წადი, შვილო, შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე
წადი, შვილო, შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე
* წმინდა იოანე ოქროპირს სიყრმიდანვე ბერობა სურდა. როცა მოიწიფა, გადაწყვიტა, სადმე უდაბნოში განმარტოებულიყო. ეს შეიტყო დედამისმა, ანთუსამ. დაისვა ვაჟი წინ, ხელი ხელზე მოჰკიდა და შესტირა: ჩემო ვაჟკაცო, ღმერთმა არ ინება, რომ დიდხანს ვყოფილიყავი მამაშენთან ერთად. მისმა სიკვდილმა შენ დაგაობლა, მე კი დამაქვრივა. გევედრები, ნუ დამიწყლულებ იარებს, მოშუშება რომ დაუწყიათ. დაიცადე ჩემს სიკვდილამდე, ეს დღე, შესაძლოა, შორს არც არის, შემდეგ წადი ღვთით, საითაც გინდაო. წმინდა იოანე აღარ ეურჩა დედას და მის აღსასრულამდე გვერდით ედგა.

* წმინდა ბარნაბა გეთსემანიელის (+1906) სენაკთან უამრავი ხალხი იყრიდა თავს. მამა ბარნაბა მათ შორის თავის დედას, სქემმონაზონ დარიასაც რომ დაინახავდა, ეტყოდა: - დედიკო, შენც რიგში დგები? რატომ ამბობ უარს შენს ვაჟზე, მე კი არ ვიტყვი უარს დედაზეო. ერთხელ, ჯერ კიდევ ბერად არ იყო აღკვეცილი მამა ბარნაბა, მონასტრის სადღესასწაულო ტრაპეზზე უამრავი ხალხი შეიკრიბა. მამა ბარნაბა ყველას აცნობდა თავის უბრალო, ღარიბულად ჩაცმულ დედას. ქალს რცხვენოდა თავისი სიგლახაკისა. მაშინ მამა ბარნაბამ გაამხნევა იგი: დედიკო, მე შენი სიგლახაკით ვამაყობ, რადგან სწორედ სიღარიბეში აღმზარდე ისეთი, როგორიც საჭირო იყოო.

* მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა: ერთ მორწმუნე ვაჟს ათეისტი მამა ჰყავდა. შვილი ბევრს ლოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს "სინანულის მინიჭებას" მამისთვის. ერთხელ მამამისი ავად გახდა და ათენის საავადმყოფოში წაიყვანეს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვაჟმა მამას აღსარება ვერ ათქმევინა. გარდაიცვალა კაცი. ექიმებმა მისი მორგში წასვენება ბრძანეს, მაგრამ შვილი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, ფეხმოუცვლელად ლოცულობდა. "ღმერთო, მოჰმადლე სინანული მამაჩემს", - ჩურჩულებდა შეუწყვეტლად. კაცის მორგში მისვენებაც ვერ მოასწრეს, რომ შვილის ლოცვით იგი გაცოცხლდა და სამი წლის შემდეგ სინანულით და ზიარებით განწმენდილი წარსდგა ღვთის წინაშე.

* პატარა დემეტრიუსი, შემდგომში ღირსი მამა დანიელ კატუნაკელი (+1929), ათონის მთაზე გაიპარა. გზადაგზა გემით მთელი საბერძნეთის წმინდა ადგილები მოილოცა. ამ დროს დამწუხრებული დედამისი ღვთისმშობელს ევედრებოდა: "მან ისე მიგვატოვა, არაფერი უთქვამს. რატომ გააკეთა ასე, განა მე ღმერთი არა მწამს? რატომ არ აიღო ჩემგან კურთხევა, მე მისი პატიება არ შემიძლია. ჰოი, ღვთისმშობელო, სულითა და გულით გევედრები, ნუ მისცემ მას ბერად შედგომის ნებას, ვიდრე ჩემგან კურთხევას არ აიღებსო". შეისმინა უფლის დედამ მისი ვედრება. ამოვარდა ქარი და ათონისკენ მიმავალ გემს გეზი შეუცვალა და გემმაც დემეტრიუსის მშობლიურ ქალაქში ჩაუშვა ღუზა. ნავსადგურში მას მეგობარი შეხვდა და სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა შინ. დედამ ეს სასწაულად მიიღო და ცოტა ხნის შემდგომ მონასტერში მიმავალ ვაჟს გზა დაულოცა.

* წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ღმერთმა მრავალი ნიჭით აავსო. მისი მჭევრმეტყველება ყველას ხიბლავდა. ათენის სარიტორო სკოლაშიც ტოვებდნენ მასწავლებლად, სადაც დიდი მომავალი და კაცთაგან პატივი ელოდა, სხვადასხვა საერო სამსახურსაც სთავაზობდნენ, მაგრამ ყველას უარი უთხრა და შინ, ნაზიანზში, დაბრუნება გადაწყვიტა - მშობლების გარდაცვალებამდე მათ გვერდით ყოფნა არჩია. მამას (ნაზიანზის ეპისკოპოს გრიგოლს) ეხმარებოდა. მდინარე ირისის პირას გაშენებული მონასტრიდან მეგობარი - წმინდა ბასილიც უხმობდა. მასაც უარი უთხრა. ერთხელ წმინდა გრიგოლმა წმინდა ბასილს მისწერა, მეგობრული პირობა ვერ შევასრულე და შენთან ერთად ვერ განვმარტოვდი სამოღვაწეოდ, მაგრამ მეგობრობის კანონმა უნდა დაუთმოს ძის მშობლებისადმი სიყვარულის კანონსო. ერთხელ, უკვე სამღვდელო პირმა, მოინახულა წმინდა ბასილი და უკან დაბრუნებულმა ნაზიანზში თავის სამწყსოს მიმართა: მე აქ უპირველესად დამაბრუნა თქვენდამი თავდადებამ და საკუთარმა საზრუნავმა - ჩემი მშობლების უძლურებამ, რომლებიც ჩემზე უფრო წუხან, ვიდრე თავიანთ სიბერეზე. ჩემი პირველი აღთქმაა - ვიყო მათი სიბერის კვერთხი და საიმედო საყრდენი მათი უძლურებისა, რასაც შეძლებისდაგვარად ვასრულებ და ამიტომაც დავუტევე ის, რაც ჩემთვის ძვირფასია - სიბრძნისმოყვარეობა (ანუ ღვთისმეტყველება). წმინდა გრიგოლი ერთ-ერთ ჰომილიაში უფალს მიმართავს: ვფიქრობ, მშობელთა მსახურებით შენთვის სასურველი საქმე აღვასრულე, მეუფეო ჩემო ქრისტე, რამეთუ შენ აძლევ მოკვდავთ შვილებს, რათა შეეწიონ მათ და შვილებს დაეყრდნონ მშობლები, ვითარცა კვერთხს - მოკანკალე სხეული.

* წმინდა სერგი რადონეჟელსაც (ერისკაცობაში - ბართლომეს) სულითა და გულით ეწადა ბერობა. სთხოვა მშობლებს, დაელოცათ მონაზვნობისთვის. მშობლებმა სთხოვეს: ცოტა ხანს მოიცადე, რადგან მოხუცებულნი და უძლურნი ვართ და შენს გარდა მომხედავი არავინ გვყავს. შენმა ძმებმა ოჯახები შექმნეს და თავიანთი საზრუნავი აქვთ. კარგია, რომ ღვთისთვის სათნოყოფა გინდა და ამის საშუალებაც მოგეცემა. დარჩი ჩვენთან ჩვენს გარდაცვალებამდე და შემდეგ აღასრულე შენი კეთილი განზრახვაო. დაუჯერა ბართლომემ მშობლებს. მცირე ხნის შემდეგ მისი მშობლები მონაზვნად აღიკვეცნენ და მალევე გარდაიცვალნენ. ორმოცი დღე დასტრიალებდა ბართლომე მათ საფლავებს, იხდიდა პანაშვიდებს, მოწყალებას გასცემდა, შემდეგ კი მამული უმცროს ძმას გადასცა და თვითონ მონასტერში წავიდა.

