ქრისტე ჩემო, დამმოძღვრე მე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დედოფალო ჩემო, დამიფარე მე
ქრისტე ჩემო, დამმოძღვრე მე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დედოფალო ჩემო, დამიფარე მე
მკითხველს გვსურს გავაცნოთ ათონელი ბერის, მამა ქრისანთეს "მოგონებები". მანამდე კი ორიოდე სიტყვა ვთქვათ ავტორზე.

მამა ქრისანთე დაიბადა 1894 წელს პირეაში (საბრძნეთი), ათანასეს და ევგენიას ღვთისმოშიშ ოჯახში. წმინდა ნათლისღებისას მას ქრისტო უწოდეს. ამბობენ, ემბაზში მდგარმა ჩვილმა ქრისტომ ნათლობისას ჯვარი გამოისახა და ამ ნიშით გააოცა მრავლისმხილველი მღვდელი ნიკოლოზ პლანასი.

პატარა ქრისტო მისმა დიდმა ბებიამ, ღვთისმოშიშმა დესპინემ აღზარდა, რომელიც პირეაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში კანდელებს აღანთებდა ხოლმე. მამა ქრისანთე სიცოცხლის ბოლომდე თვალცრემლიანი იხსენებდა ბებიის პატარა და უბრალო კელიას, მის სულიერ ცხოვრებას, დარიგებებს. უკვე ხუთი წლისა დაჰყავდათ წმინდა ელისე წინასწარმეტყველის მონასტრში, სადაც მთელი ათენიდან მოდიოდნენ მორწმუნეები, რათა ათონური ტიპიკონის მიხედვით ღამისთევის ლოცვა აღევლინათ. ეს დიდი სულიერი გარემო აღაფრთოვანებდა პატარა ბიჭს. ცდილობდა, იმ დროის მოღვაწეებისთვის მიებაძა და ფეხშიშველი გარბოდა ეკლესიისკენ. არც ჭამა ახსოვდა და არც დაღლა - ოღონდ კი ღამისთევის ლოცვის მადლი კიდევ შეეგრძნო. ასაკის მატებასთან ერთად გაუძლიერდა ბერობის სურვილი. 17 წლისა უკვე ათონზე სიმონპეტრას მონასტერში მოღვაწეობდა. მყუდრო ცხოვრების მოსურნე წმინდა ანას სკიტში გადასახლდა, სადაც თავისი სულიერებით ცნობილ მამას, ქრისანთეს დაემოწაფა. მანვე შემოსა დიდ სქემაში. მერე კი მისი მოძღვარი გახდა მამა ონოფრე. ახალგაზრდა მონაზონი ყველას აოცებდა მოშურნეობით ღვთისმსახურების მიმართ და ამიტომ სიყვარულით "კანონარქს" ეძახდნენ. მამა ქრისანთეს განმარტოებით ცხოვრება სურდა და წმინდა სამების კალივაში დასახლდა. სკიტელმა მამებმა აიძულეს, ორი მორჩილი მიეღო. მათ ტუბერკულოზი სჭირდათ და იძულებული გახდა, ათენში წაეყვანა სამკურნალოდ. სწორედ ამ პერიოდში საბერძნეთის ეკლესიაში დიდი განხეთქილება მოხდა კალენდრის შეცვლის გამო.

მამა ქრისანთემ კადნიერად ამხილა მაშინდელი მღვდელმთავარი, ათენის მთავარეპისკოპოსი ქრიზანთემოსი. ამ სულიერი განგრილების პერიოდში არ განგრილებულა მამა ქრისანთეს გული. მას მღვდლად დაასხეს ხელი. მალე აღსარების მიღების უფლება მისცეს. და მისი უბრალო კელიისკენ, როგორც სილუამის საბანელისკენ, დაიძრნენ სულიერად სნეულნი და მოუძლურებულნი... არასოდეს კეტავდა სახლის კარებს და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მისი ნახვა. მასთან მისული ახალგაზრდებისგან ორი მამათა და ერთი დედათა მონასტერი შეიქმნა.

საზეიმო დღეებში მამა ქრისანთე დაღონებული ჩანდა ხოლმე. ამის მიზეზი გარდასული სკიტელი მამებისა და ადრინდელი სულიერი გარემოს გახსენება იყო. ჰქონდა მადლი დაფარულმცოდნეობისა და ცრემლთა დენისა. მამა ქრისანთე 1981 წელს გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, გადაასვენეს მთაწმინდაზე, წმინდა ანას სკიტის სასაფლაოზე.

