"მცირე ჟამის" სულისკვეთება ქართველმა ბერებმა წმინდა მთაზეც დატოვეს და უფალთანაც წაიღეს
"მცირე ჟამის" სულისკვეთება ქართველმა ბერებმა წმინდა მთაზეც დატოვეს და უფალთანაც წაიღეს
უკანასკნელი ქართველი ბერი, რომელიც ათონს შემორჩა, 1956 წელს გარდაიცვალა

XVIII საუკუნეში შოტლანდიიდან ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო გამოქცეულ სამ ძმას, გრაფებს, წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში შეუფარებია თავი. იმ დროს იქ იმყოფებოდა სამეგრელოს მთავრის დადიანის ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც ძმები სამეგრელოში ჩამოიყვანა და სოფელ ბეთლემში დაასახლა. შოტლანდიელი ძმების შთამომავლები დღეს ბარკალაიები არიან. ეს ამბავი ჩემს ბაბუას მისმა ნათლიამ შალვა დადიანმა უამბო, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონია, ამ ისტორიასთან დაკავშირებით წიგნი დაეწერა, მაგრამ რატომღაც ვერ მოუხერხებია.

ვინ იცის, რისთვის მოიყვანა ბედისწერამ და ღვთის ნებამ შოტლანდიელი ძმები მართლმადიდებელ ქვეყანაში, იქნებ იმისთვისაც, რომ მათი შთამომავლობის ღირსეული წარმომადგენლის, სქემმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მცირე ხნით მაინც დაებრუნებინა ღვთისმშობლისგან ნაჩუქარი "ივერონი" და იქ ქართველთა სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული შესაძლებლობისთვის კვლავ გაეხსნა ასპარეზი.

ჩვენი გვარის გენეალოგიურ რუკაზე ყოველთვის მხვდებოდა თვალში: "ვახტანგი ძე ცახესი, რომელიც შემდეგ ბერად აღიკვეცა - ბენედიქტე". გულს ახარებდა ჩემთვის იდუმალებით მოცული ბერი ბენედიქტეს სახელი და ინტერესი არ მინელდებოდა, შემეტყო მისი ვინაობა. მადლობას ვწირავ უფალს, რომ დღეს მომეცა საშუალება, პატივი მივაგო ჩემს დიდ წინაპარს, XIX საუკუნის უდიდეს სასულიერო მოღვაწეს, რომელმაც მხოლოდ ღვთის იმედით გადაწყვიტა ქარის წისქვილებთან შებმა და გამარჯვებაც შეძლო, წმინდა მთაზე ქართველთა ახალი სავანე შექმნა და ქართველი ბერებით გააცოცხლა დაკარგული ივერონი. მცირე ხნით მაინც აჩუქა ივერიის მფარველ ღვთისმშობელს ქართული ლოცვა, გულის სითბო და გალობა, რომელიც მამა ბენედიქტემ ააღორძინა ათონზე. ღირსეული მამულიშვილის მეცადინეობით "ინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ისევე თავისი წრფელი ქართველნი მრჩობლ განემრავლებინა ქართველთა სავანეში" (ბ. ბარკალაია). ათონზე მოღვაწე დიდ ქართველ მამებს მეოხებას ვთხოვთ ზეციური დედოფლის წინაშე, რათა მათი ლოცვით, ივერთა ძლიერების სიმბოლოდ კვლავ იქცეს ივერონი.

X საუკუნეში იოანესა და თორნიკეს მიერ აშენებული ქართველთა მონასტერი ყოველთვის გამოირჩეოდა მშვენიერებითა და სიმდიდრით, სასულიერო, ლიტერატურული მოღვაწეობით. მას სულიერი, კულტურული და უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რაც ბერძნებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ზემოთ აღნიშნულმა მდგომარეობამ იმთავითვე მტრობითა და შურით აღავსო ბერძნები. მათ თვალს სტაცებდა სავანის სიმდიდრე, რომელიც ქართველი მეფეებისა და დიდებულებისგან იყო შეწირული. ამის ნიადაგზე ქართველ და ბერძენ ბერებს შორის მტრობას ათონზე დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველად ბერძენნი ქართულ სავანეში მისი წინამძღვრის გიორგი I-ის დროს გამრავლდნენ. "მან ბერძენნი ფრიად რაიმე შეყარნა და განამრავლნა".

