თუ სულის ცხონება გსურს, ყოველთვის მდუმარე იყავი, არასოდეს განრისხდე, დაე, ყოველთვის გონება გმართავდეს
თუ სულის ცხონება გსურს, ყოველთვის მდუმარე იყავი, არასოდეს განრისხდე, დაე, ყოველთვის გონება გმართავდეს
მამა ქრისანთე - "მოგონებები"
დასაწყისი იხ. ##8,9
ატიკელი მამები. საყვარელნო შვილნო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნო, გიხაროდენ გამოუთქმელი სიხარულით ჩვენი მკვდრეთით აღმდგარი უფლის მიერ და გიხაროდენ და იხარებდით ქრისტეში ნეტარი, წმინდა ცხოვრებით. რამეთუ ნათელი სიბრძნისმოყვარეობისკენ მოგიწოდა შენ ქრისტეს ყოვლისმომცველმა სიყვარულმა.

მცირეოდენს მოგწერ ცხონებაზე, იმას, რაც შემოინახა ჩემმა მდაბალმა გონებამ და რის ნებასაც მომცემს უფალი, შენი მღვდლობის გულისთვის. ასე რომ, მისმინე.

ათენში თურქების შემოჭრამდე ოლიმპიელი ზევსის ყოფილი ტაძრის სვეტებზე მესვეტე მამები ცხოვრობდნენ. მათ მატერიალური არაფერი სჭირდებოდათ, იყვნენ ვითარცა ანგელოზნი, ხორციელი სხეულის მატარებელნი. ჩვენი ათენელი მამები უცქერდნენ, თუ უმანკოების, დაფარულმცოდნეობის და წინასწარმეტყველების როგორ სიმაღლეს მიაღწიეს ამ მესვეტეებმა და მათაც დაუტევეს ყველაფერი, ატიკის მთებში შეუდგნენ მყუდროებით ცხოვრების ღვაწლს. ეკითხებოდნენ მესვეტეებს, როგორ ეცხოვრათ განდეგილობის ჟამს. ისინიც დაწვრილებით უხსნიდნენ.

ამ მესვეტეთა სწავლებები და მოსაგრული ტრადიციები შემონახულია ჩვენს მამათა გარდამოცემებში. ისინი თავიანთ ღვაწლს აღასრულებდნენ, განმარტოებით ცხოვრობდნენ და საკუთარ თავს განიკითხავდნენ, - არ ვართ ღირსნი კაცთა შორის ცხოვრებისაო. მამებს ეშინოდათ, რომ კაცთა შორის ყოფნა დააბრკოლებდათ ღვთის სიყვარულში. განმარტოება მათ ასწავლიდა, რომ საკუთარი თავისთვის, როგორც ნაგვისთვის, ისე ეცქირათ. თუ ვინმე მათ გვერდით დასახლების ნებას სთხოვდა, უარს ეუბნებოდნენ და ღმრთივგაბრძნობილად ბრძანებდნენ: "რამეთუ შენ უფალმან მხოლოი სასოებით დამამკვიდრე მე" (ფს. 4,9), მაგრამ თუ მოსული ჯიუტობდა, მაშინ ნებას აძლევდნენ და ასწავლიდნენ, მყუდროება საშუალებას გაძლევს, უარი თქვა ნებისმიერ ვნებაზეო. ჩვენი მამები გონივრულად აღასრულებდნენ დაყუდების ღვაწლს და ასე მიაღწიეს უმაღლესი სიწმინდის საზომს.

ახლაც შეგვიძლია ვნახოთ მათი დაყუდებული მუშაკობის ნაკვალევი - ატიკის მთების მიდამოებში ყველგან არის სკიტები, რომელთაც ჩვეულებისამებრ "სკებს" ეძახიან. მათი მკვიდრნი ხომ მყუდროების თაფლს იგემებდნენ, რომელიც დაუტკბობდა მათ სულს და აიძულებდა, სავსებით დაევიწყებინათ თავიანთი (ბუნებრივი) მოთხოვნილებები. ბევრი მათგანი მოგვიანებით ათონზე წავიდა და როგორც საუკეთესო მუშაკნი, შემყვარებელნი მყუდროების სიტკბოებისა, თავიანთ ათონელ თანამოასაკეთათვის დიდებულ მასწავლებლებად შეიქმნენ. ათონელი მონაზვნები, როცა სურდათ აღენიშნათ, თუ რაოდენ დიდებული იყო მოძღვრის სწავლება, ამბობდნენ: "ატიკელმა მამამ აი ასე თქვაო". სიტყვა "ატიკელის" გაგონებაზე ხალხი ყურადღებად იქცეოდა, რამეთუ მასში ხედავდნენ მჭვრეტელი ცხოვრების პრაქტიკულად გამოყენებას.

