უმჯობესია, ზეცა და მზე შეიცვალოს, ვიდრე საეკლესიო კანონები
უმჯობესია, ზეცა და მზე შეიცვალოს, ვიდრე საეკლესიო კანონები
* მონაზონი პარასკევა ჰყვებოდა: სამთავროს მონასტრის დედები საყვედურობდნენ, - ისედაც რამდენს ვლოცულობთ, რამდენი ღვაწლი გვაქვს და რა მოხდებოდა, ორშაბათ დღეს მაინც არ ყოფილიყო ჩვენთვის მარხვაო. საუბარს რომ მორჩნენ, მივიდა მათთან მამა გაბრიელი (ურგებაძე) და დაიწყო: "კაცო, ოთხშაბათი გამიგია, პარასკევი გამიგია, ეს ორშაბათი ვინ მოიგონა, ჩქარა გაახსნილეთო". ეს დღე სწორედ ორშაბათი იყო. ავდექით და გავახსნილეთ. მოვიდა ოთხშაბათი, მონაზვნები ისევ ერთად ვართ. მოვიდა მამა გაბრიელი და თქვა: - მოყვასნო, პარასკევი ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთო. როდესაც ხუთშაბათი დადგა, მაშინ კი დავემალეთ გაბრიელ ბერს - შეგვეშინდა, პარასკევიც არ გაეხსნილებინა. მისმა ლოცვა-კურთხევამ სინდისი გაგვიღვიძა. ამის შემდეგ ორშაბათსაც მტკიცედ ვიცავდით და მივხვდით, რომ მარხვა არ უნდა გაგვეტეხა.

* მამა გაბრიელს ჰკითხეს: - იესო ნაზარეველზე რომ გაუშვეს ფილმი, შეიძლებაო?

- როდესაც ეს ფილმი მოიტანეს, ნება დავრთე, გაეშვათ, - თქვა ბერმა, - რადგან მორწმუნეები ამის გულისთვის არ მიატოვებენ ეკლესიას, ურწმუნონი კი შინაარსს გაიგებენ და ეკლესიაში წავლენ. აქ მთავარია შედეგი.

* ბერებმა ჰკითხეს: - მამა გაბრიელ, თუ შეიძლება, მამათა მონასტერში ტელევიზორი გვქონდეს, ინფორმაცია რომ მოვისმინოთო.

მამა გაბრიელმა უპასუხა: - ორმოცი წელია ბერი ვარ და ის ვერ დავიმსახურე, სენაკში ტელევიზორი მქონდეს. აბა, თქვენ იცით, როგორ იზრუნებთ ამ საქმეზეო.

ამ საუბრის შემდეგ ბერებს საერთოდ გაუქრათ ტელევიზორის ქონის სურვილი.

* ყოველი ქრისტიანი ერთგულად უნდა იცავდეს საეკლესიო კანონებს. ერთხელ, დიდი მარხვისას, წმინდა იოანე კრონშტადტელი მძიმედ გახდა ავად. ექიმებმა ენერგიის შესანარჩუნებლად რძის სმა ურჩიეს. წმინდა იოანემ - დავლევ, თუ დედაჩემი ამის კურთხევას მომცემსო. დედამისი არხანგელსკის გუბერნიაში, სოფელ სურში ცხოვრობდა. წმინდა იოანეს კარნახით მასთან წერილი გაიგზავნა.

არც საზღვაო და არც სარკინიგზო კავშირი არ იყო, ამიტომაც მამა იოანემ პასუხი გვიან მიიღო. დედამისი თეოდორა შვილს მშობლის კურთხევას უგზავნიდა, მაგრამ უმატებდა, რომ იმის გახსნა არ შეუძლია, რაც ეკლესიამ დააწესა. ასეთი მტკიცე იყო რწმენა სოფლელი დედაკაცისა. სხვა დედა ალბათ ეტყოდა, დალიე, შვილო, რადგან ექიმები გეუბნებიანო. პასუხი რომ შეიტყვეს ექიმებმა, უთხრეს სნეულს, კარგი კვების გარეშე მოკვდებიო, რაზეც წმინდა იოანემ უპასუხა: "იყოს ნება ღვთისა. ნუთუ ფიქრობთ, რომ დედის კურთხევას და ღვთის მცნებას მშობელთა პატივისცემაზე, ჩემს სიცოცხლეზე გავცვლი?" ექიმების წინასწარმეტყველება არ შესრულდა და მალე მამა იოანე გამოჯანმრთელდა.

* წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებდა: უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალოს, ვიდრე საეკლესიო კანონები, რადგან წმინდა ეკლესია ღვთის სიტყვით არის დადგენილი, ხოლო ღვთის სიტყვა ცასა და დედამიწაზე უმტკიცესია, როგორც თავად ქრისტე ბრძანებს: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ".

* რუსეთის ეკლესიაში ოციან წლებში განმაახლებლობის ქარმა დაუბერა. ამაზე წინასწარ აფრთხილებდა მთავარეპისკოპოსი ნიკონი (+1917): "უკანასკნელ ხანს ნებისმიერ გარდაქმნათა მოდას ავყევით, მეტისმეტად ბრძენი შევიქმენით და ის კი დავივიწყეთ, რომ ეკლესია არა ამსოფლისაგანია და მისი მეუფება არაამსოფლიური... და ვინც უარყოფს მას, თავისთავად განეშორება ეკლესიას და აღარ იქნება ქრისტიანი. ამის უნდა ეშინოდეს საეკლესიო ცხოვრების ყველა "განმაახლებელს", ყველა "განმაცხოველებელს", ყველა "გარდამქმნელს", თუკი სურს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილად დარჩენა. და თუ ისინი ეკლესიის შვილნი არიან, უწინარესად შვილის შესაფერი მორჩილება მართებთ. თუ არადა თვითმარქვიები გახდებიან და ეკლესიაში განხეთქილებას დათესავენ".

* ერთმა ერისკაცმა ჰკითხა მამა პაისის: - ბერები და მონაზვნები მონასტერში რად იკეტებიან და ერში დასახმარებლად რატომ არ მიდიან, რაც ასე სჭირდებათ ჩვენს დღეებშიო. აგერ, კათოლიკე მონაზვნები სოფელში მიდიან და მსახურებენ საავადმყოფოებში, სხვადასხვა დაწესებულებაშიო. მამა პაისიმ გაუღიმა: - ჩვენ კათოლიკე ბერ-მონაზვნობისგან ის განგვასხვავებს, რომ ისინი მიდიან ხალხის საძებნელად, რათა დაეხმარონ. მაშინ, როცა ჩვენ აქ ვსხედვართ და იმდენ ადამიანს მოვიზიდავთ, რომ პასუხს ვერ ავუდივართ. განა ვერ ხედავ, რომ უამრავი მოდის მონასტერში სანუგეშოდ და მას პოულობენ კიდეც? სავსე ავტობუსები მოდიან ყოველდღიურად მონასტერში. რისთვის წავიდეთ სოფელში, თუ ხალხი ჩვენთან მოდის? სხვები მიდიან სოფლის დასახმარებლად, რადგან ამის აუცილებლობას გრძნობენ, ანუ ხალხი არ მიდის მათთან.

* იცავდა რა სამღვდელო პირთა გარეგნულ შესამოსელს, მამა ეპიფანე ამბობდა: "მღვდელი ხორცშესხმაა აბსოლუტურის, გამოხატვაა მუდმივის, უცვლელისა და შეურყვნელის, ზეციური საყვირია, უხრწნელობის ხატია, მარადისობისკენ გზის მაჩვენებელია. დაე, საუკუნეების განმავლობაში შეუცვლელი დარჩეს მისი გარეგნული შესამოსელიც, როგორც შეხსენება და სიმბოლო საუკუნო და დაურღვეველი ჭეშმარიტებისა, იმ ჭეშმარიტებისა, რომელსაც ის წარმოადგენს".

* მამა ამფილოქე კი ბრძანებდა: "ანაფორა ბაირაღია ჩვენი ქრისტეს ეკლესიისა, ამიტომაც დიდი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რათა ჩვენი წმინდა ცხოვრებით პატივი მივაგოთ ანაფორას, რომელიც გვაცვია, რათა მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ ისინიც, ვინც მას არ ატარებს".

