შენი აღსარება თვით მე მივიღე, უფალმა და ღმერთმა შენმა
შენი აღსარება თვით მე მივიღე, უფალმა და ღმერთმა შენმა
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
წინასწარმეტყველის ხვედრი. ანარქიაა ადამიანში - შესაბამისად, ანარქიაა ბუნებაშიც. უფალო, აღუდგინე სოფელს წინასწარმეტყველი, რომ მოუწოდოს მას სინანულისკენ! ნუთუ არ გამოგვეცხადება წინასწარმეტყველი, რომ მოაბრუნოს განდგომილი გული ღვთისკენ - ვერ ავცდებით წინასწართქმულ "მწუხარებებს, ისეთს, როგორიც საუკუნითგან დღემდე არ ყოფილა..."

მამა ნექტარიოსი ვნახე და ვისაუბრეთ ამ თემაზე.

- წინასწარმეტყველი გვჭირდება! - ვეუბნები.

- წინასწარმეტყველი?.. აი, ამაზე რას მოგიყვებით. ეკატერინე დიდის დროს სოლოვეცკის მონასტერში ცხოვრობდა მაღალსულიერი მონაზონი აბელი. დაფარულთმცოდნე გახლდათ, გულალალი იყო, რასაც იხილავდა მისი სულიერი თვალნი, ყველას გასაგონად განაცხადებდა - შედეგზე არ ფიქრობდა. დადგა ჟამი და წინასწარმეტყველება დაიწყო: ამ დროს დედოფალი მოკვდებაო და თქვა კიდეც, რით მოკვდებოდა. თუმცა შორია სოლოვეცკიდან პიტერამდე, მაგრამ აბელის ნათქვამმა მაინც მიაღწია საიდუმლო კანცელარიამდე. მოიკითხეს. წინამძღვარს დიდხანს არ უფიქრია, ჩასვა აბელი მარხილში და პიტერში გაგზავნა. მცირე ხანს გაესაუბრნენ წინასწარმეტყველს და ციხეში ჩასვეს. აბელის წინასწარმეტყველება ასრულდა. ეს ამბავი ახალმა ხელმწიფემ, პავლემაც შეიტყო და აბელი მოაყვანინა.

- მართალი გამოდექი, - უთხრა მეფემ, - ამიტომ შეგიწყალე. მაგრამ მითხარი, რა მელოდება მე და ჩემს მეფობას?

- შენი მეფობა დიდი არაფერი იქნება: ვერც შენ გაიხარებ და ვერც სხვებს გაახარებ და არც შენი სიკვდილით მოკვდები.

ჭკუაში არ დაუჯდა მეფეს აბელის ნათქვამი და ციხეში გააბრუნა. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება გულში ჩარჩა ტახტის მემკვიდრეს, ალექსანდრე პავლეს ძეს. როცა ეს წინასწარმეტყველებაც ასრულდა, აბელი კვლავ დაიბარეს მეფესთან.

- მე შენ გპატიობ, - უთხრა მას ხელმწიფემ, - ოღონდ მითხარი, როგორი იქნება ჩემი მეფობა?

- დაწვავენ შენს მოსკოვს ფრანგები, - უთხრა აბელმა და კვლავ სასახლიდან ციხეში უკრეს თავი...

მოსკოვი დაწვეს, ჩავიდნენ პარიზში, ინებივრეს დიდებით... კვლავ გაიხსენეს აბელი და გაათავისუფლეს. მერე კვლავ გაიხსენეს, მაგრამ გამოცდილებით განბრძნობილი აბელი უკვალოდ გაქრა. თქვენ კი გსურთ, ჩვენს დროშიც გამოჩნდეს წინასწარმეტყველი! ასი წლის წინ მისნობის გამო თუ იჭერდნენ, ახლა ძელზე გასვამენ, - გაეცინა მამა ნექტარიოსს.

