როგორ არ მიყვარდე, ჩემო ძვირფასო ოპტავ?
როგორ არ მიყვარდე, ჩემო ძვირფასო ოპტავ?
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
27 მაისი. ოპტის ყვავილთა თაფლი. ოპტის მონასტერში ბრმა მონაზონი, მამა იაკობი დიდი ხნის მანძილზე მედავითნის მორჩილებას ეწეოდა, მერე თანდათანობით თვალისჩინი დაკარგა, ბოლოს დაბრმავდა. ძალზე მიმიწევს გული ამ მოხუცი მოღვაწისკენ.

ერთხელ, ღამისთევის ლოცვის მერე, ეკლესიიდან მომავალმა გავუსწარი მამა იაკობს, რომელიც ჯოხით გზას იკვლევდა. შევჩერდი, დავუცადე, ხელი მოვკიდე და თავის კელიაში მივიყვანე. დამშვიდობებისას მითხრა: - ოდესმე შემომიარეთ, მამა ამბროსის ცხოვრებასა და ჩვენს ურთიერთობაზე უნდა გიამბოთო.

როგორც იქნა, მივედი, წარვთქვი ლოცვა, ბერმა მიპასუხა და შემიპატიჟა. სამოვარი უკვე დუღდა. აი, რა მომითხრო ჩაის სმისას ამ ბრმა მლოცველმა:

"ეს ოცდახუთი წლის წინ მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ კაბოსანი მორჩილი ვიყავი და ვმედავითნეობდი. ერთხელ სული ისე ამიშფოთდა, რომ მონასტრიდან გაქცევა დავაპირე. იმის მაგივრად, რომ ჩემი სულიერი შფოთი მოძღვრისთვის, დიდი მამა ამბროსისთვის გამემხილა, ყველაფერი გულში ჩავმალე და თანაც გონებაში თითქმის გადავწყვიტე მორჩილებისთვის თავის დანებება და სავანის მიტოვებაც: აქ არ მაფასებენ, მითვალთვალებენ კიდეც, აქ არ არის ჩემი ადგილი, არც ცხონება და წავალ-მეთქი.

ერთ ზაფხულის საღამოს, კანონის შემდეგ, მივედი კელიაში, სევდიანი მივწექი საწოლზე. ჩამთვლიმა. სიზმარში ვხედავ: მივედი ჩვენს ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში, რომელიც სავსეა მომლოცველებით. ყველა მარჯვენა მხარისკენ მიიწევს, სადაც მთელი წელი ჩვეულებისამებრ დასვენებულია გარდამოხსნა, რომელსაც ვნების კვირას გამოასვენებენ ხოლმე.

საით მიდიან-მეთქი, - ვკითხე.

წმინდა ტიხონ ზადონელის წმინდა ნაწილებისკენო.

"ნუთუ მღვდელმთავარი ჩვენთან განისვენებს, ის ხომ ზადონშია!" - კი გავიფიქრე, მაგრამ მაინც გავყევი მომლოცველთა ნაკადს სიწმინდის სამთხვევად. მივედი. შემაღლებულზე დგას ლუსკუმა, კუბოს სახურავი დახურულია. მუხლი მოვიდრიკე და ასვლა დავაპირე სამთხვევად. უცებ ლუსკუმის სახურავი გაიღო, შემოსილი წმინდა ტიხონი ადგა. ძირს დავემხე... ვხედავ, იგი წმინდა ტიხონი კი არა, ჩვენი მამა ამბროსია და კი არ დგას, ზის და თითქოს ჩემთან შესახვედრად წამოდგომა სურს.

- რას აკეთებ? - მრისხანედ მითხრა.

- მაპატიე, მამაო! - წავიჩურჩულე შეშინებულმა.

- მომაბეზრე თავი მაგ "მაპატიეთი"! - განრისხდა მოძღვარი.

შეშინებულს გამომეღვიძა... წამოვხტი საწოლიდან, ჯვარი გამოვისახე... ამ დროს ცისკრის ზარები ჩამოჰკრეს, ტაძარში გავემართე, ნანახითა და განცდილით გაოგნებული ვიდექი ცისკარზე. დავბრუნდი კელიაში - ნეტავ რას ნიშნავდა ეს სიზმარი-მეთქი.

