მამა პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა
მამა პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა
გაგრძელება. დასაწყისი იხ. 2008: ##22-25; 2009: ##1, 3-16, 18-24, 26; 2010: ##1.

სამშობლოს ერთგული შვილი.
მამა პაისიმ ბავშვობიდანვე გამოსცადა ლტოლვილობა, ომისა და ოკუპაციის საშინელებები. საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ მშვიდი და მყუდრო საცხოვრებელი - დიდი კურთხევაა ღვთისა.

ბერს უყვარდა სამშობლო, ამბობდა: "სამშობლო დიდი ოჯახიაო". მას არ სურდა თავისი სამშობლოს განდიდება ერისკაცული გაგებით, არამედ უნდოდა მისთა მკვიდრთა სულიერი წარმატება და ზნეობრივი ცხოვრება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ღმერთი დაგეხმაროს.

ამერიკაში მცხოვრებ ბერძენს, მხურვალე პატრიოტს, რომელიც ცდილობდა სასიკეთო რამ გაეკეთებინა ელადისთვის, მამა პაისიმ ურჩია, სულიერი მოსაგრეობა ეტვირთა, რათა თვითონვე განწმენდილიყო და უთხრა: - თუ ეს მოხდება, მაშინ შეგეძლება, ელადას სწორად და სულიერად დაეხმაროო.

მამა პაისის ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა. მისთვის სულერთი არ იყო, რაც საბერძნეთში ხდებოდა. საბერძნეთის ერთმა პრემიერ-მინისტრმა, რომლის დამანგრეველ მოქმედებას ერისა თუ ეკლესიებისადმი ბერი სახალხოდ ამხელდა, სთხოვა, მოვალ სუროტაში და შეგხვდებიო. მოვიდეს და ყველაფერს პირში ვეტყვიო, - თქვა ბერმა. როცა საბერძნეთის ერთ-ერთი პრეზიდენტი მოვიდა მთაწმინდაზე, ბერმა ურჩია მონასტრებს, არ მიეღოთ იგი, ვინაიდან ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალითაც ლეგალიზება მოხდა აბორტისა.

მამა პაისი იყო კაცი მშვიდობისა და ერთობისა. ის ყველა პარტიაზე მაღლა იდგა. გაგონებაც არ სურდა უღმერთო და ეკლესიის მავნე პარტიებისა. ამბობდა: "რა განსხვავებაა, ხელი მარჯვენაა თუ მარცხენა, თუკი ის ჯვარს არ გამოისახავსო". უარყოფდა უღმერთო პოლიტიკოსებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური პლატფორმისა.

საბერძნეთში პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, როცა ვერა და ვერ ჩამოაყალიბეს მთავრობა და მცირე ხანში ზედიზედ მესამედ დაინიშნა არჩევნები, მამა პაისის ხილვა ჰქონდა: "არჩევნების წინ, საღამოს, ვიჯექი ხის საწოლზე არქონდარიკში და იესოს ლოცვას ვიმეორებდი. ამ დროს ეშმაკი წარმომიდგა კაცის სახით (ბერმა დაასახელა ის პოლიტიკოსი, რომლის დამღუპველ საქმიანობასაც განიკითხავდა). ეშმაკი მემუქრებოდა, მაგრამ მოახლოება ვერ შეძლო, თითქოს შეკრული იყო". იმავე ღამეს ბერი ერში ერთ-ერთ ცოლიან მღვდელს გამოეცხადა და მკაცრად უთხრა: "მამაო, გძინავს? ადექი და ილოცე - სამშობლო საფრთხეშია".

იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ვნებდნენ ბერძენ ერს, ბერი ამბობდა: "მშვიდი სინდისით ვთხოვ ღმერთს, მისცეს ამ ადამიანებს სინანული და წაიყვანოს სხვა ცხოვრებაში, რათა მეტი ბოროტების ჩადენა ვერ მოასწრონ და რათა აღგვიდგინოს მაკაბელებიო". სწამდა, რომ ერთ ბერს შეუძლია მთელი ერის დახმარება: "ღმერთი ვის მონაზვნად აქცევს იმისთვის, რომ ოჯახს დაეხმაროს, ზოგს კი - მთლიანად ერს რომ დაეხმაროს. მთაწმინდას შეუძლია ჩვენს ხალხს ბევრი რამ მისცეს, კვლავ შეუძლია შექმნას ბიზანტია, რომლისგანაც იგი წარმოიშვა".