* წმინდა საბა, სერბეთის მთავარეპისკოპოსი, უმცროსი და სასურველი ვაჟი იყო სტეფანე ნემანისა. მან დაუტევა უფლისწულობაც და ათონზე დასახლდა. ღვთის წყალობით, მისი მშობლებიც მონაზვნად აღიკვეცნენ. სტეფანეს სიმონი უწოდეს. თავიდან ის, ვაჟთან ერთად, ვატოპედის მონასტერში დასახლდა. მამა-შვილმა ვილასდარის ძველი, დაქცეული მონასტერიც ააღორძინა და სერბთათვის მყუდრო სავანედ აქცია. ამავე დროს დიდ სულიერ ღვაწლში იყვნენ. შვილი მამას სულიერ ცხოვრებას ასწავლიდა, მოხუცებული მამაც მორჩილებდა თავის "მოძღვარს" - ასე ეძახდა იგი წმინდა საბას. მარხვა და ლოცვა და, მით უმეტეს, მეტანიები ბერ სიმონს სიბერის გამო აღარ შეეძლო. ყველა საბერო კანონს, თავისასაც და მამისასაც, საბა ასრულებდა. ბერი სიმონი იწვა სარეცელზე და აღივსებოდა შვილის სულიერ ნაყოფთაგან. გულშემუსვრილი ცრემლს აფრქვევდა და ფიქრით, გონებით აკეთებდა შვილთან ერთად მეტანიებს. გაიმკაცრებდა მარხვას ჭაბუკი და გაამრავლებდა ცრემლს ბერი სიმონი. სიბერისგან სხეული უცახცახებდა, იჯდა და მწუხარებით აქნევდა ხოლმე თავს. საყვარელი ვაჟი ანუგეშებდა: ნუ დამწუხრდები, მამიკო. ჩემი მღვიძარება, მარხვა, მუხლთადრეკა, დაე, შენიც იყოს. მე შენს საღვაწს მხრებით ვიტვირთავ, რადგან მორჩილი ხარ ჩემი და ღმერთი მე მომთხოვს შენი სულისთვის პასუხსო. მის ნეტარ აღსასრულამდე წმინდა საბა არ მოშორებია მამის საწოლს, ემსახურებოდა მას, ვითარცა მონა. გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდგომ გახსნეს წმინდა სიმონის საფლავი და მის ძვალთაგან მირონი წამოდინდა. წმინდა სიმონი ღმერთმა დიდი შვილით, მშობელზე გადაგებული შვილით დააჯილდოვა და ისიც უშურველად აძლევს წყალობას სხვებს: მისი საფლავის სიახლოვეს ამოსული ვაზის ფოთოლი და ნაყოფი უშვილოთა შემწეა.

* მოწყალების მოსაკრებად ერში გასული წმინდა ალექსანდრე სვირელი ყველგან იღებდა მოწყალებას, მაგრამ ვინმე გრიგოლს, თუმცა კი იგი ძალიან ეცადა, მაინც არ გამოართვა ფული. გრიგოლი შეწუხდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა ალექსანდრემ მიუგო: "ჩვენ გვამცნეს, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცეთ. შენ კი ამწარებ, სცემ კიდეც დედაშენს და ეს ერთხელაც არ მოგინანიებია". გრიგოლი მის წინ დაემხო, წმინდა ალექსანდრემ მას უთხრა: - წადი, შვილო, და შეირიგე შენი დამბადებელი და მისგან სინანულით ცოდვათა მიტევება გამოითხოვე. გაეცი მოწყალება, გამოზარდე ქვრივ-ობოლნი და ასეთი კეთილი საქმეების გამო ღმერთიც შეგიწყალებსო.

* ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს კესარია-კაპადოკიაში მომხდარ ერთ უბედურ შემთხვევაზე. შვილები აბუჩად იგდებდნენ დედას, უფროსები სცემდნენ კიდეც საწყალ ქალს და მანაც მწუხარებისგან ყველა თავისი ნაშობი დაწყევლა. დედის წყევლამ მსწრაფლ იმოქმედა. უფროს შვილებს დამბლა დაეცათ და ძლივსღა მოძრაობდნენ. ამგვარი უბედურება მალე უმცროსებსაც დაატყდათ თავს. სირცხვილეულებმა დატოვეს თავიანთი ქალაქი და რომის იმპერიაში დაეხეტებოდნენ, მაგრამ ვერსად ემალებოდნენ მამხილებელ სინდისს.

* შვილები, რომლებიც სათანადო პატივს არ მიაგებენ მშობლებს, ღვთის კურთხევას აკლდებიან. ერთხელ წმინდა პართენ ლამპადოელთან ეშმაკისგან შეპყრობილი ჭაბუკი მიიყვანეს. წმინდა პართენი ძალზე შეწუხდა მის დანახვაზე, ის ყოველთვის მსწრაფლ ეწეოდა შეჭირვებულებს, მაგრამ ამ ჭაბუკის განკურნებაზე უარი განაცხადა. მშობლები მუხლებში ჩაუცვივდნენ ღირს მამას და ცრემლით ევედრნენ მის განკურნებას. მამა პართენმა მათ უთხრა: თქვენი შვილი განკურნების ღირსი არ არის. ბოროტი სულისმიერი ტანჯვა მას ღვთის სასჯელად მიეცა, რადგან ლამის მამის მკვლელიაო. მშობლები შეაძრწუნა წმინდანის ნათქვამმა. მამა პართენმა მათ ჰკითხა: "განა თქვენი შვილი არ გლანძღავდათ? განა თქვენ არ ლოცულობდით, რომ ის ღმერთს დაესაჯა?" - "კი, შევცოდეთ, მამაო", - ამოიოხრეს საცოდავმა მშობლებმა. "მაშინ, დაე, იტანჯოს და მიიღოს სათანადო სასჯელი," - ბრძანა მამა პართენმა, მაგრამ შეეწყალა სასოწარკვეთილი ცოლ-ქმარი, ილოცა და განკურნებული დაუბრუნა მათ შვილი.