წირვის შემდეგ სკიტში მოძღვართან წავედი, უამრავი ხალხი ელოდა. მის მესენაკეს, მამა იოსებს ვთხოვე, - ძალიან მინდა მოძღვრის ნახვა-მეთქი.

ალბათ ვერ მიაღწევ. ბევრი ხალხია. თანაც დღეს სუსტად გრძნობს თავსო, - მითხრა.

გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მოძღვრამდე მივსულიყავი.

მეგონა, ჩემი რიგი არასოდეს მოაღწევდა. ყურში თითქოს ჩამჩურჩულეს: "წადი, მაინც ვეღარ დაიცდი!" უეცრად ისმის მამა ამბროსის ხმა:

- ივანე (კაბაში ივანეს მეძახდნენ), სასწრაფოდ მოდი ჩემთან.

გზა დამითმეს. მამა ამბროსი ღონემიხდილი დივანზე იწვა.

- კარი მიკეტე, - მითხრა ჩუმი ხმით. მოძღვრის წინ მუხლებზე დავეშვი.

- აბა, ახლა მომიყევი, სიზმარში რა ნახე...

გავქვავდი: ამ სიზმრის შესახებ ხომ მარტო მე ვიცოდი... ამ სიტყვების წარმოთქმასთან ერთად დაუძლურებული მოძღვარი გამოცოცხლდა, წამოიწია საწოლიდან მხნემ და მხიარულმა და დივანიდან ფეხები იატაკზე სწორედ ისე ჩამოუშვა, როგორც სიზმარში ვნახე. აქამდე გაოცებული ვიყავი მამა ამბროსის დაფარულთმცოდნეობით, განსაკუთრებით იმ ხერხით, რომლითაც გამიმხილა ეს ნიჭი. ახლა ცხადად განვიცადე იგივე გრძნობა კეთილმოკრძალებული შიშისა და დავემხე მოძღვრის ფეხებთან. მისი ხმა მომესმა:

- რას აკეთებ?

- მამაო, მაპატიე, - წავიჩურჩულე.

მომესმა მოძღვრის ხმა:

- მომაბეზრე თავი მაგ "მაპატიეთი"!

მაგრამ ეს სიზმრისეული მრისხანედ ნათქვამი კი არ იყო, არამედ საყვედური ისე ალერსიანად, როგორც მარტო ამ მადლმოსილ მამას შეეძლო.

წამოვწიე მიწიდან ცრემლებით დასველებული სახე, მამა ამბროსის ხელიც მამობრივი სინაზით დაეშვა ჩემს უბედურ თავზე, მომეფერა, ალერსიანად დამტუქსა:

- აბა, სხვანაირად გონს როგორ უნდა მომეყვანე, შე სულელო?

სიზმარი კი არ მომიყოლია, ანდა რა უნდა მეთქვა, როცა ჩემს თვალწინ თავისი მოქმედებით თვითონვე მომიყვა მის შინაარსს. მას შემდეგ, ვიდრე მოძღვრის გარდაცვალებამდე, ბოროტის ფიქრებს ოპტიდან წასვლაზე გასაქანი არ მივეცი".

დაამთავრა თხრობა ჩემმა უსინათლო მთხრობელმა, მე კი ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა...

- მამაო, - მივმართე მამა იაკობს, - მამა ამბროსის მერე ვის მიმართავთ თქვენი მწუხარებებითა და გულისთქმებით?