ივერონის მდგომარეობა ყოველთვის იყო დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე. XIII საუკუნეში, როცა ქართული სახელმწიფოებრიობა დაეცა, ბერძენ-ქართველთა ურთიერთობა დაიძაბა. ათონის სავანე საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ შეასუსტა. ქართველები არასდროს ტოვებდნენ მონასტერს და ივერონის აღსადგენად ქართველი მეფეებისა თუ დიდებულებისგან დახმარებას იღებდნენ. XIX საუკუნის დამდეგიდან კი, როდესაც საქართველომ პოლიტიკური და საეკლესიო დამოუკიდებლობა დაკარგა, აღარ არსებობდნენ მფარველი ქართველი მეფეები, ბერძნებმა ქართველების შევიწროება დაიწყეს, რაც საბოლოო ჯამში სავანიდან ქართველთა განდევნით დამთავრდა. უთანასწორო ბრძოლა XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. სავანიდან განდევნილი ბესარიონ ქიოტიშვილი მოწაფეებთან ერთად ილია წინასწარმეტყველის სავანემ შეიფარა, ხოლო ილარიონ ქართველი (ყანჩაშვილი) განმარტოებით "სამხოლოეში" დამკვიდრდა. ეს ის ილარიონ ქართველია, რომელმაც ათონზე შემოჭრილი გათურქებული ქართველი (ჭყონია) მთავარსარდალი ამხილა და ამით არამარტო ქართული სავანე გადაარჩინა. მათი გარდაცვალების შემდეგ კი ბერძნებმა საბოლოოდ უარყვეს ქართველთა უფლებები ივერონზე.

ივერონი მაშინდელი ორი იმპერიის, საბერძნეთისა და რუსეთის მოქმედების არეალში აღმოჩნდა. მათი ინტერესები მონასტერთან დაკავშირებით ერთმანეთს დაუპირისპირდა. საბერძნეთის ეკლესია ათონის მთაზე გაბატონებით მსოფლიო საქრისტიანოში მონოპოლიის დამკვიდრებას ცდილობდა. რუსეთის იმპერია კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თავის იმპერიალურ ვნებებს იკმაყოფილებდა. რუსეთის ეკლესიის ძალისხმევით საქართველომ ავტოკეფალია დაკარგა და რუსეთის სინოდს დაემორჩილა: ამიტომ, ბუნებრივია, რუსეთს პრეტენზია ჰქონდა საზღვარგარეთ არსებულ ყველა ქართულ კულტურულ-სასულიერო კერაზე. ერთმანეთს შეეჯახა რუსეთის პოლიტიკური და საბერძნეთის სარწმუნოებრივი ამბიციები.

რუსეთი საბერძნეთის ეკლესიისადმი დიპლომატიურ მიმართვებში ქართული სავანის ერთგულ დამცველად გვევლინება. ის ხომ საქართველოს ეკლესიის პატრონი იყო. ამ მოსაზრებით, რუსულმა იმპერიამ 70-იანი წლებიდან ივერონის დასაბრუნებლად აქტიური ბრძოლა დაიწყო. საქართველოდან კი ამ დროს ივერონის დაკარგვით დამწუხრებული და მისი დაბრუნების იმედით გულანთებული იუნკერი ვახტანგ ბარკალაია ათონს გაემგზავრა. იქ მას ბერად აღკვეცა სურდა, მაგრამ ბერძნებს ქართველის სახელის გაგონებაც არ უნდოდათ. საქართველოში მთავარეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის მიერ ბერად აღკვეცილი ვახტანგი, ახლა უკვე ბენედიქტე, 12 ბერის თანხლებით და დიდი შემართებით დაბრუნდა წმინდა მთაზე. მან თავისი მოგროვილი შემოწირულობა წაიღო ათონზე. ივერონის აღდგენის სურვილი ქართველთა და ბერძენთა მტრობაზე ძლიერი აღმოჩნდა, მას უკვე ვერავინ აღუდგებოდა წინ. 1870 წელს, ღვთის შეწევნით, ბენედიქტემ შეიძინა დანგრეული სავანე, მაგრამ მის განახლებაზე უარი მიიღო ბერძნებისგან. მათ ქართველობას არც საშენი მასალა მიჰყიდეს, არც - მუშახელი. სანახევროდ აღდგენილი ტაძარი კი კინაღამ დაუნგრიეს.