* კონსტანტინოპოლის წინა პატრიარქმა, დიმიტრიოსმა, ამერიკაში ყოფნისას საღვთისმეტყველო სკოლა მოინახულა. მასთან კეთილმოკრძალებული ამერიკელი სტუდენტები მივიდნენ და უთხრეს: - უწმინდესო, ჩვენს ეპოქაში სასულიერო პირნი უფრო თანამედროვენი უნდა იყვნენო. პატრიარქმა უპასუხა: "წმინდა კოზმა ეთოლიელი ამბობს, - როცა სასულიერო პირნი ერისკაცად გარდაიქმნებიან, მაშინ ერისკაცნი ეშმაკად იქცევიან!" მას დიდებულად გაწყობილი ოთახი მოუმზადეს, პატრიარქმა ნახა და თქვა: - აქ სად დამასახლეთ? სჯობს რაიმე ქვეშაგები გამიშალოთ. გაამსოფლიურებული სასულიერო პირი ეშმაკობის კანდიდატიაო.

* მამა დანიელ კატუნაკელი (+1929) აფრთხილებდა მორწმუნეებს: "ქრისტიანები მცირედითაც კი არ უნდა დანებდნენ ამ დამანგრევლებს (განმაახლებლებს, - კ.კ.), თუნდაც იყვნენ ისინი მღვდლები ან მღვდელმთავრები, მასწავლებლები თუ მოძღვრები, თუკი ისინი ცრუმოძღვრებათა გამოყენებით ილაშქრებენ ძველი მართლმადიდებლობის, წმინდა გარდამოცემის წინააღმდეგ, არამედ მტკიცედ უნდა იდგნენ მასზე, რაც ძველთაგანვე მიღებულია მართლმადიდებელ ეკლესიაში".

"ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ძველი დროიდან მოყოლებული, ურყევად იცავდნენ დაწესებულ მარხვებს და საეკლესიო წეს-ჩვეულებებს, გამოირჩეოდნენ ღვთისმოშიშებით და ქრისტიანული სათნოებებით. სათნოებებით გაბრწყინებული ჩვენი მოძღვრები მაგალითნი იყვნენ სამწყსოსი. ახლა კი ბევრმა ახალი ქადაგება დაიწყო ევროპული მანერით, უკუაგდებენ ეკლესიისგან დაწესებულს, მას მარხვისა და საეკლესიო ჩვეულებათა უბრალო ფორმას ეძახიან. დამწუხრებულნი ვხედავთ, რომ გავრცელდა გარყვნილება, მოკრძალება და პატივისცემა უფროსისადმი გაქრა, სხეულის ვნებებს არ თოკავენ, სამეძავო სახლების თვლა არ არის, ზნეობრიობა დაიღუპა, თეატრალური წარმოდგენები ტრიუმფალურად იკავებენ ღვთისმსახურების ადგილს, ავტომანქანათა ჭენებამ შეცვალა მუხლთადრეკა საეკლესიო მსახურებაზე.

თურქთა ბატონობის დროს, როცა ბერძნული ენა იდევნებოდა და მართლმადიდებელი ქრისტიანები მტრის უღელქვეშ ითრგუნებოდნენ, ჩვენს დიდებულ წინაპრებს რომ არ შემოენახათ საეკლესიო გარდამოცემა და ეგრეთ წოდებული ფორმები, განა იარსებებდა მართლმადიდებლობა? ჩვენი ღირსსახსოვარი წინაპრები, მიუხედავად დამონებისა, ღამღამობით ჩუმად შედიოდნენ წმინდა ტაძრებში და არასოდეს დაუშვებდნენ ცვლილებებს წმინდა გარდამოცემებში, მარხვებსა და სხვა საერთო თუ განსაკუთრებულ ლოცვებში. ამიტომაც შემოინახეს მართლმადიდებლობა მთლიანად".