მონაზონ აბელზე სხვა წყაროებიდან ჩაწერილი მაქვს:

მონაზონი აბელი ცხოვრობდა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ისტორიული წყაროებით, ამ დაფარულთმცოდნემ იწინასწარმეტყველა თავისი დროის უდიდესი სახელმწიფოებრივი მოვლენები. ათი წლით ადრე განჭვრიტა ფრანგების შემოსევა და მათ მიერ მოსკოვის დაკავება. ამის გამო 21 წელი გაატარა ციხეში - მან 80 წელზე მეტხანს იცოცხლა. მას იცნობდნენ ეკატერინე II, პავლე I, ალექსანდრე I და ნიკოლოზ I. ისინი იჭერდნენ მას წინასწარმეტყველების გამო და მომავლის გაგების მსურველნი კვლავ ათავისუფლებდნენ. აბელს მრავალი დიდებული სცემდა პატივს, მიმოწერა ჰქონდა პარასკევა პოტიომკინასთან. ერთ-ერთ წერილში, როცა მას მომავლის წინასწარმეტყველებას სთხოვს პარასკევა, აბელი პასუხობს: "ნათქვამია, თუ მონაზონი აბელი წინასწარმეტყველებას ხმამაღლა ამცნობს ადამიანებს ანდა ქარტიით მისწერს, დაიჭირონ ეს ხალხი, თვით აბელიც ციხეში გამოკეტონ და ძლიერი დაცვა დაუყენონ... მე დავთანხმდი ამას... სჯობს არაფერი იცოდე და თავისუფალი იყო, ვიდრე იცოდე და ციხეში ჩაგამწყვდიონ". მაგრამ აბელმა მცირე ხანს შეიკავა თავი - კიდევ რაღაც იწინასწარმეტყველა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მეფობისას და როგორც 1826 წლის სინოდის ერთ-ერთი ბრძანებით ჩანს, ის დასამდაბლებლად სუზდალის მაცხოვრის მონასტერში დაამწყვდიეს. ალბათ აქ დაასრულა სიცოცხლე.

სხვა წერილში აბელი პოტიომკინას აუწყებს, რომ მან მისთვის რამდენიმე წიგნი დაწერა, რომლის გაგზავნასაც დაჰპირდა: "ეს წიგნები თან არა მაქვს, საიდუმლო ადგილას ინახება. ეს ჩემი წიგნები საოცარია, საკვირველია და შემაძრწუნებელი. ისინი მხოლოდ ღვთის მოიმედეებმა უნდა წაიკითხონ".

ჰყვებიან, რომ ბევრი აბელს წმინდანად თვლიდა, მიდიოდნენ მასთან და თავიანთი ქალიშვილებისთვის საქმროების გამონახვაში დახმარებას სთხოვდნენ. ის კი პასუხობდა, - მკითხავი არ ვარ, მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ზეციდან მებრძანებაო.

ჩვენამდე მოაღწია მონაზონ აბელის ცხოვრებამ და ვნებამ, მაგრამ ის ცენზურამ ისე შეამოკლა, რომ წარჩინებულ პირთა სახელები ყველგან ამოშლილია.

ამ "ცხოვრების" მიხედვით მონაზონი აბელი დაიბადა 1755 წელს ტულის გუბერნიაში. მეჯინიბე გახლდათ, "უბრალო კაცი, უსწავლელი და პირქუში", მაგრამ გულისყური საღვთო საქმისკენ ჰქონდა მიმართული. მან მთელ რუსეთში დაიწყო მიმომწირობა, შემდეგ ბალაამის მონასტერში დასახლდა. ერთი წლის შემდეგ, იღუმენის კურთხევით, უდაბნოში გადავიდა, სადაც ღვაწლი ღვაწლს მიუმატა. უდიდესი განსაცდელი დაუშვა მასზე უფალმა - თავს "უამრავი შავბნელი სული დაესხა". ყველაფერი დაძლია და ამის გამო "გაემხილა მას ღვთის საიდუმლოებანი", თუ რა მოელის სამყაროს. მაშინ ის ორმა უცნობმა კაცმა წაიყვანა და უთხრა: "იყავ ახალი ადამი და ძველი მამა და დაწერე ყველაფერი, რაც ნახე და გაიგონე. მაგრამ ყველას ნუ ეტყვი, ყველას ნუ მისწერ, უთხარი მხოლოდ ჩემს რჩეულებს და ჩემს წმინდანებს". მას მერე დაიწყო აბელმა წინასწარმეტყველება. დაბრუნდა ბალაამის მონასტერში. აქ დაწერა პირველი წიგნი, რომელიც წინამძღვარს აჩვენა, მან წიგნი ავტორთან ერთად მღვდელმთავარს გაუგზავნა. "ამ წიგნით შენი სიკვდილის განაჩენია გამოტანილი", - უთხრა მღვდელმთავარმა და გუბერნიის მმართველს გაუგზავნა. გუბერნატორმა წიგნის გაცნობის შემდეგ აბელი ციხეში გამოამწყვდია, მერე კი წიგნთან ერთად პეტერბურგში, სენატის მთავარსარდალს, გენერალ სამოილოვს გაუგზავნა. გენერალმა წიგნი წაიკითხა, სადაც აბელი ეკატერინე II-ის უცნაურ სიკვდილს წინასწარმეტყველებდა: "ჰოი, ბოროტო კაცო, როგორ გაბედე ასეთი სიტყვები დაგეწერა მიწიერ ღმერთზე?" აბელმა უპასუხა, - ამ საიდუმლოებათა შედგენა მე ღმერთმა მასწავლაო! გენერალი მიხვდა, რომ მის წინაშე უბრალო ბერი არ იდგა. ის ციხეში კი ჩასვა, მაგრამ ეს ამბავი მაინც მოახსენა დედოფალს.

