქციელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შენდობა სთხოვა. დარჩა ივერთა მონასტერში, მოინათლა და მონაზვნად აღიკვეცა დამასკინის სახელით. მაგრამ თავისი თავმდაბლობით სურდა, მისთვის ბარბაროსი დაეძახათ, ღვთისმშობლის ხატისადმი ბარბაროსული მოპყრობის გამო. გარდაცვალების მერე მისი სხეულიდან მირონი წარმოდინდა.

ღირსი ნიკიფორე კალაბრიელი. ეს ღირსი მამა კალაბრიიდან (სამხრეთ იტალია) მოვიდა და მორჩილად შეუდგა ღირს ათანასეს, როგორც მას ეუწყა საღმრთო გამოცხადებით. იცხოვრა ლავრაში, ღვაწლი აღასრულა, მრავალი სათნოება მოიპოვა და წარვიდა უფლისა მიმართ. მისმა სხეულმა მირონი წარმოადინა.

ღირსი ლეონტი მირონმდინარე. მამა ლეონტი მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა კინოვიურ დიონისეს მონასტერში და ამ მონასტერში დაყუდებული 16 წელიწადი ცხოვრობდა. გულის სიწმინდის, ლოცვის, უვნებელობის და სიწმინდის მომპოვებელი ღირსი შეიქმნა დაფარულთმცოდნეობის მადლისა და მისმა სხეულმა გარდაცვალების მერე მირონი გამოადინა.

ღირსი ნიფონტი დიონისიატელი. ღირსი ნიფონტი დიონისიატელი მონაზონი მოგვიანებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა. მაგრამ მიატოვა პატრიარქის საყდარი და დაბრუნდა იმ სავანეში, სადაც სინანული შესწირა უფალს. მერე რუმინეთის ეპისკოპოსი იყო. ამ კათედრიდან გამოაძევეს, რადგან ამხილებდა როგორც იმ ქვეყნის დიდებულთა, ასევე უბრალო ხალხის უსჯულოებას, დაბრუნდა მშობლიურ დიონისეს მონასტერში და წლებით აღვსებული, წავიდა სასურველ უფალთან, რათა ეგემა ნაყოფი სულიერი მოღვაწებისა.
ბეჭდვა
1კ1