მაგრამ ქართველ ბერებს ისე სწყუროდათ თავიანთი სამკვიდრო, რომ დედა ღვთისმშობელმა კვლავ გამოაჩინა გამოსავალი. მამა ბენედიქტემ ივერონის მიმდებარედ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა ახალი სავანე დააარსა - ააშენა ეკლესია და კელიები 50 კაცისთვის. თავი მოუყარა იქ მიმოფანტულ ქართველობას. საქართველოს ყველა კუთხიდან დაიწყეს ბერებმა მონატრებულ ათონზე სამოღვაწეოდ წასვლა: გელათის, ხობის, დავითგარეჯის, შუამთის ბერებმა ბენედიქტეს მიერ დაარსებულ ახალ სავანეს მიაღწიეს. ეს ადგილი ძველი დიდების, თავისუფლების, გამარჯვების, ძლიერების იმპულსს კვლავ იძლეოდა. ცოტა ხნით კვლავ გახდა ქართველი თავისუფალი, გაიხარეს ზეციურმა მთაწმინდელებმა, აღარსად იყო რუსი ეგზარქოსი, კვლავ ქართულად მოისმინა კარის ღვთისმშობელმა ლოცვა. დაიწყო სამონასტრო ტრადიციების აღდგენა, განახლდა მწიგნობრობა და კალიგრაფია. ბერებმა ქართულ ხელნაწერთა გადარჩენისა და კალიგრაფიაში დაოსტატების მიზნით დაიწყეს მათი გადაწერა. გაკეთდა უამრავი ასლი. მამა ბენედიქტემ აღადგინა გიორგი მთაწმინდელის მეცენატობის ტრადიცია. მან საქართველოში მოიძია ნიჭიერი ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯებით გალობა შეასწავლა. მასწავლებელიც საუკეთესო შეარჩია: "ვპოვე საქართველოს შინა ერთიღა კაცი გურიასა შინა მცოდნე ძველი გალობისა, გვარად დუმბაძე, რომელსა მივეც ცხრანი ყმაწვილნი ხმოვანნი განსაწვრთნელად", - წერს მამა ბენედიქტე. გალობაში გაწვრთნილი ყმაწვილები კი ხუთი წლის შემდეგ ათონზე წაიყვანა და "აღიშენა მათ მიერ გუნდი მგალობელთა". ქართული ლოცვა ქართულმა გალობამ დაამშვენა, რომელიც, როგორც მამა ბენედიქტე აღნიშნავს, "მამულსა ჩვენსა შინა" დავიწყებული იყო. მათ სხვადასხვა მონასტრებში იწვევდნენ.

გაოცებასთან ერთად შურიც აწვალებდა ბერძენთა გულებს.

ათონის ქართველ მგალობელთა შორის გამორჩეული ყოფილა მელქისედეკ ნაკაშიძე, რომელიც ნესტორ კონტრიძესთან ერთად მამა ბენედიქტეს კურთხევით შემდეგ თბილისში ჩამოსულა, რათა ახალშექმნილ "ქართული საეკლესიო გალობის აღმადგენელ კომიტეტთან" ეთანამშრომლა. ნაკაშიძე და კონტრიძე წლების განმავლობაში ანჩისხატის ეზოში ასწავლიდნენ გალობას. მელქისედეკ ნაკაშიძეს დიდი როლი მიუძღვის ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეში, დიდი მუსიკოსის, ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის ჩაბმაში.