ახლა კი მოვუსმინოთ მამა ქრისანთეს.

თავი I. ბავშვობის წლების მოგონებები
ცანისი და ელენე. ჩემი დიდი ბებიის, ჩემი გამზრდელის, დესპინეს მშობლები - პეტრე და ანა წარმოშობით კუნძულ ეგინიდან იყვნენ. ჩემი პაპის მამას ალიფანტეს ეძახდნენ. მას სამი ვაჟი ჰყავდა: აპოსტოლე, ანდრია და პანაგეა, ასევე ოთხი ქალიშვილი: დესპინე, ბილიო, ლევტრია და კატერინა.

დესპინე ბებია ძალით გაუთხოვებიათ და თავიდან პირეაში ცხოვრობდა. ის მე ყრმობის წლებიდანვე მონაზვნურ ცხოვრებას მასწავლიდა და იდუმალად მიჩურჩულებდა: "ყოვლადსახიერმა ღმერთმა შენ უმაღლესი მოღვაწეობისკენ მოგიწოდა. იყავი ყურადღებით, არაფერი გამოგეპაროს. ხედავ, პირეაში ვინ ეხმარება გლახაკებს, არავინ ცანისისა და ელენეს გარდა. ამ წმინდა და კურთხეულმა ცოლ-ქმარმა ბავშვთა თავშესაფარი შექმნა, სადაც უპატრონო და ობოლი ბავშვები ყველანაირ ხელობას სწავლობდნენ. გლახაკთათვის საავადმყოფოც დააარსეს. ზოგჯერ ცანისი სხვა ადამიანებივით ეტყოდა ელენეს: - ელენე, ხომ არ შეჭამ მცირეოდენ ხორცს, თევზს და ყველსო, ის კი პასუხობდა: - ჩემო ცანის, აქ სჯობს ვიგემო გემრიელი საჭმელი თუ მომავალ საუკუნეში? - მოიქეცი ისე, როგორც ინებებო, - მიუგებდა ცანისი.

მთელი ცხოვრება მხოლოდ პურსა და სუნელმოყრილ ზეთისხილს ჭამდნენ, მაგრამ ისინი დღესაც ახსოვთ ახალ თაობებს.

ყურადღებით მოიქეცი. თუ ჯიბეში გრივენიც კი აღმოგაჩნდება - გაეცი. ჩვენი ცხოვრებით მზად უნდა ვიყოთ მსხვერპლშეწირვისთვის. მე მონაზვნობა მსურდა, მაგრამ გათხოვება მაიძულეს. დაეხმარე მონასტრებს, მაშინ ყველასთვის კეთილი ადამიანი იქნები, ვისთანაც ურთიერთობა გექნება"...

ამას იმიტომ ვწერ, რომ დაინახოთ, რამდენი ღვთისმოშიში ადამიანი ცხოვრობდა ღვთივხსენებულ ქალაქ პირეაში.

ბებიამ ჩვენ გაგვზარდა, თუმცა არც წერა შეეძლო და საუბრითაც ალბანურ დიალექტზე გვესაუბრებოდა.

ბებია და ქალბატონი გეორგენა.
"ქალბატონო გეორგენა, როგორა ხარ? როგორ ცხოვრობ? ვმადლობ ყოვლადსახიერ ღმერთს იმ წყალობისთვის, რომლის ღირსიც გახდი. შენ პატარა ნაკვეთი იყიდე, შიგ აგურის ქოხი ჩადგი, საიდანაც ყრმების ხმები ისმის, შენი უმინო სარკმელი მხოლოდ დარაბებით იკეტება. კურთხევით დაჰფოფინებ შენს წიწილებს, მეზობლებმა კი ისიც არ იციან, პური გაქვს თუ არა.

როცა გიხსენებ, გეორგენა, სული სიხარულით და მწუხარებით მევსება. მიხარია, რომ ელისე წინასწარმეტყველის ტაძარში წახვედი და კურთხევა მიიღე მამა ნიკოლოზ პლანასისა და მამა ანტონისგან, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მსახურობს პევკაკიაში; მაჯავრებს ის, რომ თუმცა ლამპრების ამნთები ვარ და ფერისცვალების საყდარში ვმსახურობ, ვერ ვგრძნობ იმ სიყვარულს, რომელსაც შენ წმინდა ელისეს ტაძარში ღამისთევით ლოცვისას განიცდი.