- ვისთან უნდა იაროს ახლა საცოდავმა იაკობმა, ბრმას მხოლოდ ორი ჩვეული გზა აქვს, რომელზეც დადის ჯოხის კაკუნით. დიდი მწუხარების ჟამს ღმერთი არ დაგიტევებს. შარშანწინ შემოდგომას ისეთი რამ მომიხდა, რამაც უკიდურესად ამირია სულიერი სამყარო. მთელი ის დღე ვშფოთავდი. მოაღწია ჩემი სასენაკო კანონის შესრულების დრომ. საღამოს ცხრა საათზე, მიუტევებელმა და აღელვებულმა მხოლოდ 36-წლიანი ჩვევის გამო წავიხურე ნახევარმანტია, ავიღე სკვნილი და ლოცვად დავდექი წმინდა კუთხეში, ხატების წინ. მხოლოდ დღის სინათლეს ვხედავ, საგნებს კი ვერა... ლოცვისას ვცდილობდი კანონის შესრულებას, მაგრამ სულიერი განწყობილება იმნაირივე მქონდა, რაზეც უკვე მოგიყევი... "მაშინ მამა ამბროსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, - ვფიქრობდი, - მონასტერში მისვლის დღიდან მოძღვარს ჩემზე ხელმწიფება ჰქონდა. მე ახლა გლახაკი ვარ და საცოდავი!" ისღა დამრჩენოდა, მრისხანება უკმაყოფილების სასტიკი სიტყვებით გამომეხატა. ასეც მოვიქეცი. განვიკითხავდი საკუთარ თავს, მაგრამ რისხვას მაინც ვერ ვაჩერებდი.

ამ დროს ძალზე უცნაური და უჩვეულო რამ შემემთხვა: უჩვეულო დამაბრმავებელი სინათლე დავინახე. თვალწინ გადამეშალა გაკაშკაშებული, ულამაზესი, საოცარი ყვავილებით მოჩითული მდელო. ამ მდელოზე მივაბიჯებ და გული მევსება მოზღვავებული ჯერ განუცდელი უტკბესი გრძნობით სულიერი სიმშვიდისა, სრულყოფილი განსვენების სიხარულით, აღტაცებული და აღფრთოვანებული ვჭვრეტ ამ არამიწიერ სილამაზეს. მდელოს ბოლოს თვალი მოვკარი უზარმაზარ ფრიალო მთას. გულმა მოისურვა მწვერვალზე ასვლა, მაგრამ სურვილი დავთრგუნე - ადამიანური ძალით ამ აღმართის დაძლევა შეუძლებელია-მეთქი და იმავე წამს მწვერვალის თავზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ გაიხსნა კორომით დაბურულ უზარმაზარ სივრცეზე გაფანტული სხვადასხვა არქიტექტურისა და სიდიდის ტაძრები, რომლებიც დამაბრმავებლად ბრწყინავდა და კაშკაშებდა. მივუყვები აღმართს. გამოჩნდა მთის ვიწრო ბილიკი. გული მეუბნება: ამ ბილიკს კარგად იცნობ, თამამად გაჰყევი, არ დაიკარგებიო. ერთ მოსახვევთან პატივცემული მამა ზის. თითქოს ხატიდან გადმოსულა.

მამაო, რა არის ეს გასაოცარი კორომი, ანდა ეს რა ტაძრებია-მეთქი.

- ეს ზეციური სასუფევლის სავანეებია, რომელიც განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ! - მიპასუხა.

შევნიშნე, ჩემთან ყველაზე ახლოს იდგა დიდებული, უზარმაზარი, გაცისკროვნებული ტაძარი. ღირს მამას ვკითხე, - ეს ტაძარი ვისია-მეთქი. ოპტელ მამა ამბროსისააო.

იმ წუთას ვიგრძენი, რომ ხელიდან სკვნილი გამივარდა და ფეხებზე დამეცა. გამომეღვიძა.

როგორც დავდექი ლოცვაზე საღამოს, იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საათმა გვამცნო ცისკრის მოახლოება. შუაღამიანის საათი იდგა.

ამგვარად, ჩემი ხილვა ოთხი საათი გაგრძელდა. მომშორდა ყველანაირი მწუხარება, მადლობა შევწირე უფალს, რომელმაც ღირსსახსოვარი მამის ლოცვით მანუგეშა, ვისი ტაძარიც ყველაზე ახლოს იდგა ჩემთან ღვთის სასუფევლის სავანეებში.

ოპტის ყვავილთა ასეთი თაფლი მხვდა დღეს ჩემი ბრმა მლოცველისგან. მადლობა ღმერთს!

როგორ არ მიყვარდე, ჩემო ძვირფასო ოპტავ?
ბეჭდვა
1კ1