უფალო, მიიღე სინანული ჩემი
უფალო, მიიღე სინანული ჩემი
ერთი კუნძულ სიროსელი გოგონა ცუდ წრეში მოხვდა და ბოლოს სხეულით ვაჭრობაც დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ ცოდვების გამო სინანულში ჩავარდა და გადაწყვიტა, თავისი ხორციელი და, ფერისცვალების მონასტრის მონაზონი, მოენახულებინა. იმედი ჰქონდა, ანუგეშებდა, მაგრამ დამ ხელი ჰკრა, მონასტერში შესვლა აუკრძალა და ზოგიერთი მონაზონი აუმხედრა. მათ სცემეს გოგონას, უყვიროდნენ, - სიკვდილის ღირსი ხარ, ოჯახის შემარცხვენელოო. გოგონა გაიქცა. ტირილით დაუძლურებული, შავ ფიქრებში გახვეული ჩამოჯდა გზის პირას.

ამ დროს გამოჩნდა წმინდა არსენ პაროსელი (+1879) - მონასტერში მიდიოდა. მამა არსენმა მოუსმინა მას, ანუგეშა, დაუბრუნა ღვთის გულმოწყალების იმედი, სავანეში მიიყვანა და მაშინვე შერთო დათა რიცხვს, რათა თავისი ცხონებისთვის ეღვაწა. მონაზვნები მკაცრად ამხილა: "მე, თქვენი სულიერი მამა, გეუბნებით: თქვენ არც მონაზვნები ხართ, არც ქრისტიანები და არც ადამიანები. უფსკრულის პირას მდგარი ცხვარი რომ დაგენახათ, ალბათ მის გადასარჩენად გაიქცეოდით - ცოცხალი არსებააო. თუ ამდენს ზრუნავთ ცხოველზე, განა არ უნდა იზრუნოთ დაზე, რომელიც უფრო ძვირფასი სულის პატრონია, ვიდრე მთელი სამყარო? ის დაღუპვის პირას იდგა, მოვიდა თქვენთან დახმარების სათხოვნელად, თქვენ კი უფსკრულში გადასაჩეხად ხელი ჰკარით".

მონაზვნებმა საქციელი შეინანეს. ღირსმა მამამ იმ გოგონას და ერთი წლით განაყენა წმინდა ზიარებისაგან, დანარჩენები კი ნახევარი წლით.

* XX საუკუნის ათონის ბერმონაზვნობის მშვენება იყო მამა დანიელ კატუნაკელი, მაგრამ მასაც ჰყავდა უძღები შვილები. დანიელის საძმოში ერთი ბერი მიიღეს, მამა დამასკინი, რომელიც დიდი მონდომებით შრომობდა და მორჩილებდა მოძღვარს, ამის გამო მონაზვნის სქემაც კი შემოსეს. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მოძღვარი მას აღარ ეჩვენებოდა სულიერად გამოცდილად. მოძღვარსა და საძმოს ბევრ ნაკლს, ბევრ არასრულყოფილებას ამჩნევდა. გადაწყვიტა, რაღაც ეღონა. "უკეთესი მოძღვარი უნდა მოვძებნო, უნდა ვიპოვო ჩემი ფიქრებისნაირი მოძღვარიო", - ფიქრობდა.

ამ გულისთქმებით ერთ დილას ყარაყალის მონასტერში გაემგზავრა სახელგანთქმულ მოძღვარ მამა კონდრატესთან. სჯეროდა, რომ ის სულს დაუმშვიდებდა და ღირსეულ მოძღვარს გამოუძებნიდა. ყველაფერს მოუყვა, გარდა იმისა, რომ ის "უღირსი" მოძღვარი მამა დანიელი იყო და მის პასუხს დაელოდა.

ღვთივგანბრძნობილმა მამამ ურჩია, - წადი კატუნაკში დიდ მამა დანიელთან და ის დაგმოძღვრავს. შენ კი მის მორჩილებაში იქნებიო.

მეხივით დაატყდა თავს მამა დამასკინს ეს სიტყვები. დაფიქრდა და კატუნაკში დაბრუბდა. ამ უჩვეულო "დამთხვევამ" გონს მოიყვანა და მას მერე სიმდაბლით და მორჩილებით იყო მოძღვართან.

* უდაბნოდან ქალაქ ტარსუში მიმავალი ორი მონაზონი ღამის გასათევად სასტუმროში დაბინავდა. იქ სამი ყმაწვილი გაიცნეს, რომელთაც თან მეძავი დედაკაცი ჰყავდათ.