გთხოვ, ღამისთევაზე თან გაიყოლე ჩემი შვილთაშვილი. მე ხომ ვხედავ, რომ მეუფემ ჩვენმა ქრისტემ მას მონაზვნობისკენ მოუწოდა. მე მას რბილ ქვეშაგებს ვუშლი, ის კი უკმაყოფილოა. დილით ავდექი და ვნახე, თავისი ძველი ხალიჩა აეღო და მასზე ეძინა. ტაძარში ფეხშიშველი, დახეული შარვლით მიდის, მაგრამ ეს არ აღელვებს. ყურადღებას აქცევს მას მამა ნიკოლოზი, მომნათვლელი მისი, და ჩემი შვილიშვილი მამა გიორგი. ამიტომაც ძალზე გთხოვ: გაიყოლე და უკანვე მოიყვანე, თორემ ბევრი ებრაელი და ბოშა თავს დასტრიალებს და ვაითუ მოიტაცონ ბიჭი.

შენ იცი, რომ სამსახურში ორმოცდაათ ლეპტას მიხდიან. აბა, ის რას მეყოფა? მთელი ჩემი ქონება, რომელიც ნოტარიუსთან ინახებოდა, ხელიდან გამომაცალეს, როგორც კი ჩემი ქალიშვილი კატიკა გარდაიცვალა - მე კი მოთმინებით მოვედი და დავსახლდი ეკლესიასთან მდებარე კელიაში, ჩემს დასთან ერთად, რომლის ქონებაც ასევე ქარმა წაიღო... ასევე გთხოვ, მაპატიო ვალის გადაუხდელობა.

დაე, ჩემი შვილიშვილი მოვიდეს თქვენთან და გაემგზავროთ წმინდა ელისე წინასწარმეტყველის ეკლესიაში, სადაც კეთილსურნელებს ხსოვნა წმინდა ფილოთეოს ათენელისა".

- ადექი, ჩემო ქრისტო, გავემგზავროთ კამინიაში ქალბატონ გეორგენასთან, რადგან ხვალ წმინდა სპირიდონთან (მონასტერში) უნდა წავიდეთ. წმინდა სპირიდონი დიდი მონასტერი და დამმოძღვრელი იყო მთელი პირეისა. მაგრამ ოტონმა წაართვა მონასტრებს მთელი ქონება და თავის ფრანგებს დაურიგა. მერე სხვადასხვა კუნძულელებმა იწყეს პირეაში დასახლება. თავიდან ოტონმა გააძევა მღვდლები, მაგრამ მერე ბერძნები გამრავლდნენ და გაყარეს ფრანგები. ლევკას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეგინატსაც ეძახიან, ვინაიდან ყველანი წარმოშობით ეგინელები ვართ. გეორგენამ რაც არ უნდა შემოგთავაზოს, პირი არ დააკარო - შენ ხომ ღამისთევაზე მიდიხარ, ღამისთევის წინ კი უნდა იმარხულო, თორემ როგორ გაიგებ, რას კითხულობენ წმინდა სპირიდონის შემოქმედებიდან.

ქალბატონ გეორგენას ვეწვიე, მოვიკითხე. ქერის ყავა შემომთავაზა - მეტი არაფერი მაქვსო...

ჩუმად ვიდექი. მან კი: მიგიხვდი, შვილო. ბებიაშენმა ყავის დალევის ნება არ მოგცა, რადგან ღამისთევის ლოცვაზე მივდივართ. დაუჯერე ბებიას, ეს მნიშვნელოვანია სულის ცხონებისთვის... ეკლესიაში მღვდელი, როცა სახარებას კითხულობს, გვესალმება სიტყვით "გიხაროდენ". ეს სიტყვა იმეორე შენც წმინდა პავლეს ტაძარში, სადაც ქადაგებებს კითხულობს სპატსიელი ვრიხოროპულოსი, მახსოვს მისი ნათქვამი, რომ მწუხარება არ იციან იმ ადამიანებმა, რომელთაც ღმერთი სწამთ. ისინი მუდამ მხიარულნი არიან, ვინაიდან მისი სახელით მოინათლნენ. ამიტომაც, შვილო, ლიტურგიის ბოლოს ხალხი სიხარულით იღებს სეფისკვერს და მერე მას შინ შეჭამს. ამიტომაც ყველას უთხარი, "გიხაროდენ" და არა "სალამი". ახლა კი დროა, გავწიოთ.

- კეთილი. მოდი, ყავარჯენს წამოგიღებ. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და შეიძლება დაიღალო.