ავადმყოფობა და ნეტარი აღსასრული. მოღვაწეობა და ტკივილი განუყრელი თანამგზავრი იყო ბერისა. თავის ღვაწლს ნებაყოფლობით მსხვერპლად შესწირავდა ქრისტეს სიყვარულს, მტანჯველ ავადმყოფობებს კი მადლიერებით და ღვთის დიდებით იღებდა.

მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ბერს მრავალი წელი ბრონქოექტაზია ტანჯავდა. მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და არასწორად მკურნალობდნენ. ბერი სისხლს აღებინებდა. ბოლოს და ბოლოს, რთული ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ გაცივდა და ექიმებმა ძლიერი ანტიბიოტიკები დაუნიშნეს, არ გაითვალისწინეს, რომ ავადმყოფი არაფერს ჭამდა. ბერს წყლულოვანი კოლიტი დაემართა. ამის მერე ის ავადმყოფურად რეაგირებდა პატარა გაციებაზეც კი. სექტემბრიდან ბერი თავის კელიაში ღუმელს ანთებდა, რომლის კვამლიც "გასცემდა" მნახველთათვის. რა თქმა უნდა, ბერს ესმოდა, რომ მასთან ადამიანები გაჭირვებას მოჰყავდა. ამიტომაც, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო - თოვლშიც, წვიმაშიც, ყინვაშიც, - წამოდგებოდა საწოლიდან, გამოვიდოდა ეზოში, შემოიპატიჟებდა შიგნით, გამთბარ არქონდარიკში, თვითონ კი ყველას ცალ-ცალკე ეკლესიაში იღებდა, სადაც ძალიან ციოდა, ეს კი რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ბერი ითმენდა და ღმერთს ადიდებდა. ის არ დრტვინავდა, არ სთხოვდა ღმერთს გამოჯანმრთელებას.

ბოლო წლებში ნაწლავებიდან სისხლდენა უფრო და უფრო ტანჯავდა და აუძლურებდა. მაგრამ ის ხალხს სჭირდებოდა. "ერთხელ მწოლიარემ ავიღე ღირსი არსენ კაპადოკიელის ხატი, მივიკარი მუცელზე და ვიგრძენი, როგორ გამოვიდა მისგან რაღაც ძალა". ბერმა კვლავ მოიკრიბა ძალები ადამიანთა სამსახურისთვის.

მაგრამ ცოტა ხნით. დაუძლურებული ზოგჯერ გონებას კარგავდა. ბევრი სისხლი დაკარგა. ნაცნობები ცდილობდნენ მის დახმარებას, სთავაზობდნენ რკინის შემცველ აბებს, მაგრამ უარობდა. ხუმრობდა: "კელიაში იმდენი ჯართი მიწყვია, მეტი არც რკინა მინდა და არც ფოლადიო".

მაგრამ მაინც წუხდა. ღმერთს ევედრებოდა, საღმრთო ლიტურგიის დროს შეეწყალებინა და სისხლდენა შეეწყვიტა, რომ ზიარება შესძლებოდა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. თვითონ ბერმა მშვენივრად იცოდა თავისი სნეულების სიმძიმე და სიკვდილის მოახლოება. სიკვდილი მას მთელი სიცოცხლე ახსოვდა - საწოლი კუბოს მსგავსი გაიკეთა, კელიაში ყოველთვის საფლავს ითხრიდა. ახლა მინიშნებებით ელაპარაკებოდა სულიერ შვილებს და ამზადებდა მომავალი განშორებისთვის: "როცა სახლი ინგრევა (ანუ სხეული ავადდება) და სახურავის ნახვრეტებიდან წყალი იწყებს დენას, მაშინ ამ სახლის პატრონს (სულს) აღარ უნდა მასში დარჩენა". თავისი მოძღვრის, მამა ტიხონის დიდ სქემას, როგორც დიდ სიწმინდეს, მრავალი წელი ინახავდა. ახლა კი დაჭრა და დაარიგა. მოამზადა ჯვრები, ხატები და ანდერძი. საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის ამ ანდერძის გაცნობა:

"მე, მონაზონმა პაისიმ, განვიხილე ჩემი ცხოვრება და დავინახე, რომ გარდაველ ღვთის ყველა მცნებას, ჩავიდინე ყველა ცოდვა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ზოგიერთი ამ ცოდვათაგან ნაკლები ხარისხით ჩავიდინე, რამეთუ არ მაქვს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება, რამეთუ უფალი ჩემზე დიდ კეთილმოწყალებას მოიღებდა ხოლმე. ილოცეთ, რომ შემიწყალოს ქრისტემ. მაპატიეთ და ჩემგანაც შენდობილ იყავით, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ რაიმეთი მაწყენინეთ. დიდად გმადლობთ და კვლავ გთხოვთ, ილოცეთ. მონაზონი პაისი".