ათონის ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის ახალი სავანის წინამძღვარი ბენედიქტე ბარკალაია შიდა სამონასტრო საქმეების გაძღოლის პარალელურად თავდაუზოგადავად იბრძოდა ქართველთა უფლებების განსამტკიცებლად და ივერონის დასაბრუნებლად.

"ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ათონის მთიდან ერთი ჩვენებური ბერი ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა. იქაური ქართველი ბერებისაგან მინდობილობა ჰქონდა, სადაც და როგორც იყო, ეშუამავლა და ეცადნა, რომ ათონის ივერიის მონასტერი ბერძენ ბერებს ჩამორთმეოდათ", - აღნიშნავდა გაზეთი "დროება".

მამა ბენედიქტეს მძიმე მისია დაეკისრა - მას ორ ფრონტზე უნდა გაეშალა დიპლომატიური ურთიერთობა - რუსეთსა და საბერძნეთში. მამა ბენედიქტეს ხელმძღვანელობით დაიწყო დიპლომატიური მიმართვების გაგზავნა კონსტანტინოპოლის უმაღლესი იერარქიისა და რუსეთის საიმპერატორო კარის წმინდა სინოდისადმი ივერონის ხელშეუხებლობისა და მასზე ქართველთა ტრადიციული უფლებების აღდგენის კატეგორიული მოთხოვნით. საქართველოს სამღვდელოებამ წერილით მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქს იოანე III-ს. მან კი საკითხის მოგვარება ათონის სასულიერო საბჭოს "პროტატას" დააკისრა. საბჭოს 20 წევრიდან 17 ბერძენი იყო. ამიტომ ქართველებისთვის არაფრის მთქმელი და ბერძენთა სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს: ბერძნებიცა და ქართველებიც კომპრომისზე უნდა წასულიყვნენ და ყველაფერი მშვიდობიანად დაემთავრებინათ. კავკასიის მეფისნაცვლისადმი მიმართვაში მამა ბენედიქტე ითხოვდა შუამდგომლობას კონსტანტინოპოლში რუსეთის ელჩთან ლობანოვ-როსტოვსკისთან, რათა ივერონის კუთვნილი მამულებიდან შემოსავალი ბერძნების ნაცვლად ქართველებს გადასცემოდათ. ამას მწვავედ გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძეც. თავისი წერილით მან ყველას შეახსენა იერუსალიმის პატრიარქის (1706 წ.) დოსითეოსის სიგელ-გუჯარი, რომლითაც ნათელი ეფინებოდა ქართველთა საკუთრების ბერძნებისთვის დროებით გადაცემის ფაქტს. ილია აღნიშნავდა: "როცა ოსმალების შემოსევებისგან ქართველთა მდგომარეობა მძიმე გახდა, მათ აღარავითარი პირობები აღარ ჰქონდათ, რომ საზღვარგარეთ არსებული ქართული მონასტრებისთვის მიეხედათ და საჭიროდ ცნეს ისინი დროებით საპატრონოდ ბერძნებისთვის მიეცათ. ბერძნებს გადასცეს მამულები და მათი შემოსავლები, რაც ქართველებს გურჯებით ჰქონდათ შეწირული იმ პირობით, რომ მშვიდობიან დროს მონასტრებსა და მამულებს შეწირულობით უკანვე დაიბრუნებდნენ. როდესაც ივერიიდან ჩამოვიდოდა წინამძღვარი, მას უნდა ჩაებარებინა ყველა ქართული მონასტერი თავისი სიმდიდრით".