ციხეში აბელმა ერთი წელი გაატარა, უფრო დიდხანს იჯდებოდა, მაგრამ მისი წიგნი ნახა თავადმა კურაკინმა, გაოცდა წინასწარმეტყველების სინამდვილით და წასაკითხად მისცა იმპერატორ პავლეს. აბელი გაათავისუფლეს და იმპერატორს წარუდგინეს, რომელმაც დალოცვა სთხოვა დაფარულმცოდნელს. აბელმა აკურთხა. იმპერატორმა საიდუმლოდ გამოჰკითხა, რაც ელოდა. მერე ნეველის ლავრაში დასახლდა, მაგრამ მალევე ბალაამის მონასტერში წავიდა და იქ მეორე წიგნი დაწერა, რომელიც მონასტრის ხაზინადარს გადასცა, მან კი პეტერბურგის მიტროპოლიტს გაუგზავნა. წიგნმა ხელმწიფემდეც მიაღწია. იმპერატორმა მასში თავის უეცარ ტრაგიკულ აღსასრულზე ნაწინასწარმეტყველები იხილა. აბელი პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში გამოკეტეს. ერთ წელიწადში იმპერატორი პავლე მოკლეს და აბელი გამოუშვეს, ოღონდ სოლოვეცკის მონასტერში მეთვალყურე მიუჩინეს.

შემდეგ აბელმა სრული თავისუფლება მიიღო. მალე დაწერა მესამე წიგნი, რომელშიც ფრანგების მიერ 1812 წელს მოსკოვის აღება და ქალაქის დაწვა იყო ნაწინასწარმეტყველები. უმაღლესმა ხელისუფლებამ შეიტყო ეს და აბელი სოლოვეცკის ციხეში ჩასვეს: "იყოს იქ, ვიდრე მისი ნათქვამი არ აცხადდებაო". სოლოვეცკის ციხეში მან ათი წელი და ათი თვე დაყო.

მოსკოვი ნაპოლეონმა აიღო. 1812 წლის სექტემბერში ალექსანდრე I-მა გაიხსენა აბელი და თავად გოლიცინს მისი განთავისუფლება უბრძანა: "თუ ცოცხალია და ჯანმრთელი, გვსურს ჩვენთან ჩამოვიდეს, გვინახულოს და გაგვესაუბროსო". მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხა აბელმა გოლიცინთან ჩამოსვლა. მასპინძელმა მას ღვთის საიდუმლოებებზე ჰკითხა და აბელმაც უამბო, რაც საუკუნის აღსასრულამდე მოხდებოდა.

მერე აბელი კვლავ მონასტრიდან მონასტერში დადიოდა, ვიდრე ნიოლოზ I-ის ბრძანებით სუზდალის მაცხოვრის მონასტერში არ დაამწყვდიეს, სადაც უეჭველად გარდაიცვალა კიდეც.

მართლმადიდებლობაზე მოქცევა. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის, მამა თეოდოტის და, ალექსანდრა ქალაქ ურალსკში ცხოვრობს. ის ძმაზე ათი წლით უფროსია. იგი ოცი წლის წინ ცოლად გაჰყვა "რასკოლნიკს" და თვითონაც შეუერთდა "დედაბრულ" სექტას. ამ სექტას ეკლესიასთან ურთიერთობა არ აქვს, მღვდლობას არ აღიარებს და შეცვლილი ჰყავს "ღვთისმოშიში" დედაბრებით. ხუთი წლის წინ ალექსანდრას რასკოლნიკი ქმარი ციმბირში გაემგზავრა პურის ფულის საშოვნელად და გაქრა. ალექსანდრას ძმასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა გაწყვეტილი ურთიერთობა. და აი, გასული მაისის ბოლოს ის უეცრად ოპტაში მოვიდა.