მსოფლიო პატრიარქმა რომ შეიტყო მისი სნეულების ამბავი, სთხოვა, ექიმებთან გამოსაკვლევად მისულიყო. მაგრამ საკვირველება მოხდა - ამის მერე მას სისხლდენა შეუწყდა. ბერმა თავის ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა: "რა თქმა უნდა, პატრიარქს უნდა დავემორჩილო, მაგრამ სისხლდენა შემიწყდა და ხომ მაქვს უფლება, გამოკვლევაზე არ წავიდე?" მაგრამ სისხლდენა მალევე განუახლდა.

1993 წლის 22 ოქტომბერს მამა პაისი ათონის მთიდან სუროტის მონასტერში გაემგზავრა, რათა იქაურ დედებთან ერთად ედღესასწაულა წმინდა არსენ კაპადოკიელის ხსენება. უკან ვეღარ დაბრუნდა. მის ერთ უძლურებას სხვაც დაემატა - ნაწლავები გადაეკეტა. დააწვინეს საავადმყოფოში. ექიმი, მორწმუნე კაცი, ანალიზის შედეგის მოლოდინში ძალზე ნერვიულობდა. ბერმა უთხრა: "ასე ნუ იქცევი. გასაგებია: კიბო მაქვს და დაგიჯერებ ყველაფერს". ოპერაცია გაუკეთეს - მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მოჰკვეთეს, მაგრამ მეტასტაზები ღვიძლსა და ფილტვებს მოედო. განმეორებით გაუკეთეს ოპერაცია, ამის გარდა კიდევ ქიმიოთერაპია, ტომოგრაფია.

საავადმყოფოდან მამა პაისი სუროტის მონასტერში წაიყვანეს, სადაც ბევრი აკითხავდა, ზოგი - დასამშვიდებლად, ზოგიც - ნუგეშის მისაღებად.

- მამაო, რატომ არ ლოცულობთ, რომ ღმერთმა განგკურნოთ? თქვენ ხომ ასე გვჭირდებით?

- ღმერთი მოვატყუო? მე ხომ თვითონ ვთხოვე და მანაც მომცა ეს ავადმყოფობა...

- მამაო, მომეცით უკანასკნელი რჩევა, რომ მახსოვდეს! - სთხოვა სულიერმა შვილმა.

- გვქონდეს სულიერი კეთილშობილება. როცა ის გვაქვს, ამით ქრისტეს ვენათესავებით.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე არქიმანდრიტმა პანტელეიმონმა და ძმებმა მოინახულეს, ეახლა მიტროპოლიტი ქსანაფი. მათ თან ორი პატარა ახლდათ - გზად მინდვრის ყვავილები დაეკრიფათ და მამა პაისის მიართვეს. მეუფე არწმუნებდა, - შენ ცოცხალი გვჭირდები და ამისთვის ვლოცულობთო. მამა პაისიმ უპასუხა: - მე სულ სხვა რამეზე ვლოცულობ. მაგრამ არ ვიცი, ვის ლოცვებს შეისმენს ღმერთი, ჩემსას თუ თქვენსას. მერე კი ჰკითხა, ზეცაში გასატანებელი წერილი ხომ არ მომიტანე, ხომ ხედავ, ხელსაყრელი შემთხვევა გეძლევა, მარკებისა და ფულის გარეშე გამატანოო.

კასანდრის წმინდა იოანე რუსის სახელობის მონასტრის იღუმენი მამა ტიმოთე (ცოტრასი) ჰყვებოდა: - აწ გარდაცვლილ კასანდრის მიტროპოლიტ სინეზთან და მამა აღათანგელოსთან ერთად მივედით სუროტაში მამა პაისის სანახავად.

ტაძარში შესულები ვემთხვიეთ წმინდა არსენის ნაწილებს, შემდეგ პატარა სასტუმროში შევედით. მამა პაისი ჩვენს შესახვედრად გამოვიდა. გავოცდით - ზებუნებრივი ნათლით მოსილი საფეხურებს არ ეხებოდა და ჰაერში მოაბიჯებდა!

მოგვიტანეს სანუგეშოდ რაჰათლუკუმი, მამა პაისი მეუფესთან მარტო დარჩა. მერე გასასვლელისკენ წავედით. 30 მეტრი გავიარეთ, მეუფემ გვითხრა: - ხედავთ, წმინდანობის დაფარვა შეუძლებელია. ის ჰაერში დაფრინავდა და ერთიანად ბრწყინავდა. "იგი ჩვენ მოგვყვება!" - წაიჩურჩულა აღათანგელოსმა. აღმოჩნდა, რომ მძიმე ავადმყოფი მამა პაისი მღვდელმთავრისთვის პატივის მისაგებად მოდიოდა. მეუფემ გაუღიმა, სთხოვა, დაწოლილიყო და გაფრთხილებოდა თავს.