აღსანიშნავია, რომ ივერონს როგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც ჰქონდა შეწირული უძრავ-მოძრავი ქონება: მიწები, სათევზაო ადგილები, სანთლის ქარხნები, ეკლესია-მონასტრები. ამონაგები თანხა ივერონის მონასტერს გადაეცემოდა. მას შემდეგ, რაც ქართველებს აეკრძალათ საკუთარ სავანეში ყოფნა, ბერძნები სარგებლობდნენ შემოსავლით და ყიდიდნენ კიდეც სურვილისამებრ. მამა ბენედიქტეს თაოსნობით მოძებნეს ერეკლე II-ის მიერ გაცემული გუჯარი, რომლითაც ერეკლე ადასტურებდა მამამისის თეიმურაზის მიერ ივერონისთვის წმინდა სტეფანეს ეკლესიის მამულების შეწირვის ფაქტს. ათარგმნინეს ბერძნულად და რუსეთის იმპერიისადმი გაგზავნილ მიმართვას დაურთეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განიხილა საკითხი და დაადგინა, რომ თხოვნა შეჩერებულიყო იქამდე, სანამ დასრულდებოდა ათონზე ქართველი ბერების უფლებების საკითხის გარკვევა.

აღმოჩნდა, რომ რუსეთს ამ დროს თავად ჰქონდა პრობლემა ათონზე. მას თავისი უფლებების აღდგენა სურდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერ "რუსიკონზე" და არ სურდა ბერძნებთან ურთიერთობის გამწვავება. რუსებმა აღიდგინეს ძალაუფლება "რუსიკში", რაც საერთაშორისო მასშტაბის გამარჯვება იყო.

1880 წლის 27 მაისს მამა ბენედიქტემ ისევ მიმართა კავკასიის მეფისნაცვალს თხოვნით. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საკითხის შესწავლა კონსტანტინოპოლის ელჩს ნოვიკოვს დაავალა, ეს უკანასკნელი ცდილობდა ბერძნებთან მოლაპარაკებას. ცნობილია ბერძენი არქიმანდრიტის გერასიმეს 1882 წლის მიმართვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი: "ჩვენ ვაღიარებთ, რომ ივერონი ოდესღაც ქართველებს ეკუთვნოდათ და მას დიდი ხნის მანძილზე მართავდნენ, მაგრამ ბერძნებსაც მასზე დიდი უფლებები აქვთ უკანასკნელი ხანებიდან. "რუსიკიც" ერთ დროს ბერძნული მონასტერი იყო, მაგრამ ის რუსებმა მიიტაცეს ისე, რომ ბერძნებისგან არ აქვთ პროტესტი". საბერძნეთის რუსეთისადმი დამოკიდებულება აშკარაა. ეს ქართველების მდგომარეობას ორმაგად ამძიმებდა. ბერძენს არ უნდოდა ქართველი და ვერ ეგუებოდა რუსეთის იმპერიის სწრაფვას - მისი სამოქმედო არეალის გაფართოებას ათონზე.

ბერძნული ეკლესიის პოზიცია კიდევ უფრო პრინციპული აღმოჩნდა. 1884 წელს მაკედონიის კონსულს იაკობსონს ელჩმა ნელიდოვმა სთხოვა, ათონელ ბერებთან მოლაპარაკება გაემართა. იაკობსონი ბერძენ ბერებს დაემუქრა მოსკოვში არსებული ივერონის კუთვნილი მამულებიდან წამოსული სერიოზული დაფინანსების (შეწირულობათა ამონაგების) შეწყვეტით, მაგრამ არც ამას შეუშინებია ბერძნები.