* რუსეთში ერთი ბრმა გლახა დაეხეტებოდა, მარჯვენაც გამხმარი ჰქონდა. როცა ავადმყოფობაზე ეკითხებოდნენ, ის ღმერთს ადიდებდა და ამბობდა: შევცოდე ღვთისა და კაცთა წინაშე. ექვსი წელია სახლიდან სახლში გადავდივარ. მანამდე ოთხი წელი საწოლს ვიყავი მიჯაჭვული. ათი წელია ღვთის სასჯელს ვიხდი. ძალზე განვარისხე უფალი იმით, რომ ვეჩხუბე მამაჩემს და ვცემე კიდეც. თუმცა კი მაშინ მთვრალი ვიყავი, მაგრამ დავარღვიე საღვთო სჯული და ღვთის რისხვაც მომეწიაო.

* XIX საუკუნეში რუსეთში, ეკატერინოსლავის გუბერნიის სოფელ ვარვაროვკაში, მოურავის ცოლი და მისი 15 წლის ქალიშვილი შეკამათდნენ. შვილი დედას უდიერად ლანძღავდა, ბოლოს კი მიაწყევლა: "შე ბებერო გრძნეულო, ეგ თვალები ამოგთხროდეს და ამოგვარდნოდესო". ამ საშინელი წყევლის მიზეზი ის იყო, რომ დედა გოგონას მუშაობას აიძულებდა. საწყალი დედამისი, ერთი უბრალო, თავმდაბალი ადამიანი, შვილის წყევლამ შეაძრწუნა და ატირებული ოთახიდან გასვლას აპირებდა, რომ უცბად საშინელი კივილი მოესმა. მოიხედა და გაქვავდა: მის ქალიშვილს აქამდე ჯანმრთელი მარცხენა თვალი შეუწითლდა და ფოსოდან ამოუვარდა. შემდგომში გოგონა აკანკალებული ჰყვებოდა: იმ წუთას, როცა დედა ოთახიდან გადიოდა, მარცხენა თვალიდან სიმყრალის სუნი და საშინელი ტკივილი ვიგრძენიო.

* ერთ ქვრივ ქალს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. დედას შვილის იმედი ჰქონდა, ის კი, თავისი უხეშობით, მშობელს გულს უკლავდა. ერთხელ ვაჟმა მეუღლეს უმიზეზოდ სცემა. დედა ტირილით ევედრებოდა, დამშვიდებულიყო, მან კი ცოლს დედაც მიაყოლა - მკერდზე ხელი ჰკრა და საბრალო ქალი თავით კედელს მიენარცხა. ცოლ-შვილის ტირილმა და დედის კივილმა აიძულა ვაჟი, სახლს გარიდებოდა. შეურაცხყოფილმა დედამ ხელები ზე აღაპყრო და უფალს შეჰღაღადა: ღმერთო, ხომ ხედავ, როგორ გამანაწყენა ჩემმა უმადურმა შვილმა, დაე, მოაკლდეს მას ჩემი ლოცვა და შენი კურთხევაო. იმავე დღეს მის ვაჟს სხეულის კანკალი დაეწყო, რომელიც დღითი დღე უძლიერდებოდა. მალე ხელში კოვზის დაჭერაც აღარ შეეძლო და საჭმელს ცოლ-შვილი აჭმევდა. ვაჟმა დედას პატიება სთხოვა. დედა მალევე გარდაიცვალა. დამნაშავემ მთელი რუსეთის სიწმინდეები მოილოცა, მაგრამ კურნებას ვერ ეღირსა. გავიდა 13 წელიწადი. იგი ისე დაუძლურდა, რომ ძლივსღა ლაპარაკობდა. ახლობლებმა მოძღვარი მოუყვანეს. აღსარება-ზიარებით ისე მოძლიერდა კაცი, რომ უკვე საუბარი შეეძლო და ღვთისგან განსწავლული თავის შვილებს, ახლობლებს ასწავლიდა, თუ რამხელა ცოდვაა მშობლების უპატივცემულობა. ამის შემდეგ ის მალე მშვიდად გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1