შეწუხდნენ ბერები. ერთმა მათგანმა სახარება ამოიღო და კითხვა დაიწყო. ეს რომ გაიგონა მეძავმა, თავი ანება ყმაწვილებს, ჩამოჯდა მამის სიახლოვეს და ყური დაუგდო. ბერმა წიგნის კითხვა შეწყვიტა და გაუბრაზდა, - როგორ არ შეგრცხვა მოსვლა და ჩვენს სიახლოვეს დაჯდომაო. ქალმა უპასუხა: "არა, მამაო, ნუ მომიძაგებ... თუმცა დიდად ცოდვილი ვარ, მაგრამ მწამს, რომ უფალი არ უარმყოფს, როგორც ძველად არ უარყო მასთან მისული მეძავი". "მაგრამ ის დედაკაცი ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ აღარ დაბრუნებია ცოდვას". "მეც მჯერა, რომ ღვთის ძის შეწევნით დღეიდან აღარ დავუბრუნდები ცოდვას, ოღონდ დამარიგეთო", - შეევედრა მეძავი.

ბერებმა დაარიგეს ქალი. მან მაშინვე მიატოვა ყმაწვილები და ღირს მამებს გაჰყვა. მათ ის დედათა მონასტერში დატოვეს, სადაც მარიამმა სინანულსა და ლოცვაში განვლო დარჩენილი ცხოვრება, სასწაულმოქმედების მადლის ღირსიც შეიქნა და მშვიდობით მიიცვალა.

* წმინდა ექვთიმე ღირსმოწამე ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. უმაღლესი ელინური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ათონზე ბერად შედგომა განიზრახა, მაგრამ კონსტანტინოპოლიდან წასვლა ვერ მოახერხა, გადაწყვიტა, შორი გზა მოევლო. გზაში ყველანაირ ცოდვაში დაეცა ყმაწვილი და რადგანაც ასეთი ცხოვრება ბევრ ფულს მოითხოვდა, ხშირად უწევდა ვალების აღება. ერთხელ, ბუქარესტში ყოფნისას, გამაჰმადიანება მოინდომა - სიამოვნებათა მიღებაში ხელს არაფერი შეუშლიდა და იმედი ჰქონდა, კონსტანტინოპოლში ადვილად ჩავიდოდა. მოკლედ, იესო გაცვალა ცრუწინასწარმეტყველ მაჰმადზე. მაგრამ ეტყობა, ღვთის სულმა ბოლომდე არ დატოვა. წინადაცვეთილს ჭრილობა სტკიოდა. ამ დროს გაახსენდა მამისეული ღვთისმოშიშება, ქრისტიანული რწმენის სიწმინდე და თრთოლით მოუხმო იესოს სახელს. გაიხსენა მოწყალე ზეციური მამაც, რომელიც მზად არის მიიღოს მოქცეული უძღები შვილი. უნდოდა მთელი გულით მოეხმო უფლისთვის, მაგრამ ამის კადნიერება არ ჰქონდა, ერთადერთი - ცრემლებიღა დარჩენოდა, რათა პეტრესავით დაეტირა თავისი დაცემა. გაიქცა. დაიჭირეს. მეორედაც გაიქცა და რუსეთის საელჩოს დახმარებით ათონზე აღმოჩნდა. სულიერად მოძლიერების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლს, აღიარა ქრისტე, დაგმო მაჰმადი და მოწამებრივად აღესრულა.

* წმინდა პროკოფი ღირსმოწამე მთაწმინდელი მონაზონი იყო. ანგელოზებრივი სქემის შემოსვის მერე მარხვაში, მღვიძარებასა და ლოცვაში მოღვაწეობდა. მაგრამ ეშმაკმა თანდათანობით მონასტრის დატოვებისა და ერში დაბრუნების აზრი ჩაუნერგა. ეცდუნა. დაუტევა ათონი და სმირნაში წავიდა. ერთ მცდარ ნაბიჯს მეორე უარესი მიუმატა - გამაჰმადიანება გადაწყვიტა და ქალაქის ყადის ეახლა. გახარებულმა მაჰმადიანებმა ორი კვირის შემდეგ წინადაცვითეს. მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! პროკოფი მაშინვე გონს მოეგო, გაეღვიძა სინდისი და გადაწყვიტა, თავისთვის ეშველა. დრო იხელთა, ნაცნობ მოძღვართან მივიდა, ყველაფერი უამბო და დაატანა, ცოდვები საკუთარი სისხლით უნდა გამოვისყიდოო. მოძღვარს მისი მეორედ დაცემისა შეეშინდა და ათონზე დაბრუნება ურჩია. მაგრამ მტკიცე იყო წმინდა პროკოფი. ორი კვირის შემდეგ გამოცხადდა მუსლიმთა წინაშე, თამამად აღიარა ქრისტე და მოწამებრივად აღესრულა.