- მოვედი გნახო, ცხონდები თუ იღუპები, - უთხრა ძმას მისალმებისას.

ოპტამ ქალზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ცრემლის წყარონი წარმოედინა და გადაწყვიტა მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება, აღსარების თქმა და წმინდა საიდუმლოებასთან ზიარება, რომელსაც თავისი უგუნურობით მოკლებული იყო.

- ოცი წელიწადი შებორკილივით ვიყავი, - უთხრა ალექსანდრამ ძმას, - ბოლო წლები კი ქვასავით გავხდი. ეს მტანჯავდა, საკუთარ თავს ვერაფრით ვშველოდი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს ეკლესიიდან განდგომის გამო მჭირდა. თანაც ჩემი დიასახლისი, ისიც განდგომილი, წიგნებით მაშინებდა.

- რა წიგნებით? - ჰკითხა თეოდოტიმ.

- დასურათებული წიგნები აქვთ განდგომილებს. მათში მართლმადიდებელი ეკლესია გამოსახულია ვითარცა ტახტი ანტიქრისტესი, მღვდლები კი ეთიოპებად და შავებად უხატიათ. ამ წიგნში არის ასეთი სურათი: მღვდელი ზეთს სცხებს ხალხს, ხელზე კი გველი ჰყავს შემოხვეული. ფეხების ნაცვლად ჩლიქები აქვს, უკან კი კუდი ამოშვერია.

- ნუთუ მეც კუდი და ჩლიქები მაქვს? - გაეცინა მამა თეოდოტის, - კარგი, დარჩი აქ, ყველაფერს შეხედე, ილოცე, მამების საფლავებთან მიდი ხოლმე, მერე კი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი - გონება ხომ გაქვს.

მთელი გულით მობრუნდა ალექსანდრა დედაეკლესიისკენ. როცა აღსარების მერე მამა თეოდოტისთან მივიდა, ძმამ თვითონაც არ იცოდა, რატომ ჰკითხა: - წუხელ სიზმარში ხომ არაფერი გინახავს?

- არა, რატომ მეკითხები?

- ისე, - უთხრა მამა თეოდოტიმ, მერე კი დას აუხსნა, რომ მის მდგომარეობაში მყოფნი ზოგჯერ ხედავენ მისნურ სიზმრებს. ალექსანდრამ ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:L

- სიმართლე გითხრა, რაიმე მნიშვნელოვანი სიზმარი არ მინახავს, მხოლოდ რაღაც სისულელე იყო - თითქოს ჭუჭყიანი, გაბურძგნილი და დატილიანებული ვიყავი, ვიცლიდი ტილებს და მათ ჩამოცლაში ვიღაც კაცი მეხმარებოდა.

- ამ სიზმარს მნიშვნელოვნად არ თვლი? - გაოცდა თეოდოტი, - შენ ხომ გაჩვენეს, რა არის აღსარება: ჭუჭყიანი იყავი, ცოდვებით დატილიანებული. ვინც ტილების ჩამოცლაში გეხმარებოდა, ღვთის მღვდელი იყო, რომლის დაუხმარებლად ამ ტილებს ვერასოდეს ჩამოიცლიდი.

ალექსანდრა ეზიარა წმინდა საიდუმლოებებს, მეორედ ზიარების წინ კი სიზმარი ნახა: ვითომ დგას ოპტელი მამების: ლევის, მაკარისა და ამბროსის თვალისმომჭრელი ნათლით გაბრწყინებულ საფლავებთან. უეცრად საფლავებს შორის სხივთა კონები ამოვარდა და ამ სინათლიდან მოესმა ხმა:

- ნუ იფიქრებ, რომ აღსარება გათქმევინა მღვდელმა: შენი აღსარება თვით მე მივიღე, უფალმა და ღმერთმა შენმა. შეხედე, როგორ ბრწყინავენ ეს საფლავები! ესენი ყველა ჩემი აღმსარებლები და ჩემი ნების აღმასრულებელნი არიან. მათ აღსარების საიდუმლოთი მოჰყავდათ ჩემთან მონანული ცოდვილები. ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.

ცრემლებით ევსებოდა თვალები ალექსანდრას, როცა ამას იხსენებდა.
ბეჭდვა
1კ1