ბენედიქტესა და მის თანამოღვაწეთა თავგანწირულობას კი უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ცოტა ხნით მაინც ივერონში ქართველთა უფლებები აღდგა, მაგრამ ბერძენ ბერებს ქართველთა მიმართ მტრობა არ განელებიათ. ახალაშენებული ეკლესიის გუმბათი ჩამოუნგრიეს. მამა ბენედიქტეს თავისი თვალით უნახავს, როგორ ხმარობდნენ ბერძნები ბოთლის საცობებად უძველეს ქართულ ფოლიანტებს, როგორ ამოშალეს ქართველთა მონასტერში ქართველ მეფეთა სახელები. "თორნიკეს სახელიც ამოხოცეს", ვითომც მონასტერი ოდითგან მათი ყოფილიყოს და ბერძენთა სახელებით შეცვალეს. მამა ბენედიქტეს მოუხერხებია და საქართველოში ჩამოუტანია უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი, ათონის კრებული, რომელიც, ვიდრე კირიონ ეპისკოპოსის ბრძანებით დაიბეჭდებოდა, "ივერიის" რედაქციამ გააცნო ქართველ მკითხველს. ცნობილი ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის აზრით, ხელნაწერი საინტერესო ცნობებს შეიცავდა ივერონის აღმშენებლებისა და საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ. ხელნაწერში მოყვანილი იყო ფაქტები და იხსენიებოდნენ ისტორიული პირები, რომელთა შესახებაც "ქართლის ცხოვრებამ" არაფერი იცოდა; თორნიკე ერისთავის დროინდელი აღაპების წიგნი, რომელშიც იოანე მთაწმინდელიდან დაწყებული, ვიდრე გიორგი მთაწმინდელამდე ივერონის ყველა წინამძღვარია აღნუსხული, აგრეთვე მოხსენიებულია ყველა შემომწირველი და შემოწირულობა.

XIX საუკუნის მიწურულს ბერძენთა შემოტევის ახალი ტალღა წამოვიდა. ისევ გაუსაძლისი ხდებოდა ქართველთა მდგომარეობა: მონასტრის მოსაგრეები მუდმივად ითხოვდნენ გვერდით დგომასა და დახმარებას საქართველოდან. 1999 წელს ათონზე უმოგზაურია დეკანოზ პეტრე კონჭოშვილს. აი, რას წერს იგი თავის მოგონებებში: "სავანეში 30 ბერია, რომლებიც, რომ არა ალექსანდრე III-ის დანიშნული მცირე შესაწირავი, შიმშილით დაიხოცებოდნენ. მაშინ, როცა ქართული პურითა და ღვინით ბერძნები სუქდებიან". იგი ასევე იგონებს, რომ ბერძნები ქართველებს შეშითა და წყლით სარგებლობის უფლებას აღარ აძლევდნენ. ქართველი მეფეების შენაწირითაც ისინი სარგებლობდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველებს კარის ღვთისმშობლის თაყვანისცემაც ეკრძალებოდათ. საინტერესოა კონსტანტინოპოლელი ბერძენი პილიგრიმის აღშფოთება ამის თაობაზე. ის რედაქციას სთხოვს, ქართველ ხალხს გააცნონ, რა დამცირებას იტანდნენ ქართველები ბერძნებისგან: "გასწორდნენ ბერძნები და ქართველებისგან ისწავლონ კაცთმოყვარეობა და ზრდილობაო".

ამ დროს კი საქართველოში თავადაზნაურობა, მოწინავე ქართველები საზოგადოებას უხსნიდნენ ათონის მონასტრის ეროვნულ მნიშვნელობას. "დროებაში", "ივერიაში", "მწყემსში" იბეჭდებოდა წერილები ათონის შესახებ, მაგრამ ბევრს მაინც ვერ გაერჩია ათონი და იერუსალიმი (პ. კონჭოშვილი). ერი თანაუგრძნობდა ბერებს სიტყვით, აქებდა მათ მამულიშვილობას, მაგრამ XIX საუკუნის "ბედნიერი ერი" არათუ ეხმარებოდა მათ, არამედ ცილისმწამებლურ პასკვილებსაც აქვეყნებდა პრესაში. დღევანდელობასთან პარალელი აშკარაა. "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს... დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". ჟურნალ "მწყემსში" მამა ბენედიქტე მატყუარად და მძარცველად არის მოხსენიებული. გაზეთ "ივერიაში" ბერი ასე პასუხობს ჟურნალისტს: "ნეტარებად ვსთვლი ტანჯვასა და არ მეწყინება ცილისმწამებელთაგან გინება და ლანძღვა". მამა ბენედიქტეს მშობლებისგან მიღებული ქონებაც, სამოსახლოც გაუყიდია და ფული სავანისთვის შეუწირავს. "ოცდაოთხი წელია ვენედიქტე ბერი სცდილობს დაუბრუნოს ქართველ ერს თავისი უძრავის ქონებით ივერიელთა საკუთრება. ჩემს მიერ აღშენებულ სავანეში დღეს, ღვთის შეწევნით და მორწმუნე ერის მეცადინეობით, სცხოვრობენ 50 ძმანი - მწირ-მონაზონნი, მორჩილნი. დღემდე ერის-კაცობაში ნაშოვარიც და მორწმუნე ერის შესაწირიც სავანის აღშენებასა და ძმათა საზრდოსთვის არის დახარჯული", - წერს პასუხში ღვაწლმოსილი ბერი.