* XIX საუკუნის I ნახევარში წმინდა პავლეს მონასტერში ინგლისის ელჩი ჩამოვიდა - ამ მონასტრის ყველა ბერი წარმოშობით იონის კუნძულებიდან იყო, რომელიც ჯერ კიდევ ინგლისის სამფლობელოში შედიოდა. ელჩმა ლოცვებში მოხსენიება ითხოვა და მწირველმა მღვდელმონაზონმა მოიხსენია არა მარტო კვერექსში, არამედ კვეთაშიც. მაგრამ შემდეგ დაეჭვდა და მოძღვარს გაუმხილა. მან შენიშვნა მისცა ერეტიკოსების მოხსენიებისთვის და სამი წლით წირვა აუკრძალა. მღვდელმონაზონმა არ დაუჯერა და წმინდა ილარიონ ქართველთან წავიდა, მან კი სამუდამოდ აუკრძალა წირვა. იღუმენმა ეს რომ გაიგო, ამკრძალველთა ლანძღვას მოჰყვა, განსჯის უნარმოკლებულებს უწოდებდა მათ.

მაგრამ ღვთის შეურაცხყოფა და მამათა კანონების დარღვევა არავის ეპატიება. როცა, მიუხედავად აკრძალვისა, ამ მღვდელმონაზონმა სწირა, ცხვირიდან სისხლი წასკდა, ვერაფრით შეუჩერეს და გარდაიცვალა.

* გასული XX საუკუნის 40-იან წლებში ზოგიერთმა მონასტერმა გადაწყვიტა, გზა დაეგო ნავსადგურამდე. მათი გავლენით წმინდა ანას სკიტის დიკეამ მამათა კრება მოიწვია და ჰკითხა: შეგვიძლია თუ არა სკიტის გზა გავარემონტოთ, რადგან მამები საშინლად გაიტანჯნენ ცუდ გზაზე სიარულით, თითქმის ვერ იყენებენ პირუტყვს აუცილებელი ნივთების გადასაზიდადო.

წამოდგა მამა გაბრიელ კარცონასი: - მამებო, ეს მკაცრი, ციცაბო და ძნელად გასავლელი ბილიკები ჩვენი სკიტისა ეხმარებოდა მამებს, რომელთაც ოფლთა ღვრითა და მკაცრი ბრძოლის წყალობით წმინდანობას მიაღწიეს. ამიტომაც ნუ დავიწყებთ ძებნას შემსუბუქებისა და მათ ნაკვალევს გავყვეთო. ყველამ მხარი დაუჭირა მამა გაბრიელს და ამის განსამტკიცებლად მაგალითები მოიყვანეს მამათა ცხოვრებიდან თუ გამონათქვამებიდან:

"მონაზვნური ცხოვრების დაწყების მერე დავიჯერეთ, რომ თვითონ კელია ჩვენ არ გვეკუთვნის, მისი მესაკუთრენი კი არა, სტუმრები და დამქირავებლები ვართ, ვიდრე უფალი არ გაგვიყვანს ამ ცხოვრებიდან, რომელიც სინანულისა და განწმენდისთვის გვაქვს მოცემული. ამიტომ ბევრი ჩვენგანი გაურბის მასში მცირეოდენის შეცვლას, რამეთუ წმინდა საგანძურად ვთვლით იმას, რაც წინამორბედთაგან გადმოგვეცა, რათა მერე მემკვიდრეებს გადავცეთ.

ეს აზრი მით უმეტეს ეხება მთელ კალივას, მთელ სკიტსაც, მთელ მთაწმინდას. ყველაფერი ეს ჩვენთვის ფასდაუდებელი საგანძურია, მამათა მემკვიდრეობა - წმინდაა და ხელუხლებელი. ასევეა მთაწმინდაც. ჩვენ არ ვართ მისი მფლობელები, რომ რაიმე შევცვალოთ, ამის უფლება არ გვაქვს.

მაშინ აქ არ უნდა მოვსულიყავით და ჩვენი სამშობლოს რომელიმე სავანეში დავრჩენილიყავით, სადაც გზაც არის და სხვა სიკეთეც. არ შეიძლება მცირედითაც კი შევცვალოთ საუკუნეების მანძილზე მასში დამყარებული სულიერი წყობა და გარეგნობა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრების შემსუბუქება გვინდა..."

ამის მერე მამებმა გადაწყვიტეს, შეენარჩუნებინათ სკიტის გარეგნობა და ძველებური ცხოვრების წესი გაეგრძელებინათ, რაოდენ მძიმე და მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო.
ბეჭდვა
1კ1