* ღირსმოწამე ნიკოდიმოსი ალბანეთში დაიბადა. იქვე დაოჯახდა, შეეძინა შვილები. აგარიანელებთან ურთიერთობისას ყურანის ცრუ დაპირებებმა გაიტაცა, უარი თქვა ქრისტეს რწმენაზე და მიუხედავად ნათესავების ვედრებისა, შვილებიც ძალით გაათურქა, ერთის გარდა, რომელიც ნათესავებმა ჩუმად ათონის მთაზე გაამგზავრეს. განრისხებულმა შვილის დასჯა მოინდომა, მაგრამ კაცთმოყვარეა ჩვენი უფალი. ათონზე მას დახვდნენ თავმდაბალი და მოღვაწე მამები, მყუდრო სკიტები. გაახსენდა გარდასული დღეები, როცა მისი გული მომავალ საუკუნეზე ფიქრობდა და სამოთხის ხილვისა ეიმედებოდა. გაახსენდა აღთქმა ქრისტესი, რომელიც ისე შორს იყო მუსლიმანთა აღთქმისაგან, როგორც ცა - დედამიწისგან და მწარედ ატირდა. მან ათონის მთა აღარ დატოვა. ანგელოზის სქემა შეიმოსა და სამი წელი დღედაღამ შესტიროდა უფალს.

მერე შეიტყო მამათა საუბრიდან, რომ თუ კაცს ქრისტე ერთხელ უარყოფილი ჰყავს, სჯობს, წავიდეს და მუსლიმანთა წინაშე აღიაროსო. მოწამეობა გადაწყვიტა. მივიდა წმინდა აკაკი კავსოკალიველთან, მისგან კურთხევა აიღო, ალბანეთში დაბრუნდა და მოწამის გვირგვინით შეიმოსა.

* რომაელმა ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ცოდვაში გაატარა. უეცრად ცოდვიანი ცხოვრების დატევების სურვილი იგრძნო. მონასტერში განმარტოვდა და დიდი ხანი მარხვა-ლოცვასა და ხორცის მოკვდინებაში მოსაგრეობდა. ესეც არ იკმარა - ყოველ ღამით მონასტრის მოშორებით მდებარე მღვიმეში განმარტოებული დასტიროდა სიყმაწვილის ცოდვებს. წინამძღვარმა მოისურვა, შეეტყო, ბერი სად მიდიოდა. უკან გაჰყვა. ნახა უჩვეულო ნათლით მოსილი მუხლმოდრეკილი ემილიანე. მერე ღვთის ხმაც ჩაესმა: "ემილიანე, გეპატია ცოდვები შენნი". მონასტერში დაბრუნებულმა წინამძღვარმა მოუთხრო ძმებს ყოველივე და დასძინა: "ჩვენთვის მოისმა ხმა ზეციდან და უფალმა თავისი ნათელხილული წყალობა მოავლინა, რათა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტად შორს არ არის უფალი მონანულისგან, ის ჩვენს მოქცევას ელის, რათა ვიყოთ საუკუნო ცხოვრების მემკვიდრენი".

* ნეტარი პავლე, ყოვლადუბრალო, მოწაფე ანტონი დიდისა, ერთი სავანის ძმობას ესტუმრა. ყველა საღამოს ლოცვისთვის ეკლესიისკენ გაემართა. წმინდა პავლე კარებთან დადგა და უყურებდა, როგორი სულიერი განწყობით შედიოდნენ შიგნით ძმები, რამეთუ მას ჰქონდა ნიჭი დაფარულთმცოდნეობისა. მიდიოდნენ ძმები მხიარული სახით და გვერდით ასევე სახემცინარი მფარველი ანგელოზნი მიჰყვებოდნენ. მათ შორის იყო ერთი პირმოღუშული ბერი, რომელზეც ბოროტ სულს ხელი ჰქონდა ჩაჭიდული და ტაძრის გარეთ მიათრევდა. იქვე იდგა მისი დამწუხრებული ანგელოზი. შეწუხდა წმინდა პავლეც. მწარედ ატირდა, გულში მჯიღს ირტყამდა და თვალნი უბედური ძმისკენ მიეპყრო.