პ. კონჭოშვილის სიტყვები კი ღვთის ნების გახმოვანება იყო "ბედნიერი ერისთვის": "ვისაც კი მცირედი სიყვარული უღვივის გულში სამშობლოს მიმართ, მოვალეა წინაშე ღმრთისა და კაცობრიობისა, აღმოუჩინოს შემწეობა ათონის სავანის ძმათა "ივერონის" გამოსახსნელად ბერძენთა მტარვალობისგან. ამას მოითხოვს ჩვენი ეროვნული ღირსება, ძველი ისტორიის დიდება და მოყვასთა მიმართ სიყვარული".

1900 წელს ბენედიქტე ბარკალაია გამოიწვიეს ათონიდან და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. XX საუკუნის დასაწყისიდან კი რუსეთი, იმპერიაში მიმდინარე პროცესების გამო, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ათონს. ივერიელთა დევნა იმით დამთავრდა, რომ 20-იან წლებში კვლავ დაიცალა სავანე. უკანასკნელი ქართველი ბერი, რომელიც ათონს შემორჩა, 1956 წელს გარდაიცვალა.

ათონის ივერთა მონასტრის ისტორიის იმ მონაკვეთს, რომელიც ბენედიქტე ბარკალაიამ წარმართა, მისივე სიტყვებით შევაფასებთ: "დავიწყებულ ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების".

ამ "მცირე ჟამში" თავისუფლების, ღვთისმშობლისაგან ნაბოძვარის დაბრუნების სურვილის უდიდესი მუხტია, კარნახი მომავალი თაობებისთვის, რომ "შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია უფლისთვის". ამ "მცირე ჟამის" სულისკვეთება ქართველმა ბერებმა წმინდა მთაზეც დატოვეს და უფალთანაც წაიღეს, რათა უფლისგან მადლად ქცეული დაუბრუნდეს მთელ ერს ხილული და უხილავი მტრისგან გასათავისუფლებლად.

მამა ბენედიქტე დაკრძალულია ხობის მონასტერში. მის საფლავს ეპიტაფიად შეიძლება წაეწეროს ბერისავე სიტყვები: "მე არად ვსასოებდი სოფლიურს დიდებასა და ჯილდოს, რადგან მეგულვებოდა წარდგომა საშინელისა და პირუთვნელისა ჩემისა ქრისტეს მღვთისა მიმართ".

P.S. ბენედიქტე ბარკალაიას ძმის ზურაბის შვილთაშვილებს კარგად ახსოვთ დიდი ბაბუისა და ბებიის, ბარბარეს მონათხრობი, როგორ უყვარდათ მშობლიურ სოფელ ბეთლემში ღვაწლმოსილი ბერი, როგორი სითბოთი ეგებებოდნენ მოყვასზე მზრუნველ თანასოფლელს, რომელმაც სკოლაც გახსნა ბეთლემში, როგორ დაიწვა სახლი, რომელიც უამრავ რელიკვიასა და იმ ეპოქისთვის მნიშვნელოვან საარქივო მასალებს ინახავდა...

მადლობა უფალს, რომ შემაძლებინა, ჩემი დიდი წინაპრისადმი მადლიერება გამომეხატა.

მოამზადა
ბელა ბარკალიამ
ბეჭდვა
1კ1