ჩვენი მამები კითხულობდნენ წმინდა მარკოზ მოღვაწის ცხოვრების ვრცელ რედაქციას და უკვირდათ, თუ როგორ ეწეოდა სულ მარტო დაყუდებულ ცხოვრებას ატიკის მთებში, როგორ გადალახა "დაულტობელი ფეხებით" ზღვა და ეგვიპტემდე მივიდა. როცა ღვთის განგებულებით მასზე შეიტყვეს, ღირსმა მარკოზმა მათ ჰკითხა: "არიან დღეს ისეთნი, რომლებიც ეტყვიან მთას, აღიძარ და შთავარდი ზღვაში და ის მაშინვე ამოძრავდება ზღვაში ჩასავარდნად, მაგრამ წმინდანი აჩერებსო"...

ამიტომაც, თუ სულის ცხონება გსურს, ყოველთვის მდუმარე იყავი. არასოდეს განრისხდე, დაე, ყოველთვის გონება გმართავდეს და შინაგანი მუშაკობისას მარადის გახსოვდეს: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა".

მონასტერში მრავალი ძმა ცხოვრობდა. ერთმა მათგანმა იღუმენს სთხოვა, უდაბნოში დაყუდების ნება მომეციო. იღუმენმა უარი უთხრა: - შვილო, შენ მონასტერში კი მოხვედი, მაგრამ არაფერი გიღონია გულიდან რისხვისა და მძვინვარების გასაძევებლად. ამიტომაც არ გაგიშვებ იქ, სადაც უარესი გახდებიო.

მაგრამ მონაზონი დაჟინებით სთხოვდა იღუმენს. ისიც დიდი ხნის დამოძღვრის მერე დაყაბულდა და უდაბნოში დოქიც გაატანა, - იქ გამოგადგებაო.

მონაზონმა გამოართვა და უდაბნოში გასწია. პირველად, როცა დოქი წყლით აავსო, მშვიდად იყო. მეორე დღეს დოქის ქვეშ მიწა დასველდა და ჭურჭელი გადაიხარა, რამაც გააღიზიანა. მესამე დღეს დოქი ფეზე ვეღარ გააჩერა. განრისხდა და ჭურჭელი დაამსხვრია. მაშინ კი მოვიდა გონს, გაახსენდა იღუმენის სიტყვები, ასეთი ღვაწლისთვის მზად არ ხარო. დაბრუნდა მონასტერში. ძმებს სთხოვა, არ დამცინოთო. საბოლოოდ, გამოსწორდა, რამეთუ "ადგილი კი არა, არამედ ზნე გამოასწორებს ადამიანს".

ყოველი ცხონების მოსურნე კაცი უნდა იყოს მომთმენი, დაემორჩილოს გონებას, განიწმინდოს სული ვნებათაგან და მიმართოს ის ბუნებრივი სათნოებებისკენ, რომლებიც აღმყვანებელია სიყვარულისა და ღვთისადმი სწრაფვისაკენ. და შენც, თუ გსურს გახდე მონაზონი, იყავი სოფელში მომთმენი, ვინაიდან მონასტერში უფრო მეტი მოთმინება დაგჭირდება. აღასრულე თუნდაც ეს და იხილავ სიმშვიდით მოგვრილ სიკეთეს. ყოვლადსახიერმა ღმერთმა ნეტარნი უწოდა მშვიდებს და მყუდროთ.

ევედრე ღმერთსა ჩემთვის, მრისხანესათვის.

დედა სინკლიტიკია.
წმინდა ელისე წინასწარმეტყველის ტაძარში მსახურობდნენ ღირსი ფილოთეოს ათენელის მონასტრის დედებიც. ისინი სახლებში მოღვაწეობდნენ, რადგან მეფე ოტონმა თავისი ბავარიელების დახმარებით გააუქმა ეს მონასტერი და საბერძნეთის სხვა მრავალი სავანე.