ჩამთავრდა წირვა, გამოვიდნენ ბერები, ღირსი მამა დაკვირვებით უცქერდა მათ. მოქუფრული ძმა ტაძრიდან მხიარული სახით გამოვიდა, უფლის ანგელოზი ხელიხელჩაკიდებული მოჰყვებოდა, ეშმაკი კი ახლოს ვერ ეკარებოდა. ღირსმა პავლემ მოიხმო ძმები, მოუთხრო ნანახი, მერე კი იმ ძმას ჰკითხა ასეთი ფერისცვალების მიზეზი. ღირსი მამისგან მხილებულმა უთხრა, რომ ტაძარში შესულს ღვთის სიტყვა მოესმა ესაია წინასწარმეტყველის პირით, რომელიც ცოდვისგან მოქცევას და კეთილის ქმნას მოუწოდებდა. "ეს რომ გავიგონე, სინდისის მხილება ვიგრძენი და სიღრმით გულისათ ვთქვი: უფალო, რომელი მოხვედ ცოდვილთა ცხონებად, რომელთაგან პირველი მე ვარ, აღმისრულე ეს სასოწარკვეთილს, რომელიც დამპირდი წინასწარმეტყველის პირით: უკეთუ იყვნეს ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო" (ესაია 1,17-18). ამიერიდან წმინდა გულით გეფიცები, რომ ბოროტებას აღარ ჩავიდენ შენს წინაშე. განვუდგები ყოველგვარ სიბილწეს და წმინდა გულით გემსახურები. უფალო, მიიღე სინანული ჩემი". ამის მერე წმინდა პავლემ ადიდა ღმერთი.

* ღირსი პაფნუტი, როგორც სრულყოფილი მონაზონი, თითქმის არასოდეს სვამდა ღვინოს. ერთხელ, მოგზაურობისას, ავაზაკთა ბრბოს გადაეყარა - ღვინოს შეექცეოდნენ. მეთაური იცნობდა პაფნუტის და იცოდა მისი მარხულობაც, მაგრამ მისი დაცინვა გადაწყვიტა. ღვინიანი თასით მიუახლოვდა და უთხრა: ან დალიე, ან მოკვდიო. წმინდა მამას სიკვდილისა არ ეშინოდა, მაგრამ წარწყმედული ცხოვარის მოძიება არჩია. დაემორჩილა და დალია. მეთაურმა მუხლი მოუდრიკა: "მაპატიე, გაწყენინე, კაცო ღმრთისაო". "მწამს ღვთისა, რომ ამ თასისთვის მოიღებს შენთვის წყალობას მომავალ საუკუნეში", - უთხრა ღირსმა მამამ. მან: მე კიდევ ვპირდები უფალს, ამიერიდან სიავეს აღარ ჩავიდენო და თან გაჰყვა ღირს მამას. მის კვალს მისი ბანდის წევრებიც გაჰყვნენ.

* გვითხრობდა მამა იოანე: იყო ეგვიპტეს მეძავი ვინმე მშვენიერი და მდიდარი ფრიად. და მრავალნი მივიდოდნენ მასთან. ერთ დღეს ეკლესიაში დააპირა შესვლა, მაგრამ კარებთან დაყენებულმა დიაკონმა არ შეუშვა: არაწმინდა ხარ და ეკლესიაში შესვლის ღირსი არ ხარო. მათი კამათი ეპისკოპოსს მოესმა და გამოვიდა. მეძავმა შესჩივლა, ეკლესიაში არ მიშვებსო. "არაწმინდა ხარ. შენი შიგნით შეშვება არ შეიძლებაო", - უთხრა მღვდელმთავარმა. ქალმა შეინანა: ამიერიდან აღარ ვისიძვებო. ეპისკოპოსმა უთხრა: არ დავიჯერებ შენს სინანულს, თუ მეძავობით ნაშოვნ სიმდიდრეს არ მომიტანო. ქალმა მოიტანა. ეპისკოპოსმა მაშინვე დაწვა და ისე შეუშვა ეკლესიაში. ქალი ქვითინებდა: ვაიმე საწყალობელსა ამას, თუ აქ ასე შემემთხვა, რაღა მეშველება უფლის მეორედ მოსვლის ჟამსო. "და მიერითგან დაადგრა სინანულსა შინა კეთილსა და იქმნა იგი ჭურ პატიოსან".

* ერთი ძმა სენაკში იყო დამკვიდრებული. ოცი წელი დღე და ღამე წიგნებს კითხულობდა. ერთ დღეს აიღო თავისი ტოპრაკი და უშინაგანეს უდაბნოში შევიდა. გზად შეხვდა მამა ისააკს. სად მიხვალ, შვილოო. მამაო, ოცი წელია, წიგნებს ვკითხულობ, ამიერიდან მინდა ვაკეთო ის, რაც წიგნებში წამიკითხავსო. ბერმა დალოცა და გაუშვა.
ბეჭდვა
1კ1