მთელი ეს ხანი მამა პაისი თავმდაბლად ემორჩილებოდა ექიმთა მითითებებს, მაგრამ ერთხელ იხმო ექიმი და უთხრა, - მკურნალობა შევწყვიტოთო.

- რატომ, მამაო?

- ახლა მე დამიჯერე. უთხარი მათ, რომ გაჩერდნენ, თორემ არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია. გუშინ მუხლთმოდრეკით ლოცვა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი... არავის ნახვა აღარ შემიძლია. ჩემი მისია დამთავრებულია; ეს კი ყველაფერია. ყველამ დამტოვეთ.

მამა პაისის მკურნალ ექიმს ფიქრის ტანჯავდა: ავადმყოფს ყველაფერი გავუკეთეთ თუ არა, რაც საჭიროაო. ეს მას სახეზეც შეტყო. მამა პაისიმ დაამშვიდა:

- გიორგი, ყველაფერი საუკეთესოდ გამიკეთეთ. შენ ღირსი ხარ შენი სასყიდლისა. იცოდე, თუ დაგჭირდები, შენს გვერდით ვიქნები.

მამა პაისის სურდა, რომ ათონზე ჩუმად დამარხულიყო, ერთ სულიერ შვილს მიუთითა კიდეც ადგილი, სადაც უნდა დაეკრძალათ. ხვდებოდა, რომ პანაღუდაში მარტო ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, მაინც აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ უეცრად მდგომარეობა გაუუარესდა. ათონის გუბერნატორმა შესთავაზა, შვეულმფრენით გადაგაფრენო, მაგრამ ექიმებმა - მგზავრობას ვერ გაუძლებსო. მიხვდა ბერი, რომ ამ სოფელში უნდა დაკრძალულიყო და ადამიანებისთვის ნუგეში ეცა. ბოლო დღეებში ორი ნაცნობი ეპისკოპოსი ეწვია. მათ სთხოვა, მისთვის სულის გასვლის ლოცვები წაეკითხათ. რეგულარულად ეზიარებოდა. როცა დები სთავაზობდნენ, კელიაში ეზიარეო, ამბობდა: - ქრისტე კი არ უნდა მოვიდეს ჩემთან, მე უნდა მივეახლოო.

ტკივილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა. "მამაო, გტკივათ?" - ეკითხებოდნენ. "მივეჩვიე ტკივილსო", - პასუხობდა. სხვა დროს კი ბრძანა, - ავადმყოფობამ ისეთი სიკეთე მომიტანა, როგორიც მთელ მოღვაწე მონაზვნურ ცხოვრებას არ მოუტანიაო.

11 ივლისს, წმინდა დიდმოწამე ეფემიას ხსენების დღეს, საბოლოოდ ეზიარა. მისი ბოლო ღამე მოწამებრივი იყო. ტკივილის ჟამს მოუხმობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, - უტკბესო ჩემო პანაღიაო... მერე კი გონება დაკარგა. დაახლოებით ორ საათზე მოეგო გონს და ჩამქრალი ხმით წარმოთქვა: "მოწამეობა, ნამდვილი მოწამეობა". ამის მერე მშვიდობით ჩააბარა სული უფალს. ეს იყო 1994 წლის 12 ივლისი, მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე. ასე დამთავრდა მისი მართლაც მოციქულებრივი ღვაწლი და დაიწყო მარადისობა.

მისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი სამი დღე ვერავინ შეიტო. მერე კი მოაწყდა და მოაწყდა ხალხი, რომელთათვისაც მამა პაისის ხელშენახები ყველა ნივთი სანუკვარი იყო. მამა პაისის საფლავზე ამოკვეთილია მისივე ლექსი:

"აქ მიწიერი შეწყდა ცხოვრება
და უკანასკნელი ამოსუნთქვა.
და ღმერთს ევედრება ჩემი ანგელოზი
განმართლებისთვის სულისა,
მის გვერდით კი ზეციური სამოსით მოსილი
ჩემი წმინდანი სულისთვის გამოითხოვს
მაცხოვნებელ იმედის ნათელს,
სადაც ბრწყინვალე ღვთისმშობელია -
უწმინდესი პანაღია!"

ბეჭდვა
1კ1