ტაძარში დასახმარებლად მოსულ მონაზონთა შორის იყო დედა სინკლიტიკია. იგი მონაზვნად სულ მთლად ახალგაზრდა აღიკვეცა. მისი მოძღვარი გახლდათ მამა მეთოდე. ის დიდი სიმკაცრით ცხოვრობდა, მხოლოდ ორცხობილათი და წყლით საზრდოობდა. მთლად გამოიფიტა ღვაწლისა და მრავალრიცხოვან სნეულებათაგან. არავის ესაუბრებოდა, ყოველთვის ლოცულობდა, რათა არ მოკლებოდა ყოვლადწმინდა სამებასთან გულწრფელ საუბარს და აქედან მომდინარე იმ სულიერ სიკეთეს, რომლის ღირსიც შეიქმნა ღირსი ფილოთეოსის მონატერში ცხოვრებისას.

მე, პატარა ბიჭს, მაოცებდა ეს მონაზონი. მხოლოდ ერთხელ მითხრა რამდენიმე სიტყვა და ისიც მხოლოდ განსაკუთრებული სულიერი სიკეთისთვის.

- შეგიძლია შენ მარტომ ჩააქრო ცეცხლი, რომელიც გააჩაღა მინდორში გლეხმა ეკლების მოსაწველად და მიწის სახნავად მოსამზადებლად? ასევე შეუძლებელია ჩააქრო ღვთისადმი სიყვარულის კოცონი, რომელიც მოიპოვეს ჩვენმა მამებმა ამ ღვთივდაცულ ქალაქ ათენში.

მაშინ ვერ მივხვდი ამ სიტყვების აზრს - ძალზე პატარა ვიყავი. მხოლოდ მთაწმინდაზე, მართალი ანას სკიტში, მამა მინას სულიერ შვილთან, ნეტარხსენებულ მამა ონოფრესთან მორჩილობისას გავიგე, რა იყო "ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი" - ეს მამა ონოფრემ ამიხსნა.

დედა სინკლიტიკიას გარდაცვალების ჟამს ეშმაკებმა ერთადერთი ცოდვა წარუდგინეს, ერთხელ ორი ჭიქა უშაქრო ყავა დალიეო. ასეთი დიდი თავისუფლება მოიპოვა დედა სინკლიტიკიამ, აღვიდა ზეცად და იხარებს ღირს ფილოთეოსთან ერთად ქრისტეს სასახლეში.

მეფე ოტონი და დედოფალი ამალია.
პირეა ასეთი არ იყო, არც ამდენი სახლი იდგა და არც ამდენი კაცი ცხოვრობდა. თავიდან მის ქოხებში კუნძულ ეგინიდან გადასახლებულნი ბინადრობდნენ.

მეფე ოტონი პროტესტანტიზმის აღმსარებელი იყო და გადაწყვიტა, პირეაში თავისი რწმენის ეკლესია აეშენებინა (ამ კათოლიკე მეფის დროს 600-მდე მონასტერი დაიკეტა საბერძნეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკლესიის შევიწროებაზე). ჩვენი მართლმადიდებელი წინაპრები მიხვდნენ, რომ მეფეს წმინდა სპირიდონის მონასტრის წართმევა სურდა და ომი გამოუცხადეს. უთხრეს, თუ მართლმადიდებლობაზე არ გადახვალ, შენც მოგკლავთ და დედოფალსაცო. მეფემ ეს ბავშვურ მუქარად ჩათვალა. წმინდა მოსაგრეთა აღშფოთებამ ანაპლიამდე მიაღწია.

ჩაჯდა მეფე გემში და წმინდა სპირიდონის ყურეში შეცურა. ნაპირთან მამები დახვდნენ და უყვიროდნენ: - აქ არ იქნება დასავლური ეკლესია! ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. უცხოელები სხვაგან წავიდნენო. შემცბარ-შერცხვენილმა მეფე პირეა დატოვა.

ლათინებმა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, პატარა ეკლესია ააშენეს ფილონისა და ნოტარისის ქუჩების კუთხეში. ის ეკლესია, რომელსაც ოტონი აშენებდა, მართლმადიდებლებმა, ლათინების შესარცხვენად, წმინდა სამების სახელზე აკურთხეს. მამები ამბობდნენ, რომ სულიწმინდა მამისგან გამოდის და ძეზე განისვენებს. ამაზე მიყვებოდნენ ბავშვობაში. ბრმა ბიძაჩემს თვალთაგან ცრემლი სდიოდა და მეუბნებოდა: - როგორც სხეული ვერ ძლებს უსულოდ, არც ჩვენ, რომაელებს, შეგვიძლია ვიცხოვროთ მართლმადიდებელი რწმენის გარეშეო.
ბეჭდვა
1კ1