- რას ამბობ, ქრისტო, ისე წავალ, რომ არ დავიღალო, რათა საზღაური მივიღო ღვთისგან. განა არ გაგიგონია ქრისტეს სიტყვები: "მოვედით ჩემთან მაშვრალნი... და მე განგისვენო თქვენ"? ეს განსვენება სამოთხეა! ნუ წუხხარ, აუცილებლად დავისვენებ წმინდა იოანე რენტასთან.

გავემგზავრეთ.

- შეხედე, პატარავ, როგორ ჩადის მზე და გონებაში წარმოთქვი: "ქრისტე ჩემო, დამმოძღვრე მე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დედოფალო ჩემო, დამიფარე მე, წმინდაო ჩემო სპირიდონ, და ანგელოზო ჩემო, რომელი მოხვალ ჩემი სულის აღსაყვანად, დამიფარე, რათა კარგი შვილი ვიყო", - მასწავლიდა ქალბატონი გეორგენა.

- ამინ, ღმერთმა ქნას!

ცნობისმოყვარეობით გავიხედე მეზობელი ეზოსკენ. ქალბატონმა გეორგენამ მკითხა:

- ქრისტო, ასე დაჟინებით რას უცქერი?

- კრერისის შვილები დავინახე მაღალყელიანი ფეხსაცმელებით და გავიფიქრე: "ამ მდიდარ ბავშვებს მაღალყელიანი ფეხსაცმელები და კარგი ტანსაცმელი აცვიათ, არ იყინებიან ჩვენს სკოლაში, სადაც ზამთარში ფანჯრებში მინებიც კი არ არის".

- ამას კი ცუდად ფიქრობ. განა არ გაგიგონია, რა თქვა ვრიხოროპულოსმა, როცა ეკლესიაში ვიყავით და შენ ანალოღიის დადგმაში მიეხმარე? მდიდარი სატანჯველს მიეცა, ფეხშიშველი და დაწყლულებული ლაზარე კი სამოთხეში შევიდა. ამაზე იფიქრე, შვილო, - გიყვარდეს გლახაკები, იყავ გლახაკი. ქრისტე, ღმერთი ჩვენი, უბრალო სამოსს ატარებდა და ჩვენ მას უნდა მივბაძოთ. ვიდრე წმინდა ელისესთან მივალთ, მხოლოდ ეს იმეორე: "უფალო, შეგვიწყალე".

ასე ჩავედით ათენში.

ბალღი ვიყავი და ვცადე, ლიანდაგზე გამევლო. ორი ნაბიჯი გადავდგი და მესამეზე, ჩემი დიდი სიამაყის გამო, დავეცი და სახე დავიზიანე.

- ეს რა ქენი, ჩემო ქრისტო? სად არის შენი სიფხიზლე? ფეხი რომ მოგეტეხა, რა უნდა გვექნა? კოჭლი უნდა დარჩენილიყავი. უნდა იფხიზლო.

წმინდა ელისეს ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე მივედით. ათონელმა მღვდელმონაზონმა მეთოდემ ბევრი განსაცდელი დაითმინა, ვიდრე ამ პატარა საყდარში ღამისთევის ჩატარების ნებას მისცემდნენ. მან ილია პაპას დაავალა, ღვთისმსახურებამდე ორი საათით ადრე წიგნი ეკითხა. შეხვალ საყდარში და იქ უკვე ზის დედაბერი სინკლიტიკია - ნამდვილი წმინდანი, რომელიც დღეში მხოლოდ ერთ ორცხობილას ჭამს. ილია პაპა წმინდა ონოფრეს ხატის წინ სტასიდიაზე ზის და წიგნს კითხულობს. ახლაც კი მახსოვს მისი წაკითხული: "როცა სული ჩვენი განშორდება სხეულს, შედგება ზეცისკენ მიმავალ კიბეზე. ეს კიბე თმის ღერზე უწვრილესია. ერთ მხარეს დგანან ანგელოზები, მეორე მხარეს - ეშმაკები". ისინი ყველაფერს მოგვკითხავენ, იმასაც კი, შურით რომ შეხედე კრერისის შვილებს".

ეს რომ გავიგონე, ავქვითინდი. ჩემთან ერთად ატირდა გეორგენაც და მითხრა: "ბებიაშენი იმიტომ ტირის, რომ იხსენებს სიკვდილს და იმ კიბეს, რომელზეც ყველამ უნდა გაიაროს. ეს კიბე შენც გაიხსენე, ქრისტო, როცა კარგი ადამიანი გახდები".
ბეჭდვა
1კ1